რა დაუტოვა ანდერძად ინოლა გურგულიამ ოჯახს
font-large font-small
რა დაუტოვა ანდერძად ინოლა გურგულიამ ოჯახს

ია შუღლიაშვილის საერთაშორისო წარმატება და ოჯახური ამბები


საუბარი მილოცვით დავიწყეთ... მარ­თლაც, ძალიან გასახარი და მნიშვნელოვანია ქართული ფილმის კიდევ ერთი წარმატება. "ჩემი ბედნიერი ოჯახი" - ასე ჰქვია რეჟისორების: ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმს, რომელიც ტრანსილვანიის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმად აღიარეს და ფესტივალის მთავარი პრიზი - "ტრანსილვანიის თასი" გადასცეს, ხოლო "ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის", ასევე - მთავარი პრიზი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, ია შუღლიაშვილს ერგო, რომელსაც ფილმში პარტნიორობას ავსტრიაში მოღვაწე, ბევრისთვის საყვარელი მსახიობი - მერაბ ნინიძე უწევს.


- ფილმი, რომელმაც დიდი ბედნიერება მოგვანიჭა, საქართველოში ჯერ არ უჩვენებიათ და შესაბამისად, არც მისი შინაარსი ვიცი, სათაური კი ისეთი აქვს - "ჩემი ბედნიერი ოჯახი" და თვალწინ, უპირველესად, შენი ბედნიერი, სიყვარულით სავსე ოჯახი დამიდგა. რეალურად, რა სიუჟეტი აქვს ფილმს?
- ეს არის ფილმი ოჯახზე, სადაც სამი თაობა ცხოვრობს და მათ შორის ჭიდილიცაა, გაუგებრობებიც, კამათიც, ჩხუბიც, მაგრამ ყველაფერი მაინც ურთიერთსიყვარულს ეფუძნება. ამიტომაც ჰქვია "ჩემი ბედნიერი ოჯახი". ფილმის მთავარი გმირი - მანანა მხეიძე, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელსაც თავისი საქმე ძალიან უყვარს, საინტერესო ნაშრომებსაც წერს და საკმაოდ განვითარებული ქალია, რომელიც ამ დიდ, ხმაურიან ოჯახში თავის კუთხეს, ადგილს ვერ პოულობს... შეიძლება, ეს ადამიანი ქართველი ქალის სტერეოტიპს სცილდება, მაგრამ საკუთარი საქმე მშვიდად და ხარისხიანად რომ აკეთოს, თავის თავზეც იზრუნოს და ცხოვრებაც მოიწყოს, ამის უფლება ნამდვილად აქვს.GzaPress

- ტრანსილვანიის ფესტივალს თავადაც დაესწარი?

- სამწუხაროდ - არა, რადგან თეატრის გასტროლს ვერ გამოვტოვებდი. ზოგადად, ფილმის მონაწილეობით სამ კინოფესტივალს დავესწარი, მაგრამ იქ სამსახიობო ნომინაციები არ ჰქონდათ... წინ კიდევ ბევრი ფესტივალი გველის. ივლისში ოდესის კინოფესტივალზე მივდივართ, ხოლო 18 ივლისიდან, თუ არ ვცდები, 28 ივლისამდე ავსტრალიაში, სიდნეის ფესტივალზეც მიიღებს ფილმი მონაწილეობას და ვნახოთ, რა შედეგს მოგვიტანს იქაური ჩვენება. ეგაა, ბევრ ფესტივალზე სამსახიობო ნომინაციები არ აქვთ.

- მაშინ "ოსკარს" დაველოდოთ - ეგებ, იქაც მოხვდეს და... მანამდე კი "ინოლას გოგოდ" წოდებულ ია შუღლიაშვილზე მინდა, ვისაუბროთ, რომელიც გარეგნობითაც, ხმის ტემბრითაც ძალიან ჰგავს დედას - ულამაზესი სიმღერების ავტორსა და ტკბილხმიან მომღერალ ინოლა გურგულიას. მახსოვს, ერთხელ მითხარი: მსახიობობა ჩემი საქმეა, სიმღერა კი - გულის ნაწილიო.

- ჩემი ძმა, დათო შუღლიაშვილიც არაჩვეულებრივად მღერის, გალობს. მამაც მუსიკოსი მყავდა - კომპოზიტორი მიხეილ შუღლიაშვილი. ამიტომ, კლასიკა, ჯაზი - ყველაფერი ისმოდა ჩემს ოჯახში. ინოლა საბავშვო სიმღერებს რომ წერდა, პირველად ჩვენ გვამღერებდა. გენეტიკურად გამოგვყვა სიმღერის ნიჭი, მაგრამ სმენას განვითარებაც სჭირდება და არც ეს დაგვკლებია.
სხვათა შორის, სწორედ ინოლას სიმღერების შესრულებისას ჰგავს ჩემი ხმა მისას, თითქოს სიმღერისას მისი ინტონაცია, ხმა ჩამესმის და მეც ინოლასეული ბგერა ამომდის. სხვა შემთხვევაში კი, ძირითადად, მაინც ჩემსას ვმღერი. გარეგნობითაც ვგავარ დედას და მსმენელ-მაყურებელსაც თითქოს სურს, ინოლად დამინახოს. არ სურთ გააცნობიერონ, რომ მეტი ინოლა აღარ იქნება. მან ანდერძად დაგვიტოვა, ჩემი სიმღერები იმღერეთ, მუდამ რომ ვიცოცხლოო და ამიტომაცაა, სადაც კი მთხოვენ, ყველგან დედის სიმღერებს ვმღერი.GzaPress

- როგორ იქმნებოდა ინოლას სიმღერები, გახსოვს?

- საგანგებოდ არასდროს წერდა. შეიძლებოდა, ქუჩიდან "გამოჰყოლოდა" რაღაც მელოდია და შინ შემოსვლისთანავე როიალზე აეწყო ან სამზარეულოში, კერძის კეთება მიეტოვებინა, როიალს მისჯდომოდა, ჩვენთვისაც მოეხმო სამღერად და ასე შეექმნა მელოდიაცა და ტექსტიც... მუზაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ჰყავდა. პირველ მეუღლესთან, ანზორ სალუქვაძესთან ცხოვრებისას დაწერილი სიმღერები სწორედ ანზორს ეძღვნებოდა.
საბავშვო სიმღერები, რა თქმა უნდა, შვილების გავლენით დაიწერა. მაგალითად, დათოს დაბადებას საგანგებოდ მიუძღვნა "ნანა" - "პატარა ბიჭო, გენაცვალოს დედა..." მისი სიმღერების უმეტესობას სევდა დაჰყვება, თუმცა ცხოვრებაში საკმაოდ ხალისიანი იყო. 10 წლის ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა, მაგრამ ბევრი რამ მახსოვს. ხალისიანი იყო, "ხულიგანიც" კი: გადმოცემით ვიცი, რომ სკოლაში ხშირად ჩოხითა და ფაფახით დადიოდა... შეეძლო, ქუჩაში უცებ ხელი გაეშალა და ეცეკვა ან სამარშრუტო ტაქსიში ეთხოვა ჩემთვის და დათოსთვის, ვიმღეროთო. არაჩვეულებრივად თამადობდა, თურმე. დედის გარდაცვალების შემდეგ "ინოლას სამყარო" ჩემთვის მამუკა იყო, განსაკუთრებულად პოეტური ჩემი უფროსი ძმა დედის პირველი ქორწინებიდან. სიმართლე გითხრა, დედის გარდაცვალება ისე მძიმედ ვერ აღვიქვი, რადგან მაინც პატარა ვიყავი, როგორც მოგვიანებით - მამუკას დაკარგვა. მამუკა ძმაც იყო და მეგობარიც, რომელიც სულიერ საზრდოს მაწვდიდა. ის რომ გარდაიცვალა, მეგონა, მეორედ მომიკვდა ინოლა...

- დათოზე რას იტყვი?

- დათოს თითქოს, ინოლას სიკეთე აქვს მოჭარბებულად, მე უფრო მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, - ვერ გეტყვი, ეს პოზაა, კომპლექსი თუ რა. არადა, სინამდვილეში, მეც საკმაოდ ვგავარ ინოლას... თუნდაც, ბედისწერით. ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში ბევრი დამთხვევაა: მეც დამენგრა პირველი ოჯახი და მასაც: დედა პირველად 21 წლისა გათხოვდა და მეც; 38 წლისამ გამაჩინა მეორე მეუღლისგან, მეც უმცროსი ვაჟი - ანდრია ამ ასაკში გავაჩინე მეორე მეუღლისგან... დედის გარდაცვალებამ დაღი დამასვა - სწორედ ამან გამოიწვია ჩემი კომპლექსები. ინოლას სილაღე მომაკლდა. ძალიან თბილი და მოსიყვარულე მამა მყავდა, მაგრამ კონსერვატორიც იყო. ცეკვა-სიმღერისთვის ჩვენი მოცდენა დროის კარგვად მიაჩნდა. ჩემგან მეტ სერიოზულობასა და გულმოდგინე სწავლას ითხოვდა, ამიტომაც დავკომპლექსდი და მამასთან არც ვმღეროდი. მეგონა, ჩემი სიმღერა არ მოეწონებოდა. პირველად, 15-16 წლის ვიყავი, მეზობლის დაბადების დღეზე შემთხვევით შემოსწრებულმა რომ მომისმინა და გაოცდა. მერე ერთადაც ხშირად ვმღეროდით. რამდენჯერ ინოლას "ფიფქების" სიმღერა უთხოვია - გამორჩეულად ეს უყვარდა. მისმენდა და ფიქრებში იძირებოდა. იმ დროს ალბათ, დედასთან "მიდიოდა"...GzaPress

- ია, პირველ მეუღლეს მალე გასცილდი?

- ჩემი პირველი მეუღლე რეჟისორი გოგა თავაძე იყო, ოღონდ - არა მერაბ თავაძის ვაჟი. 4 წელიწადს ვიყავით ერთად, მერე კი უფროს ვაჟს - დათოს მარტო ვზრდიდი. კარგა ხნის შემდეგ მეორედ დავქორწინდი, ამჯერად, კომპოზიტორ და არანჟირების შემსრულებელ თემურ მაისაშვილზე.

- კვლავ დამთხვევაა, არა? - ინოლას მეორე მეუღლე ანუ მამაშენიც კომპოზიტორი იყო. ვიცი, თემურს დიდი ხნის განმავლობაში უყვარდი, მისი საოცნებო ქალი იყავი.

- ძალიან დიდხანს მელოდა - 10 წელიწადს ვმეგობრობდით. გოგასთან დაშორების შემდეგ გათხოვებაზე აღარც ვფიქრობდი. მარტოც მშვენივრად ვუძღვებოდი ჩემს პატარა ოჯახს და აუცილებლად არ მიმაჩნდა, გვერდით ვინმე მყოლოდა. საკმაოდ ძლიერი, უშიშარი და ამტანი ვიყავი, ამასთანავე, მყავდნენ ძმები: მამუკა, დათო და მერე - დიტოც (მამის მეორე ქორწინებიდან 15 წლით უმცროსი ძმა, ფაქტობრივად, შვილივით გავზარდე). თემურს დიდ პატივს ვცემდი, საუკეთესო მეგობარი იყო, ერთგული და მოსიყვარულე, მაგრამ დაოჯახება არ მინდოდა. მერე კი... ბევრი ცუდი ამბავი მიეწყო: მამა გარდაიცვალა, მერე - მამუკა, მერე - ჩემი დედობილი, მამას მეორე მეუღლე, ბევრი ტრავმა მივიღე, ცუდი აზრები მომეძალა და მეშინოდა, მეც ინოლასავით რაიმე დაავადება არ შემყროდა. უარყოფითმა ემოციებმა გამტეხა. ნელ-ნელა ვიგრძენი თემურთან ერთად ყოფნის სურვილიც და აუცილებლობაც. ჩვენმა ქორწინებამ სრულიად შემიცვალა ცხოვრება: თემომ და პატარა ანდრიამ ყველა ცუდი აზრი გამიქარწყლეს. მეც თითქოს თავიდან დავიბადე. ახლა დედასთან მსგავსება დაბრკოლება და ტკივილი აღარ არის, უკვე სხვაგვარად ვცხოვრობ და იმ მსგავსებაშიც მხოლოდ დადებითს ვხედავ. წარსულის მძიმე დღეების გახსენება არ მიყვარს, თითქოს ბარიერი აღვმართე. ბედნიერი ოჯახი მაქვს, ნამდვილად - ბედნიერი: მეც, თემოც და ჩემი ვაჟებიც - დათო თავისი ოჯახით და ანდრია - ოჯახურ იდილიაში ვცხოვრობთ...

- საუბრისას ინოლას ანდერძი ახსენე. რა გიანდერძათ დედამ?

- ყველას მადლობას გვიხდის და მერე, ცალ-ცალკე გვწერს: მამას ცოლის შერთვაზე მიანიშნებს, ჩვენი აღზრდა რომ შეუმსუბუქდეს; მამუკას თავისი სულისა და კალმის გამგრძელებელს უწოდებს; მე და დათოს კი "გვეუბნება", რომ უჩინმაჩინის ქუდი ახურავს და სულ ჩვენთან არის, ჩვენ კი მუდამ უნდა ვიმღეროთ მისი სიმღერები, რომ ინოლამ იცოცხლოს... დღემდე, უცრემლოდ ვერ ვკითხულობ ამ ანდერძს... ვფიქრობ, იმიტომ შემხვდა ამდენი ტკივილი, რომ მერე ბედნიერებაც შემეგრძნო. საკუთარი თავი უნდა განაწყო და მიხვდე, რომ ამქვეყნად ყველაფერი კანონზომიერად ხდება და უკეთესით იცვლება.


ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გადმომსვენებლებს ვთხოვე, დაჭრილ მეომარს შეხვედროდნენ

"იმხელა გადასახადი მოვიდა, კარგა ხანს ვიხდიდით"

საინტერესო, რომანტიკული, ხალისიანი (სევდიანიც) საზაფხულო ამბები

"თურ­ქეთ­ში მწყრი­სა და მწყრის კვერ­ცხის ფა­სი ჩვენ­თან შე­და­რე­ბით, 7-ჯერ მა­ღა­ლი­ა"

"ედიშერ მაღალაშვილმა მოსდო მთელ თეატრს, კოტე თამარს ხელით დაატარებსო..."

"გახ­დი ბეს­ტ­სე­ლე­რის ავ­ტო­რი"-ის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­კის" მეშ­ვე­ო­ბით შე­ვიტყ­ვე"


რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი წლის მან­ძილ­ზე მი­ნე­რა­ლე­ბის კრის­ტა­ლებ­ში დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ენერ­გია დაგ­როვ­და.
"სხვაგან ამდენ ხანს არსად გაგრძელებულა აპლოდისმენტები და ოვაცია"


კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

2 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


1 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

3 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

4 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.