"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
font-large font-small
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

1956 წელს, რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის ერთ-ერთმა პედაგოგმა, სერგეი იუდკევიჩმა ფილმი - "მაგდანას ლურჯა" კანის ფესტივალზე წაიღო. თავდაპირველად ფილმი შესვენებაზე უჩვენებიათ, რასაც ისეთი რეაქცია მოჰყოლია, რომ საღამოს ჟიურის მთელი შემადგენლობის მოთხოვნით, ჩვენება გაუმეორებიათ. ამ ფესტივალზე "მაგდანას ლურჯას" პრიზი - "საუკეთესო ფილმი გამოგონილი სიუჟეტით" - ერგო. ამ წარმატების შესახებ რეზო ჩხეიძემ და თენგიზ აბულაძემ მოგვიანებით, რადიოს საშუალებით შეიტყვეს. რაც შეეხება პრიზს - მას საქართველომდე არ ჩამოუღწევია და მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

ფილმი მთელმა საქართველომ დაიმახსოვრა და შეიყვარა, განსაკუთრებული სიყვარული და ყურადღება მაგდანას ობლებს: კატოს, მიხოსა და სოფოს როლის შემსრულებლებს ერგოთ. როგორც გვახსოვს, კატოს ნანი ჩიქვინიძე ასახიერებდა, მიხოს - როლანდ ბორაშვილი, სოფოს კი ლიანა მოისწრაფიშვილი, რომელმაც ეკრანული და-ძმისაგან განსხვავებით, თავისი პროფესია კინოს არ დაუკავშირა... ერთ დღეს, იმ მუსიკალურ სასწავლებელში, რომელშიც ქალბატონი ლიანა სწავლობდა, ორი ახალგაზრდა მამაკაცი შევიდა - თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე.
ლიანა მოისწრაფიშვილი:
- მასწავლებელმა თეორიის გაკვეთილიდან გამომაგდო - ალბათ, ვიცელქე. დერეფანში დავაბიჯებდი, როდესაც დირექტორის კაბინეტიდან გამომავალი ორი მამაკაცი გამოჩნდა. დირექტორმა ჩემს დანახვაზე წამოიძახა: აი, ეს ალქაჯი გამოგადგებათო. ბატონი რეზო და ბატონი თენგიზი გამომელაპარაკნენ, - კინოში რომ გადაგიღოთ, გინდაო? მე მშვიდად, ყოველგვარი ემოციების გარეშე ვუპასუხე: არ ვიცი, დედას შევეკითხები-მეთქი. ორი დღის შემდეგ დედამ სინჯებზე წამიყვანა. ჯერ ლექსი მათქმევინეს, მერე ის სცენა გამათამაშებინეს, სადაც მაგდანა ეუბნება სოფოს: შვილო, ლურჯას პატრონი გამოჩნდა და უნდა წაიყვანოსო. ფილმში ამ მომენტში, ცეცხლზე შემდგარ სპილენძის ქვაბში ვასხამ წყალს, სინჯებზე კი მაწონს ვჭამდი და ისე ვისმენდი ამ ამბავს. სინჯები მთელი დღე გაიწელა და შესაბამისად, მეც მთელი დღე მომიწია მაწვნის ჭამამ. შინ რომ მივედი, ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი.
- მაგრამ მაინც ითამაშეთ...
- ჰო, ამ ამბიდან 2-3 თვის შემდეგ შეგვატყობინეს, რომ სოფოს როლზე დამამტკიცეს. მიხოს როლის შემსრულებელიც სკოლაში აღმოუჩენიათ. სასწაული ბავშვი იყო. თურმე, უკანა მერხზე მჯდარა, როდესაც კლასში ბატონები - თენგიზი და რეზო შესულან. სახელი უკითხვათ და ამასაც, უპასუხია: ლორანდი მქვიაო (იღიმის). ნანი გადასაღებ მოედანზე გავიცანი - 5 წლის იყო, ტიტინა და საყვარელი. უფროსი თაობის მსახიობები, ბავშვებს თავს გვევლებოდნენ, გვეფერებოდნენ და როგორც პატარა წიწილებს, ისე დაგვფოფინებდნენ.
პირველად პავილიონში, სასა­მართლოს სცენები გადავიღეთ. მე ამ დროს მუსიკალურ შვიდწლედს ვამთავრებდი და გამოცდის მოსამზადებლად დრო არ მყოფნიდა - საბჭოთა და საქართველოს ჰიმნები უნდა დამეკრა. ამიტომ, როცა ჩემი სცენები არ იყო, პავილიონის ბოლოში მდგარ როიალთან განვმარტოვდებოდი ხოლმე. ასე გრძელდებოდა მანამ, ვიდრე ბატონმა რეზომ არ იყვირა: მომაშორეთ ეს ბავშვიო.
- ერთი პერიოდი გადაღებები შეაჩერეს, არა?
- კი, ასე იყო. თურმე, კინოსტუდიის უფროს თაობას მოსკოვში უჩივლია, - ახალგაზრდები ფილმს ვერ "აკეთებენ", ფირი კი ტყუილად იხარჯება. მოგვეცით უფლება, რომ მათზე შეფობა ავიღოთო. 6 თვე შეჩერებული იყო გადაღებები, მერე მწერალთა კავშირის წარმომადგენლები მოვიდნენ: გიორგი ლეონიძე, გალაკტიონი და სხვები. ნახეს გადა­ღებული მასალა და თქვეს, - მშვენიერი ფილმი გამოდის. აცალეთ, ამ ახალგაზრდებს, მიაყვანინეთ საქმე ბოლომდეო.GzaPress
ამის შემდეგ მთელი ჯგუფი უფ­ლისციხეში გავემგზავრეთ. სახლი, სადაც მაგდანა და მისი შვილები ცხოვრობდნენ, სწორედ იქ მდებარეობდა. სინამდვილეში, ეს თონე იყო და არა - საცხოვრებელი სახლი. გარდა მაგდანას სახლისა, კიდევ ბევრი სცენაა უფლისციხეში გადაღებული. ურთულეს სიტუაციაში გვიწევდა მუშაობა. იცით, როგორი ადგილია? ირგვლივ სულ ქვიშაა, არანაირი მცენარე არ ხარობს. გადახრუკულია ყველაფერი. გაუსაძლის სიცხეს უწყლობაც ემატებოდა, მტკვრის წყალს ვსვამდით. გადაღებისას, ამ გავარვარებულ ქვიშაზე ფეხშიშველები დავდიოდით. ჯერ მე ვიწყებდი წუწუნს: "ფეხები მეწვება, ეკლები შემერჭო..." მერე როლანდს და ნანისაც ავიყოლიებდი.
- ბავშვები ხშირად ჭირვეულობდით?
- ნანისა და როლანდთან ურთიერთობა გახლდათ ძალიან სახალისო. როლანდს სჯეროდა, რომ დიდი ბიჭი იყო და ყველაფერს გმირულად იტანდა. თუ გახსოვთ ის მომენტი, მაგდანას ქალაქში გაცილების დროს მიხო და კატო რომ ჩხუბობენ. ამ დროს მიხო თმას ქაჩავდა და კატოს უნდა ეტირა. გადაღების წინ ნანი უთანხმდებოდა: მიხო, იცოდე, მაგრად არ მომქაჩო თმაო! მაგრამ თუ ბიჭი მაგრად არ ქაჩავდა, ნანი არ ტიროდა. მაგრად მოქაჩავდა და გოგო იბუტებოდა, - აღარ მინდა გადაღებაო. ეფერებოდნენ ბატონი რეზო და ბატონი თენგიზი, ცოტაც გაუძელიო. ის კი, - სანამ ცოცხალ თევზებს არ მომიყვანთ, არ შეგირიგდებითო. მოუყვანდნენ თევზებს: ასეთი არ მინდა, მე ცოცხალი თევზები მინდოდაო.
უფროს მსახიობებს საღამოს სპექტაკლები ჰქონდათ და ღამით ამ ფილმზე მუშაობდნენ. ფაქტობრივად, დილით იძინებდნენ. ერთხელ აკაკი კვანტალიანის ცოლს შენიშვნა მიუცია შვილებისთვის, რომლებიც თამაშის დროს ხმაურობდნენ: არა გრცხვენიათ, მამათქვენი მთელი ღამე ვირზე ზის, რომ ლუკმაპური გაჭამოთ, თქვენ კი დასვენებასაც არ აცლითო.
- ფილმის გამოსვლის შემდეგ, ალბათ, ბევრი გცნობდათ ქუჩაში...
- სულ ვიძახი, სანამ ვირს არ ჩამახუტეს, ისე არავინ გამიცნო-მეთქი. ხუმრობა იქით იყოს და, არ მსიამოვნებდა, მერიდებოდა ქუჩაში რომ მცნობდნენ. დამინახავდნენ და ან სოფოს ყვიროდნენ, უფრო ხშირად კი - ლურჯას. უამრავ წერილს ვიღებდი და ვცდილობდი, ორიოდ სიტყვით ყველასთვის მეპასუხა.
პროფესიის არჩევის დრო რომ დამიდგა, კონსერვატორიისკენ გამიწია გულმა. მუსიკის სამყარო ჩემთვის ყველაზე ახლობელი იყო ყოველთვის. თან, არტისტული კი ვიყავი, მაგრამ დამოუკიდებლობა მიყვარდა. ფილმზე მუშაობამ კი მიჩვენა, რომ მთავარია, რეჟისორს მოეწონო.
- რეზო ჩხეიძის იუბილეზე, თქვენს გამოსვლას დღემდე ღიმილით იხსენებენ...
- ერთხელ ბატონმა რეზომ და­მირეკა - ფილარმონიაში ჩემს იუბი­ლეს აღნიშნავენ და უნდა მოხვიდე, ბავშვებიც (მიხო და კატო) იქნებიანო. - ოღონდ ნუ მალაპარაკებთ და რამდენსაც გინდა, დაგიკრავთ-მეთქი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. სცენაზე გასვლის წინ ვნერვიულობდი. არ ვიცოდი, რა მეთქვა. გავედი ამ დიდ სცენაზე ეს მეტრანახევრიანი ქალი, დარბაზი გადაჭედილია, პირდაპირი ტრანსლაციაა, საღამოს შევარდნაძეც ესწრება. დავიწყე: ბატონო რეზო, მადლობელი ვარ თქვენი, რომ ლამაზი ბავშვობა გამატარებინეთ, ნათელში ამყოფოს ბატონი თენგიზი. ყველაფრისთვის დიდ მადლობას გიხდით, დიდხანს იცოცხლეთ და იბედნიერეთ, მაგრამ ერთი რამ უნდა გითხრათ, იმ ფილმში სოფო ვითამაშე, რეალურ ცხოვრებაში კი სულ ლურჯას როლში ვარ-მეთქი. დარბაზი დაინგრა, - ჩვენც, ჩვენცო, - ყვიროდნენ... მართლა ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი, მაგრამ მაინც ოპტიმისტი ვარ, ვერაფერმა გამტეხა.
- ახლა რას საქმიანობთ?
- 55 წელიწადია, ფორტეპიანოს პედაგოგად ვმუშაობ. სკოლა, მუსიკალური სასწავლებელი, კონსერვატორია - დიდი შრომა გამოვიარე. 18 წელი მოვანდომე ამ პროფესიის შესწავლას, რათა მუსიკის პედაგოგის სტატუსი მომეპოვებინა. მაგრამ რა, დღეს სხვა პედაგოგებთან შედარებით, ყველაზე დაჩაგრულები ვართ. პედაგოგებადაც არ გვთვლიან, ხელოვნების მუშაკებად მოგვიხსენიებენ. თითო სამუშაო საათში 80 თეთრს გვიხდიან. აი, ამისთვის ვსწავლობდით... ახლა ერთი მოსწავლე მყავს, მეოთხეკლასელი, მეტს აღარც ავიყვან. ამას დავაყენებ გზაზე და ჩემი პედაგოგიური საქმიანობა ამით დასრულდება. ძალიან დავიღალე. უპატივცემულობამ დამღალა.
- მეუღლეზე მიამბეთ...
- მეუღლე იყო არაჩვეულებრივი პიროვნება, ნიჭიერი ადამიანი გამოთვლით ტექნიკაში, დიდი პროექტის ავტორი კარლო ჯანჯღავა. გულით გარდაიცვალა, 34 წლის ასაკში. სამძიმრის დეპეშა მივიღე რამდენიმე დიდი საბჭოთა ქალაქიდან, ტექსტით: "ჩვენ დავკარგეთ ნათელი გონება". ტოლები ვიყავით - 34 წლის დავქვრივდი. დამრჩა 2 ქალიშვილი: 5 და 10 წლის იყვნენ მაშინ. ერთი ადგილი მქონდა ამოჩემებული, სამზარეულოში, რადიატორთან და ღამით იქ ვტიროდი, დღისით კი ჩემს გოგონებთან ერთად ვმღეროდი. მერე, გაჭირვების წლები რომ დაგვიდგა: აღარც საჭმელი, აღარც სითბო, აღარც სინათლე, მე და ჩემი შვილები სამზარეულოში ვიჯექით და "ჩავუხტეთ მუხრანბატონსა" ვმღეროდით. შვილები მუსიკოსები არიან, სიძეც მუსიკოსი მყავს.
- ფილმში რომ ნახულობდნენ დედას, რა რეაქცია ჰქონდათ?
- ისხდნენ და ტიროდნენ.
- თქვენ რა რეაქცია გაქვთ ამდენი წლის შემდეგ რომ უყურებთ ამ ფილმს?
- მე თუ ვიყავი, აღარც მგონია. არ მივტირი წარსულს. ადამიანმა დღევანდელი დღით უნდა იცხოვრო. მე ხვალინდელ დღეზეც ვფიქრობ, გეგმებიც მაქვს.

ეკა სალაღაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (5)
17.09.2017
ჩემი თაობა ამ ფილმზე აღიზარდა. გაიგო რა იყო უსამართლობა სიღარიბე,სიკეთე და ა. შ. აი სოფო იყო ერდგულების, სიკეთის თავმდაბლობის და სილამაზის განსახიერება!!!
ირაკლი
10.09.2017
ჟღანჟღავა,რანაირი გვარია
ლო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი შეს­წავ­ლა მა­ინ­ტე­რე­სებს"
რით გა­აკ­ვირ­ვა ნი­კო­ლოზ ლაგ­ვი­ლა­ვამ მექ­სი­კე­ლი კო­ლე­გა
სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა კარ­გად შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს კო­ო­პე­რა­ცი­ის გზით
მე­გობ­რებ­მა მავ­თუ­ლის ღო­ბე გა­არ­ღ­ვი­ეს, შვლებს და­უ­ცაცხა­ნეს და მდი­ნა­რის სა­ნა­პი­როს­კენ გა­უშ­ვეს
"ამ ქა­ლაქ­ში პირ­ვე­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე­ე­ბი მე და ჩე­მი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბი ვი­ყა­ვით"
პირად ცხოვრებაში შეცდომები მაქვს, რადგან მეგონა, სულ ლამაზი, ახალგაზრდა, კარგ ხასიათზე მყოფი ვიქნებოდი...
ადამიანური ცოდვებით მოსარგებლე ხელისუფლება, ეკლესია და თავდახრილი საზოგადოება
მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნის ასა­გე­ბად, სა­ჭი­რო იყო პრაქ­ტი­კუ­ლად მთლი­ა­ნად და­ენ­გ­რი­ათ ძვე­ლი სტა­დი­ო­ნი
კვირის სიახლეები
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
3 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
რო­გო­რი იქ­ნე­ბა ოქ­ტომ­ბე­რი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
სულ მა­ლე შე­მოდ­გო­მის მე­ო­რე თვე, ყვე­ლა­ზე ფე­რა­დი და მდიდ­რუ­ლი ოქ­ტომ­ბე­რი შე­ვა ძა­ლა­ში.
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
1 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
14 კომენტარი
რო­გორ აშენ­და "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი?
თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნის ასა­გე­ბად, სა­ჭი­რო იყო პრაქ­ტი­კუ­ლად მთლი­ა­ნად და­ენ­გ­რი­ათ ძვე­ლი სტა­დი­ო­ნი
7 კომენტარი
"სიყვარული ყველა ეტაპზე სხვადასხვანაირი და სხვადასხვა ფერია"
დავიწყებული პირველი პაემანი და კარგად გამოყენებული ცხოვრებისეული შანსი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.