"მომაკვდავმა მამამ ძალა მოიკრიბა და დედას ეცეკვა" - სოხუმური ახალი წლის მონატრება
font-large font-small
"მომაკვდავმა მამამ ძალა მოიკრიბა და დედას ეცეკვა" - სოხუმური ახალი წლის მონატრება
დღევანდელი დღესავით მახსოვს. ისეთი სიყვარული და ბედნიერება იყო მშობლების მზერაში...

"1989 წლის 14 მარტი იდგა. მამა უკვე მომაკვდავია, მაგრამ ძალა მოიკრიბა და დედას ეცეკვა. 14 მარტი მამას დაბადების დღე იყო. ეს სცენა დღევანდელი დღესავით მახსოვს. ისეთი სიყვარული და ბედნიერება იყო მშობლების მზერაში..."
დაახლოებით 30 წლის წინ, დეკემბრის ბოლო დღეს ცა ჩვეულებრივზე მეტად გაშავდა სოხუმში. გვიანი შემოდგომის ხმელი ფოთლების ტახტი ზამთარმა მედიდურად დაიკავა და პირველმა ფიფქებმა მთელი ქალაქი გამოიყვანა გარეთ. ბუზღუნის გარეშე დაჰყვებოდნენ მშობლები პატარებს და უმანკო სითეთრეზე პარალელურად რჩებოდა დიდი და პატარა ნაფეხურები. 12 საათის დადგომამდე ნელ-ნელა ოჯახურ გარემოს დაუბრუნდა ყველა. მხოლოდ ერთი თვალებბრიალა ბიჭი, ირაკლი გუგუშვილი დააბოტებდა სოხუმისთვის უჩვეულოდ დიდ, მუხლამდე თოვლში გვიანობამდე. კარაქისფერი ედო ქუჩებს, ერთმანეთს ერეოდა თოვლის სიქათქათე და ქუჩის განათების ბლანტი სიყვითლე. 17 წლის ასაკში მოუწია სოხუმის დატოვებამ ირაკლის. მშობლიური მხარის მონატრება ბასრად ბევრჯერ გადაუვლის ხოლმე გულზე, მაგრამ მონატრება მონატრებად რჩება...
1975 წლის 13 აპრილს სოხუმში გუგუშვილ-ჯანგველაძეების დიდ და ტრადიციულ ოჯახში ვაჟი დაიბადა. სოხუმიდან ბედისწერამ დევნილის სტატუსით თბილისამდე ჩამოიყვანა. ახლა ზოგჯერ ხატავს, ზოგჯერ ფილმებსა და რეკლამებში იღებენ, თუმცა, სოხუმური წარსული ყველაზე მკვეთრი ფერებითაა ჩაწერილი მის ცხოვრებაში.

ირაკლი გუგუშვილის მოგონებები:
"დედა, ეთერ ჯანგველაძე ძალიან ლამაზი ქალი იყო. ვინც იცნობდა, ყველა მოხიბლული გახლდათ მისი სილამაზით. შემიძლია თამამად ვთქვა, ის იყო უნაკლო გარეგნობითა და სულით. პროფესიით მუსიკოსმა, სიცოცხლის ბოლომდე იდეალისტად დარჩენილმა აფხაზეთის ომის შემდეგაც არ დატოვა საკუთარი კერა იმ იმედით, რომ შეუნარჩუნებდა თავის შვილს ოდაბადეს, მაგრამ... 1997 წლის 6 თებერვალს უჩუმრად წავიდა და სოხუმის მიწას მიაბარეს უჩემოდ... გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, ერთი თვით მოახერხა თბილისში ჩამოსვლა, მაგრამ ვერ გაჩერდა დედაქალაქში, სოხუმი თავისკენ ეძახდა!
მამა, რუდოლფ გუგუშვილი საინტერესო პიროვნება, დიდი ისტორიული წარსულით, დედით გუგუშვილი და მამით შვაბეთის მიწის გერმანელი თავადი, ალექსანდერ ფონ გერსტლეს ვაჟი გახლდათ. ბაბუა იდუმალებით მოსილი გზებით აღმოჩნდა ამიერკავკასიაში და საბჭოთა პოლიტიკური ელიტის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა გახდა. როგორც ვიცი, 1937 წელს მისივე უშუალო ხელმძღვანელის, ლავრენტი ბერიას ბრძანებით გადაასახლეს და როგორც უმეტესობა, ისიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა ციმბირის უკიდეგანო სივრცეში.
დედის დიდი ბაბუა, საველი ჟვანია საკმაოდ გავლენიანი ვაჭარი ყოფილა ფოთში და სასწავლებელიც კი გაუხსნია საპორტო ქალაქში მე-19 საუკუნის შუა პერიოდში გლეხთა ბავშვებისათვის. საველი ცნობილი იყო თურმე ქართველების განმანათლებლური წინსვლის ჟინით. მოგვიანებით მისი ვაჟი, მიხეილ ჟვანია გადადის სოხუმში საცხოვრებლად და სოხუმის ახლოს დიდი ნაკვეთების მფლობელი ხდება. საარქივო დოკუმენტაციაში მიხეილი სოხუმის მთავარ იურისტად მოიხსენიება და ერთ-ერთი ცნობილი ისტორიული შენობის, მასწავლებელთა სახლის მფლობელიც ყოფილა. ეს შენობა გამოირჩეოდა თავისი სინატიფითა და მასშტაბურობით...

ბაბუა, დედის მამა _ ბიქტორ ჯანგველაძე გახლდათ ქალაქის კოლორიტი, სოხუმის პირველი მეფაეტონე (არა გაჭირვების, არამედ სილაღის გამო). სხვათა შორის, ბაბუამ საპატიო წრეზე მოატარა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი სოხუმის სტადიონის გარშემო და ამ ფაქტით ძალიან ამაყობდა თავის დროზე.
სახელოვანი გვარიშვილი გახლდათ ბებიის უმცროსი და, ოლღა ჟვანია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მთავარი ლიტერატორი იყო აფხაზეთში და "ვეფხისტყაოსნის" აფხაზური თარგმანიც მას ეკუთვნის. თუმცა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტი აფხაზ ლიტერატორებს მიაწერეს, გასაგები მიზეზების გამო...

უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ ჩვენი ოჯახის ისტორიის დიდი ნაწილი აფხაზ თავად ლეიბებსა და ჯიკირბებს ეკუთვნის. ეს სახელოვანი გვარიშვილები გვენათესავებოდნენ. ყველაფრის მიუხედავად, მაინც იმედის ნაპერწკალი არ ქრება ჩემს თვითშეგნებაში, რომ დადგება ის სანატრელი დღე, როდესაც ჩვენ გავერთიანდებით, ჭეშმარიტი აფხაზეთელები! შეუძლებელია, რომ ეს გენოფონდი ასე უმოწყალოდ დაიკარგოს ისტორიის მოუსავლეთში. შეიძლება გამოუსწორებელი იდეალისტი ვარ, მაგრამ ასე მსურს და მწამს! იქ ხომ ჩემი წინაპრების, ჩემი გამზრდელი დეიდებისა და მშობლების საძვალეა, ჩემი ბავშვობა, უამრავი ნათელი მოგონება, ოჯახი, მეგობრები, ჩემი ევკალიპტების, მაგნოლიებისა და აკაციების სურნელი, ჩემი სოხუმური ზღვა და ყავა, რომლის გარეშე მამა, სოხუმის უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესიით ისტორიკოსი და ფოტოჟურნალისტი წუთს ვერ ძლებდა! მამა ჭეშმარიტი სოხუმელი იყო!

შემდეგ იყო დევნილობა, სიბნელე, უშუქობა, მაგრამ ბევრი ჭეშმარიტი ახალშეძენილი მეგობარი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. ეს იყო ყველაზე მძიმე და იმავდროულად ყველაზე ბედნიერი წლები. ჩვენ, სტუდენტები მაშინ, პირდაპირი გაგებით, ერთ ფუნთუშას ვიყოფდით და მართლა გვიყვარდა ერთმანეთი, გვიყვარდა გულწრფელად და ანგარების გარეშე... სად წავიდა დღეს ეს სიყვარული, თანადგომა? დღეს ხომ ასე თუ ისე, გაცილებით გაუმჯობესდა ცხოვრების დონე, მაგრამ ეტყობა, ადამიანები თავისთვის ცხოვრებას უფრო შეეჩვივნენ!
მძიმე წარსულის მიუხედავად, ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრება შედგა. მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ჩემ გარშემო ყოველთვის იყვნენ ადამიანები, ვისთვისაც ყველაზე ახლობელი და სანუკვარი ვიყავი... გამზრდელი დეიდები აგრაფინა, ვალენტინა, თალიკო და სამედიცინო ბიბლიოთეკის დამსახურებული მეცნიერ-მუშაკი, 84 წლის მარგარიტა, რომელიც შემომრჩა ჩემი დიდი ოჯახისგან. დეიდა მარგარიტას ერთხელ პირადად შეხვედრია გალაკტიონი. ამას ყოველთვის დიდი მოწიწებით იხსენებს დეიდა. სოხუმში ისვენებდა თურმე პოეზიის მეფე და ბიბლიოთეკაში შესულა. სიფრიფანა მარგარიტასთვის უკითხავს, _ გალაკტიონის რომელიმე წიგნი თუ გაქვთო? შეკითხვაში ფარულად ისმოდა, ნეტავ, თუ მიცნობს ეს ახალგზრდაო?.. დეიდას მიუწოდებია ერთ-ერთი ტომი, შესაძლოა, სულაც "არტისტული ყვავილები". გადაუკითხავს რამდენიმე ლექსი დიდ პოეტს, მერე წვერზე ხელი ჩამოუსვამს და დამშვიდობებია დეიდას, რომელმაც თითქოს ვერ იცნო გალაკტიონი...

მახსენდება, ჩვენს სახლში ჩატარებული ლიტერატურული საღამოები, გიტარასა და ფორტეპიანოზე ჟღერდა კლასიკური და ქალაქური ჰანგები. შეიძლება ვინმემ გადაჭარბებად მიიღოს ჩემი ნათქვამი, რომ მე ვარ ადამიანი-ორკესტრი. ნუ ჩამითვლიან ამ სიტყვებს ტრაბახად ან ლუი დე ფიუნესის ნაცნობი ფილმის სათაურის გადამღერებად. ისტორიკოსისა და სამართალმცოდნის პროფესიების გარდა, ძალები მოვსინჯე ვოკალში, ტელევიზიაში, სერიალებში, თეატრში, რეკლამებსა და კლიპებში, რაც სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს. განსაკუთრებულად დამამახსოვრდა პატრონის როლი ლაშა თაბუკაშვილის პიესაში "ათვინიერებენ მიმინოს".
ხშირად მახსენდება ახალ ათონში ბავშვობის დროინდელი გასეირნება. 10 წლის ვიყავი მაშინ. იდგა ზაფხულის ლამაზი დღე და მიხაროდა, რომ ჩემ გვერდით იყვნენ ჯანმრთელი, ულამაზესი მშობლები... ჯანმრთელობა ყველაზე ძვირფასი რომ იყო, ეს 1989 წლის 14 მარტს გავიგე! ეს დღე მამას დაბადების დღე იყო და ავადმყოფობის მიუხედავად, ის მაინც წამოდგა და ეცეკვა დედას... დღევანდელი დღესავით მახსოვს ეს ფაქტი. ბედნიერება იყო მათ მზერაში, აკოცეს ერთმანეთს და მაშინ მეც მივვარდი, ჩავეხუტე ორივეს. რა ვიცოდი, რომ სამ დღეში მამა ამქვეყნად აღარ იქნებოდა!
ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურობა. ყველაფერი უნდა დავაფასოთ. დღეს რაც გვაქვს, ხვალისთვის ის ბევრად უფრო ფასეული შეიძლება გახდეს. ცხოვრებაში ყველაფერი გვხვდება, ტალახიანი ქუჩა, უღრუბლო ცაც, მაგრამ ღირსეულად უნდა გაიარო მკაცრი და შავი რეალობის მიუხედავად იმ დაკლაკნილ გზაზე, ადამიანის სიცოცხლე რომ ჰქვია..."


როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პუშკინის ცნობილი ნაწარმოების ახლებური სცენური გააზრება მოზარდ მაყურებელთა თეატრში
ქუთაისელი, 44 წლის ლელა თოლორდავა გვიამბობს, იტალიაში გატარებულ 3 თვეზე და იმის შესახებაც მოგვიყვება.
ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში პირველად გათამაშდა ე.წ. ბედის ლატარია, რომელსაც "ჰოლივუდის ბილიკი" ჰქვია.
რა აღარ გა­მო­დის ხე­ლი­დან: ქარ­გავს წიგ­ნე­ბის გა­და­საკ­რა­ვებს, ხევ­სუ­რუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბით აფორ­მებს კა­ბებს, თავ­სამ­კა­უ­ლებს, სა­ყუ­რე­ებს, ყელ­სა­ბა­მებს, ქამ­რებს, ჩან­თებ­სა და ზარ­დახ­შებს.
შენ რომ გაქვს ხე­ლი ჩემ­ზე შეჩ­ვე­უ­ლი, ისე არ თქვას კაც­მა არა­ვი­ნო
ქალაქელ კოხტაპრუწა ქალებს საწებლის მომზადების წესს ასწავლიან ისე, თითქოს მხოლოდ მათთვის გაიმეტეს საიდუმლო რეცეპტი
ცხოვრების მანძილზე ბევრი სიხარული და დიდი ტკივილიც გადავიტანე
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
2 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი