სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?
font-large font-small
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


გაფითრებული, სიფრიფანა გოგონა სასამართლო დარბაზში ბადრაგის თანამშრომელმა ხელკავით შემოიყვანა. ფეხზე ძლივს იდგა, სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს, ისე დასვეს ადვოკატის გვერდით. ადვოკატი რაღაცას ესაუბრებოდა, მაგრამ უმეტყველო თვალებით უყურებდა, თითქოს არაფერი ესმოდა. - იქნებ წყალი მოუტანოთ, - მიმართა პოლიციელს ბადრაგმა ქალბატონმა. მაშინვე წყლის მოსატანად მეგობარი გოგო გაიქცა და მოურბენინა. სასამართლო დარბაზში ბრალდებულის მეგობრები და თანამშრომლები ისხდნენ. მის დანახვაზე ყველა ატირდა, - ნახეთ, რა დღეშია, ძალიან ცუდად არის, - გადაულაპარაკეს ერთმანეთს. ბრალდებულის მხოლოდ ერთი ნათესავი ესწრებოდა პროცესს - მამის ბიძაშვილის შვილი. სწორედ მან აუყვანა კერძო ადვოკატი.


მალე დარბაზში მოსამართლე გამოჩნდა და პროცესი პატიმრის ვინაობის დადგენით დაიწყო.
- ანა მურადელი, დაბადებული 1980 წელს, - ძლივს ამოილუღლუღა აკანკალებულმა და გარკვევით სახლის მისამართიც ვერ თქვა.
- სტრესის ქვეშ არის, შოკურ მდგო­­მარეობაშია და საუბარი ძალი­ან უჭირს, - განაცხადა სახაზინო ადვოკატმა თამუნა ხაჩირაშვილმა.
- თქვენ ბრალად გედებათ ოჯახის წევრის, დედის განზრახ მკვლე­ლობა, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს"... - განუმარტა ბრალდებულს თავისი უფლებები მოსამართლემ.


ამის შემდეგ პროკურორმა, გოჩა წულაიამ საქმის დეტალებზე ისაუბრა. როგორც გაირკვა, შემთხვევა 20 მაისს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოხდა.
- ანა მურადელმა დედას, ლამარა მინდორაშვილს სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა დაზიანება. გვამს თავის არეშიც აღენიშნება დაზიანება, რაც ბლაგვი საგნით არის მიყენებული. სავარაუდოდ, თავში ვაზა ჩაარტყა, რის შედეგადაც დედამისი ადგილზე გარდაიცვალა... მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. გამოძიებით გაირკვა, რომ ბრალდებულს კონფლიქტი ჰქონდა მშობელთან, ახლო ნათესავებთან და მეზობლებთან. ოჯახური კონფლიქტის მოგვარებაში ადრე პოლიცია იყო ჩარეული, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ამ შედეგით დასრულდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ოთახი არეული დაგვხვდა, იქვე ეყარა დამსხვრეული ვაზა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ბრალდებულმა კარი არ გაუღო არც დეიდას, არც მეზობლებს, არც პოლიციას... როცა ჰკითხეს, რა მოხდაო? განმარტა, რომ დედასთან მოუვიდა კონფლიქტი და თავში ვაზა ჩაარტყა, - განაცხადა პროკურორმა და მისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.
ამ პოზიციას შეეწინააღმდეგა ბრალ­დებულის ადვოკატი. იგი აცხადებს, რომ მომხდარი უბედური შემთხვევაა და ანი მურადელს განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია, არც უღიარებია დანაშაული და არავისთვის უთქვამს, რომ დედას ვაზა ჩაარტყა.
"ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. ჩვენი გადმოსახედიდან ვამბობთ, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. უნდა დავამტკიცოთ, რომ მას ეს არ გაუკეთებია, უნდა გავაქარწყლოთ ბრალი", - აღნიშნა ადვოკატმა.

ადვოკატები დიდხანს ცდილობდნენ, მოსამართლე დაერწმუნებინათ, რომ ბრალდებულისთვის პატიმრობის ნაცვლად, უფრო მსუბუქი ღონისძიება გამოეყენებინა სასამართლოს, მაგრამ მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

როგორც სასამართლოზე გაირკვა, ანა მურადელი დაკავებისას ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. მას ფსიქიკური პრობლემებიც აქვს. ახალგაზრდა ქალი ბოლო დროს ფსიქონევროლოგიის დისპანსერში მკურნალობდა. დღეს საეჭვოა მისი ფსიქიკური მდგომარეობა. მას ექსპერტიზა ჩაუტარდება და გაირკვევა შერაცხადობის საკითხი. პროკურორის თქმით, რამდენიმე წელია, დედა-შვილს შორის კონფლიქტი გრძელდება. დედის განაცხადი პოლიციაში 2013 წელს შევიდა. ის ირწმუნებოდა, რომ ქალიშვილმა სცემა.
როგორც გაირკვა, მომხდარი ტრა­გედიის შემდეგ ანა მურადელმა გარდაცვლილ დედასთან ერთად ოთახში ფაქტობრივად, მთელი დღე გაატარა. პროკურორ გოჩა ჯოჯუას თქმით, გარდაცვლილი დამ მოიკითხა.
- მოკლულის და ამბობს, რომ ხშირად ეკონტაქტებოდა დას. ვურეკავდი და მთელი დღე ტელეფონს არ პასუხობდა, ამიტომ მოვედი სახლში, მაგრამ კარი არავინ გამიღოო. ამის შემდეგ ატეხა მან განგაში, გამოიძახა პოლიცია, "სასწრაფო", შეგროვდნენ მეზობლებიც და როცა ბინის კარი გააღეს, ცხედარი და თრობის ქვეშ მყოფი ბრალდებულიც იქ აღმოჩნდა. ცხედრის ექსპერტიზით დადგინდა, რომ მკვლელობიდან 24 საათი იყო გასული", - ამბობს პროკურორი.

დაკავებული ახალგაზრდა ქალი წლების მანძილზე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო, თითქმის ყველა წამყვანი პარტია აქვს შესრულებული. ბოლო სპექტაკლი 13 მაისს ჰქონდა. ბალერინამ საბალეტო დადგმაში - "გორდა" - აღმოსავლური ცეკვა შეასრულა. ბოლო დღეები სამსახურში არ გამოჩენილა. უთქვამს, რომ ვირუსი ჰქონდა. მომხდარი ფაქტი შოკის მომგვრელია ყველასთვის, ვინც მას იცნობდა. მისი კოლეგები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ანა კარგი ადამიანია, რომელსაც საკმაოდ რთული პირადი ცხოვრება ჰქონდა. როგორც ირკვევა, ის დედასთან ერთად ცხოვრობდა. ანი ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. მამა ლევან მურადელი მუსიკოსი გახლდათ, სახელმწიფო "კაპელას" წევრი, ხოლო დედა, 84 წლის ლამარა მინდორაშვილი, უნივერსიტეტის ლექტორი. მშობლებს ის აყვანილი ჰყავდათ და გაზარდეს. ანის პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა, პატარა ასაკში გათხოვდა, მაგრამ მალევე დაენგრა ოჯახი. მეორედ ცნობილი ქორეოგრაფის, ნუკრი მაღალაშვილის ვაჟზე, რეზო მაღალაშვილზე იქორწინა. თუმცა, მათი ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა, რამდენიმე წლის წინ მასაც დაშორდა. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ქალი ოჯახის დანგრევას ძალიან განიცდიდა, თუმცა თავის პირად ცხოვრებაზე მეგობრებთან არ საუბრობდა. ყველაზე დიდი პრობლემა კი ფეხის ტრავმა აღმოჩნდა. ბალერინამ ორჯერ გაიკეთა ოპერაცია. მართალია, დიდი ბრძოლის შემდეგ ფორმაში ჩადგომა შეძლო, მაგრამ ტრავმის გამო, ბოლო ხანს მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა. როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა ახალგაზრდა ქალი ალკოჰოლდამოკიდებული გახადა. თეატრის თანამშრომლების თქმით, მასზე განსაკუთრებულად ზრუნავდა პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი. ყველას ეგონა, რომ მან თავი დააღწია სასმელს, მაგრამ ეტყობა, დეპრესიაში მყოფი ისევ სვამდა.
მომხდარზე საუბარი ძალიან უჭ­ირთ მის თანამშრომლებს. ანა მურადელს ყველა დადებითად ახასიათებს.


ციური ხუსკივაძე, ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომელი:

- ანი 16 წელი ჩემ თვალწინ იყო. ვმეგობრობდით, ისეთი თბილი და ალალი ბავშვი იყო, ყველას შეაყვარა თავი. მამამისი სულ თან დაჰყვებოდა. გვერდში ედგა, კარგი მეგობრები იყვნენ, მამა მისთვის ყველაფერი იყო. მამის სიკვდილმა ძალიან იმოქმედა, გამოეცალა ძლიერი დასაყრდენი და ამას განიცდიდა. მახსოვს, მისი სიკვდილის შემდეგ ისევ სცენაზე რომ გავიდა, ძალიან იტირა, - ეს პირველი სპექტაკლია მის გარეშეო. რეპეტიცია რომ დამთავრდებოდა, ვეუბნებოდი, - ცოტა ხანს დაასვენე ფეხი-მეთქი, მაგრამ მეტყოდა, - არა, სახლში უნდა გავიქცე, ჩემებს საჭმელი უნდა გავუკეთოო და მოხუც დედასთან გარბოდა. როგორც ვიცი, დეიდამისიც გარკვეული პერიოდი მასთან ცხოვრობდა, რადგან მისი სახლი ავარიული იყო. მათთან პრობლემები ჰქონდა. როგორც ვიცი, ის ქალები კონფლიქტურები იყვნენ. ამბობდა, ამდენის ატანა აღარ შემიძლიაო, მაგრამ მათზე მაინც ზრუნავდა. პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა. მეუღლეს რომ დაშორდა და სახლში დაბრუნდა, ამის მერე უფრო მეტი პრობლემა შეექმნა. შვილიც არ ჰყავდა, ასევე ფეხის სერიოზული ტრავმა ჰქონდა. ჩემი მორიგეობის დროს მოხდა ეს ფაქტი: ჰაერში ახტა და ჰაერში გადაუტყდა მუხლის ძვალი. მერე ოპერაცია გაიკეთა, რეაბილიტაციას გადიოდა და ისევ დაუზიანდა ფეხი და ისევ საოპერაციო გახდა. ეტყობა ამ ყველაფერს ვერ გაუძლო. როგორც ვიცი, ახლახან შეიტყო, ნაშვილები რომ იყო. თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო... იმ დღეს რა მოხდა, არავინ იცის. ის არავის მოკლავდა, ანი მკვლელი ვერ იქნება, ამას ვერ დავიჯერებ.


მაია, ანის კოლეგა და მეგობარი:

- ჩვენ შორის ასაკობრივი ზღვა­რი იყო, მაგრამ კარგი მეგობრები ვიყავით. რაც სცენაზე დადგა, იმ დროიდან ვიცნობ, ერთად ვცეკვავდით კიდეც, მერე მე დავამთავრე ცეკვა და ანიმ გააგრძელა. კარგი გარეგნობა ჰქონდა - ულამაზესი ხელები, ულამაზესი კისერი, სახე. ყველაზე რთულ კლასიკურ სპექტაკლებში წამყვან როლებს ასრულებდა. არ მახსოვს, ვინმეზე ეჭორავა ან კონფლიქტი ჰქონოდა. ოპერაციის შემდეგ ხელახლა ფორმაში ჩადგომა შეძლო, იმდენად უყვარდა ბალეტი. ბალერინასთვის, რომელიც ვარსკვლავია, ტრაგედიაა, როცა ტრავმას იღებს. აპლოდისმენტებს, სიყვარულს, ვარდებს მიჩვეული, როცა ფეხს ძლივს მოათრევ, საშინელებაა. ამ გოგომ შეძლო რეაბილიტაცია, გამაყუჩებელს იკეთებდა და მაინც იდგა სცენაზე, დიდი ნებისყოფა ჰქონდა, მაგრამ ყველა ქარტეხილს ვერ გაუძლო. მამა ძალიან უყვარდა. ახლაც თვალწინ მიდგას, მამა შესვენებაზე ბუტერბროდს თავისი ხელით როგორ აჭმევდა. საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ. ყველა სპექტაკლზე მოდიოდნენ მისი მშობლები. გასტროლებიდან დაბრუნებულს, მათთვის საჩუქრები მოჰქონდა. ცოტა ხნის წინ დედას ჟაკეტი და ჩანთა უყიდა, დეიდასაც. ძალიან უნდოდა, შვილი ჰყოლოდა. ორი წელია, რაც გაიგო, რომ ნაშვილები იყო.
ამერიკის სცენაზე დგას ანი მურადელის თანაკლასელი, ბალერონი ირაკლი შენგელია. ისიც დადებითად ახასიათებს ბრალდებულს და ძალიან განიცდის მომხდარს.


ირაკლი შენგელია, ანის მეგობარი:
- მისი კლასელი ვიყავი, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ერთად ვსწავლობდით. შოკირებული ვარ ამ ინფორმაციით. სულ ერთად ვიყავით, ყოველმხრივ დადებითი ადამიანია ანი, ძალიან ხათრიანი, მეგობრული, უკეთილშობილესი და მომხდარში ჩემს თავსაც ვადანაშაულებ, ვფიქრობ, უფრო მეტი ყურადღება უნდა მიმექცია, როგორც მეგობარს. მეგობრებისგან ვიცოდი, რომ პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან დაკავშირებით. ვერ წარმომიდგენია, ასეთი ადამიანი ციხეში როგორ შეიძლება აღმოჩნდეს, არაჩვეულებრივი ადამიანების გარემოცვაში გაიზარდა და ვერ ვიჯერებ, რომ ეს ანამ ჩაიდინა. მის ყოფილ მეუღლესაც ვიცნობ, ისიც ძალიან კარგი ბიჭია. მე მათ პირადულზე ვერ ვისაუბრებ.


ლიკა ყაზბეგი:

- ამიერიდან დიდ სცენას ციხის საკანი შეცვლის, სიყვარულს - სიძულვილი! თავისუფლებას - საკანში გატარებული საუკეთესო წლები! პრიმა-ბალერინას სტატუსი კი... "დედის მკვლელით" შეიცვლება! ანი მურადელი იყო ლამაზი, ნიჭიერი, სიფრიფანა გოგონა, რომელსაც ღმერთმა ყველაფერი მისცა, იღბლის გარდა. მისი ალკოჰოლდამოკიდებულების შესახებ ორი წლის წინ გავიგე და მიკვირდა, როგორ ცეკვავდა საერთოდ, როგორ ახერხებდა ვარჯიშს. ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა ჩართონ მის საქმეში ექიმები და ფსიქოლოგები, რომ ეს მძიმე ჯვარი შეუმსუბუქდეს. ცოდოა დედამისი, მაგრამ ათასჯერ უფრო მეტად, ეს გოგო მებრალება.

ბრალდებულს ყველა დადებითად ახასიათებს, მაგრამ მის ოჯახურ პრო­ბლემებზე საუბარი მეგობრებს არ შეუძლიათ. უმრავლესობა ამბობს, რომ ანი გულჩათხრობილი იყო და პირადზე არ საუბრობდა. გამოძიებამ უკვე დაჰკითხა ბრალდებულის დეიდა. რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას, ჯერჯერობით უცნობია. როგორც ირკვევა, დეიდა დაუპირისპირდება ბრალდებულს. როცა ბრალდებული დააკავეს, თურმე დეიდა გაყვიროდა, - დროზე წაიყვანეთ, თორემ მეც მომკლავსო. გამოძიების თქმით, მეზობ­ლები ადასტურებენ, რომ დედა-შვილს კონფლიქტი ჰქონდა. რატომ იყო უთანხმოება მათ შორის, ეს უცნობია. ადვოკატები არც იმას გამორიცხავენ, რომ ამ დანაშაულის უკან სხვა ფაქტი იმალებოდეს და დანაშაული არ იყოს ანი მურადელის ჩადენილი.
სასამართლო პროცესი 17 ივლისს დაინიშნა. ამ დროისთვის გამოძიება დასრულდება, ხელთ ექნება გამოძიებას ექსპერტიზის დასკვნები და რაც ყველაზე მთავარია, გა­ირკვევა ბრალდებულის ჯანმრთე­ლობის მდგომარეობა. ფაქტზე გა­მოძიება გრძელდება.


თეა ხურცილავა


სრულად წაიკითხეთ  ჟურნალ "გზის"  25 მაისის ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ დაემშვიდობა დედას სიკვდილამდე ახალგაზრდა მამაკაცი
ბრალდებული ცნობს თავს დამნაშავედ იმაში, რომ ყოფილი სიდედრის შეშინება სურდა.

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


ამ ეტაპზე შსს-ში მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
ძალოვანებმა ერთი თვის წინ მომხდარი შემზარავი მკვლელობა გახსნეს და ბრალდება მოკლული მოხუცის ოჯახის წევრს წაუყენეს.
1-ლ მაისს დავით გაგუას კლინიკაში 29 წლის ნინო მათიაშვილი სისხლდენით გარდაიცვალა.


"ზიხარ მოწყენილი და ფიქრობ.... ჩუმად აპარებ თვალს სარკისკენ, სადაც დაღლილ ქალს ხედავ...
თაღლითური სქემა, რომელსაც ადამიანები თვითმკვლელობამდე მიჰყავს

კვირის სიახლეები
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
3 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
რო­გო­რი იქ­ნე­ბა ოქ­ტომ­ბე­რი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
სულ მა­ლე შე­მოდ­გო­მის მე­ო­რე თვე, ყვე­ლა­ზე ფე­რა­დი და მდიდ­რუ­ლი ოქ­ტომ­ბე­რი შე­ვა ძა­ლა­ში.
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
1 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
14 კომენტარი
რო­გორ აშენ­და "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი?
თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნის ასა­გე­ბად, სა­ჭი­რო იყო პრაქ­ტი­კუ­ლად მთლი­ა­ნად და­ენ­გ­რი­ათ ძვე­ლი სტა­დი­ო­ნი
7 კომენტარი
"სიყვარული ყველა ეტაპზე სხვადასხვანაირი და სხვადასხვა ფერია"
დავიწყებული პირველი პაემანი და კარგად გამოყენებული ცხოვრებისეული შანსი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
1 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი