"შინდისის გმირებს მთელ მსოფლიოს გავაცნობთ..."
font-large font-small
"შინდისის გმირებს მთელ მსოფლიოს გავაცნობთ..."
ედმონდ მინაშვილი მონიკა ბელუჩის ჩამოყვანას აპირებს


კანის ფესტივალზე მონიკა ბელუჩის შეხვდა, გამოელაპარაკა. უთხრა, - საქართველოდან ვარო. მონიკას მისი სახელი და განსაკუთრებით, სახასიათო წვერ-ულვაში მოეწონა... ულამაზესმა ქალბატონმა საქართველოს შესახებ არაფერი იცოდა, მსახიობი და პროდიუსერი - ედმონდ მინაშვილი დაჰპირდა - ჩვენთან მოგიწვევთო... ეს ამბავი დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. როგორც ირკვევა, ედმონდ მინაშვილი სექტემბერში მონიკა ბელუჩის საქართველოში ჩამოყვანას მართლა აპირებს...

- რა მიზნით იმყოფებოდი კანის ფესტივალზე?
- ეს არ იყო ჩემთვის პირველი ფესტივალი, ევროპის კინოაკადემიის ოფიციალური წევრი ვარ - ეს სტატუსი შარშან მომენიჭა. ახლა იქ საქართველოს წარმოვადგენ, რისთვისაც გარკვეული საფეხურების გავლამ მომიწია. საპასუხისმგებლო სტატუსია, რადგანაც კანის ფესტივალი ყველასთვის მიუწვდომელი კინოღონისძიებაა, ფესტივალებს შორის სერიოზული ფესტივალია. იქ ამჟამად, ჩემი პროექტის - "შინდისი" განვითარების სტატუსით ვიყავი, რომელიც წლებია, დაწყებული მაქვს. დიდი პროექტია, რაზეც ოფიციალური მოწვევა გვქონდა. პროექტის ფარგლებში 2 სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მაქვს გადაღებული, რომლითაც ფაქტობრივად, შინდისის გმირები მასობრივად გაიცნეს. რამდენიმე ეტაპი მქონდა გაწერილი - დოკუმენტური ფილმები, ტაძრის, მემორიალის მშენებლობა, ასევე - ქანდაკებაზე მუშაობა, რომელსაც უკვე ვაკეთებთ (ბრინჯაოს მონუმენტი 17 გმირის პორტრეტული გამოსახულებით). პროექტის ბოლო ეტაპი მხატვრული ფილმია, რომლითაც საშუალება გვექნება, ბიჭების გმირობა მსოფლიოს ვუჩვენოთ.

- შინდისის თემით რატომ დაინტერესდით?

- დაღუპულთაგან ერთ-ერთი, ჩემი ბავშვობის მეგობარი, მიხეილ დვალიშვილია და ამ თემასთან ასე დაახლოება სწორედ აქედან გამომდინარე მოხდა. მის საფლავზე დავიფიცე, - შენი და შენი მეგობრების სახელს სრულიად საქართველოს გავაგებინებ-მეთქი. ალბათ ის დიდი ძალა და ამ ბიჭების უხილავი ენერგეტიკა მეხმარებოდა, რომ ბევრი ეკლიანი გზა გამევლო და დამეძლია. ჰოდა, ახლა უკვე გვაქვს 2 სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, მემორიალი, უწმინდესის კურთხევით ტაძარი შინდისში და წიგნი... GzaPress

- ახლა უკვე მხატვრული ფილმის გადაღებას იწყებთ...

- დიახ, დასრულდა სცენარი. არაჩვეულებრივი სცენარისტი - ირაკლი სოლომანაშვილი გვყავს და ასევე, მაღალი დონის სცენარი გვაქვს. ყველაფერი იმ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით შეიქმნა, რაც ექსპედიციის ფარგლებში მოვიპოვე. მყავს შესანიშნავი სტაფი, რეჟისორი - დიტო ცინცაძე, რომელიც როგორც ცნობილია, 30 წელია, გერმანიაშია და ერთ-ერთ წარმატებულ რეჟისორად ითვლება. მე ამ ყველაფრის იდეის ავტორი და მთავარი პროდიუსერი ვარ... გადაღებას აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ვიწყებთ.

- მთავარ როლებზე ვის დააკავებთ?

- მერაბ ნინიძეს, დავით ბახტაძეს (ამერიკაში მყოფი ქართველი მსახიობი) და ია სუხიტაშვილს. დანარჩენს კასტინგები გამოავლენს, რომელიც საქართველოს მასშტაბით ახლაც მიმდინარეობს. პირობას გაძლევთ, იმდენად ფაქიზი და ეროვნული თემაა, რომ ეს იქნება ყოველი ქართველისთვის საამაყო ფილმი. არ მინდა, ისე მოხდეს, რომ გადავიღოთ და თაროზე შემოვდოთ, ფილმი ძეგლის სტატუსის მქონე იქნება! ამასთან, ის საფესტივალო კინოა. მომავალ წელს კანში ამ ფილმის პრემიერას ვგეგმავთ, შემდეგ უკვე აქ გავუშვებთ. ასე რომ, როგორც გითხარით, კანში სწორედ ამ პროექტის განვითარების მიმართულებით გახლდით.GzaPress

- ფილმში 17-ივე გმირი გამოჩნდება?

- კი და გადაღებას ვიწყებთ სოფლით, ადგილობრივი მოსახლეობით. წინა პლანზე არის ქართველი გლეხი და მისი გმირობა, რომელმაც უიარაღო ხელებით სასწაულები მოახდინა და მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა... დიდი გმირობა ჩაიდინა. სოფელ შინდისს ვაქცევთ გმირების დაბადების ადგილად!

- არადა, პროფესიით მსახიობი ხართ...

- 21 წლის ვიყავი, როდესაც პროექტი დავიწყე. ჩემი ბავშვობის მეგობარი, მიშიკო დვალიშვილი რომ არ დაღუპულიყო, ალბათ, სხვა გზით ვივლიდი და დიდი შანსია, დღეს არავის სცოდნოდა შინდისის ისტორია ან ძალიან დამახინჯებულად ეცოდინებოდათ. მოგეხსენებათ, თავიდან აბსოლუტურად არარეალური ფაქტები და ამბები ვრცელდებოდა. ყველა დაღუპულის ოჯახში ჯერ კიდევ იმ პერიოდში დავდიოდი, როცა მაშინდელი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა, ეს თემა მეხსიერებას მივიწყებოდა.
მიზერული თანხებითა და გიგა ლორთქიფანიძის, რეზო ჩხეიძის თანადგომით, რობერტ სტურუას დახმარებით შევკარი 8-კაციანი ჯგუფი, რომლის წევრებმაც აბსოლუტურად უანგაროდ იმუშავეს. ჰონორარი არავის აუღია. ოჯახებში სიარულისა და ინფორმაციის შეგროვებისას მივხვდი, რამხელა საქმეს შევეჭიდეთ... უნდა მივსულიყავით შვილმკვდარ მშობლებთან, კამერის წინ დაგვესვა და მათ გარდაცვლილ შვილზე უნდა ელაპარაკათ... მოკლედ, ორი სრულმეტრაჟიანი ფილმი გაკეთდა. ბიჭები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იყვნენ და 2 თვის განმავლობაში, 45 ათას კილომეტრამდე გავიარეთ... რეალურად, გმირები სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო-საინჟინრო ასეულიდან გახლდნენ.

- მათი ამბავი, როგორც მახსოვს, საკმაოდ მძიმეა...

- მეტისმეტად მძიმეა. 11 აგვიტოს, როდესაც ორ ხელისუფლებას შორის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება მოხდა, სენაკის ბრიგადამაც მიიღო ბრძანება, - დაბრუნებულიყო დისლოკაციის ადგილას, სამხედრო ბაზაზე. ყველა მათგანს ოჯახებში უკვე დარეკილი ჰქონდა, რომ შინ ბრუნდებოდნენ... ბიჭები სოფლიდან რომ უნდა გამოსულიყვნენ, მოულოდნელად, რუსებს გადაეყარნენ და მათ ცეცხლი გაუხსნეს. სენაკის ბრიგადა 13 პიკაპით იყო, თითოს თითო ავტომატი და ალბათ, თითო ყუმბარა ჰქონდა. შეტაკებისას ბიჭები 40 წუთი იბრძოდნენ. ომის წესების თანახმად, კარგად ჩასაფრებულ ოცეულს, ასეულის განადგურება შეუძლია, აქ იყო პირიქით - კარგად ჩასაფრებული ასეული ოცეულის წინააღმდეგ. წარმოუდგენელი გმირობა ჩაიდინეს. ბრძოლით გაახანგრძლივეს დრო და მათ მიერ გახსნილმა ინტენსიურმა ცეცხლმა, ბატალიონის დანარჩენ წევრებს საშუალება მისცა, სამშვიდობოს გასულიყვნენ. სხვების გადარჩენას 17 გმირი შეეწირა.
5 მეომარი დაიჭრა და ისინი გლეხმა, ბადრი ხუციშვილმა, მეტსახელად ახმეტამ გადაარჩინა. ამ ადამიანმა წარმოუდგენელი გმირობა ჩაიდინა. შეტაკება მისი სახლიდან 50 მეტრში მოხდა. ყველაფერს ხედავდა, თან, სარდაფში მეზობლები, სოფელში დარჩენილი მოსახლეობა ჰყავდა დამალული... როგორღაც, მალვით, შეფარვით, მოახერხა და რუსებს 5 დაჭრილი მოჰპარა, საკუთარ სახლში 5 დღე მკურნალობდა. 5 მომაკვდავი ადამიანი გადაარჩინა და ისინი ჩემი დოკუმენტური ფილმის მთავარი გმირები არიან. ბევრი თვითმხილველი გვყავს ჩაწერილი, ასევე, საგამოძიებო ექსპერტები, მათ შორის, რუსებიც, რომლებიც ამბობენ, - ისინი თავს გვესხმოდნენ და ცეცხლი თავდაცვის მიზნით გავხსენითო...

გარდა ამისა, აქ მნიშვნელოვანია ახმეტას თავდადება, მან საკუთარი და მეუღლის სიცოცხლე ჩააგდო საფრთხეში, მით უფრო მაშინ, როცა შინ საწოლს მიჯაჭვული, ავადმყოფი ქალბატონი ჰყავდა, რომელსაც უვლიდა... დოკუმენტური ფილმის პირველი ნაწილი მუსიკალურად კომპოზიტორმა გია ყანჩელიმა გააფორმა, მეორე ნაწილის მუსიკა კი ნიაზ დიასამიძეს ეკუთვნის...

- ფილმის შემდეგ, შინდისში ტაძრის მშენებლობა დაიწყეთ?

- კი. თავიდან იდეა მქონდა, ტაძარი წმინდა გიორგის სახელობის ყოფილიყო, მერე უწინდესმა მიკარნახა ტექსტი: "ააგეთ წმინდა გიორგი სახელობის ტაძარი, რომელიც ეძღვნება ყოველთა ქართველთა და ოსთა და ბრძოლის ველზე მომწყდართა სახელის ხსოვნას, ეს იქნება ქართველებისა და ოსების შერიგების სიმბოლო". ამის შემდეგ ტაძრის ასაგებად დავიწყეთ მიზერული თანხების მობილიზება და სწორედ მაშინ დამირეკა ერთ-ერთმა მოძღვარმა: "შვილო, ეს ტაძარი გააჩერე, გთხოვ! მეტს ვერაფერს გეტყვით, - გირჩევ, ეს გააკეთო". გავჩერდი და ჩემი დოკუმენტური ფილმებიც გააჩერეს. დახურული ჩვენება მოეწყო და მითხრეს, - გარკვეული ეპიზოდები ამოიღეო...

- ვინ დაგიბარათ?

- ვინ დამიბარებდა 2008 წელს? - თავდაცვის სამინისტრო და პროკურატურა. გავაჩერეთ ფილმი... ეკლესიის მშენებლობა კი 2011 წლამდე, ვიდრე ახალი მოძრაობა არ დაიწყო, წინ არ წასულა. მერე ისე მოხდა, რომ კახი კალაძემ თავისი პიარკამპანია შინდისიდან დაიწყო. სოფელში ეკლესიისთვის გაჭრილი ბალავერი რომ ნახა, ხალხს პირობა მისცა, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს, საკუთარი სახსრებით დავასრულებ ამ ტაძრის მშენებლობასო...

- მეგობარს, ვისი სულის უკვდავსაყოფადაც ასეთ პროექტს შეეჭიდეთ, როგორ გაიხსენებთ
?
- ერთი წლით უმცროსი იყო. ერთ სკოლაში ვსწავლობდით. მამამისი სამხედრო პირი იყო, აფხაზეთის ომში იბრძოდა და მიშიკო სკოლაში სამხედრო ფორმით დადიოდა - მამის სამოსი დედამ გადაუკეთა. მერე სწავლა ქუთაისში, სამხედრო ლიცეუმში გააგრძელა. წარმოიდგინეთ, როგორ უნდოდა, სამხედრო გზას გაჰყოლოდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჯარი აბსოლუტურად უპერსპექტივო, არაპოპულარული სამსახური იყო და ოჯახები ფულს ხარჯავდნენ, რომ შვილი ჯარში არ გაეშვათ... ლიცეუმის დამთავრების შემდეგ, 18 წლის ჯარში რომ გაიწვიეს, კომისიამ დაიწუნა, რადგან გულზე გარკვეული დეფექტი აღმოაჩნდა, მაგრამ მიშიკომ მამას სიმინდი გააყიდვინა და 50 ლარი გადაუხადა ექიმს, რომ "ვარგისიანი" ჩაეწერათ...

ომამდე გულის შეტევით საავადმყოფოში იწვა, მკურნალობდა. 2 კვირის გამოწერილი იყო, ომი რომ დაიწყო. არ მიჰყავდათ, იქაც ძალით წააყვანინა თავი - 6 აგვისტოდან ბოლომდე იბრძოდა... საოცარი ლექსები აქვს. 2005 წელს დაუწერია: "ცინკის კუბოსთან როდესაც მოვა/ თვალცრემლიანი მშობელი დედა,/ ვთხოვ, მწარე ცრემლით ნუ დამიტირებს,/ რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება..." 2008 წელს ზუსტად ასე ჩამოუსვენეს დედას მისი ნეშტი... მაგრად უნდოდა ცხოვრება, მიზნებიც ჰქონდა, უყვარდა ოჯახი, სამშობლო, საქმე... ცოლი სექტემბერში უნდა მოეყვანა, საცოლე ჰყავდა...
მისი დაღუპვის შემდეგ დათრგუნვილი ვიყავი, სინდისის ქენჯნა მქონდა. ახლა მინდა, შინდისის გმირების სახელები მსოფლიოს გავაცნო...

ლალი ფაცია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გადმომსვენებლებს ვთხოვე, დაჭრილ მეომარს შეხვედროდნენ

"იმხელა გადასახადი მოვიდა, კარგა ხანს ვიხდიდით"

საინტერესო, რომანტიკული, ხალისიანი (სევდიანიც) საზაფხულო ამბები

"თურ­ქეთ­ში მწყრი­სა და მწყრის კვერ­ცხის ფა­სი ჩვენ­თან შე­და­რე­ბით, 7-ჯერ მა­ღა­ლი­ა"

"ედიშერ მაღალაშვილმა მოსდო მთელ თეატრს, კოტე თამარს ხელით დაატარებსო..."

"გახ­დი ბეს­ტ­სე­ლე­რის ავ­ტო­რი"-ის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­კის" მეშ­ვე­ო­ბით შე­ვიტყ­ვე"


რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი წლის მან­ძილ­ზე მი­ნე­რა­ლე­ბის კრის­ტა­ლებ­ში დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ენერ­გია დაგ­როვ­და.
"სხვაგან ამდენ ხანს არსად გაგრძელებულა აპლოდისმენტები და ოვაცია"


კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

2 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


1 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

3 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

4 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.