ჯიუტმა მელაანელებმა სოფელი გადაარჩინეს
font-large font-small
ჯიუტმა მელაანელებმა სოფელი გადაარჩინეს
ბევრი რამ გაკეთდა სოფელში: ეკლესიებთან მისასვლელი გზები, გარე განათებები, წყლის ჭაბურღილები...

ჩემი სოფლის მცხოვრებლებს ხშირად სინანულით უთქვამთ: ჟურნალისტები სულ ცნობილ ადამიანებზე რომ წერთ, აბა, ერთხელ ჩვენითაც დაინტერესდით - როგორ ვცხოვრობთ, რა გვაწუხებს და რა გვიხარია, არასდროს არავის უკითხავსო... მეც სულ ვპირდებოდი, თქვენზე აუცილებლად დავწერ-მეთქი და ამ პირობას გვიან, მაგრამ მაინც ვასრულებ. შევეცდები, რეგიონების უფრო ხშირი სტუმარი გავხდე და ნუ მიწყენთ, თუ პირველ რიგში, სწორედ ჩემს მშობლიურ სოფელს - მელაანსა და მელაანელებს გაგაცნობთ.


უკვე საკმაოდ გვიანი იყო, სოფელში რომ შევედით. ტრასიდან გადაუხვევ თუ არა, ხელმარჯვნივ ახალგაშენებული, მწვანედ ახასხასებული ვენახი მოგხვდება თვალში - ისეთი, სულსა და გულს რომ ეამება, მარჯვენას რომ დაულოცავ მის პატრონს და იმედით სავსე, ამაყად გაიფიქრებ: არა, ვიდრე ქართველი (კახელი!) ასე დასთათანებს ვაზს, ჩვენი დაღუპვა არ იქნებაო! ხელმარცხნივ, ზედ ტრასის პირას რამდენიმე მოსახლე ცხოვრობს. ეს ე.წ. სადგურია (სოფლის ამ ნაწილში რკინიგზის სადგურია და ამის გამო ეძახიან ასე), ანუ ქვემო მელაანი. სოფელი ტყით ორ ნაწილად არის გაყოფილი. მე ზემო მელაანში ვცხოვრობ და ვიდრე ჩემს სახლამდე მივაღწევთ, ყოველ ჯერზე ნოსტალგია მიპყრობს. აქ თითოეული ორღობიდან ჩემი ბავშვობა იჭყიტება: თითქოს, ისევ გრძელნაწნავებიანი ახტაჯანა გოგო ვარ, "დაჭერობანას", "წრეში ბურთს", "ორდროშობანასა" და "ათობანას" რომ ვთამაშობდი; ახლაც მახსოვს მოპარული ყურძნისა და ცეცხლზე შემწვარი სიმინდის გემო; უბნის ბავშვები თითქოს, ახლაც ტყეში ვართ გაპარულები მარწყვისა თუ მაყვლის მოსაკრეფად და ცხვირპირდათხუპნილები ვბრუნდებით სახლში; "შატალოზე" წასვლით გამოწვეული სიხარულიც მახსენდება და მერე, სამასწავლებლოში სირცხვილისგან აჭრელებული სახეც; პუდრა ქეთოს (ასე იმიტომ ვეძახდით მებუფეტეს, რომ სახეზე ერთი ტონა პუდრი ეყარა) "პონჩიკებსა" და "კორჟიკებს" რომ ვპარავდით და სირცხვილი ხელს რომ არ გვიშლიდა, გემრიელად მიგვერთმია ნადავლი, ესეც არ დამვიწყებია...
ჩემს უბნამდე მივაღწიეთ. ჯერ ბიძაჩემის სახლია და მერე - ჩემი. უბნელები ერთად შეყრილიყვნენ, უფროსები თავის გაჭირვებაზე ვიშვიშებდნენ - გვალვა და უმოსავლობაა წელს, რა გვეშველებაო? ახალგაზრდები ფანდურზე უკრავდნენ და მღეროდნენ. სახლში აღარც შევსულვარ, მეც მათ მივუჯექი და, აბა, მიამბეთ ყველაფერი - ძველიცა და ახალიც, თქვენს გაჭირვებაზეც და დალხინებაზეც-მეთქი. რა თქმა უნდა, არ დამზარდნენ.
შალო პატიაშვილი ჩემი ნათლიმამაა. მიყვარს მასთან საუბარი. თავის სოფელსა და ქვეყანაზე შეყვარებული კაცია, რომელსაც უკეთესი საქართველოს ხილვის იმედი ჯიუტად აქვს. მეტად წიგნიერია, მუდამ ჟურნალ-გაზეთებს ჩაჰკირკიტებს და ყოველი შეხვედრისას მეკითხება: "ნინო, რაო, რა ხდება ქალაქში, გვეშველება რამე?" მეც ტრადიციულად, ყოველთვის მხრებს ვიჩეჩ: რა ვიცი, აბა, შალო ძია, რამე აუცილებლად გვეშველება...

შალო ძია:

- ამბობდნენ, ჩვენს სოფელში ბევრი მელა იცოდა და ამიტომ დაარქვეს მელაანიო, ზოგი კი ამბობდა - ერეკლე მეფის დროს აქ ხეშავის ნაყოფს აგროვებდნენ მელნის დასამზადებლად და ამიტომო. XIX საუკუნის ბოლოს მწერალს, მღვდელ ნიკოლოზ ნათიძეს ლიტერატურულ ფსევდონიმად "მელანია" აურჩევია და მისი წიგნი - "ქედნის ღუღუნი" იმ დროს მეტად პოპულარულიც ყოფილა. არაერთი არქეოლოგიური ძეგლია აღმოჩენილი სოფლის ტერიტორიაზე, ნაპოვნია ასობით ბრინჯაოს ნივთი, ბრძოლისა და შრომის იარაღები, თიხის ჭურჭლის ნატეხები და შეიარაღებული მამაკაცის ქანდაკებებიც. როგორც უფროსები იხსენებენ, 11 ქრისტიანული სალოცავი ყოფილა, მაგრამ მხოლოდ სამების ჯვარგუმბათოვანი ტაძარია შემორჩენილი (გვიან შუა საუკუნეებს ეკუთვნის), ასევე - ღვთისმშობლის ეკლესია და შანას საყდარი. მელაანში თავად ანდრონიკაშვილებს უცხოვრიათ და 48-ოთახიანი სასახლე ჰქონიათ. 1880 წელს, ერთწლიანი სამრევლო სკოლა გახსნილა თავად ზაქარია ანდრონიკაშვილის თაოსნობით, პირველი მასწავლებელი კი თბილისის გიმნაზიის კურსდამთავრებული, ნინო ანდრონიკაშვილი ყოფილა. როგორც უფროსებისგან მახსოვს, ეს სასახლე კომუნისტებს ერთიანად დაუნგრევიათ. ბევრი შეცდომის მიუხედავად, დღემდე კომუნისტი ვარ და მეც, როგორც მოსახლეობის უმეტესობა, ძველ ყოფას მივტირი. მაშინ აქეთ დაგვდევდნენ, იმუშავეთო და ახლა თავად ვიხვეწებით, - სამუშაო ადგილები შექმენით და ახალგაზრდობა დაასაქმეთო. მოსახლეობის 5% ფულში ბაბანებს, დანარჩენი მშიერია და კუჭი მამაძაღლია, შიმშილი ბევრ ცუდ რამეს აკეთებინებს კაცს... ომიანობის დროსაც დიდ გაჭირვებაში ვიყავით, შიმშილით ვიხოცებოდით, მაგრამ მაშინ ხალხი სხვანაირი იყო, ერთმანეთი უყვარდათ და გაჰქონდათ ერთურთი. ახლა ხომ ხედავთ, რაც ხდება?
აჩიკო ჯავახიშვილი კი ბიძაჩემია, მშრომელი, წესიერი და საოცარი იუმორის მქონე კახელი. ერთი წუთითაც ვერ მოიწყენ მასთან, მაგრამ იმისთანა ამბებს მოგიყვება, იტყვი: ყურო, ნუ გაიგებო და ცხადია, ასე საქვეყნოდ ყველაფერს ვერც გამოამზეურებ:
- მამაჩემი გლეხი კაცი იყო, მჭედელი. 7 შვილი ვყავდით და მუდამ შრომობდა. ერთხელ თურმე, დედაჩემს უნდა დახვედროდა მატარებელზე და სადგურში ფართუკაფარებული წასულა. რკინიგზის თანამშრომელს რომ დაუნახავს უცხო კაცი, უკითხავს: ძიავ, მუშა ხარო? - არა, რას ლაპარაკობ, შენ მინახავო, - უპასუხია მამაჩემს. ადრე შრომა სათაკილოდ არ ითვლებოდა, პირიქით, საამაყოც იყო, საკუთარი შრომითა და მარჯვენით რომ ინახავდი ცოლ-შვილს. ახლა ყველას კაბინეტში უნდა ჯდომა. ახალგაზრდები ქუჩაში დგომასა და ერთი ღერი სიგარეტის თხოვნას არ თაკილობენ, მიწაზე მუშაობა კი ბევრს რატომღაც, ესირცხვილება.

შალო პატიაშვილი:

- კახეთში სახნავ-სათესი მიწა ბევრია და არც შრომა ეზარებათ აქაურებს, თითო-ოროლა ზარმაცს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ ვენახები გვალვისგან იწვის და პატრონები ვერაფერს შველიან. წლების წინ ერთიანად მოშალეს სარწყავი სისტემა და ახლა 3.000 ჰექტრამდე სახნავ-სათესიდან ალბათ, 50 ჰექტარი თუ ირწყვება მხოლოდ. ეგ უშველის საქმეს? გამოდის, გლეხის შრომა წყალში იყრება. დაწყებული იყო ლაკბის საგუბრის მშენებლობა და ქვეყანა რომ აირია, რაც გაკეთებული იყო, ისიც დაანგრიეს, ჩაყრილი მილები მიწიდან ამოთხარეს და გაზიდეს. შე კაი კაცო, ძველს რომ ანგრევ, ახალი ხომ უნდა ააშენო? სარწყავი სისტემა რომ იყოს, აქაური გლეხი ცოტას ამოისუნთქებდა და წელში გაიმართებოდა, შრომის შედეგს დაინახავდა და მოღონიერდებოდა, მერე ქალაქში გაქცევაზეც აღარ იფიქრებდა ახალგაზრდობა. ერთ მშვენიერ დღეს, ქალაქში რომ შექუჩდება მთელი საქართველო, მერე რაღას იზამენ? კახელმა გლეხმა თუ ვაზს არ მოუარა და შემოდგომაზე მოსავალი ვერ აიღო, როგორ იარსებებს, როგორ იცოცხლებს? სოფლის განვითარებას ხელი უნდა შეუწყონ! მესაქონლეობასაც აღარავინ მისდევს. ადრე სოფელში რამდენს ჰყავდა ცხვარი და ახლა, ერთსაც ვერ იშოვი, ყიდვა რომ გინდოდეს. ჩვენს უბანშიც მხოლოდ ერთ ოჯახს ჰყავს საქონელი. აქაურები რძესაც ვყიდულობთ, ყველსაც და კარაქსაც. ვინ მოუვლის საქონელს, როცა ახალგაზრდობა ზოგი ქალაქშია გაქცეული და ზოგიც - საზღვარგარეთ. ადრე თუ ჩვენი უბნიდან 20 ბავშვი მიდიოდა სკოლაში, ახლა მხოლოდ 5 კინკილა მოსწავლეღა გვყავს.
აჩიკო ჯავახიშვილი:
- მიუხედავად იმისა, რომ ისევე, როგორც სხვა მაღალმთიან სოფლებში, ჭირს მოსავლის მოყვანა - თუ ადრე დათესავ, იყინება, თუ გვიან - გვალვა წვავს, ჩვენმა სოფელმა მაინც ვერ მიიღო მაღალმთიანის სტატუსი - მოთხოვნებს არ აკმაყოფილებსო. მაინტერესებს, როგორ უნდა ვირჩინო თავი, როცა გულზე ნაოპერაციებს მძიმის აწევა მეკრძალება, პენსია ჯერ არ მაქვს, სოციალურ დახმარებასაც არ ვიღებ? როგორ ვიყიდო წამლები, რომლებიც საკმაოდ ძვირია? კარგი, საკრებულო ერთჯერადად დაგეხმარება, მერე? ადრე თუ ავადმყოფი იყავი, დარაჯად მაინც გამუშავებდნენ, რომ შიმშილით არ მომკვდარიყავი, სახელმწიფო ზრუნავდა შენზე და დღეს რაც ხდება, ჩემზე უკეთ იცით. წლების წინ წყალი და გაზიც არ გვქონდა, ეს პრობლემა, როგორც იქნა, მოგვარდა. დღესდღეობით ყველაზე დიდი პრობლემა სოფლისთვის სარწყავი სისტემის არქონა და დაუსაქმებლობაა. გლეხს მიწაზე მუშაობის ხალისსა და საშუალებას უსპობენ. ბევრს იმის საშუალებაც არ აქვს, ერთი ჰექტარი რომ დაამუშაოს. რა ვქნა, მეც მივტირი ძველ დროს.
ერთ ამბავს მოგიყვები: შინჯიკაშვილ ზაქარას ერთ ქორწილში სახუმარო ლექსი გამოუთქვამს თანასოფლელი ქალისთვის: "ღობეზე ძაღლი გადახტა, გააკეთა კამარა, ისევ გასათხოვარია პაპუნაანთ თამარა". თურმე, დილითვე დაადგნენ თავზე, დაიჭირეს და ამის გამო 6 თვე ციხეში აყურყუტეს... ომიანობის დროს ბეჟუაანთ ეთერასთვის მთავრობას ვირი წაურთმევია (მაშინ იარაღისა და ტვირთის გადასატანად სჭირდებოდათ). ვიღაცას უკითხავს, რატომ წაიყვანეს შენი ვირიო? გაბრაზებულ ქალს უპასუხია: რატომ და, სტალინი რომ შესვან და "აკატაონო". ამ სიტყვების გამო დაიჭირეს და 8 წელი ციხეში გაატარებინეს. შეიძლება, არც ასეთი სიმკაცრეა კარგი, მაგრამ ხალხს ცოტა შიში და მორიდება ხომ უნდა ჰქონდეს ერთმანეთის, ახლა კი ვისაც რა მოადგება ენაზე, იმას ამბობს - ეს არაა მოსაწონი.
შალო პატიაშვილი:
- ადრე ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, უბანში თვე არ გავიდოდა ისე, რომ არ გვექეიფა, გვიხაროდა ერთად ყოფნა, ახლა კი აღარც საშუალება გვაქვს, აღარც ხალისი... ახლანდელების გართობა რა არის? ქეიფისა და დროს ტარების ნაცვლად, მობილურებს ჩაჰკირკიტებენ და ერთმანეთს ზედ არ უყურებენ.

აჩიკო ჯავახიშვილი:

- გართობა ჩვენ ვიცოდით: გიტარა, დოლი, გარმონი, სალამური, ფანდური ერთმანეთს ენაცვლებოდა. ხუმრობაში, ცეკვა-სიმღერასა და კაფიაობაში დაგვათენდებოდა ხოლმე. იუმორი? ხომ იცი, კახელების ამბავი? ადრე კოლექტივში ბრიგადის ქალებს შორ მანძილზე ფეხით უწევდათ სიარული. ერთს შეშინებია: ვაიმე, ამ შუა მინდორში კაცის ჭაჭანება არ არის. ეს თათრის კაცები რომ გამოგვიხტნენ და გაგვაუპატიურონ, ამ დაღლილებსა და ჭუჭყიან-ოფლიანებს კიდევ ეგ გვინდაო? ბრიგადაში ერთი ქალი ჰყავდათ, ქეთო ერქვა, თავისი დაუფიქრებლობით სასაცილო რაღაცებს ამბობდა ხოლმე. ჰოდა, ეს ქეთო უსმენს თურმე ამათ და უცებ, კმაყოფილი სახით ამბობს: თქვენი არ ვიცი და მე კი გუშინ საღამოს, ერთი გემრიელად ვიბანავეო... ამ ქეთოს ქმარი რომ მოუკვდა, ნერვიულობით ლამის თან გაჰყვა. 80 წლამდე კი იყო შაქრია, მაგრამ უყვარდა თავისი ქმარი და რა ექნა? მოკლედ, საფლავში ჩასვენების დროს თავს იკლავს ქეთო, მიმიშვით, თან უნდა ჩავყვე ქმარსო. არ უშვებს ხალხი. ბოლოს იყვირა: მიმიშვით, ხალხოოო, მართლა თან კი არ ჩავყვები, ჩემს შაქროს გაყინულში უნდა ვაკოცოო... დაწყდა ხალხი სიცილით. მეტისმეტი ნერვიულობისგან აერია სიტყვები, უნდოდა ეთქვა, - ჩემს გაყინულ შაქროს უნდა ვაკოცოო... ქართულის მასწავლებელი გვყავდა, მედიკო. ისეთი ნაზი, ემოციური და პოეტური იყო, ერთი წინადადების თქმას მთელი საათი უნდებოდა. ჰოდა, ერთხელ ქუფარასთვის (ალექსი ქუფარაშვილისთვის) უთხოვია, - იქნებ ვაზი გამისხლაო. უყურებს მედიკო, როგორ დაუნდობლად ჭრის ვაზს ქუფარა და ბოლოს, თურმე ვეღარ მოითმინა: ალექსი, რაო, რას გეუბნება ვაზი, ასე დაუნდობლად რომ ჭრი, არ მტკივაო? ქუფარას სად ეცალა რომანტიკისთვის: რა ვიცი, მედიკო მასწავლებელო, კი მეუბნება, ნუ მჭრი, მედიკოს ვაზი ვარ, მედიკოს ვაზი ვარო, მაგრამ რა ვქნა, აღარ გავსხლაო?.. ახლაც, ამ გაჭირვებაშიც გვშველის იუმორი და ძველი ამბების გახსენება, სხვა რა საქმე გვაქვს?
დაბოლოს, სოფლის თავკაცს - გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, გოჩა მესხიშვილსაც გავესაუბრე:GzaPress
- ბევრი რამ გაკეთდა სოფელში: ეკლესიებთან მისასვლელი გზები, გარე განათებები, წყლის ჭაბურღილები, ხუთ კილომეტრამდე გზა დაიგო, მოეწყო ამბულატორიის ოთახი, ასევე - ობელისკი და სოფლის ცენტრი, საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვა და ა.შ. ჩვენი უპირველესი საზრუნავი ხალხის დასაქმებაა. ჩვენს სოფელს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს: ინვესტორები დაინტერესებულები არიან ლაკბის წყალსაცავით, რომელიც 90-იან წლებშია აშენებული და ულამაზესია. მილიონობით ინვესტიციაზეა ლაპარაკი და თუ ეს პროექტი განხორციელდა, არა მარტო მელაანის მოსახლეობისთვის, არამედ მეზობელი სოფლებისთვისაც სასიკეთო იქნება. თუ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაითვალისწინებს, რომ მელაანი მოწყვეტილია ცივილიზაციას - ტრასიდან 5 კმ-ით არის დაშორებული, რაიონიდან - 25 კმ-ით, ხოლო სახნავ-სათესი ადგილიდან - 20 კმ-ით (სოფელი ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრში უნდა მდებარეობდეს, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი რომ მიიღოს, მელაანი კი 796 მეტრშია) და მიანიჭებს მაღალმთიანი სოფლის სტატუსს, ესეც დიდი შეღავათი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს ხელს შეუწყობს სოფლიდან ახალგაზრდების გადინების შემცირებას და შობადობის მატებას. ახლა თუ 540-მდე კომლია სოფელში და სკოლაში 115 ბავშვი დადის, იმედი მაქვს, მალე ეს რიცხვი გაიზრდება და ჩვენი სოფელი უფრო წელმაგარი, ძლიერი იქნება!
ბოლო თვეების ამბებმა, საბედნიეროდ, იმაში დამარწმუნა, რომ ჩვენი სოფელი, არაერთი გაჭირვების მიუხედავად, სწორედაც წელმაგარი და ძლიერია. ამას მაშინ მივხვდი, როდესაც ხალხმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობამ ხმა ამოიღო და არავის არ მისცა უფლება, დასახლებული პუნქტიდან 2 კილომეტრში, ლაკბეს ხეობაში - იქ, სადაც ახლახან პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს, რეგიონული ნაგავსაყრელი აეშენებინათ (დაანონსებული პროექტი გერმანიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უნდა განხორციელებულიყო და მოიცავდა ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობას სოფელში, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყოველდღიურად კახეთის 276 სოფლისა და 9 ქალაქის 400 ტონამდე ნაგავი მოსახლეობასა და სახნავ-სათეს მიწებთან ახლოს დაიყრებოდა)...
"ჩვენს სოფელს ნაგვის ბუდედ არავის ვაქცევინებთ, ჩვენი წინაპრების სისხლითა და ოფლით გაჯერებულ ნიადაგს ნაგავს არ დავაყრით! ამაზე ღირებული არაფერი გვაქვს მელაანელებს", - კახური სიჯიუტით განაცხადეს და გააკეთეს კიდეც! მათ კარგად იციან, რომ ძლიერი სოფელი ძლიერ სახელმწიფოს ნიშნავს...
P.შ. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი სოფელიც გამორჩეულია და იქ საინტერესო ხალხი ცხოვრობს, თუ გინდათ, გაგიცნოთ სხვა კუთხის წარმომადგენლებმა, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(51)14.68.50, დაგვპატიჟეთ და აუცილებლად გესტუმრებით.

ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ აქეიფეს გურულებმა ოთარ რამიშვილი იძულებით
ნუგზარ კვაშალის "საკუთარი ბაბუა" და ერთი შვილიშვილი, რომელიც ბევრს უდრის
წლების წინ ვაჟი _ თაზო თოლორაია რომ გარ­დაიცვალა, კარგა ხანს მოსწყდა გარე სამყაროს
ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი თა­მა­ში იყო. თბი­ლის­ში რომ ჩა­მოვ­ფ­რინ­დით, აერო­პორ­ტ­ში ლა­მის მთე­ლი ქა­ლა­ქი დაგ­ვ­ხ­ვ­და, ნამ­დ­ვი­ლი ზე­ი­მი იყო, რო­გორც სა­მა­მუ­ლო ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ
"ამ ყვე­ლაფ­რი­დან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად თა­ვის დაღ­წე­ვა ად­ვი­ლი არ არის"
ძალიან დაინტერესდა ფანდურით და მისი ხმიანობითაც მოიხიბლა



ანზორ ერქომაიშვილის საკონცერტო ნათლობა და მხიარული ამბები

10 მარტს უკვე 10 წელი შემისრულდა, რაც რობერტ სტურუამ დასში ამიყვანა
რომანტიკული მუსიკოსისა და მისი რჩეულის სიყვარულის ამბავი

კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

5 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


3 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

6 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

6 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
7 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.