მონატრებული ბავშვობა და დაკარგული თავისუფლების სიმწარე
font-large font-small
მონატრებული ბავშვობა და დაკარგული თავისუფლების სიმწარე
ზუსტად ისე ვცელქობ, ვხულიგნობ, ვიღიმი, ვოცნებობ, დავხტივარ, როგორც წლების წინ

გასული წლის მიწურულს, ერთი საგულისხმო სატელეფონო საუბარი მქონდა. უცნობმა ქალბატონმა მადლობა მითხრა აფხაზეთზე დაწერილი სტატიის გამო. ხშირად წერეთ აფხაზეთზე, რათა მომავალ თაობებს არ დაავიწყდეთ, რა დავკარგეთო! - უცნობი ქალბატონი ჟიული შარტავას და აღმოჩნდა, რომლის სიტყვები მთავარ მოტივად მექცა და მინდა, ხშირად დავწერო ქართულ-აფხაზურ ურთიერთბებზე, აფხაზეთიდან დევნილებზე...



ირინა კოტუაც დევნილია. ბავშვობიდან აფხაზეთში ცხოვრობდა, მერე კი მასაც მოუწია უსაყვარლესი მხარის დატოვებამ. ოჩამჩირეში ცხოვრების პერიოდია მისთვის ყველაზე საყვარელი. ეს დრო იყო ბავშვობის, სიანცის, ხუმრობის, ლამაზი სევდისა და სიხარულისა...
მშობლიური მხარე, ლაღი ბავშვობა, ომი...
"შვილები ყოველთვის პატარებად რჩებიან მშობლებისათვის... მშობელი კედელია ურყევი... ამ კედელს უკან დგახარ და თავდაჯერებული ხარ. მთელი ჩემი ბავშვობა გავატარე ისე, როგორც მსურდა, ლაღად და უდარდელად. წლები, რომელიც სკოლასთან მაკავშირებს, საუკეთესო წლებად დარჩა ჩემს მეხსიერებაში. მე, ჩემი და, ჩემი სკოლის მეგობრები თითქოს, ერთად დავიბადეთ, დღემდე მოვაბიჯებთ ჩვენი ურთიერთობით ამაყნი. სკოლამ მასწავლა ეს, ჩემში ეს პერიოდი ცოცხალი ორგანიზმივითაა, რომლის განდევნაც არასდროს მიფიქრია: ზუსტად ისე ვცელქობ, ვხულიგნობ, ვიღიმი, ვოცნებობ, დავხტივარ, როგორც წლების წინ, კიკინებიანი გოგონა... შემდეგ? შემდეგ იყო სტუდენტობა, 9 აპრილი, ზვიადი, მიტინგები და ომი. აი, მაშინ ვიგრძენი, რამდენად შესაძლებელია მიუახლოვდე საკუთარ თავს. თუ იმისთვის ეძებ საშუალებას, რომ გაამართლო შენი სილაღე, ე.ი. გეტკინა. გესმის ომის საზარელი ხრიალი, ბავშვების გამყინავი ხმა, ტყვიების წუილი, შფოთვა, გმინვა... არადა, ამ ცისქვეშეთში ვცხოვრობ! დენთის სუნით გაჟღენთილი ჰაერი თავბრუს მახვევს, ალგახვეული ღრუბლები ცაში ზლანზვით მიმოდიან, ფსოუსკენ მიცურავენ! ფსოუსკენ, სადაც ჩემი სამყარო იშვა. მეხსიერების ხეობაში მივაბიჯებ, დრო უსასრულოდ იწელება და საკუთარ სხეულს ნისკარტით ვკორტნი; მივაბიჯებ და ფეხქვეშ ვგრძნობ ჩემი ქალაქის მაჯისცემას! ოჰ, როგორ მტკივა! ოჰ, როგორ აწვება სისხლი პარკუჭებს! ჩვენ, სოხუმო, აუცილებლად მოგიტანთ წამალს და გიმკურნალებთ!"

ტყემლის საწებელი, სკოლა, ისტორიის მასწავლებელი, ლენინის შეცხადება - ეს ყველაფერი ძველ ამბებს ახსენებს:
GzaPress
"ზაფხულია. მურაბების, კომპოტების კეთების დროა. მეც "დეზერტირების" ბაზრისკენ ავიღე გეზი (ტყემლის საწებელს ვაკეთებდი), მწვანილი უნდა მეყიდა. ჩავიარე ქუჩაში. გამოფენილან ქალები, რომლებიც ფულთან ერთად, წუთებს ითვლიან და ერთ-ერთთან გავჩერდი... - რა ღირს, ქალბატონო, მწვანილი? - ვეკითხები (პასუხი წინასწარ ვიცი, მაგრამ შეკითხვა წესია). ხვატის მიუხედავად, არაბუნებრივად თბილად ჩაცმულმა და თავშლით სახედაფარულმა ქალბატონმა ამომხედა სევდიანი თვალებით და რამდენიმე კონა უსიტყვოდ ხელში მომაჩეჩა, თაიგულივით. თითქოს ბავშვობაში მინახავს ეს თვალები, მაგრამ უფრო ხალასი და ღიმილიანი. მადლობა ვუთხარი დაბნეულმა და ლარიანი დავდე დარჩენილ მწვანილებზე. ხელში სია შემრჩენოდა: კამა, მარილი, ქინძი, წიწაკა. გამეცინა, რადგან აღმოვაჩინე, რომ ანბანის მიხედვით მქონდა ჩაწიკწიკებული. მარილი ნამდვილად ზედმეტი იყო სიაში, რომელმაც სკოლის ჟურნალი გამახსენა და მახსოვრობის შემოწმება გადავწყვიტე: აბურაჯანია, ალანია, ბასილაია, გოლანძია... კლასში 31 ვიყავით, მაგრამ ოთხს იქით ვერ წავედი! სამაგიეროდ, კარგად მახსოვს საკლასო ოთახი: კედელზე ქართველი პოეტებისა და მწერლების ჩარჩოში ჩასმული სურათები კიდია, გვერდს ლენინ-სტალინის დიდი ზომის სურათები "უმშვენებენ", ცოტა მოშორებით საბჭოთა კავშირის გერბია. მე, პირველ რიგში, პირველსავე მერხთან, მასწავლებელის მაგიდასთან ახლოს ვიჯექი. ცუღლუტობისა და მოუსვენრობის გამო ასე "დამსაჯეს". გვერდით ელდარ ზარია მიზის, ჩუმი და დინჯი, თუმცა, მის სიჩუმესაც ერთ კვირაში მოვუღე ბოლო! ზარს რომ დარეკავდნენ, რასაკვირველია, გაკვეთილზე ბოლო შევიდოდი და მასწავლებელსაც ურცხვად მივესალმებოდი! "არა, შენ დაპატიჟება გჭირდება!" - გამოცრიდა ეთერი მასწავლებელი კბილებში და იწყებოდა ის, რაც მე ყველაზე მეტად მიყვარდა იმ წლებში. ეს იყო ერთადერთი გაკვეთილი, როდესაც იშვიათად ვიღებდი შენიშვნებს: ქართულის გაკვეთილის საინტერესო 45 წუთი... განსაკუთრებით, ისტორიის გაკვეთილებს არ ვწყალობდი (ზუსტად ვიცოდი, რომ მატყუებდნენ; ზუსტად ვიცოდი, რომ ეს შეთითხნილი ისტორია მტრების ხელის ნამოღვაწარი იყო). პროტესტის ნიშნად, როგორც შემეძლო, პედაგოგს ნერვებს ვუშლიდი. დომენტი მასწავლებელი ცილინდრში, სამხედრო შარვალსა და კიტელში გამოწყობილი დადიოდა. ვთვლიდი, რომ სტალინს ჰბაძავდა და ეს ორმაგად მაღიზიანებდა!
- აბა, დღეს ვინ არის მორიგე? - ასე იწყებოდა ისტორიის გაკვეთილი და გრძელდებოდა ყოველთვის ასე: - ერთ-ერთ ხულიგანს გაკვეთილზე ხმამაღლა უნდა ეთქვა: "ვას, ვას, ვას! ვინც იჯდება, დაგინებული მას!" და მთელი კლასი უმალ ფეხზე წამოიჭრებოდა... იმ დღესაც, გაკვეთილის პირველივე წუთიდან, როდესაც მორიგე იკითხა მასწავლებელმა, მთელი კლასი "დაგინების" შემდეგ ფეხზე წამოიჭრა. რასაკვირველია, კლასიდან მე გამაძევეს! თუმცა, ეს ჩემთვის დიდ დანაკლისს არ წარმოადგენდა! რამდენიმე წუთში ვხედავ, ჩემი კლასელი, ჩემზე საკმაოდ დაბალი და გამხდარი გოგო ამეტუზა: დომენტიმ თქვა შენზე, ყურით შემოიყვანეო... აბა, ხომ არ ვაწყენინებდი? ჩავაჭიდინე ყურზე ხელი და ასე შევაღეთ კლასის კარი! დიდი ფანტაზია არ სჭირდება იმის წარმოდგენას, კლასში როგორი ხორხოცი ატყდა... იქვე, კუთხეში მიმაყენა მასწავლებელმა "დებოშიორი" და გაკვეთილის ახსნა განაგრძო: "ლენინი გარდაიცვალა 1924 წლის 21 იანვარს..." უცებ, ჩემი რეპლიკა: "ვაიმეეე, ეს რა მითხარით... ეგრე როგორ შეიძლება ამის დაჯახება?!" 2 წუთის შემოსული, ისევ ეზოში აღმოვჩნდი..."GzaPress

წარსული, ცა, მიწა, ზღვა, ქარიშხალი და ბავშვობის მონატრება.

"ამ ბოლო დროს ამეკვიატა ფიქრი წარსულზე. ზღვა ადგაფუნებდა ტალღებს, ბობოქრობდა, ფეხებზე მეხეთქებოდა და ისეთი მშობელივით მიბრაზდებოდა, რომელმაც შვილი რაღაც ცუდ საქციელში გამოიჭირა და დასჯის სურვილი კლავს. მაგრამ, მიუხედავად სამყაროს ნაცრისფერი ფერისა, ვგრძნობდი, რომ აქ ყველაფერი ჩემი იყო, მხოლოდ ჩემი... თუმცა, რაღაც მიფორიაქებდა სულს და შიგნიდან მტკიოდა. მიყვარდა ყველაფერი, რაც თვალსაწიერს ხვდებოდა და იმასაც ვგრძნობდი, რასაც ვერ ვხედავდი... ბუმბერაზი მთები, თავად სევდიანები, მეჩურჩულებოდნენ და მამშვიდებდნენ! მეღიმებოდა, მინდოდა ჩავხუტებოდი მათ და მოვფერებოდი!.. რაღაც მაკავებდა, ვერ ვწვდებოდი მთებს, სულს მიხუთავდა, გზას მიღობავდა. ვგრძნობდი, ჩემს საკუთრებას ისაკუთრებდა რაღაც თუ ვიღაც. გლოვას ვამჩნევდი არემარეს. დადუმებას გლოვობდა ყველაფერი. ქარიშხალიც ქვითინებდა, მოთქვამდა დაკარგულ თავისუფლებას, დასტიროდა თმაგაწეწილი... ერთად ვიყავით: ცა, მიწა, ზღვა, ქარიშხალი და მე. ვიგრძენი, ტალღამ როგორ გადამიარა, შიშისგან თვალები გავახილე და დამენანა, რომ გამომეღვიძა... უკვე გამოფხიზლებულმა ვიცანი ჩემი ბავშვობა. გული დამწყდა, მიუხედავად მუქი ფერებისა და ვიგრძენი უსაზღვრო მონატრება..."

როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
უცნაური მეთოდით დასჯილი მოსწავლეები და წიგნით დამარცხებული უიმედობა
ყვე­ლას უკ­ვირს, რო­ცა ვამ­ბობ, რომ მიმ­ტა­ნო­ბა მე­ნატ­რე­ბა
ქართველი ქმრის გვერდით თავდაჯერებული მზია ორელაშვილი
ვი­ტა­ლის­თ­ვის ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი დრო მა­შინ დგე­ბა, რო­ცა სოფ­ლად შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ჩა­დი­ან
რუსეთთან საქართველოს შეერთების შემდეგ აქ ძველებურად გრძელდებოდა საცხენოსნო თამაშობანი და აღლუმები
კვირის სიახლეები
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
3 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
რო­გო­რი იქ­ნე­ბა ოქ­ტომ­ბე­რი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
სულ მა­ლე შე­მოდ­გო­მის მე­ო­რე თვე, ყვე­ლა­ზე ფე­რა­დი და მდიდ­რუ­ლი ოქ­ტომ­ბე­რი შე­ვა ძა­ლა­ში.
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
1 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
14 კომენტარი
რო­გორ აშენ­და "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი?
თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნის ასა­გე­ბად, სა­ჭი­რო იყო პრაქ­ტი­კუ­ლად მთლი­ა­ნად და­ენ­გ­რი­ათ ძვე­ლი სტა­დი­ო­ნი
7 კომენტარი
"სიყვარული ყველა ეტაპზე სხვადასხვანაირი და სხვადასხვა ფერია"
დავიწყებული პირველი პაემანი და კარგად გამოყენებული ცხოვრებისეული შანსი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
1 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი