ოჯახი აფხაზეთიდან, რომელიც აფხაზმა სეპარატისტმა გადაარჩინა - "სიკვდილს თვალებში იმდენ ხანს ვუყურე, აღარ მეშინოდა"
font-large font-small
ოჯახი აფხაზეთიდან, რომელიც აფხაზმა სეპარატისტმა გადაარჩინა - "სიკვდილს თვალებში იმდენ ხანს ვუყურე, აღარ მეშინოდა"
ორი კვირა ფაქტობრივად, ტყვეობაში გავატარეთ
სოხუმი, ვაჟა-ფშაველას 45 - ეს ერთ დროს ხვისტანების ოჯახის მისამართი იყო. ოჯახის, რომელმაც სოხუმი დაცემის დღესაც არ დატოვა; ოჯახი, რომელიც განადგურებას ერთი აფხაზი სეპარატისტის წყალობით გადაურჩა. მათ ოჯახში მისულ "მტერში" ბიჭმა ჯარის მეგობარი ამოიცნო, დანარჩენს კი მზია ხვისტანი თავად გვიამბობს.


- აფხაზეთში ბედნიერად ვცხოვრობდით. მამა ინჟინერი იყო. გულრიფშის სატყეო მეურნეობაში მუშაობდა. დედა პედაგოგი გახლდათ, სკოლაში გეოგრაფიას ასწავლიდა.
მდგომარეობა თავდაპირველად გუდაუთაში დაიძაბა, სადაც კომენდანტის საათი შემოიღეს, მერე ვითარება სოხუმშიც აირია, ომი დაიწყო. ხალხი ქალაქს ტოვებდა, მაგრამ მე და ჩემი ოჯახი არსად წასვლას არ ვაპირებდით.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, კანცელარიაში ვმუშაობდი, ომის დროს კი ტელევიზიაში მოვხვდი. 16 მარტის შემოტევების შემდეგ, ჩემს უფროსთან ჟურნალისტი საშა ბერულავა მოვიდა და უთხრა, გადაცემა ეთერში უნდა გავუშვა, არადა, ყველა დიქტორი გაქცეულია, წამყვანი არ მყავსო. ჩემმა უფროსმა უთხრა, მზია რუსულად კარგად კითხულობს, მოუსმინეთო. ტექსტი წავიკითხე თუ არა, ამიყვანა. ცოტა ხანში სხვა დიქტორებიც დაბრუნდნენ, შემდეგ რადიოში მოვხვდი, ყოველდღე საინფორმაციო გადაცემა მიმყავდა.
დაძაბულობის პერიოდში ტელევიზია განსაკუთრებით საშიში იყო. პირველად იერიში სტრატეგიულ ობიექტებზე მიჰქონდათ. ჩვენ თავს რადიოსადგურს ვაფარებდით, რადგან ის უფრო დახურული შენობა იყო და საიმედო. დილით სირენის ხმა რომ ირთვებოდა, მერე დაბომბვას იწყებდნენ. ის ხმა ახლაც ჩამესმის და ალბათ, არც დამავიწყდება.
სოხუმი პატარა ქალაქი იყო, ყველა ერთმანეთს ვიცნობდით. ჩემი სახლიდან ტელევიზიამდე პატარა მანძილი გახლდათ, ფეხით მივდიოდი. ერთხელ უკან დაბრუნებისას, სირენა ჩაირთო: იმის ნიშანი იყო, რომ დაბომბვა იწყებოდა. გზად ეკლესია უნდა გამევლო - ის ტაძარი, სადაც ჩვენი პატრიარქი მოღვაწეობდა. ეკლესიას რომ მივუახლოვდი, ალბათ, სამრეკლოში ბერი იყო, მე კი მეგონა, ღმერთმა გადმომძახა: გოგონა, სწრაფად იარე, დაბომბვა იწყებაო. 2 ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული, იმ ადგილზე ბომბი ჩამოვარდა... ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და ჩვენც შევეჩვიეთ, ოღონდ იქიდან არავის გამოვეყარეთ. ამ რეჟიმში წელიწად-ნახევარი ვიცხოვრეთ.
ერთხელ ჭურვი ტელევიზიაში სწორედ იმ სკამს დაეცა, რომელზეც დიქტორი იჯდა, მან წამიერად გამოასწრო. ბოლომდე გვქონდა იმედი, რომ დაძაბულობა მალე დასრულდებოდა და ამ ქალაქში ცხოვრებას გავაგრძელებდით.
16 აგვისტოს, რუსულ და ქართულ მხარეებს შორის შედგა მოლაპარაკება და ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რის მიხედვითაც, ხალხი უკან დააბრუნეს. ყველას ეგონა, მშვიდობიანი ცხოვრება დაიწყებოდა. 16 სექტემბერს ხელშეკრულების პირობები დაარღვიეს, ხალხი ზღვაზე იყო გასული, როცა ჭურვები ჩამოაგდეს. 27 სექტემბერს ქალაქი ჩაბარდა. არასდროს დამავიწყდება ჟიული შარტავას განწირული სახე, მინისტრთა საბჭოში იყო იმ დროს, როცა ტელევიზიის ანძა იბომბებოდა. ჩემს ქუჩაზე, ხეებზე სნაიპერები ისხდნენ. სანაპიროს უზარმაზარი გემი მოადგა, ებრაელები და ბერძნები თავიანთმა ქვეყნებმა გაიყვანეს, ქართველები კი ბედის ანაბარა დავრჩით.

- თქვენი ოჯახი 27 სექტემბრის შემდეგ სოხუმში რატომ დარჩა?

- ჩვენ 14 ოქტომბერს გამოვედით. 2 კვირა ფაქტობრივად, ტყვეობაში გავატარეთ. სახლებში მორიგეობით დაძრწოდნენ კაზაკები, სომხები, აფხაზები... შემოდიოდნენ ტანკებით, არაფერს და არავის ინდობდნენ. ჩვენს ქუჩაზე ჩემი ბიძაშვილი ცხოვრობდა. მას 3-სართულიანი სახლი ჰქონდა, რომლის სარდაფიც შედარებით დაცული იყო. ყველანი იქ ვიყავით შეყუჟულები. ერთ დღეს მდგომარეობა ცოტათი რომ ჩაწყნარდა, მე, ჩემი ინვალიდი და-ძმა და მშობლები საკუთარ სახლში გადავედით. მალე თავს შეიარაღებული ხალხი დაგვადგა, გამოგვკითხეს, - ვინ ხართ? აქედან რატომ არ წახვედითო? ჩემი ძმა დააჩოქეს.

ადამიანს თურმე, სტრესულ მდგომარებაში ყოფნისას, შიშის განცდა აღარ აქვს. ღმერთს ხარ მინდობილი, ყველაფერს შეგუებული. ვფიქრობდით, რომ დაგვხოცავდნენ, მთავარი იყო, არ ვეწამებინეთ ან სხვა ცუდი განზრახვით არ შემოსულიყვნენ. პირველი ნაკადი წავიდა, მერე სხვები შემოვიდნენ, სახლის ყველა ოთახი დაიარეს. ჩემს დას ხელიდან ოქროს ბეჭედი წააძვრეს. გამუდმებით გვიმეორებდნენ, რატომ არ წახვედითო? პასპორტები გადამალული გვქონდა. დედა გურჩიანი იყო, ერთ-ერთმა კი გურგენიანი წაიკითხა და სომხები ვეგონეთ - ესენი ჩვეულებრივი მაროდიორები იყვნენ. მამა მთხოვდა, დავმალულიყავი. არ უნდოდა, ჩემთვის შეურაცხყოფა მოეყენებინათ. თავდაპირველად ვიმალებოდი, მაგრამ როგორც კი ვატყობდი, სიტუაცია იძაბებოდა, გამოვდიოდი. ჩემი მშობლებისთვის რამე რომ დაეშავებინათ, ვერ გადავიტანდი. ეს მა­როდიორები წავიდნენ, ცოტა ხანში აფხაზები მოვიდნენ. მათი ძალიან არ შემშინებია. ერთმა ბიჭმა დაკითხვა დაგვიწყო. უეცრად, მას ჩემი ძმა მიუახლოვდა და სახეში დაჟინებით ჩასცქერის. მისმა საქციელმა გამაკვირვა და ვეცადე, უკან დამეხია; შემეშინდა, არაფერი დაეშავებინა. ამ ბიჭს ეკითხება: - შენ მე არ მიცნობო? ის შეცბა. აფხაზებმა ნაცნობების მიმართ დიდი პატივისცემა იცოდნენ, ამის დაუნახაობა არ შეიძლება. უპასუხა, - ვერ გიხსენებო. ჩემმა ძმამ უთხრა, ჩვენ ჯარში ერთად ვმსახურობდითო. ამ სიტყვების გაგონებისთანავე ყველაფერი გაახსენდა. თურმე, ერთმანეთს ჯარის შემდეგ სოხუმშიც ხვდებოდნენ, ჩოგბურთს თამაშობდნენ.
უნდა გენახათ, იმ ადამიანის მრისხანე სახე და ტონალობა წამში როგორ შეიცვალა, თანაგრძნობაში გადავიდა. უკვე სხვა ინტონაციით გვკითხა, - აქ რატომ დარჩითო? გამეცნო: თარაში (ეს მისი პირობითი სახელია) მქვია. როგორც შენს ძმას, ისე მელაპარაკეო. ვთხოვე, თუ პასუხს მოგთხოვენ იმის გამო, რომ ჩვენ არ გაგვანადგურე, მაშინ დაგვხოცე, ოღონდ სწრაფად, ნუ გვაწამებთ-მეთქი. - არა, რას ამბობთო? - შეცბა, თავი ძალიან უხერხულად იგრძნო. - თუ მოსაკლავად არ გვიმეტებ, გვასწავლე, როგორ გადავრჩეთ-მეთქი?
მათ ომის დროს სოხუმში ძალიან ბევრი ჩამშვები ჰყავდათ. სად და რომელ სახლში რა ხდებოდა, იცოდნენ. თურმე, ერთი მინიშნება ჰქონიათ, ქართველი თუ არ იყავი, ჭიშკარზე წითელი ლენტი უნდა გაგეკეთებინა. გვირჩია, წითელი ლენტები გააბით. კაზაკების ან სომხების დაჯგუფება თუ შემოვა და შეგაშინებენ, ჩემი სა­ხელი უხსენეთო. თარაში ბატალიონის უფროსი იყო და თავის წრეში ავტორიტეტით სარგებლობდა. გვითხრა, ხელს არავინ გახლებთო. მერე გამაფრთხილა, - ოჯახთან ერთად ნუ გაჩერდები. ვიცი, გოგონებს რასაც უკეთებენ და ვინმესთან დაიმალე. ესენი ინვალიდები არიან, მშობლები - ასაკში და მათ ხელს არავინ ახლებსო.

2-3 დღე გავიდა, მაროდიორები მოდიოდნენ დიდი მანქანებით, შე­დიოდნენ ჩვენი მეზობლების სახლებში და გაჰქონდათ ყველაფერი, რისი გატანაც შეიძლებოდა. მთელ ქალაქში დაძრწოდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, თარაში კვლავ დაბრუნდა, მოგვიკითხა. ვუთხარი, შენი იმედი მაქვს. ჩვენს სახლში მაინც ვიღაც შემოვა და შენ დაგიტოვებთ-მეთქი. 2-სართულიანი კერძო სახლი გვქონდა, მანდარინის პლანტაციით. იუარა, თავად სოხუმელი ვარ და სახლი მაქვსო.
მისმა სახელმა ბევრჯერ გადაგვარჩინა. ქუჩის ბოლოში რუსი ბებია ცხოვრობდა და სხვა გოგონებთან ერთად, მასთან ვიმალებოდი.
აფხაზების ბუნება კარგად ვიცოდი, ჩვენ ერთად გავიზარდეთ. ყველას ვეუბნებოდი: ჩვენ ერთმანეთთან გასაყოფი რა გვაქვს? შენ ან შენს ახლობლებს რამე დაგიშავეთ? პოლიტიკოსებმა ტვინი მოგვიწამლეს, ერთმანეთს დაგვაჯახეს, თავად გაიქცნენ, მილიონები იშოვეს და გონიერება ხომ უნდა გვეყოს, ერთმანეთი რატომ უნდა დავხოცოთ-მეთქი? მისმენდნენ და ხმას არ იღებდნენ. ჯერ მტრულად მოდიოდნენ და მერე "სესტრიჩკას" მეძახდნენ.

- უშიშარი ყოფილხართ.

- სიკვდილს თვალებში იმდენ ხანს ვუყურე, აღარ მეშინოდა. მამას შესთავაზეს, აქ დარჩენა და ცხოვრება თუ გინდათ, აფხაზებად ჩაეწერეთო. მამამ უარი უთხრა, - ქართველად დავიბადე და ქართველად მოვკვდებიო.
ერთხელ რუს ბებოსთან რომ ვიმალებოდი, მეზობელი მოვიდა და მითხრა, შენები დასახვრეტად გაიყვანესო. სახლისკენ გავიქეცი. ვხედავ, ჩემები სადღაც მიჰყავთ, კბილებამდე შეიარაღებულ კაცს მივვარდი და, - რას აკეთებ, არ გრცხვენია? მაშინ, მეც წამიყვანე და ამათთან ერთად მომკალით-მეთქი. მერე თარაშის სახელი ვუხსენე. ჩვენ თუ დაგვხოცავ, იცოდე, ის შენ არ გაცოცხლებს-მეთქი. მესმოდა, გოგონები ქუჩიდან რომ მიჰყავდათ, როგორ წიოდნენ და კიოდნენ.
თარაში არის ადამიანი, რომელიც შეუძლებელია დავივიწყო, მან მე და ჩემს ოჯახს სიცოცხლე გვაჩუქა. ჩვენი სახლი მამამ ერთ აფხაზს დაუტოვა. თან, ჩამოწერილი ჰქონდა ის ნივთები, რომლიც ვერ წამოვიღეთ.

- სოხუმი როგორ დატოვეთ?

- შევარდნაძეს და რუსულ მხა­რეს შორის შედგა მოლაპარაკება, დარჩენილი მოსახლეობიდან ვისაც სურდა, ტერიტორია დაეტოვებინა, მათთვის ენგურის ხიდამდე დერეფანი გახსნილი იყო. მამა წამსვლელთა სიაში ჩაეწერა. იქ უთხრეს, სოხუმი 14 ოქტომბერს უნდა დატოვოთო... თარაშმა ისევ გვნახა, დაგვემშვიდობა, ჩემი სახელი კიდევ თუ დაგჭირდებათ, მახსენეთ და თუ მოვახერხე, წასვლამდე ერთხელ კიდევ შემოგივლითო, მაგრამ მას შემდეგ აღარ გვინახავს.

- თარაშის მოძებნა არ გიცდიათ?

- მაშინ ამის შესაძლებლობა არ გვქონდა, მე და ჩემი ძმა ტყუპი ვართ. რადგან ჯარში ერთად გაიწვიეს, ე.ი. თანატოლები იყვნენ. თარაში ახლა დაახლოებით 57 წლის იქნება. შეიძლება, სოხუმში ცხოვრობს ან რუსეთში გადავიდა.

- საკუთარი სახლი როგორ დატოვეთ?

- სახლიდან გამოსვლა ძალიან მძიმე იყო. ის კაცი, ვისაც მამამ სახლი დაუტოვა, მეუღლესთან ერთად მოვიდა, ჩვენ ბარგი ჩალაგებული გვქონდა. ისინი ისე გვექცეოდნენ, როგორც მასპინძლები სტუმრებს. რომ მახსენდება, ახლაც მეტირება. მაშინ ცრემლი გამშრალი მქონდა... სომხები და რუსები სახლების გამო ჩხუბობდნენ, კარგ სახლებში შესვლა დასწრებაზე იყო. ენგურის ხიდამდე ავტობუსით გადმოვედით, თან ახალგაზრდა აფხაზი სამხედროები მოგვყვებოდნენ. ოჩამჩირეში გაგვაჩერეს, საბუთები უნდა შემოწმდეს და გაირკვეს, ვინმეს იარაღი ხომ არა აქვს? ხელი არაფერს ახლოთ, ავტობუსიდან ისე ჩამოდითო. ბუნებრივია, დავემორჩილეთ. უკან რომ დავბრუნდით, მთელი ბარგი გაჩხრეკილი იყო და რაც კი ძვირად ღირებული გაგვაჩნდა - წაღებული. სახლიდან რომ გამოვედი, ვფიქრობდი, ადამიანი ყველაფერს შეიძენს, ფოტოებს ანუ წარსულ ცხოვრებას ვეღარ დაიბრუნებს-მეთქი და პირველად ალბომი გამოვიტანე. ჩემი სურათები ავტობუსში მიმოფანტული ეყარა.GzaPress

იმ პერიოდში ისე ვიცვამდი და თავსაფარიც ისე მეფარა, ასაკოვანი შეხედულება რომ მქონოდა. საზღვარზე პასპორტი დამივარდა. ვიღაც ბიჭმა ფოტოს დახედა და გაკვირვებულმა რუსულად მკითხა, ეს შენ ხარო? მერე ხელი დამავლო, სადღაც მივყავდი. ვიკივლე. ამ ხმაზე ის აფხაზი ბიჭი მოვიდა, რომელიც გვაცილებდა, აფხაზურად რაღაც უთხრა და გამიშვა.
ენგურის ხიდის გადმოვლა იყო საშინელება, დედას გული წაუვიდა, მოძრაობაც უჭირდა. რუსეთის ტელევიზიების ჟურნალისტები იყვნენ, ჩვენი გადმოსვლა მათ გადაუღიათ და ეს კადრები ჩემმა ნათესავმა ნახა. არ მჯეროდა, ცოცხლებმა თუ გადმოვაღწიეთ. ხიდს რომ მოვადექით, აფხაზებმა გვითხრეს, - აი, ამ ხიდს დაადექით და უკან აღარასდროს მოიხედოთო.

- ენგურს მიღმა თქვენი ცხოვრება როგორ გაგრძელდა?

- რუხში ერთი ღამე გავათენეთ, ცხენისწყალზე გზა გადაკეტილი იყო, თბილისისკენ არ გვიშვებდნენ. ნათესავმა სვანეთში აგვიყვანა, იქ რამდენიმე დღე დავრჩით. რომ იტყვიან, იარები მოვიშუშეთ და იქიდან თბილისში წამოვედით. ვაგზალზე სხვა ლტოლვილებთან ერთად ვიყავით, გარშემო ჩვენი ფუთები გველაგა. სრულიად უცხო ადამიანები მოდიოდნენ, საკვები და ტანსაცმელი მოჰქონდათ. დედა სულ ტიროდა.
მერე იყო გაუსაძლისი ყოფა, მომავლის შიში, გაურკვევლობა... ლტოლვილთა მძიმე ხვედრი, ამ ქვეყანაში ათასობით ადამიანმა რომ გაიზიარა, მათ რიცხვში იყვნენ ხვისტანებიც. თავდაპირველად საავადმყოფოს შენობაში დაბინავდნენ და ავადმყოფების გვერდით ცხოვრობდნენ.

მზია ხვისტანი რადიოს რუსულ რედაქციაში აიყვანეს. 10 წლის განმავლობაში, საღამოს 7 საათზე რუსულენოვან ინფორმაციას გვაცნობდა... მამამისმა ინფარქტი გადაიტანა, ჯანმრთელობის პრობლემა აფხაზეთიდან გამოჰყვა. ომის პერიოდში მის ოჯახში მისულმა მაროდიორმა სკამი ესროლა, მუცელში მოხვდა და თიაქარი გაუჩნდა. ოჯახის უფროსი 2003 წელს გარდაიცვალა. თურმე, ყოველღამე ჩუმად ლოცულობდა, - ღმერთო, გევედრები ისე ნუ მომკლავ, სოხუმში რომ არ დამაბრუნოო...
- იმ ქვეყნად ეს დარდი და მშობლიური აფხაზეთის მონატრება გაჰყვა. 7 წლის შემდეგ დედაც გარდაიცვალა. დედა ომს ხშირად იხსენებდა. მე ვუშლიდი, წარსული ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა, ყოველ წუთს მისი გახსენება, ისევ ჩვენზე ახდენს ცუდ გავლენას, ამიტომ ნუღარ ვილაპარაკებთ იმაზე, რაც იქ დარჩა, ახალი ცხოვრება დავიწყოთ-მეთქი.
და-ძმა ხვისტანები ახლა გარეუბანში ცხოვრობენ. ქალბატონი მზია ავადმყოფ და-ძმას უვლის. მათი შემოსავალი ინვალიდობის პენსია და ლტოლვილთა სარგოა, 45 ლარის ოდენობით.

თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საკმაოდ კარგ ნაზუქებს აცხობდნენ, თუმცა ჩემი დიასახლისის გამომცხვარს ვერც ერთი ვერ შეედრება



ბა­ლე­რი­ნა თა­თა ჯა­ში ამ­ბობს, რომ ბავ­შ­ვო­ბა­ში წა­სა­კითხ ლი­ტე­რა­ტუ­რას დე­და ურ­ჩევ­და.
ხერ­ხე­მალ­ზე მაქვს წა­მო­ნა­ზარ­დი, რო­მე­ლიც უნ­და მო­იკ­ვე­თოს

ადრე თუ გვიან, ყველა უნდა შეეგუოს "ჩამოლაბორანტებას"...


"ისე მეტყოდა, - რა დროს დაღლაა, იცეკვე და გადაგივლისო, რომ აუცეკვებლადაც გადამივლიდა"

ძლიერი ქალის გულახდილი მონოლოგი

პირველად დედობის ბედნიერება 23 წლის ასაკში შევიგრძენი

კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

2 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


1 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

3 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

4 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ერთი დღე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან
ცენტრში გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი ნაკადი ზამთარში შემოდის, როდესაც ცივა.

1 კომენტარი
პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი
"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს"

4 კომენტარი
"ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც" - ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე
8 კომენტარი