ქართველი მეომარი ფეხბურთელები და აფხაზეთის მიწაში ჩამარხული შამპანურები მამუკა კვარაცხელიას სულისშემძვრელი მოგონებები
font-large font-small
  ქართველი მეომარი ფეხბურთელები და აფხაზეთის მიწაში ჩამარხული შამპანურები მამუკა კვარაცხელიას სულისშემძვრელი მოგონებები

უეფას მედიაოფიცერი, მამუკა კვარაცხელია უკვე რამდენიმე ათეული წელია, სპორტულ ჟურნალისტიკაში აქტიურად მუშაობს და არაერთ ქართულ გამოცემასთან თანამშრომლობს. რამდენიმე დღის წინ, როცა მას დაუვიწყარი ამბების გახსენება ვთხოვე, მიპასუხა: ყველამ იცის, რომ ძირითადად, ფეხბურთზე ვწერ და სპორტის პრობლემებს ვაშუქებ. შემიძლია, არაერთი საინტერესო ამბავი გავიხსენო ამ სფეროზე, მაგრამ მოდი, არასაფეხბურთო მოგონებებს შემოგთავაზებო: აფხაზეთში ომის დროს, მამუკა სოხუმში იყო და იქ დატრიალებული მოვლენების ეპიცენტრში გახლდათ.

"ზაზა ბენდელიანი ტამიშთან, დანაღმულ ველზე პირველი გაიჭრა"

- ომით რომ ვერას გახდნენ (რუსებმა და აფხაზებმა 1993 წლის მარტსა და ივნისში გამანადგურებელი მარცხი იწვნიეს), ჭკუა იხმარეს და შევარდნაძე ვინ იცის, მერამდენედ მოატყუეს, - შევრიგდეთ და ჯარი დავაშორიშოროთო! ერთი სული ჰქონდათ, ქართული არტილერია როდის მოსცილდებოდა სოხუმის ფრონტს, რადგან ჩვენები ტყვიას ტყვიაში სვამდნენ და მტერს ისეთი ზიანი მიაყენეს, რომ გვამების გატანას ვეღარ აუდიოდნენ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ზაზა ბენდელიანი ტამიშთან, დანაღმულ ველზე პირველი გაიჭრა და აფეთქდა, რითიც მთელი რაზმი გადაარჩინა... ზაზამ ბოლო მატჩი ჩემს გუნდში ითამაშა. თამაშიდან რამდენიმე დღეში, მას გაგრელი ნათესავი ესტუმრა, - წამო, დუბაიში კოსტიუმების ბიზნესი დავიწყოთო... სახლიდან გააგდო: გაგრელი კაცი დუბაიში როგორ მიდიხარ, ქვეყანაა დასაცავიო და ფრონტის წინა ხაზზე წავიდა, ქართლოს ჭუმბურიძესთან ერთად...

"პორტუგალიურ ენაზე დაბეჭდილი ბიბლია"

- დაიწყეს ჩვენებმა არტილერიისა და ტანკების ფოთში გაყვანა, აფხაზებმა კი ტექნიკის სოფლებში დამალვა (ეს ჩემი თვალით ვნახე). ჩვენ, ქართული გულარხეინობით, სწავლა დავიწყეთ სოხუმში და ეროვნული ჩემპიონატიც განახლდა. სოხუმის "ცხუმი" ერთ-ერთ სამხედრო სასტუმროში დაბინავდა და გალის "მზიურს" ეთამაშა კიდეც გალში. სოხუმელთაგან გოლი მამუკა რუსიამ გაიტანა, რომელიც პარალელურად, სოხუმის დამცველთა ბატალიონში იყო. "ცხუმის" ვიცე-პრეზიდენტმა, ნოდარ კაკულიამ გუნდის მწვრთნელ ნიკა ამირეჯიბთან ერთად მომაწყო სასტუმროში, საიდანაც აფხაზთა სოფლები ხელისგულივით ჩანდა. ყოველი დაძინების წინ, ბატონი ნიკა ერთ პატარა წიგნს, პორტუგალიურ ენაზე დაბეჭდილ ბიბლიას ამოიღებდა, ხელს გადაუსვამდა და საწოლთან დებდა. ერთხელ მითხრა: 1985 წელს, ბრაზილიის ნაკრები რომ იყო ჩამოსული, იმათმა ნახევარმცველმა, სილასმა მაჩუქა და თვალისჩინივით ვუფრთხილდებიო.
"დინამოს" განმეორებითი მატჩი "ლინფილდთან" ერთად ვნახეთ ჩვენს ოთახში და რაკიღა "დინამომ" ფრედ 1:1 ითამაშა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, გახარებულებმა, თითო ჭიქა შევსვით და მერე მე ეზოში გამოვედი.
არ დამიჯერებთ და, მთელი სოხუმი განათებული იყო! აფხაზთა პოზიციებს გადავხედე - ყველა სახლში ბჟუტავდა სინათლე ანუ აფხაზებიც უყურებდნენ "დინამოს" განმეორებით მატჩს!..
ერთ საღამოს რუსებმა და აფხაზებმა შეტევა დაიწყეს. ერთ-ერთი პირველი ბომბი ჩემი და ბატონი ნიკას ოთახს მოხვდა. ნიკა ამირეჯიბი ვარჯიშზე იყო და გადარჩა, სილასის ბიბლია კი ოთახში დარჩა...

ბოცებში ჩატენილი და მარანში ჩამარხული ფეხბურთელების ფორმები

- ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ვითომდა ჰუმანიტარული მისიით, აფხაზები ტანკებითა და ბეტეერებით რომ მიდიოდნენ ტყვარჩელში. როცა ვიკითხე, მითხრეს, - ფქვილი და ბრინჯი მიაქვთო! - კი, მაგრამ ფქვილსა და ბრინჯს ჩვეულებრივი მანქანებით ვერ აიტანენ-მეთქი? - რა ვქნათ, თბილისიდან მოდის ბრძანება, რომ გავუშვათო! მახსოვს, ერთი მაიორი აქტიურობდა ძალიან, არ ეპუებოდა თბილისიდან მოსულ ბრძანებას, არ უშვებდა ტექნიკას, იარაღით ემუქრებოდა მტერს - ის მურად ანჯაფარიძე იყო, ახლანდელი აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.
ოჩამჩირეში მოვინახულე ვიტალი დარასელიას სტადიონი. ზედ მინდვრის ცენტრში იმხელა საავიაციო ბომბი ჩამოეგდოთ, ოჩამჩირის "ამირანის" პრეზიდენტს, ენვერ თოლორდავას 40 მანქანა მიწის შეტანა დასჭირდა, რათა ღრმული ამოევსო. იქაურობა ჭურვის ნამსხვრევებით იყო სავსე. ერთი დიდი ნამსხვრევი ჩავაგდე ჩანთაში და ახლაც სახლში მაქვს, - ოჩამჩირეში რომ შევალთ, მუზეუმს ვუსახსოვრებ... ენვერ თოლორდავამ კი ზედ მინდვრის ცენტრში, ერთი ყუთი შამპანური ჩამარხა: საქართველოს ჩემპიონატი რომ განახლდება, მაშინ ამოვიღებთ და დავლევთო...
გაგრაში ლამის, ეროვნული გმირი იყო იგორ კვარაცხელია - გუნდის კაპიტანი და შემდგომში პრეზიდენტიც. გაგრის "დინამოს" ქართული სახელი - "სიხარული-90" დაარქვა და ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი 1990 წელს, დიდი ხიფათის ქვეშ ჩაატარა ყვარლის "დურუჯთან". აფხაზები აუჯანყდნენ და ლამის ჩაიშალა მატჩი. როდესაც სტადიონზე ვეწვიე, საუნაში დამპატიჟა... უეცრად, ძრავის ხმა გაისმა - გამოვვარდი საუნიდან და დავინახე სტადიონის დირექტორი, სერგო პრავოვი ბალახს კრეჭდა. მივეხმარე და ნახევარი მინდორი "გადავპარსე" (ზუსტად ის მინდორი, სადაც ორიოდ კვირაში არაკაცებმა ქართველები დახვრიტეს, მათ შორის, თბილისის "დინამოს" ყოფილი კალათბურთელი იური ძიძიგური და მათი მოჭრილი თავებით ფეხბურთი ითამაშეს).
მერე იგორ კვარაცხელიას ცნობილ ბიზნესმენ სერგო აბაშიძესთან მივყევი, რათა "სიხარულისთვის" ფორმები შეგვეძინა. ბატონმა სერგომ თეთრი სპორტული კომპლექტი უყიდა გუნდს, მაგრამ ომი დაიწყო და იგორმა ღვინის ბოცებში ჩატენილი ფორმები სახლში, მარანში ჩამარხა, - დავბრუნდებით და ამოვიღებთო... არაკაცებმა იგორის მოხუცი მშობლები აწამეს, დახვრიტეს და სახლს ცეცხლი წაუკიდეს...

ბოლო შეხვედრა გურამ გაბისკირიასთან

- ვაჟკაცურად იბრძოდნენ ქართველი მსაჯები: ავთო სამხარაძე ტანკისტი გახდა და ორ ბიჭთან ერთად, რომლებიც სოფელ "შრომადან" იყვნენ, რუსული "ტ-55"-ით იცავდა სოხუმს. როდესაც ტექნიკის გაყვანა დაიწყო, სამხარაძე არ ენდო აფხაზებს და ღურზულში, ორმოში დამალა ტანკი, ხის ტოტები, თივა დააყარა...
ისევე, როგორც თბილისის "დინამოში", აქაც შეტევის პირველ ხაზზე იბრძოდა გრიგოლ ცაავა. აფხაზებს უნდოდათ მისი ხელში ჩაგდება და რაციით ხშირად გადასცემდნენ, - ცაავა ამა და ამ კვადრატში იმყოფება და ავიყვანოთო...
ხშირად ვხვდებოდი სოხუმის მერსა და "ცხუმის" პრეზიდენტს, გურამ გაბისკირიას, რომელიც სტადიონს აკეთებდა, - ბასა ღოღობერიძის სახელი უნდა დავარქვაო. სულ ფეხით დაიარებოდა სოხუმში. თბილისის მერიას სთხოვდა, სწავლა დაიწყოს სკოლებსა და სოხუმის უნივერსიტეტში და იქნებ, დედაქალაქიდან რამდენიმე ძველი ტროლეიბუსიც მოგვაშველოთო... ერთ-ერთი თამაშის შემდეგ, მე, ავთო კოკაია და მსაჯები გურამმა სახლში წაგვიყვანა. პურმარილი გაშალა და თავის ბიჭს უთხრა: მამიკო, აბა, ერთი თბილისური დაუკარი, აქ მცხოვრები ქართველები რუსებად რომ მივაჩნივართ დედაქალაქშიო... ლადიკო პიანინოს მიუჯდა და უკვდავი "თბილისო" ისე იმღერა, ცრემლი მოგვადგა თვალზე... 16 სექტემბერს თბილისში წამოვედი და გაბისკირიას დავპირდი, მერიას აუცილებლად მივაწვდი ხმას, ტროლეიბუსების საკითხზე-მეთქი. ბატონმა გურამმა თავის მძღოლს სთხოვა, აეროპორტში გაიყვანეო. სურათი გადავუღე კაბინეტში...
გურამ გაბისკირიაც ბოლომდე იბრძოდა ჟიული შარტავასთან ერთად. ტყვედ ჩავარდნის შემდეგ დაქირავებულმა არაკაცმა სოხუმის ცენტრში კონდახი ჩაარტყა სახეში, დაიჩოქეო... - "ნიკაგდა ვ ჟიზნე!" - ბოღმით მიანათა თვალები გაბისკირიამ და ორიოდ საათში დახვრიტეს...
ძალიან განვიცადე სოხუმის დაცემა. როდის-როდის გამახსენდა ჩემი ფოტოაპარატი, გავამჟღავნე ფირი და ელდა მეცა, გურამ გაბისკირია სულ ბოლო, 36-ე კადრზე მოხვდა, ნახევარი სახე თეთრი ჰქონდა, ნახევარი - შავი...

მებრძოლი სპორტსმენები და გადარჩენილი მასწავლებელი

- იურა ხაბურზანია პირველივე ბრძოლაში დაიღუპა - დედის გამოსახსნელად უნდა ჩასულიყო აჩადარაში და სანგრიდან გამოვიდა თუ არა, მტრის ტყვია მოხვდა. მამუკა რუსია ბოლომდე იბრძოდა, სულ რამდენიმე კაცი გადარჩა მისი ბატალიონიდან. ახლა თბილისშია და "გაგრის" დუბლშემადგენლობას ავარჯიშებს. მურად ანჯაფარიძე ახლა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. ირაკლი ქოიავა ქუჩაში დაცხრილეს, კაკული პაპავას კი სახლში შეუცვივდნენ, ავტომატი გადაატარეს და მეორე დღეს, როცა ჭრილობებს ვეღარ იხვევდა და სისხლისგან იცლებოდა, მისი გაზრდილი აფხაზი ფეხბურთელი, რაფიელ ამპარი დაადგა თავზე: ეს რა მოგსვლია, კაკული მასწ., ჩვენი ცოდვა მიეცეს, ვინც ეს ომი დაიწყოო... ჭრილობები შეუხვევია, ზურგზე აუკიდებია ამხელა კაცი და სამშვიდობოს გაუყვანია...
მტრის პირველი შეტევა იყო და ავთო სამხარაძე 16 სექტემბერსვე ავიდა ღურზულში, ტანკი ორმოდან გამოიყვანა და მტრის მოგერიებას შეუდგა. 18 სექტემბერს რუსმა ნაღმის მტყორცნელებმა აღმოაჩინეს და ჯერ ზუსტად მუხლუხაზე დაასვეს ტანკსაწინააღმდეგო ერთი ნაღმი და მეორე - საწვავ ავზთან, უკანა მხარეს. ავთომ კონტუზია მიიღო და თავის ორ მეგობართან ერთად, ცეცხლმოკიდებული ტანკიდან ბორჯომის მხედრიონმა ძლივს ამოიყვანა. ვერც ჰოსპიტალში გაძლო დიდხანს, რამდენიმე დღეში გამოვიდა და ბოლო დღემდე, ახლა უკვე ავტომატით, 27 სექტემბრამდე იცავდა სოხუმს, მერე სვანეთით წამოვიდა და ძლივს გადარჩა...
გრიგოლ ცაავა ფრონტის ხაზზე გაცივდა, დაავადდა და საავადმყოფოში მოხვდა. ინფექციურში წამლები რომ ავუტანე, მითხრა, მალე წამოვდგები ფეხზე და სოხუმში ერთად წავიდეთო. მადლობა ღმერთს, გადარჩა...

"მე საქართველოში აღარავის ვჭირდებიო"

- მახსოვს, სოხუმის "ცხუმის" ერთ-ერთი ფეხბურთელი, გვარად კოხია ბიძაშვილს ეძებდა, რომელიც აფხაზებს გაგრაში ტყვედ აეყვანათ. გუმისთის ხიდთან გავყევი. სამი ქართველი მებრძოლი იცავდა ამ ხიდს, მათ შორის ერთ-ერთი, ვახო სვანიძე აფხაზებს დაუკავშირდა და კოხიას ბიძაშვილზე ამბის მოძიებას შეუდგა. გულმა არ მომითმინა და ვახოს ვუთხარი: სთხოვე აფხაზებს, ჟურნალისტს მომცენ მათთან დალაპარაკების უფლება-მეთქი. აფხაზებმა, - გადმოვიდეს, ოღონდ იარაღი მანდ დატოვეთო. მოვიკრიბე გამბედაობა და სანგრიდან ამოვედი. ვახო უკან გამომყვა. გადავედით ხიდზე და 7 კბილებამდე შეიარაღებულ აფხაზ მეომართან პირისპირ აღმოვჩნდით! ორი საათი ვესაუბრე მათ და ერთადერთხელ შეიგინეს, - შევარდნაძის ასე და ისეო... შევარდნაძის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ მაშინ ეს გინება ჩემს თავზე ავიღე და არძინბას არავინ დავუტოვე შეუგინებელი! მეგონა, იარაღს იშიშვლებდნენ, მაგრამ კარგა ხნის პაუზის შემდეგ თქვეს, ვაჟკაცი ყოფილხარო და ერთად ვაგინეთ ომის წამომწყებ ხალხს. ფოტოაპარატი მოვიმარჯვე. ერთი ფოტო 17 წლის ბიჭთან, გაგრელ სომეხ არტურთან გადავიღე, მერე დავემშვიდობეთ. შუა ხიდამდე მივედით და არტურმა მომაძახა: კი, მაგრამ სურათს როგორ გამომიგზავნიო? შიში ვიგრძენი. ერთი არასწორი პასუხი და შესაძლოა, ვიღაცას სასხლეტისთვის გამოეკრა ხელი. ნაბიჯს ავუჩქარე, თან კბილებით ვიკავებ სიტყვებს. ბოლოს, რაც ძალი და ღონე მქონდა, დავიღრიალე, ოღონდ ნაბიჯი არ შემინელებია: გაგრაში ბიძა მყავს და იმას გამოვატან-მეთქი! - მერე სანგარში ჩავხტით. პაუზის შემდეგ, არტურმა მომაძახა: "ა გაგრე დაჟე ი ნე დუმაი!"
მოგვიანებით, როცა აფხაზებმა მოღალატურად დაარღვიეს ხელშეკრულება, ვახო სვანიძე ტყვედ ჩაიგდეს. სასიკვდილოდ გამზადებული, პაატა ზაქარეიშვილის დიდი მეცადინეობით დაიხსნეს. უბინაოს და ნათხოვარ ტანსაცმელში გამოწყობილს, თბილისში შევხვდი, შინ წავიყვანე და დარჩენა შევთავაზე, მაგრამ იუარა: მე საქართველოში აღარავის ვჭირდები და რუსეთში უნდა წავიდეო. მისი კვალიც დავკარგე...

პაჭკორიებთან თუ კვარაცხელიებთან?

- იმ პერიოდში თენგიზ პაჭკორიამ, ახლა რომ სოხუმის მაისურით დადის მთელ მსოფლიოში, სახლში მიმიპატიჟა. არადა, გულრიფშში მელოდა ჩემი მოგვარე, პოლკოვნიკი შოთა კვარაცხელია. თენგოს ვუთხარი, - გულრიფშში ჩავალ, მოვინახულებ მეომრებს და ხვალ გესტუმრები-მეთქი. თენგიზის მამა, ცხონებული ბოჩია პაჭკორია დიდებული ადამიანი იყო, ფეხბურთის ფანატიკოსი და 1964 წელს, ტაშკენტში თბილისელებს ჩააკითხა "ოქროს" მატჩისას და ტრიბუნებიდან ქომაგობდა "დინამოს". იმდენად კეთილი კაცი იყო, ვიღაც უზბეკი გაუცნია და როცა ტაშკენტი მიწისძვრამ დაანგრია, იმ უზბეკს ფულს უგზავნიდა ოჯახის სარჩენად! აი, ასეთი დიდებული ადამიანი შლიდა სუფრას ჩემს პატივსაცემად და ერთი სული მქონდა, შოთა კვარაცხელიას როდის ვნახავდი, რომ მერე პაჭკორიებისას მივსულიყავი.
პოლკოვნიკის მოსაცდელში ბევრი ადამიანი ირეოდა. მოდიოდა და მოდიოდა შეიარაღებული ქართველობა. ჩურჩულით ამბობდნენ, დღეს დესანტი უნდა გადმოსხანო. ბოლოს, ბატონმა შოთამ მოიცალა, ჩამეხუტა და მითხრა: რაზმში 4 კვარაცხელია მყავს, წამოდი, გაგაცნობო!
კვარაცხელიების კვარტეტი მომავალი ბრძოლებისთვის იარაღს ამზადებდა. დავადექით თავზე. გაიხარეს და მითხრეს, ერთი ზედმეტი ავტომატი გვაქვს და შენზე უკეთესს ვის ვაჩუქებთო! საღამომ მოაწია და წასვლა დავაპირე სოხუმში. პოლკოვნიკმა სთხოვა კვარაცხელიებს, - ეს კაცი მშვიდობიანად გაუშვით აქედანო, მერე ვიღაცას დაურეკა, პირადად ჩაიყვან სოხუმშიო. მივდივართ პლაჟზე და ფეხები უკან მრჩება. როგორია, შენი სისხლი და ხორცი ამაღამ დესანტის გადმოსხმას ელოდება, ავტომატს გჩუქნიან, შენ კი სოხუმში საქეიფოდ მიდიხარ...
ამ დროს ვიღაცა გამოჩნდა და ბიჭებს მეგრულად ჩასჩურჩულა, დესანტი შევნიშნეთ და ამაღამ საბრძოლველად მოემზადეთო.
- აღარ მივდივარ! - ვთქვი გადაჭრით.
შევატყვე, გაუხარდათ ბიჭებს და უკან მოვტრიალდით. დიდი არაფერი, პატარა შეტევა მოიგერია ჩვენმა რაზმმა და მეორე დილას ამაყად დავდიოდი კვარაცხელიებში.
პაჭკორიების ოჯახი დიდხანს მელოდა, ბატონი ბოჩია იმაზე ნერვიულობდა, სტუმარს ხომ არაფერი შეემთხვაო? ვეღარ მივედი მათთან, მერე კი რუსეთის არმიის მაიორმა კოვალენკომ თვითმფრინავიდან უზარმაზარი მუხტის იარაღით დაბომბა თენგიზის სახლი, რომელიც ნანგრევებად იქცა. ჭურვს ბატონი ბოჩია შეეწირა, თენგიზი და მისი დედა ნანგრევებიდან მეზობლებმა ამოიყვანეს და ძლივს გადაარჩინეს...
შოთა კვარაცხელიამ ბოლომდე იომა, ძლივს გადაურჩა ტყვეობასა და სიკვდილს, მერე კი, როგორც ბევრი პატრიოტი ქართველი, ჯარს მოაცილეს, საქმეები შეუთითხნეს და გასაქცევად გაუხადეს საქმე. ახლა რუსეთში ცხოვრობს, დანარჩენი კვარაცხელიებისა კი ვეღარაფერი გავიგე...

გიორგი გაჩეჩილაძე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
13.05.2017
მამუკა ამ ნაწერს თუ წაიკითხავ და თუ გახსოვს იმ კვარაცხელიების სახელები მაინც დამირეკე ამ ნომერზე მეც კვარაცხელია ვარ და ვიბრძოდი ოჩამჩირის 241 ბატალიონის შემადგენლობაში ყოფილი(7 ბატალიონი) ასეულის მეთარად და სოხუმელ მებრძოლ კვარაცხელიებს ბევრს ვიცნობ და იქნებ რომელიმე შენს მიერ დასახელებული აღმოჩნდეს ჩემი ნომერია 555594167
მურთაზ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გადმომსვენებლებს ვთხოვე, დაჭრილ მეომარს შეხვედროდნენ

"იმხელა გადასახადი მოვიდა, კარგა ხანს ვიხდიდით"

საინტერესო, რომანტიკული, ხალისიანი (სევდიანიც) საზაფხულო ამბები

"თურ­ქეთ­ში მწყრი­სა და მწყრის კვერ­ცხის ფა­სი ჩვენ­თან შე­და­რე­ბით, 7-ჯერ მა­ღა­ლი­ა"

"ედიშერ მაღალაშვილმა მოსდო მთელ თეატრს, კოტე თამარს ხელით დაატარებსო..."

"გახ­დი ბეს­ტ­სე­ლე­რის ავ­ტო­რი"-ის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­კის" მეშ­ვე­ო­ბით შე­ვიტყ­ვე"


რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი წლის მან­ძილ­ზე მი­ნე­რა­ლე­ბის კრის­ტა­ლებ­ში დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ენერ­გია დაგ­როვ­და.
"სხვაგან ამდენ ხანს არსად გაგრძელებულა აპლოდისმენტები და ოვაცია"


კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

2 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


1 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

3 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

4 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.