"დედა, არაფერზე ინერვიულო, ჩემს ძმას მიხედე და გაუფრთხილდი"
font-large font-small
"დედა, არაფერზე ინერვიულო, ჩემს ძმას მიხედე და გაუფრთხილდი"
როგორ დაემშვიდობა დედას სიკვდილამდე ახალგაზრდა მამაკაცი


"პოლიცია არ გამოიძახოთ, თორემ თავს მოვიკლავ", - უთქვამს ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც თბილისში, "საქართველოს ბანკის" წერეთლის ფილიალში შეიარაღებული შეიჭრა და ფული მოითხოვა. ამ დროს თანამშრომლებს განგაში უკვე ატეხილი ჰქონდათ, განგაშის ღილაკის ამოქმედებაც შეძლეს და ღილაკის ამოქმედებიდან წუთ-ნახევარში პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა.


- პოლიციაა, დააგდე იარაღი! - მიმართეს ძალოვანებმა ახალგაზრდას და სულ მალე იქაურობა სამართალდამცავების ალყაში მოექცა. ამ დროს შენობაში სროლის ხმა გაისმა, ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
"საქართველოს ბანკის" თანამშრომლების თქმით, მანამდე მამაკაცმა სალაროდან გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო, მაგრამ იქიდან გაქცევა ვეღარ შეძლო. როგორც გაირკვა, იმ დღეს იგივე პიროვნება რამდენიმე საათით ადრე ასევე წერეთლის გამზირზე მდებარე "თიბისი ბანკის" ფილიალშიც შეიჭრა. იქაც თანხის წაღების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა, იქაურობა მალევე დატოვა და მოგვიანებით, "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღება სცადა.

ტრაგედიის შემდეგ შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები დიდხანს მუშაობდნენ. გარდაცვლილ ახალგაზრდას ჯიბეში აღმოაჩნდა პირადობის მოწმობა და მისი ვინაობის დადგენა არ გასჭირვებიათ.

გაირკვა, რომ გარდაცვლილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში მცხოვრები, 30 წლის ალექსანდრე (ალიკა) ბალიაშვილი იყო. ოჯახის წევრები და მეზობლები მომხდარით შეძრულები არიან და ვერ აუხსნიათ მისი საქციელი.
ამ ფაქტიდან მალე, ირაკლი კაკაბაძემ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე უცნაური პოსტი დადო. "საქართველოს მძარცველ საბანკო სისტემასთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა ჩვენი ორგანიზაციის წევრი. სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს და პირობას ვიძლევით, რომ ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოში ხალხის უბედურების ხარჯზე გამდიდრებული ყველა ბანკი არ დაცარიელდება და მათი მიტაცებული ფული ისევ ხალხს არ დაუბრუნდება. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ აქტებზე და ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს საბანკო მონობისგან გათავისუფლებისთვის". - წერს ირაკლი კაკაბაძე და იქვე მიუთითებს, რომ გარდაცვლილი მათი ორგანიზაციის - "მწვანე პანტერას" წევრი იყო. მისი განცხადება გარდაცვლილი ახალგაზრდის ნათესავებისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა და ისინი სოციალურ ქსელში სთხოვდნენ კაკაბაძეს განმარტებებს. ბუნებრივია, უფრო მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად მეც ვცადე ირაკლი კაკაბაძესთან დაკავშირება, მაგრამ ვერ შევძელი. მოგვიანებით, მან ისევ სოციალური ქსელით უპასუხა მისი მისამართით დასმულ კითხვებს: "ამ დღეებში მომხდარი ტრაგედიების შემდეგ მე გავაკეთე განცხადება, რომ პასუხისმგებლობას ვიღებ ბოლო ხანებში საქართველოში მომხდარ ყველა ბანკში შეჭრაზე და თანაგრძნობას ვუცხადებ ყველა ტრაგიკულად დაღუპულ საბანკო და სამევახშეო ტერორის მსხვერპლს. ადამიანი ემოციური არსებაა და ასეთ ტრაგედიებს თუ ემოციურად არ გამოვეხმაურეთ, ვერანაირი წმინდა გონება ვერ გვიშველის. დიახ, ეს იყო და არის ემოციური პასუხი იმ თითქმის ყოველდღიურ ტრაგედიებზე, რომელშიც დღეს ჩვენ აღმოვჩნდით. რატომ ვიღებ პასუხისმგებლობას ბანკში შეჭრის აქტებზე? დიახაც, ყველა ნორმალურმა ადამიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ აქტებზე, იმიტომ, რომ მაინც ბოლოს და ბოლოს, ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ ასეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანებს თავის მოკვლა ან ბანკის ძარცვა უხდებათ იმისათვის, რომ ღირსება გადაირჩინონ. თავისთავად არავის შეიძლება მოსწონდეს ძარცვა, როგორც აქტი - არც ერთი შეგნებული ადამიანი არ არის ძარცვის მომხრე. მით უმეტეს - მკვლელობის ან თვითმკვლელობის ეს აქტები საშინელია. ძალადობაზე საზოგადოებამ მთლიანად უნდა თქვას უარი, მაგრამ დღეს საზოგადოებაში არის გამეფებული საშინელი ეკონომიკური და სტრუქტურული ძალადობა, რომელიც ამდენ ადამიანს აუბედურებს და ღირსებას ართმევს. ჩემი განცხადებით თუ ვინმეს გული ვატკინე, გულწრფელად ბოდიშს ვუხდი... ამ ადამიანის ოჯახის წევრებს დიდი პატივისცემით მინდა ვუთხრა: მძარცველი კი არა, მსხვერპლია თქვენი ძმა ისეთი სისტემის, რომელიც თვითონ კლავს ადამიანებს".
მაინც ბუნდოვანია მისი განცხადებები და გარდაცვლილის ბიძაშვილს, ნინო ხარაზიშვილს იმედი აქვს, რომ გამოძიებით ყველაფერი გაირკვევა.


ნინო ხარაზიშვილი:

- მომხდარი ჩვენთვის გამაოგნებელია, ვერ აგვიხსნია, ალიკა ამ მდგომარეობამდე ვინ მიიყვანა. მისი სიკვდილის მერე, ვინმე ირაკლი კაკაბაძის პოსტიდან ვიგებთ, რომ თურმე ალიკა რაღაც ორგანიზაცია "მწვანე პანტერას" წევრი იყო. ის ძალიან ჭკვიანი ბიჭი გახლდათ და ვერ აგვიხსნია, როგორ შეაცვლევინეს აზრი. სად გინახავთ, კრიმინალი წავიდეს საყაჩაღოდ დღისით და თან წაიღოს ყველანაირი საბუთი, პირადობის, მართვის მოწმობა? ყველაფერი თან ჰქონდა ალიკას და როგორც ისევ მედიით ვიგებთ, მას ჰყავდა თანამზრახველი, რომელიც გაიქცა, თვითონ კი მოიკლა თავი. არც ის ვიცი, ვინ მისცა მას იარაღი და რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი. კარგად იცოდა, რომ ბანკს ჰყავს დაცვა და როგორ შეძლებდა იქიდან თანხის გამოტანას? თქვენ არ იცნობდით ალიკას და შეიძლება იფიქროთ, რომ ის მძარცველია, მაგრამ წარმოუდგენელია ყველასთვის, ვინც მას იცნობდა, რომ ეს ალიკამ გააკეთა. ამიტომ ველოდებით გამოძიებას და იმედი გვაქვს, ისინი გასცემენ ყველა კითხვას პასუხს. ყველას ადვილად ენდობოდა, ყველასი სჯეროდა, უსამართლობა არ უყვარდა, ბოლო თეთრი შეეძლო სხვისთვის მიეცა. 2 წლის იყო ალიკა, როცა მამა ავტოავარიით დაეღუპა. ბიძაჩემი მაშინ 29 წლის იყო, მამიდაჩემი - მეორე შვილზე ფეხმძიმედ. გაუჩნდა ვაჟი და ორ შვილს წვალებით ზრდიდა. მარტო გაზარდა და არაფერი დაუკლია. ალიკა უნიკალური ადამიანი იყო, ამ სიტყვებს იმიტომ არ ვამბობ, რომ ის ჩემი მამიდაშვილი იყო, არა, მართლა ძალიან ნიჭიერი, თბილი და მოსიყვარულე გახლდათ, ბევრს კითხულობდა, განათლებულიც იყო, ბევრი რამ იცოდა, უმაღლეს სასწავლებელში სწავლა მართალია არ გაუგრძელებია, მაგრამ სულ წიგნებს კითხულობდა. 30 წლის იყო ჩვენი საყვარელი ალიკა. ჯერ ჯარში წავიდა, სამი წელი კონტრაქტით იმსახურა და მერე თურქეთში წავიდა სამუშაოდ, სადაც სამი თვე დაჰყო. ცხოვრებაში ბევრი მიზანი ჰქონდა. სამუშაოდ გერმანიაში წასვლა უნდოდა, მაგრამ არ გაუშვეს და უკან დაბრუნდა. ბოლო დროს თბილისში, ნაქირავებში იყო. ამბობდა, რომ მუშაობდა და მეგობართან ერთად ცხოვრობდა. ტყუილს არასოდეს იტყოდა, რა მოხდა, მართლა არ ვიცით. თქვეს, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდაო, რაც სრული აბსურდია. ნორმალური ადამიანი იყო, პრობლემები არ ჰქონია. უთბილესი ადამიანი, უდიდეს სიყვარულსა და სითბოს გასცემდა. ვერ ვიჯერებ, რომ ეს ამბავი ალიკას გადახდა. ბოლოს რომ ვესაუბრე, მითხრა, კარგად ვარ, მეგობართან ერთად ვცხოვრობ და ვმუშაობო, მაგრამ სად მუშაობდა, არ ვიცი.

- ნინო, ალიკას ბანკის ვალი ხომ არ ჰქონდა ან ხომ არ თამაშობდა?

- არა, ეს გამორიცხულია. ძალიან მორიდებული იყო. გამარჯობის თქმის ერიდებოდა და უცებ, ასეთ რამეს ვიგებთ. ეს ჩვენთვის სრული შოკია. არასოდეს უთამაშია აზარტული თამაშები. არ სვამდა, არ ეწეოდა. მომავალზე ფიქრობდა, ოჯახი უნდა შეექმნა. დედა ძალიან უყვარდა. სულ იძახდა, დედაჩემმა ძალიან დიდი ტრაგედია და დიდი ტანჯვა გადაიტანა, აწი მაინც მინდა ყველანი ბედნიერი ვიყოთო. იარაღი არასოდეს ჰქონია, არ ვიცი, როგორ აღმოჩნდა მის ხელში. წარმოუდგენელია, იმდენად მორიდებული იყო ალიკა, ბანკში საყაჩაღოდ როგორ შევიდა. პოლიციის საერთოდ ეშინოდა და არასოდეს ჰქონია შეხება, სუფთა ცხოვრებით ცხოვრობდა. ბანკში უთქვამს, - პოლიცია არ გამოიძახოთ, თორემ თავს მოვიკლავო. როგორც კი გამოიძახეს და პოლიცია დაინახა, თავი მოიკლა. ეტყობა, აფექტურ მდგომარეობაში სხვა ვერაფერი მოიფიქრა. დამნაშავე ასე არ იქცევა. ვფიქრობ, ის გამოიყენეს. საფეთქელთან აქვს ერთი ტყვია მოხვედრილი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის გააზრებაც მიჭირს. მთელი ცხოვრება ამბობდა, - ყოველთვის ვაჟკაცურად ვიცხოვრებ, არაკაცურად არასოდეს მოვიქცევი და არაკაცობას სიკვდილი მირჩევნიაო. რა ვთქვა არ ვიცი, სული მეწვის... მამიდა პედაგოგია, ზაფხულში სხვის ნაკვეთებშიც მუშაობდა, მის შვილებს რომ არაფერი მოჰკლებოდათ. თავგანწირული დედა იყო. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, სულ შრომობდნენ. ალიკას ძმა ახლაც თურქეთში იყო სამუშაოდ წასული. საოცრად კარგი ძმობა ჰქონდათ. ერთმანეთს მხარში ედგნენ. აქ ჩამოსულს ეს საშინელება დახვდა.

- ამბობენ, რომ სიკვდილამდე დედას ესაუბრა, მართალია?

- დედასთან ტრაგედიამდე დაურეკავს და უთქვამს, - არა­ფერზე ინერვიულო, ჩემს ძმას მიხედე და გაუფრთხილდიო, მერე ტელეფონი გათიშულა. ურეკავდა თურმე მამიდა, ვერ უკავშირდებოდა და ადგილს ვერ პოულობდა. ამ საუბრიდან ცოტა ხანში მამიდას პოლიციიდან დაურეკეს, - ალიკას საბუთები ვიპოვეთო. დაღუპული რომ იყო, არ უთქვამთ. მერე გაიგო, რაც მოხდა. განადგურებულია. იმასაც ვფიქრობთ, როცა ბანკში შევიდა და ეს ამბები ხდებოდა, მაშინ ბოლო ზარი დედასთან ხომ არ განახორციელა ან ალბათ ბანკში შესვლამდე დაურეკა დედას, რადგან ამ ზარიდან ძალიან მალე დაუკავშირდა მას პოლიცია. როცა არ მუშაობდა, ალიკა სულ სახლში იყო, "ბირჟაზე" დგომა არ უყვარდა. კომპიუტერი შეიძინა და ალბათ ამ ორგანიზაციის - "მწვანე პანტერას" შესახებ კომპიუტერიდან გაიგო, კარგი ეგონა და გაწევრდა. დღისით, მზისით, შეხვიდე საყაჩაღოდ, როგორ შეიძლება? ველოდებით გამოძიებას.


თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაკვირვებულმა თქვა, - "მე რატომ?" და გონება დაკარგა
"ოჯახის მიზანია, ბრალდებული დაისაჯოს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მაინ ჩაიდინა დანაშაული"
ალბათ საზოგადოებას კარგად ახსოვს 2016 წლის აგვისტოში გონიოში დატრიალებული ტრაგედია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელიც შანტაჟის გზით ფულის გამოძალვას ცდილობდა.
მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა მეგის ქარდავას დაკავებას
გამოსვენებამდე 5 წუთით ადრე, გია გურასპი­შვი­ლი სახლიდან შეუმჩნევლად გავიდა და ცოტა მოშორებით, თავისსავე ბაღჩაში თვითმკვლელობა სცადა

ერთი ამბობდა, რომ თითქოს კვირკვაიას ყური ავუწიე და ამიტომ მოხდა ჩემი ადმინისტრაციული წესით დაკავება
ქალები რომ ხშირად ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან და ვერ ახერხებენ თავიანთი უფლებების დაცვას, ამაზე ბევრი დაწერილა და თქმულა.
ბრალდებული ცნობს თავს დამნაშავედ იმაში, რომ ყოფილი სიდედრის შეშინება სურდა.
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი