მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
font-large font-small
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები


23 ნოემბერს, საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე ერს გიორგობა მიულოცა და ქორეპისკოპოსი, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი, მეუფე შიო მოსაყდრედ გამოაცხადა. "წმინდა გიორგიმ ინება, რომ გვყავდეს მოსაყდრე და ასეთი არის მეუფე შიო. მეუფე შიოს ვულოცავ ამ მაღალ წოდებას და იმედი მაქვს, რომ გაამართლებს დაკისრებულ საქმეს", - ბრძანა უწმინდესმა.


როგორც გაირკვა, პატრიარქის ერთპიროვნული გადაწყვეტილება ყველამ გიორგობას შეიტყო და სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა წმინდა სინოდისთვის. ბოლო დროს ატეხილი ხმაურიანი მოვლენების შემდეგ ილია II-მ კათალიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას მსგავსად, სიცოცხლეში დაასახელა ტახტის მოსაყდრე. ასე მოიქცა 1925 წელს, ციხიდან გამოსული კათოლიკოსი ამბროსი ხელაია. მან ნოემბრის თვეში ტახტის მოსაყდრედ დაადგინა კალისტრატე ცინცაძე. ამის მიზეზი იმ დროს საქართველოს ეკლესიაში შექმნილი მძიმე ვითარება იყო. მაშინ კალისტრატე ცინცაძე საქართველოს ეკლესიის მეთაური ვერ გახდა. პატრიარქის ტახტი ეპისკოპოსმა ქრისტეფორე ციცქიშვილმა დაიკავა. პატრიაქის ტახტზე კალისტრატე ცინცაძე ხუთი წლის შემდეგ ავიდა.
48 წლის მეუფე შიოს ყველა დადებითად ახასიათებს. პატრიარქის რჩეული მეუფე გახდება თუ არა საქართველოს პატრიარქი, ამაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, თუმცა, მომავალ პატრიარქობას მას უწინასწარმეტყველებენ და ბევრი მიიჩნევს, რომ ღირსეული კანდიდატია. ამ გადაწყვეტილებით ცნობილია, რომ მეუფე შიო იქნება ერთ-ერთი კანდიდატურა საკათალიკოსო ტახტზე, მაგრამ უცნობია, რა უფლება-მოვალეობები ექნება პატრიარქის მოსაყდრეს.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები, რადგან მსგავსი პრეცედენტი იშვიათია.

"კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მოსაყდრის დანიშვნა არ ნიშნავს, რომ მან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობა შეწყვიტა. ეკლესიას უშუალოდ პატრიარქი მართავს", - ამბობს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. მისი თქმით, მოსაყდრის დასახელების გადაწყვეტილება პატრიარქმა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მიიღო: "მოსაყდრის ერთ-ერთი არსებითი ფუნქცია არის ის, რომ ღმერთმა მრავალი წელი სიცოცხლე შესძინოს პატრიარქის მოღვაწეობას, რომელსაც უდიდესი დამსახურება აქვს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე. მხოლოდ მოსაყდრეს აქვს უფლება, მოიწვიოს გაფართოებული კრება და წმინდა სინოდის სხდომა".
მეუფე შიოს თქმით, მისთვისაც მოულოდნელი იყო პატრიარქის გადაწყვეტილება. იგი თვლის, რომ პატრიარქის მოსაყდრეობა უდიდესი ჯვარია: "შეიძლება იყოს განსხვავებული აზრი, მაგრამ უწმინდესს სრული უფლება აქვს, ეს გადაწყვეტილება მიიღოს. უბრალოდ ჩვენთვის, ყველასთვის სრულიად მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. ასე ინება უწმინდესმა. რას უკავშირდება მისი ეს გადაწყვეტილება, ვერ გეტყვით", - განაცხადა მეუფემ ჟურნალისტებთან.

მეუფე შიო მუჯირმა მოსაყდრის სტატუსით სამების საკათედრო ტაძრში პირველი წირვაც ჩაატარა და საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ კეთილი სამარიტელის შესახებ იგავზე იქადაგა. მისი თქმით, საუკუნო ცხონების დამკვიდრებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი საწინდარი სამარიტელისებური მოწყალების თვისებაა:
- ჩვენ კი არ უნდა ვიფიქროთ, ვინ არის ჩვენთვის მოყვასი, არამედ უნდა ვიფიქროთ, ჩვენ ვისთვის ვიყოთ მოყვასი. უფლისთვის მთავარია, ჩვენს გულში, ჩვენს სულში ჩავიხედოთ, რომ არ იყოს გულცივობა, გულქვაობა, იყოს მოწყალება, სიყვარული, როგორც ჰქონდა ამ სამარიტელს, რამეთუ მოწყალება არის გზა. საუკუნო ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი საწინდარი არის სამარიტელისებური თვისება მოწყალებისა. ჩვენ, როგორც არასდროს, გვესაჭიროება ეს თვისება - მოწყალება. დალოცვილები და გახარებულები გამყოფოთ უფალმა", - განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიომ.

მცირე დოსიე:

მაღალყოვლადუსამღვდელოესი შიო, ერისკაცობაში - ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი, 1969 წლის 1-ლ თებერვალს თბილისში დაიბადა. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ვიოლონჩელოს კლასში. კონსერვატორიის პირველ კურსზე გაიმარჯვა ვიოლონჩელისტების პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე. კონსერვატორიის სტუდენტმა ეკლესიური ცხოვრება არჩია და 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. 1995 წელს დიაკვნად აკურთხეს, ერთ წელიწადში, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერდიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. 1998 წლის 3 აპრილს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გახლდათ. 2001 წლის ოქტომბრიდან - მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. 2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლად შექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღოლად.
7 სექტემბერს სვეტიცხოველში ეპისკოპოსად აკურთხეს და მას მერე მეუფე შიო ამ ეპარქიაში მსახურობს. 2009 წელს მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს. ერთ წელიწადში, 2010 წელს, მიტროპოლიტი გახდა. როგორც სენაკელები ამბობენ, ამ წლების მანძილზე მეუფემ მრევლის უდიდესი სიყვარული მოიპოვა და ის მართლა სამაგალითო იყო.

ნინო ჯღარკავა, სენაკის სასულიერო სკოლის დირექტორი:
- მეუფე შიოს ღვაწლზე უამრავის თქმა შეიძლება. კარგია, იცოდეს საქართველომ მისი ღვაწლი. ის ჩუმად და წყნარად აკეთებს საკეთებელს. მოგეხსენებათ, 2003 წელს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია. ეპარქიის მმართველად დადგინდა ეპისკოპოსი შიო (მუჯირი). მეუფე ყოველთვის მადლიერებით აღნიშნავდა, რომ ამ ეპარქიის მღვდელმთავრობა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რადგან აქ განისვენებს მეოცე საუკუნის წმინდანი ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია), რომელიც იყო ქართული მონაზვნობის გამორჩეული მოძღვარი, საეკლესიო მწერალი და პოეტი და ამავდროულად ბევრს წერდა და ქადაგებდა განათლების მნიშვნელობაზე.

2010 წელს, უწმინდესის ლოცვა-კურთხევითა და მიტროპოლიტ შიოს თაოსნობით, სენაკში დაარსდა ღირსი ალექსი სენაკელის (შუშანია) სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია. სასწავლებლის დაარსების იდეა თავიდანვე დაუკავშირდა ღირსი ალექსის (შუშანია) სახელს და განხორციელდა ბიზნესმენ ლევან ვასაძის შემოწირულობით, ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობითა და ამაში მრავალი ადამიანი მონაწილეობდა. მეუფე შიო აქტიურად იყო ჩართული როგორც შენობის სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, ასევე სასწავლებლის გუნდის ჩამოყალიბებაში. მიაჩნია, რომ ბავშვი უმთავრესია და მას უნდა ჰქონდეს ყველანაირი პირობა აკადემიური და სულიერი განვითარებისათვის. 2010 წელს, სულ 52 მოსწავლით დაიწყო სკოლამ ფუნქციონირება და დღეს 345 მოსწავლე იღებს აქ განათლებას. მეუფე შიოს სწორი ხედვა და პროგრესზე ორიენტირება საშუალებას იძლევა გვქონდეს წარმატებები, როგორც სასწავლო, ასევე შემოქმედებითი მიმართულებით და საზოგადოებაში სარგებლობდეს სკოლა მაღალი რეიტინგით. ნებისმიერი ინიციატივა, წამოწყება, რომელიც სკოლის განვითარებაზეა ორიენტირებული, მეუფისგან მხარდაჭერილია, რადგან თვითონ მეუფეა გახსნილი სიახლეებისადმი. სწორედ ამან განაპირობა, რომ წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებულ ინოვაციურ კონკურსში ჩვენმა მოსწავლეებმა გაიმარჯვეს და დაჯილდოვდნენ აშშ-ის კვლევით ცენტრში ერთკვირიანი სასწავლო პროგრამით. ამ წარმატებისთვის მეუფემ, მოსწავლეებს შეუძინა ვირტუალური და რეალურ-ვირტუალური ლაბორატორია. რადგან სწავლის მსურველების რიცხვი აღემატება მისაღები კონტინგენტის რაოდენობას, მეუფის კურთხევით, 2016 წლიდან, სკოლა-გიმნაზიის ბაზაზე ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, სადაც სწავლობენ სხვა სკოლის მოსწავლეები. საკვირაო სკოლაში აქცენტი კეთდება ქრისტიანულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე. აქვე, ეზოში მოქმედებს ბიზნესმენ დემურ გადელიას შემოწირულობით აშენებული წმ. ალექსი სენაკელის ტაძარი, სადაც ტარდება წირვა-ლოცვები. მეუფე შიო მრავალმხრივ განვითარებული ადამიანია. მასთან ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნოა, მისი ერუდიციიდან, განათლებიდან გამომდინარე. განსაკუთრებული მღვდელმთავარია თავისი სულიერებით, ის ყველაფერთან ერთად პოულობს დროს სამეცნიერო მუშაობისათვის. შემთხვევითი არ არის, რომ მისი დისერტაციის თემაა "ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია), მისი ცხოვრების ისტორიული კონტექსტი და სულიერ-სამოძღვრო მემკვიდრეობა", რისთვისაც ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი მიენიჭა. მას გამოქვეყნებული აქვს ბევრი საინტერესო ნაშრომი. ძალიან გვიხარია პატრიარქის გადაწყვეტილება, რადგან ის მართლა ღირსეული ადამიანია. მეუფე შიო განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა მრევლის მიმართ და ეპარქიაში ის ყველას ძალიან უყვარს".

როგორც ცნობილია, ერისკაცობაში მეუფე მეგობრობდა ლევან ვასაძესთან, გიორგი მარგველაშვილთან, რეჟისორ გიო მგელაძესთან და მათი მეგობრობა დღემდე გრძელდება:
- მე და მეუფე შიო ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. კლასელები ვართ, ის ჩემი ნათლიაა. მეუფე შიოს ბებია ექიმი ნინო ჟვანია გახლდათ. არაჩვეულებრივ ოჯახში აღზრდილია. ძალიან ნიჭიერი იყო ყოველთვის. 24 წლის ასაკში აღიკვეცა ბერად და მას მერე ჩუმად კეთებს თავის საკეთებელს. ყველას უყვარს, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა პატრიარქის გადაწყვეტილება, რადგან მეუფე ძალიან უყვარს პატრიარქს. ეჭვი ყოველთვის გვქონდა, რომ ასე იქნებოდა და ეს სასიხარულოა, - ამბობს მისი ბავშვობის მეგობარი, რეჟისორი გიო მგელაძე.

პ.ს. საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში ნათქვამია, რომ კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, ეკლესიას მართავს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე, საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც მოხდება სრულიად საქართველოს პატრიარქის არჩევა და ირჩევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება. გაფართოებული კრების წინ მოსაყდრე იწვევს წმინდა სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად. წმინდა სინოდი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ 3 კანდიდატს. სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება, წარმოადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის - თავისი თავიც. სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, კენჭს იყრიან გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატები. გაფართოებული კრების ყველა მონაწილეს აქვს უფლება, გამოთქვას აზრი კანდიდატთა შესახებ. კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები და კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს. კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, სამუდამოდ (კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებამდე) ხდება.

თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბუნებისგან ნაჩუქარი სილამაზის შემოსავლის წყაროდ ქცევა გადაწყვიტეს
თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არის ბედნიერი წამი, მოვლენა, რომელიც მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ახსოვს.
გარდაცვლილის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს
ვი­ცით, რომ ადა­მი ხვდე­ბო­და უფალს, ესა­უბ­რე­ბო­და მას და ეს უდი­დეს სი­ხა­რულს ანი­ჭებ­და
"გამ­ძ­ლე­ო­ბა და ტემ­პი მე­ტო­ქე­ებ­ზე მე­ტი მქონ­და"
"სახ­ლი თი­ა­ნე­თის მთებ­ში მაქვს, ეზო სი­ო­ნის ტბას გა­დაჰ­ყუ­რებს.
"თუ ვინ­მეს ჩე­მი წა­მე­ბა სურს, ნი­ნო ჩხე­ი­ძის სიმ­ღე­რე­ბი ჩა­მირ­თოს"
ამ­ბო­ბენ, ახალ წელს რო­გორც შეხ­ვ­დე­ბი, ისე­თი წე­ლი გექ­ნე­ბაო.
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი