თეა გობეჯიშვილის ყველაზე დიდი ძალა და სისუსტე
font-large font-small
თეა გობეჯიშვილის ყველაზე დიდი ძალა და სისუსტე
"ბოლო დროს ძალიან სენტიმენტალური გავხდი"

"რეგისტრაცია 2 თვის წინ გავიარეთ. ამერიკაში ცეკვის ერთი ვიდეო გადავაგზავნეთ, მერე კი მოგვივიდა პასუხი, რომ მოგებულების სიაში ვართ", - ამბობს ქორეოგრაფი თეა გობეჯიშვილი და შვილის - ნიტა ლომიძის მორიგი წარმატების სიხარულს გვიზიარებს.
რა ესმის საკუთარ თავზე ყველაზე ხშირად, რისი აღიარების ერიდება, რას გააკეთებდა ძალიან ბევრი ფული რომ ჰქონდეს და რის სათქმელად აჩერებენ ქუჩაში უცნობი ადამიანები? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.


- დაბადების თარიღი...
- ...1973 წლის 15 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ძალიან ბევრ პროფესიაზე ვფიქრობდი. მინდოდა, ექიმი გამოვსულიყავი, მერე მაღაზიის გამყიდველის სამუშაოც მომწონდა, სამაგიეროდ, არასდროს მინდოდა ბუღალტერია. ადრეული ასაკიდანვე ვცეკვავდი და როცა გავიზარდე, მივხვდი, ამაზე მეტად არაფერი მაინტერესებდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...მოსწავლეები ამბობენ, მკაცრიაო. ისეთი მკაცრიც არ ვარ, როგორი იმიჯიც შემექმნა. მეგობრები ამას ხაზს არ უსვამენ, მაგრამ თავად ვიცი, რომ უყურადღებო ვარ: მათთან დარეკვას, მოკითხვას ვგულისხმობ. ამ მხრივ ისინი უფრო ყურადღებიანები არიან. შესაძლოა, ეს იმის ბრალიც იყოს, რომ არ მიყვარს კონტაქტი ტელეფონით, ინტერნეტით.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს დედა, ოჯახი, მეუღლე, შვილები და მაქვს საყვარელი საქმე.

- ჩემი შვილი - ნიტა ლომიძე...

- ...ჩვეულ რეჟიმშია, მეცადინეობს. ახლა სკოლაში არდადეგები ეწყება და ნიუ-იორკში მივდივართ. ნიტამ ბალეტის აკადემიაში ჩააბარა და დაფინანსებაც მიიღო. გახარებულები ვართ.
რეგისტრაცია 2 თვის წინ გავიარეთ. ჩავწერეთ მიმართულება, რისი გავლაც გვინდოდა - ეს არის ბალეტი, მოდერნი, ჯაზი... ცეკვის ერთი ვიდეო გავგზავნეთ, რომელიც კონკურსზე უჩვენეს. მერე კი მოგვივიდა პასუხი, რომ მოგებულების სიაში ვართ. ივლისში 1 თვით, ამერიკაში წავალთ. ეს ნიტასთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. იქ ბევრ რამეს ისწავლის, იცხოვრებს დამოუკიდებლად სხვა მოცეკვავეებთან ერთად...

- პრიზი, რომელიც ნიტამ კონ­კურსში - "შენ შეგიძლია ცეკვა" მოიგო...

- ...შენდება და როგორც დაგეგმილია, ბინა 2018 წლის სექტემბერში უნდა ჩაგვბარდეს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყვე­ლაზე მეტად მომწონს...

- ...ძალიან შრომისმოყვარე ვარ.

- არ მჩვევია...

- ...ტყუილი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...არასდროს დამავიწყდება: 6 წლის ვიყავი, როცა საკონცერტო კაბა ჩავიცვი და თავი პრინცესა მეგონა. გამოვედი ფილარმონიის დიდ საკონცერტი დარბაზში, დიდი აუდიტორიის წინაშე. აპლოდისმენტები მივიღე, შემდეგ კი იყო ბევრი წარმატება, მედლები... ეს პირველი გამოსვლა გამორჩეულად მახსოვს.

- ყოველთვის მაქვს სურვილი..
.
- ...საქმეში ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც მინდა და მომწონს. დადგმა, ქორეოგრაფია სათანადო დონეზე მინდა იყოს. პროფესიის მიღმა სურვილებზე თუ ვილაპარაკებთ, ყოველთვის მაქვს სურვილი, მეტი დრო მქონდეს ოჯახთან და ახლობელ ადამიანებთან საურთიერთოდ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თავი იდეალური მგონია. ვიცი, ბევრი ნაკლი მაქვს, მაგრამ არასდროს მქონია სურვილი, რამე შემეცვალა. არ მიყვარს, როცა რაღაც ხელოვნურადაა შექმნილი, ადამიანში ინდივიდუალიზმი და ნატურალიზმი მეტად მიზიდავს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ბუღალტერია და ვფიქრობ, ვერც ვერასდროს ვისწავლი. არ შემიძლია ტექნიკის სწრაფად ათვისება. მუსიკალურ ცენტრზე, როგორც იქნა ვისწავლე, სად არის პაუზა და კიდევ რამდენიმე ღილაკი. ვერ ვისწავლე, პულტზე რომელი ფუნქცია სად არის. ჩემი და ტექნიკის ურთიერთობა აბსოლუტური კატასტროფაა. ნიკა ძალიან მეხმარება, სხვებიც მეხმარებიან და ალბათ, ამიტომ ვერაფერს ვსწავლობ. ყოველთვის სხვისი იმედი მაქვს, სოციალურ ქსელში შესვლა იქნება თუ ტექსტის დაბეჭდვა. "ფეისბუკით" არ ვსარგებლობ.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...მხვდება ადამიანი, თავად მცნობს, მომიკითხავს და მე ვერ ვიხსენებ, ვინაა.

- ვნანობ...

- ...არაფერს ვნანობ. ზოგჯერ ადამიანი ფიქრობს, ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეს, როგორ მოიქცეოდა? არასდროს მიფიქრია, რომ რაღაც შემეცვალა. ჩემს ზოდიაქოს ვაბრალებ, ყოველთვის კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაქვს. საკუთარ თავში ეს თვისება არ მომწონს, მაგრამ დადებითი მხარეც აქვს, ბედნიერების განცდას მეტად მანიჭებს და ნაკლებს ვწვალობ. მომწონს ადამიანები, რომლებსაც მეტი მისწრაფება აქვთ, მიზანდასახულები არიან. მე ჰარმონიაში ვარ ჩემს თავთან. ვფიქრობ, ცოტათი მეტი მოთხოვნები რომ მქონოდა, უკეთესი იქნებოდა. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს, ვინ დგას შენ გვერდით. მან შეიძლება შემოგიძახოს, წინსვლისკენ გიბიძგოს; ესეც მოზომილი უნდა იყოს, რადგან ბიძგმა შესაძლოა, უკურეაქციაც გამოიწვიოს. ნიკა ყველანაირად მეხმარება. ცდილობს, ჩემი კომფორტის ზონა არ დაირღვეს და რაიმე ფორმით არ შევიზღუდო. მას ესმის ჩემი საქმის, ცხოვრების რიტმის.GzaPress

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე..
.
- ...შვილები? შეიძლება, ასეც არის და ამავე დროს, ყველაზე დიდი ძალაცაა. შეიძლება, რაღაც შენი თავისთვის ვერ ან არ გააკეთო, მაგრამ როცა ხვდები, ეს შენი შვილისთვის საჭიროა, მერე წინააღმდეგობები, დაბრკოლებები აღარ არსებობს.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მრცხვენია. არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. არ მომწონს, როცა ჩემზე ლაპარაკობენ. არასდროს ვიცვამ გამომწვევად, რომ ყურადღების ცენტრში არ მოვექცე.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...შემიძლია ყველანაირ სიტუაციაში ადამიანის გაგება. ოღონდ, არის შემთხვევები, როცა რაღაცის გასააზრებლად და დასავიწყებლად ცოტაოდენი დრო მჭირდება.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ჩემი აზრით, როცა არასწორ ნაბიჯს დგამ, ესეც კი შენს სასარგებლოდ შეიძლება გამოიყენო. ის აქციო შენს მაგალითად, რაც პიროვნულად გაგზრდის. არასწორი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, გადამიდგამს და ბევრი რამეც ვისწავლე, რაც ცხოვრებაში მერე ძალიან გამომადგა.

- ბოლოს ვიტირე...

- ...ბოლო დროს ძალიან სენტიმენტალური გავხდი. ხშირად მეტირება. შეიძლება, ეს მოხდეს ფილმის ნახვისას ან ჩემი მოსწავლის წარმატებული გამოსვლის შემდეგ, აღარაფერს ვამბობ შვილების წარმატებაზე, ასეთ დროს თავის შეკავება ძალიან მიჭირს. ადრე საერთოდ არ ვტიროდი, ეს ჩემს ხასიათში აშკარა ცვლილებაა.

- ვიბნევი...

- ...არ ვიბნევი, ნებისმიერ სიტუაციაში ვპოულობ გამოსავალს.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...სადმე თბილ ქვეყანაში, ვიწვე აუზთან, იყოს სიმშვიდე, სიწყნარე და ცაზე - მზე.

- სიყვარული ეს...

- ...არის ცხოვრება.

- ვეპრანჭები....

- ...ხანდახან ნიკას ვეპრანჭები.

- ვრისკავ...

- ...უკიდურეს შემთხვევაში. რისკი და გარემოს შეცვლა არ მიყვარს, მაგრამ როცა ვხვდები, საჭიროა, რისკზე მხოლოდ ამ შემთხვევაში მივდივარ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...დედა მუდმივად მსაყვე­დურობს, რომ ჩემთან ურთიერთობა აკლია, ნიკა არ მსაყვედურობს, მაგრამ მე ხომ ვგრძნობ. ჰოდა, საყვარელ ადამიანებთან საურთიერთოდ მეტ დროს ვინატრებდი. დასვენების დღე არ მაქვს, სულ ვმუშაობ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ჩემს სტუდიას გავაკეთებდი, ყველა ახლობელს დავეხმარებოდი და ამისგან თავად უდიდეს სიამოვნებას მივიღებდი. GzaPress

- თავისუფლება არის...

- ...ჰარმონია ცხოვრებასთან და საკუთარ თავთან.

- როცა მარტო ვარ...

- ...ეს იშვიათად ხდება. მიყვარს სიწყნარე, კითხვა და ამას მხოლოდ მაშინ ვახერხებ, როცა დასასვენებლად მივდივარ. შარშან ზაფხულის მერე, ასეთი დღე არც მქონია.

- ბედისწერის...

- ...მჯერა. ცრუმორწმუნე არ ვარ, ასეთ რამეებზე მეცინება. თუმცა, ვფიქრობ, რომ იღბალი არსებობს. შეიძლება, რაღაც ძალიან მო­ინდომო და არ გამოგივიდეს, ამავე დროს სათანადოდაც არ მოინდომო, მაგრამ გაგიმართლოს. არის რაღაც, რაც ზუსტად იმ მომენტში მოდის და შენ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა.

- ინტუიცია...

- ...ძალიან კარგი მაქვს, ბევრჯერ დამხმარებია, ამიტომ ყოველთვის ვენდობი.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...მაქსიმალურად ვცდილობ, ყველაფერი დროულად მოვასწრო, თავი ხელში ავიყვანო, არ მაჯობოს დაღლამ, ემოციამ, ნერვებმა.

- ადამიანი, ვისი აზრიც ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია...

- ...ეს დედაა. ჩვენ ბავშვობიდან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ჩემს ცხოვრებაში ჯერ არ ყოფილა ამბავი, რომელიც მისთვის არ მომიყოლია. ის ყველაფერს უსიტყვოდაც ხვდებოდა და დღემდე ასეა. ყოფილა შემთხვევები, სიტყვიერად შევწინააღმდეგებივარ, ჩემი აზრის გატანა მიცდია, მაგრამ ქმედებით მაინც ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რასაც მირჩევდა. ჩემი ნაშრომის შეფასებისას, დედა ყველაზე კრიტიკული, ყველაზე ობიექტური და რაც მთავარია, ყველაზე სანდოა. ძალიან მინდა, მე და ნიტას ისეთი ურთიერთობა გვქონდეს, როგორიც მე და დედას გვაქვს. როცა ქვეყნიდან გასული ვარ, შვილებზე მეტად, დედა მედარდება. ვიცი, ჩემს შვილებს, მისი სახით პატრონი ჰყავთ, დედას კი მე არ ვყავარ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...წლების წინ, როცა მამა მანქანის ტარებას მასწავლიდა, მითხრა: როცა საჭესთან ჯდები და მიდიხარ, უნდა ჩათვალო, რომ ყველა გიჟია და მარტო შენ ხარ ჭკვიანიო (იცინის). მშობლები სულ მარიგებდნენ, ვყოფილიყავი მართალი ადამიანი ღმერთთან და საკუთარ თავთან.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...როცა ნიტა კონკურსში გამოდიოდა, ჩვენი სიხარული მაშინ ბევრმა ადამიანმა გაიზიარა. მათ ამისთვის მადლობას ვუხდი. ზოგჯერ ქუჩაში მაჩერებენ და თბილ სიტყვებს მეუბნებიან, ეს მართლა დიდი ბედნიერებაა.

თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საკმაოდ კარგ ნაზუქებს აცხობდნენ, თუმცა ჩემი დიასახლისის გამომცხვარს ვერც ერთი ვერ შეედრება



ბა­ლე­რი­ნა თა­თა ჯა­ში ამ­ბობს, რომ ბავ­შ­ვო­ბა­ში წა­სა­კითხ ლი­ტე­რა­ტუ­რას დე­და ურ­ჩევ­და.
ხერ­ხე­მალ­ზე მაქვს წა­მო­ნა­ზარ­დი, რო­მე­ლიც უნ­და მო­იკ­ვე­თოს

ადრე თუ გვიან, ყველა უნდა შეეგუოს "ჩამოლაბორანტებას"...


"ისე მეტყოდა, - რა დროს დაღლაა, იცეკვე და გადაგივლისო, რომ აუცეკვებლადაც გადამივლიდა"

ძლიერი ქალის გულახდილი მონოლოგი

პირველად დედობის ბედნიერება 23 წლის ასაკში შევიგრძენი

კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

2 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


1 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

3 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

4 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ერთი დღე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან
ცენტრში გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი ნაკადი ზამთარში შემოდის, როდესაც ცივა.

1 კომენტარი
პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი
"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს"

4 კომენტარი
"ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც" - ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე
8 კომენტარი