სითბოთი სავსე ამბები და თამარ სხირტლაძის ვარსკვლავთან გათენებული ღამე
font-large font-small
სითბოთი სავსე ამბები და თამარ სხირტლაძის ვარსკვლავთან გათენებული ღამე
"ედიშერ მაღალაშვილმა მოსდო მთელ თეატრს, კოტე თამარს ხელით დაატარებსო..."

"თუ მსახიობს თეატრში ყოველთვის აქვს სამუშაო, ეს ნიშნავს, რომ ის შემოქმედებითად არ დაბერებულა. მეც ამას ვცდილობ. ეს ჩაცმასაც ეხება და ზოგადად, ყველაფერს, უნდა მიჰყვე ახალგაზრდობას. ასეთი ფრაზა არსებობს "მოთხოვნადი ადამიანი". როცა დამირეკავენ და ზარს ვერ ვპასუხობ, სად იყავიო? - მეკითხებიან. ხან რადიოში ვარ, ხან ტელევიზიაში. რა ვქნა, ძალიან მოთხოვნადი ვარ-მეთქი", - ღიმილით ამბობს 88 წლის თამარ სხირტლაძე და იხსენებს: "მედეა ჩახავა და მე სპექტაკლში - "აქ, ამ სავანეში" ვთამაშობდით ორ მოხუც ბებიას. ერთხელ, კულისებში ორმეტრიანი ბიჭი შემოვიდა და გვითხრა: თუ შეიძლება, გაკოცებთ, ბებია ორი თვეა არ მინახავს და ამაღამვე უნდა წავიდე მასთან, თორემ გადავირევიო..."


შავგულიძის პარტნიორი
- პირველი როლი ქრისტინე, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლში - "ქრისტინე" ვითამაშე. სესილია თაყაიშვილის დუბლიორად დამნიშნეს, მაშინ 17 წლისა ვიყავი. რაღა დროს ჩემი გაუპატიურებაა, აგერ ახალგაზრდა მერცხალივით გოგოა და ამან ითამაშოსო, - თქვა სესილიამ. ჩემი პარტნიორი, ჟორა შავგულიძე იასონს თამაშობდა. სწორედ გაუპატიურების ეპიზოდში, სცენაზე ისე შემეშინდა, კულისებისკენ გავიქეცი. ჟორამ მომკიდა ხელი და მითხრა: შვილო, მართლა კი არ გიპირებ რამესო.
პიესაში "დაჭრილი არწივი" ჟორას ცოლი ვიყავი. ამ ქალთან ჟანდარმები მოდიან, ხეზე აკრავენ და აიძულებენ თქვას, სად არის მისი ქმარი. ქალი ყვირის, კივის, თან, ამბობს - "ვაიმე, ჩემო ქმარ-შვილო". ჟორამ ერთი ათჯერ მაინც გამიმეორა, იცოდე "ცოლ-შვილო" არ თქვაო. მეც ვეთანხმებოდი, - კი, ბატონო ჟორა-მეთქი. მაგრამ სცენაზე როცა "ცოლ-შვილო" ვიყვირე, ჟორა სიცილისგან ჩაბჟირდა.

კოსტიუმმა არ უნდა შეგაცდინოს

- თემურ ჩხეიძე "სეილემის პროცესს" დგამს და კოსტიუმების გასინჯვა მიდის. ყველაფერი მნიშვნელოვანია: როგორ გამოჩნდება კოსტიუმი პარტერიდან, მოკლეა თუ გრძელი, კოსტიუმი ამ როლს უხდება თუ არა და ა.შ. ეს უნდა გადაწყდეს პრემიერამდე. გასინჯვა ხდება ასე: სხედან რეჟისორი, მხატვარი, მკერავი და სცენაზე მსახიობები თითო-თითოდ შედიან. ჩემი ჯერიც დადგა - თეთრი მანჟეტებიანი კაბა და მოსაცმელი მაცვია, ჭაღარა ქალს ვთამაშობდი და თეთრი პარიკი მეხურა. გავიარ-გამოვიარე, - კარგი, თავისუფალი ხარო. გავტრიალდი და არ მავიწყდება დღე­მდე, თემურმა მომაძახა, - თამარ, კოსტიუმმა არ წაგიყვანოსო. - კი, ბატონო თემურ-მეთქი და გამოვედი. კულისებში დავფიქრდი, რას ჰქვია კოსტიუმმა არ წამიყვანოს? ეს იყო გენიალურად ნასროლი ფრაზა. ვიფიქრე და მივხვდი, რაც მითხრა. შლეიფიან კაბას რომ ჩაგაცმევენ, შეიძლება, სხვანაირად მოგინდეს თამაში, ანდა შლაპას დაგახურავენ, ესეც უკვე, სხვა რამისკენ გიბიძგებს, მაგრამ შენ, სულ სხვა ქალს თამაშობ და კოსტიუმმა არ უნდა შეგაცდინოს. GzaPress

პრემიერაზე თემურ ჩხეიძის პედაგოგი, მიშა თუმანიშვილი მოვიდა. ნახა სპექტაკლი და წავიდა. თემურმა დაურეკა მიშას და ჰკითხა, - როგორ მოგეწონათ სპექტაკლიო? პედაგოგი არასოდეს უმალავს მოსწავლეს, რა მოეწონა და რა - არა. თან, მიშა ძალიან პირდაპირი იყო და უთქვამს: ალბათ, ძალიან კარგი სპექტაკლი იქნებოდა, მსახიობები ისე რომ თამაშობდნენ, როგორც თამარ სხირტლაძეო. ადრე ამისთანა რამეს ვერ ვამბობდი, მრცხვენოდა ხოლმე, ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს. მეორე დღეს იგივე სპექტაკლი გვაქვს და თემური მეუბნება: მეგონა, მე გავაკეთე რაღაც და თურმე, შენ გაგიკეთებია, თუმანიშვილმა ასე მითხრაო. პრემიერის შემდეგ დამთავრდა მილოცვები და თემურს ვუთხარი: როცა ვამბობ, რომ ყველაზე მეტად თემურ ჩხეიძესთან მიყვარს მუშაობა, ნუ ამბობო, - მიშლის ხოლმე. იცი, რატომ მოეწონა თუმანიშვილს ჩემი თამაში? კოსტიუმის გასინჯვის დროს რაც მომაძახე, იმან მომაძებნინა როლის გასაღები. ეს არის თქვენი დამსახურება და რატომ არ უნდა ვთქვა-მეთქი? ესიამოვნა, მაგრამ მაინც არ უნდა თქვაო, დაამატა.

დღემდე ერთად

- მე და ჩემი მეუღლე, კოტე თოლორაია სტუდიაში სხვადასხვა ჯგუფში ვიყავით. ეს იყო სიცოცხლითა და იუმორით სავსე ადამიანი. არაჩვეულებრივი ათლეტური ტანი და ხვეული თმა ჰქონდა. ლექციებზე ძალიან ცელქობდა, მაგრამ პედაგოგებს უყვარდათ და ვერაფერს ეუბნებოდნენ. ერთ უბანში ვცხოვრობდით, ის კარლ-მარქსის მოედანზე, მე - გორკის ქუჩაზე. სადაც წავიდოდი, ისიც იქ მოდიოდა. ხან სახლამდე მომყვებოდა და თუ სახლიდან გამოვდიოდი, თეატრამდე მომაცილებდა. ქალების საგრიმიოროსთან ხის კიბეზე ვისხედით 24 საათი. სადმე ბნელ კუთხეში კი არ შევიყუჟებოდით, ყველა გამვლელ-გამომვლელი გვხედავდა. მეოთხე სართულზე გვქონდა ლექციები. ერთხელ ვთქვი, - როგორ მეზარება მეოთხე სართულზე ასვლა, დღეს მეხუთედ ავდივარ-მეთქი. ამიყვანა ხელში და მივყავარ. შეგვხვდა ედიშერ მაღალაშვილი. ეტყობა, საგრიმიოროდან გამოდიოდა და მოსდო მთელ თეატრს, კოტე თამარს ხელით დაატარებსო. უერთგულესი კაცია ყველაფერში და ყველასთან. შვილიშვილი რუსო მისი გაზრდილია, ღამე ათჯერ მაინც ადგებოდა, რომ დაეხედა, ბავშვმა ხომ არ გადაიხადაო?!

კოტეს მახვილი თვალი ჰქონდა და ჩემი პირველი კრიტიკოსი იყო. ყოველი წარმატებული პრემიერის შემდეგ, ჩემს როლს სხვების თანდასწრებით ასე შეაფასებდა - არის რა; ან იტყოდა: თან გადავყევი, იმდენი ვამუშავე სტანისლავსკის სისტემის მიხედვით, ეგ კი ვისი სისტემით მუშაობდა, არ ვიციო. სახლში უბედნიერესი იყო და ვგრძნობდი, როგორ უხაროდა ჩემი გამარჯვებები. ვარსკვლავის გახსნის მეორე დღეს თეატრში მივიდა და ამბობს: ძალიან ცუდად ვარ, წუხელ ღამე არ მიძინიაო. რა მოგივიდაო, - ჰკითხეს? მთელი ღამე თამარის ვარსკვლავთან გავათენე, ფეხი რომ არავის დაედგაო.
GzaPress
"ვაიმე, ბებია მოკლეს..."

- ისეთი ბედნიერი ვარ ჩემი შვილიშვილებით, ვერ აღგიწერთ. უფროსი რუსო უფრო მშვიდია, თაკო კი ცელქი და ძალიან ცოცხალი იყო ბავშვობიდანვე. თაკო "ბასტი-ბუბუს" სტუდიაში დადიოდა, მღეროდა, ცეკვავდა და ძალიან პოპულარული იყო. მაშინ ქუჩაში რომ მივდიოდით, მე ვინ მიყურებდა, თაკოზე იყო ერთი ამბავი. გაუთავებლად ცეკვავდა, წუთით არ ჩერდებოდა და მიხაზავდა იატაკს. ვთხოვდი, ცოტა ხანს მაინც გაჩერდი-მეთქი.
რუსო ჩემს სპექტაკლებზე ხშირად ტიროდა. იყო ერთი სპექტაკლი რუსთავის თეატრში, რომელიც უნგრელმა რეჟისორმა დადგა. მე და ოთარ მეღვინეთუხუცესი პარტნიორები ვიყავით: მე დედოფალს ვთამაშობდი, ის მეფისნაცვალს. ასეთი სცენა გვქონდა, ხანჯალს ვიღებ და მინდა, ჩავარტყა, მაგრამ ის ხელს ამომიტრიალებდა და მკლავდა. რუსო ეჯდა კალთაში ზაზა ლებანიძეს. როცა დავვარდი, მთელ პარტერში გაისმა, - ვაიმე, ბებია მოკლესო (იცინის). სულ არ მინდა, ყველამ გაიგოს, რომ ბებია ვარ. პარტერი ხარხარებდა, არანაირი ტრაგედია არ გამოგვივიდა. ვიფიქრე, რომ გავალ, არ ვიცი, რას ვუზამ-მეთქი (იღიმის). იკივლა ბავშვმა, ჩემი გაზრდილი იყო და დავენანე, რომ მომკლეს.

თაზო

- აკაკი ვასაძე, როცა თავისი ერთადერთი შვილი დაასაფლავა, მეორე დღეს რეპეტიციაზე მოვიდა, მაშინ რუსთავის თეატრში ვთამაშობდით სპექტაკლ "მაესტროში". გაოცებულები ვუყურებდით. თურმე, არ უნდა გაგიკვირდეს... თითქმის იგივე გავაკეთე მეც. თაზო არ იყო მოჩხუბარი, შურიანი, არ იცოდა როლებზე წუწუნი, არც თხოვნა შეეძლო. ისეთ რეჟისორებთან მუშაობდა, რომ ამ მხრივ ცოტა განებივრებული და პოპულარულიც იყო.
ჩემი შვილი და ზურა ყიფშიძე დიდი მეგობრები იყვნენ. "ბითლზებზე" შეყვარებულებმა და გაგიჟებულებმა, ორივემ თმა მოუშვა და შავი სათვალე ეკეთათ. არასოდეს დამიშლია და არ მითქვამს, რას აკეთებ-მეთქი? არ ვიცი, სად იშოვეს დიდი ბარაბანი და გიტარა, ერთი ბარაბანზე უკრავდა, მეორე - გიტარაზე. ჩვენს სახლში ხმის გამაძლიერებლები იდგა. ამას ჩართავდნენ და მე და კოტე რომ მივიდოდით, ისეთი ხმაური იყო, გარეთ ვისხედით ხოლმე. "ბითლზების" მუსიკას უსმენდნენ, თან უკრავდნენ. მერე კიდევ, წავიდოდნენ სადმე და დაიკარგებოდნენ. მე და ლენა ხან ერთმანეთთან ვეძებდით, ხან სხვებთან. ხომ იცით, ზურას სამი ქალი ზრდიდა, დედა და ორი დეიდა. ჰოდა, ყველა ეძებდა. ბოლოს გაირკვეოდა, რომ მაგალითად, ბათუმში წავიდნენ, იბანავეს და ჩამოვიდნენ (იღიმის)...

"რა ვიცი, აბა..."

- გადაღებების დროს, როცა გოდერძის რაღაცას ვკითხავდი, დაფიქრდებოდა, თავს გადააგდებდა გვერდზე და გვპასუხობდა: რა ვიცი, აბა... მუდამ ასე ხდებოდა. მერე, დავანებე თავი და ამა თუ იმ ეპიზოდს ხშირად, იმპროვიზაციით ვთამაშობდი, გოდერძის არ ვუთანხმებდი. გვერდულად გავხედავდი, თუ მისმენდა ან სახეს მოაბრუნებდა, ეს ნიშნავდა, რომ იმის მოსაწონად "მივდიოდი", ხოლო თუ თვალები სადღაც ჰქონდა მიპყრობილი, ე.ი. არა ვარ გოდერძისთან, სხვაგანა ვარ. დავიჭირე მისი ხასიათი და არაფრის თქმა აღარ მჭირდებოდა. "ლუკას სახარებას" ცდოში ვიღებდით. მთებიდან ნამქერი მოდის, აქეთ თერგი ღრიალებს, საშინლად ცივა. ბიჭები გადაღებისთვის მზად არიან. ამ დროს გოდერძი ლოდზე გარინდებული ზის და მთებს გაჰყურებს. გათიშულია. ჩვენ გვცივა, ვიბუზებით. ოპერატორებმა კადრი დააყენეს, მივიდა ერთ-ერთი რეჟისორთან და ვერ გაუბედა, რამე ეთქვა. მობრუნდა და ერთმანეთში ლაპარაკობენ. მერე მე მთხოვეს, იქნებ თქვენ უთხრათო. ახლოს ვიყავი გოდერძისთან. ჰოდა, მივედი და მინდა ვუთხრა, - არ ვიმუშაოთ? მივუახლოვდი და გავჩერდი, ვერ გავუბედე. გოდერძი არ შერხეულა. მეც მის გვერდით, ლოდზე დავჯექი. კაცი გარინდულია. და უცებ, მისი ლექსი "არაგვს" გამახსენდა და დავიწყე: "სად დაგიჩოქო, არაგვო,/ რომელ ტალღაზე გემთხვიო,/ თუ მუხლის ჩოქვით ამოგყვე,/ სათავეს გადავეხვიო./ შენი ნაპირის ლოდები/ მინდა, ჩავიწყო გულშია,/ თუ სათავემდე ვერ მოვე,/ დაგხვდები ანანურშია,/ ჭრელ ღილად დაგეკერები/ მაგ მოლივლივე სულშია". დავიწყე ჩუმად და თანდათან ხმას მოვუმატე, თან თვალი გავაპარე, მიყურებს გაღიმებული და უბედნიერესი. არ ვიმუშაოთ? - ამოვღერღე, როგორც იქნა. წამოხტა, უკვე გამოფხიზლებული, მე კი მიკვირდა, საიდან გამახსენდა ეს ლექსი.

ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გადმომსვენებლებს ვთხოვე, დაჭრილ მეომარს შეხვედროდნენ

"იმხელა გადასახადი მოვიდა, კარგა ხანს ვიხდიდით"

საინტერესო, რომანტიკული, ხალისიანი (სევდიანიც) საზაფხულო ამბები

"თურ­ქეთ­ში მწყრი­სა და მწყრის კვერ­ცხის ფა­სი ჩვენ­თან შე­და­რე­ბით, 7-ჯერ მა­ღა­ლი­ა"

"გახ­დი ბეს­ტ­სე­ლე­რის ავ­ტო­რი"-ის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­კის" მეშ­ვე­ო­ბით შე­ვიტყ­ვე"


რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი წლის მან­ძილ­ზე მი­ნე­რა­ლე­ბის კრის­ტა­ლებ­ში დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ენერ­გია დაგ­როვ­და.
"სხვაგან ამდენ ხანს არსად გაგრძელებულა აპლოდისმენტები და ოვაცია"



ასაკით შეუფერებელი წყვილები ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ქვეშ ექცევიან,
კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

2 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


1 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

3 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

4 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.