გულკეთილი მასწავლებელი და ცუგა, რომელსაც ზარმაცები არ უყვარდა
font-large font-small
გულკეთილი მასწავლებელი და ცუგა, რომელსაც ზარმაცები არ უყვარდა


ანზორ ერქომაიშვილის საკონცერტო ნათლობა და მხიარული ამბები

"ჩემი პირველი საკონცერტო ნათლობა სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში. მამაჩემისა და ბაბუაჩემის ჩახვეულ ხმებს ვეღარ გავუძელი, ტონალობას ავცდი, გავჩერდი და "სემესალა, ბაბუ-მეთქი", - ვუთხარი სკამზე შემდგარმა ოთხიოდე წლის ბავშვმა, რითაც მაყურებლის გულიანი ხარხარი და ოვაცია გამოვიწვიე. - შენ კი არა, ჩვენ შეგვეშალაო, - დამამშვიდა ბაბუამ: - აბა, ერთხელ კიდევ დავიწყოთ და აღარ შეგვეშლებაო. თავიდან დამაწყებინა სიმღერა, რომელიც მართლა აღარ შეგვშლია..." - ღიმილით იხსენებს ანზორ ერქომაიშვილი.



"არტემის ხარ, ბიჭო, შენ?"

- ჯერ კიდევ მუსიკალურ სასწავლებელში სწავლის დროს, ბაბუამ მე და ბადრი თოიძე (ბაბუას დისშვილიშვილი) ცნობილ ლოტბარ ვასილ მახარაძეს ჩაგვაბარა და სთხოვა, საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერა შეასწავლეო. ვასილ მახარაძემ რეპეტიციაზე პირველად რომ მიმიყვანა, შესვენების დროს ერთ მოხუცთან წარმადგინა და უთხრა: ბატონო თეოფილე, ეს ახალგაზრდა არტემ ერქომაიშვილის ბადიში (შვილიშვილი) გახლავთო. თეოფილე დაეყრდნო თავის ჯოხს, გამომცდელად ამათვალიერა და მკითხა: არტემის ხარ, ბიჭო, შენო? პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი, რომ თეოფილემ გიდლის დასაკიდი თოკის მარყუჟივით გამონასკვა კრიმანჭული. ვასო მახარაძემ პირველი ხმა დააწია. მივხვდი, თეოფილემ "ალიფაშა" წამოიწყო და ბანი შევაშველე. თეოფილე ლომთათიძე მაშინ 80 წელს იყო გადაცილებული, მაგრამ ხმაში ბზარიც არ ემჩნეოდა. კრიმანჭულის ისეთი კორიანტელი დააყენა, რომ ვიფიქრე, - ღმერთო, ტონალობიდან არ გადამაგდოს-მეთქი. გავუძელი. როცა სიმღერა დავამთავრეთ, თეოფილემ გადამკოცნა და მითხრა: კი ყოფილხარ არტემის ბადიშიო.


"სიმღერა უნდა მასწავლო..."

- ბაბუას წლების განმავლობაში ღვიძლის ტკივილი სტანჯავდა. ერთ დღეს მწვავე შეტევის გამო, აუცილებელი გახდა მისი საავადმყოფოში მოთავსება. გადაწყდა, ნაღვლის ბუშტი უნდა ამოეკვეთათ, რაც 75 წლის კაცისთვის ადვილი საქმე არ იყო. დილით საავადმყოფოს ეზო სავსე იყო ნათესავებით, ბაბუას მეგობარი ძველი მომღერლებით, მოწაფეებითა და თანასოფლელებით. საოპერაციოში რომ შეჰყავდათ, ბაბუა თვალებით მოგვეფერა და დაგვამშვიდა. ოპერაცია ახლობელმა დასტაქარმა, ნესტორ თოიძემ გაუკეთა. ნესტორი ღიღინებდა, ჩვეულება ჰქონია ასეთი. ბაბუა არ დაუძინებიათ. იგი აუტანელ ტკივილებს იტანდა, მაგრამ კრინტი არ დაუძრავს. როცა ნესტორმა ოპერაცია მოათავა, ბაბუას უთხრა: რკინის კაცი ყოფილხარ, არტემ ბიძია. ხომ გადაგარჩინე, სამაგიეროდ სიმღერა უნდა მასწავლოო. - შენს ღიღინს რომ ვუსმენდი, ჩემო ნესტორ, დავრწმუნდი, შენთვის სიმღერის სწავლებას, სჯობს, კიდევ ერთი ოპერაცია გადავიტანოო.


გივი მასწავლებელი

- კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში მისაღები გამოცდები წარმატებით ჩავაბარეთ. სექტემბერი მოვიდა და ჩვენი პედაგოგი, კომპოზიტორი გივი ლორთქიფანიძე საკლასო ოთახში მოღიმარი სახით შემოვიდა, სათითაოდ გაგვეცნო ყველას და თითოეულს გვეკითხებოდა ვინაობას, სადაურობას. შემდეგ გაიხსენებდა, ამა თუ იმ რაიონში ვინმე მეგობარი თუ ჰყავდა და იქაურ ანეკდოტებსა და ზნე-ჩვეულებებზე გვიყვებოდა, თანაც, ლაპარაკის დროს ამ კუთხისათვის დამახასიათებელი კილოკავით უქცევდა. - "სადაური ხარ, გოგო, შენე?" - შეეკითხა ლალი რუხაძეს, როცა გაიგო, რომ იმერელი იყო. - "ხონიდან, მასწ". - "აბა, დავძმაკაცდეთ, მე და შენ "ზემლიაკები" ვყოფილვართ. მე დიდი ჯიხაიშიდან გახლავარ წარმოშობით. თქვენთან ისევ აცხობენ პეტერე-პეტერე მჭადებს?" დარეჯან მეშვილდიშვილი რაჭველი აღმოჩნდა, ონის რაიონიდან. იგი მეტად მომხიბლავი ჩანდა. კუთხეში მარტო დამჯდარიყო, მორიდებით ეჭირა თავი და დიდრონი შავი თვალები დაბლა დაეხარა. "დარეჯან, გოგო, ქვე შენი ჭირიმე, წერეთელმა რა დაგვიბარა?" - ჰკითხა გივი მასწავლებელმა. "არაფერი დაუბარებია, პატივცემულო მასწავლებელო, წამოსვლის ხანს წერეთელი არ მინახავს", - კარგა ხნის ფიქრის შემდეგ მიამიტად უპასუხა დარეჯანმა. - "კარგი, ქვე შენი ჭირიმე, დარეჯან, ზღვა თუ გინახავს?" - "მე არა, მაგრამ ჩემმა დამ ნახა", - გულუბრყვილოდ უპასუხა დარეჯანმა და მთელი ჯგუფი გულიანად ახარხარდა. გივი მასწავლებელიც იცინოდა: დიდი მაზალო ვინმე ხარ შენ, ჩემო დარეჯანო! ასე სიცილ-კისკისში განვლო პირველმა გაკვეთილმა.


სოლფეჯიო

- "ხუთი ღმერთს, ოთხი მე, სამები და ორები თქვენ..." - "კი მაგრამ, ჩვენ ხომ კარგად ვიცით თქვენი საგანი, გივი მასწ..." - "ჩემზე კარგად იცით?" - "თქვენზე კარგად არა". - "მაშინ ოთხი მე. ჩემზე კარგად იცის ღმერთმა, გამოდის, რომ ხუთი ღმერთს. თქვენ რაღა დაგრჩათ? სამები და ორები". - "ვინაა ეს ღმერთი ასეთი, სულიკო ავჟანტაძეზე კარგად რომ იცის სოლფეჯიო?" - "ვინაა, ბატონო და ბეთჰოვენი და მოცარტი. გასაგებია?" - "კი". - "აბა, რაღას მერჩით, ბიძიკო?" - ხელებს გაშლიდა და გაგვიღიმებდა. ასეთი საუბრის შემდეგ გივი მასწავლებელი თავის ბლოკნოტში ჩამოგვირიგებდა ჩვენს კუთვნილ სამიანებსა და ორიანებს, სემესტრის ბოლოს კი ზოგიერთ ჩვენგანს "თავისთან გაგვიტოლებდა" (ასე გვეტყოდა) და სანატრელ ოთხებსაც დაგვისვამდა ჟურნალში, თან დაგვამადლიდა: ეს იმიტომ, რომ სტიპენდია არ დაკარგოთო.


"ცუგას" მეთვალყურეობის ქვეშ

- ერთხელ გივი მასწავლებელს საკმაოდ კარგად ვუპასუხე. მეგონა შემაქებდა, მაგრამ კატეგორიული ტონით მითხრა: შენით უკმაყოფილოა ფორტეპიანოს მასწავლებელი და თუ სასწრაფოდ არ გამოასწორებ მდგომარეობას, ცუდად იქნება შენი საქმეო. ვუთხარი, პიანინო არა მაქვს და ამიტომ ვერ ვახერხებ მეცადინეობას-მეთქი. - დღეს, გაკვეთილების შემდეგ, ჩემთან წამოხვალო, - მიპასუხა. - ბიძიკო, მოგწონს ჩემი როიალიო? - მკითხა, როცა მის სახლში მივედით. თავი დავუქნიე. ეს იყო არაჩვეულებრივი "ბეხშტეინის" ფირმის როიალი, რომელიც თურმე, გივი მასწავლებელმა ომის შემდეგ ლენინგრადიდან ჩამოიტანა. - ჰოდა, ბიძიკო, ყოველდღე შეგიძლია მობრძანდე და ამ როიალზე იმეცადინო, თუ გინდა დილამდე, ოღონდ აქ სხვებიც მეცადინეობენ და ერთმანეთს ხელი არ შეუშალოთ. აბა, მოდი აქ, ცხრილს გადავხედოთო. მეგონა, გამონაკლისი ვიყავი, თურმე უფროსკლასელებიდან რამდენიმე ნიჭიერი მოსწავლე ამ როიალზე იმაღლებდა თავის ცოდნას. გივი მასწავლებელმა კვირის განრიგი შემიდგინა, უკვე თავისუფლად შემეძლო მეცადინეობა. ეს ჩემთვის უდიდესი პატივი იყო. - ხვალ შენთვისაც გავაკეთებინებ ერთ გასაღებს. თუ ჩვენები სახლში არ იქნებიან, თავისუფლად შეგიძლია გააღო კარი და შემოხვიდე. პირველად სამზარეულოში შეხვალ, გამოაღებ კარადას და კარგად ისაუზმებ, ღვინოს ხელი არ ახლო. თუ კარგად ისწავლი, "საპრაზდნიკოდ" (გამომაჯავრა, "საპრაზდნიკოდ" სახლში გამიშვი-მეთქი, ერთხელ ვუთხარი) თითო ჭიქას დაგალევინებ. შემდეგ შემოხვალ ჩემს ოთახში და იმეცადინებ. აი, ფირფიტების კატალოგიც. რომელი ჩანაწერიც მოგეწონება, შეგიძლია მოისმინო. ჰო, სულ დამავიწყდა, "ცუგა" უნდა გაგაცნოო. ცუგა მწევარის ჯიშის, საკმაოდ მოზრდილი ძაღლი იყო, რომელსაც ეტყობა, მაინცდამაინც არ მოვეწონე და რამდენჯერმე დამიღრინა. გივი მასწავლებელმა აუხსნა, რომ მე არც ისე ცუდი ბიჭი ვარ, არა ვარ ქურდი და მამაძაღლი, ცოტას მოვიზარმაცებ, მაგრამ ჯერჯერობით უნდა მაპატიოს. მერე მე მომიბრუნდა: ცუგას არ უყვარს ზარმაცები. თუ კარგად ისწავლი, ხმას არ გაგცემს და თუ შეგატყო, რომ ტყუილუბრალოდ დადიხარ, კანჭებს გამოგჭამს. კიდევ, არ უყვარს ბგერა "სი ბემოლი" და შეიძლება დაიყეფოსო. ეს თქვა და როიალზე სი ბემოლი აიღო. ცუგამ რამდენჯერმე დაიყეფა. ჩვენ გულიანად გადავიხარხარეთ. მეორე დღეს, დათქმულ დროს მივედი გივი მასწავლებელთან. სახლში არავინ იყო, კარი ფრთხილად გავაღე. ცუგამ, რომელიც კართან იწვა, დაიყეფა და რომ დამინახა, კუდი გამიქიცინა. კარგად ვიმეცადინე და ფეხბურთზე ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ნურას უკაცრავად! ცუგა არ მიშვებს! მეგონა მაშინებდა, მაგრამ როცა კართან ახლოს მივედი, ყეფით გამოქანდა და კინაღამ შარვალი შემომახია. არც მოფერებამ, არც ხვეწნა-მუდარამ, არც ქრთამმა (კარადიდან შაქარი მოვუტანე) არ გაჭრა. რა მექნა, იძულებული ვიყავი მეცადინეობა გამეგრძელებინა. გივი მასწავლებელმა მომისწრო. მე და ცუგა ღიმილით შეგვაქო და ღამის თორმეტ საათამდე მამეცადინა.


"სადაა მაი სასწავლებელი?"

- 7 ნოემბრის დღესასწაულისათვის სამ დღეს ვისვენებდით. "ბაბუას ხათრით" გივი მასწავლებელმა ორი დღეც მოგვიმატა და მე და ბადრი სოფელში გავემგზავრეთ. მანამდე შევიკერეთ კრეპის შავი კოსტიუმები "ბუტილკა" შარვლით. "მოკასინებმა" ფეხები ლეღვივით ამიტყავა. ნეილონის პერანგებს შავი ჰალსტუხები გვიმშვენებდა და ვინაიდან მე და ბადრიმ "გალსტუკის" გამონასკვა არ ვიცოდით, ნიაზი გუნთაიშვილმა გამოგვინასკვა და გაგვაფრთხილა: არ გაიხსნათ, თორემ ამის გამო მახარაძეში (დღევანდელი ოზურგეთი) ვერ ჩამოვალო. მოკლედ, ჩვენმა მშობლებმა ყველაფერი იღონეს იმისათვის, რომ "თბილისელი ბიჭები" სოფელში მოდურად გამოწყობილი ჩავსულიყავით. მატარებელში ბევრი თანაკლასელი შემხვდა. ჩვენთან ერთად მგზავრობდა რამდენიმე პედაგოგი, ჩვენი ყოფილი სკოლიდან და უამრავი ნაცნობი მახარაძიდან. მათ შეკითხვაზე, სად სწავლობთო? ჩემი ამხანაგები ამაყად პასუხობდნენ: გეპეი, სასოფლო, უნივერსიტეტი და ა.შ. კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებლის ხსენებაზე კი მხრებს იჩეჩდნენ და კითხულობდნენ: სადაა მაი სასწავლებელიო? ბადრი ამაყად პასუხობდა, "დინამოს" სტადიონთანო, რადგან სტადიონი ყველამ იცოდა. ერთმა ნაცნობმა მკითხა: რატომ ინსტიტუტში არ ჩააბარეო? - ბაბუას ხათრი ვერ გავუტეხე-მეთქი. - ე, ბიჭო, გეთხუებია ჩემი ბაღანიზა შენი მედალი, ორი ათასი მანეთი დავახარჯე მაგის მომზადებას და მაინც არ ეშველა აფერიო, - ყველამ გაიცინა.

"დიდი კაცი რომ გახდები..."

- გივი მასწავლებელი საოცარ ზრუნვას იჩენდა მოწაფეების მიმართ. განსაკუთრებით რაიონიდან ჩამოსულებს ეხმარებოდა, ოჯახებს მოწყვეტილნი არიან და უჭირთო. სახლში, გაკვეთილზე ისე არ დაგვსვამდა, თუ არ გვასაუზმებდა. ერთხელ შემამჩნია, რომ ჩემი პერანგის საყელო გაცრეცილიყო. მეორე დღეს, გამომშვიდობებისას, რაღაც ქაღალდში გახვეული გადმომცა და ეს სახლში გახსენიო. საუკეთესო პერანგი აღმოჩნდა... საჩუქრებს ყველას უმზადებდა. იმ წელს ძალიან ცივი ზამთარი იდგა. გივი მასწავლებელი ზოგს თავის პალტოს აძლევდა, ზოგს ხალათს. თავისი რომ აღარ ეყო, მამის - ირაკლი ბიძიას ტანსაცმლის დარიგება დაიწყო. კიდევ ერთი ასეთი ზამთარი და მთელი ოჯახი შიშველი დავრჩებითო, - ხუმრობდა ირაკლი ბიძია.
თითოეული ჩვენგანის დაბადების დღე იცოდა. იმ დღეს აუცილებლად შინ დაგვიბარებდა. საზეიმო სუფრას გაშლიდა და შედარებით მსუბუქი მეცადინეობის შემდეგ, სუფრასთან მიგვიწვევდა. დეიდა კატუშა (გივის დედა) ჩვენს საყვარელ კერძებს მოამზადებდა. თამადად ბიძია ირაკლი დადგებოდა. უფლება გვქონდა, მხოლოდ ერთი ჭიქა დაგველია. - რა არის, გივი მასწ. ერთი ჭიქა რას გვეყოფა, ორი მაინც იყოს, ყელი გამიშრაო, თუ დავიწუწუნებდით, გვეტყოდა: ყელი თუ გაგიშრა, ბიძიკო, წყალი დალიე. ორი ჭიქა გერგება მაშინ, როცა კონსერვატორიის სტუდენტი გახდები, სამი ჭიქა, როცა კონსერვატორიას დაამთავრებო... აქ საქმეში ჩაერეოდა ირაკლი ბიძია, თამადის უფლებებით და რამდენიმე პატარა ჭიქა "იზაბელას" დაგვალევინებდა.

ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ აქეიფეს გურულებმა ოთარ რამიშვილი იძულებით
ნუგზარ კვაშალის "საკუთარი ბაბუა" და ერთი შვილიშვილი, რომელიც ბევრს უდრის
წლების წინ ვაჟი _ თაზო თოლორაია რომ გარ­დაიცვალა, კარგა ხანს მოსწყდა გარე სამყაროს
ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი თა­მა­ში იყო. თბი­ლის­ში რომ ჩა­მოვ­ფ­რინ­დით, აერო­პორ­ტ­ში ლა­მის მთე­ლი ქა­ლა­ქი დაგ­ვ­ხ­ვ­და, ნამ­დ­ვი­ლი ზე­ი­მი იყო, რო­გორც სა­მა­მუ­ლო ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ
"ამ ყვე­ლაფ­რი­დან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად თა­ვის დაღ­წე­ვა ად­ვი­ლი არ არის"
ძალიან დაინტერესდა ფანდურით და მისი ხმიანობითაც მოიხიბლა

10 მარტს უკვე 10 წელი შემისრულდა, რაც რობერტ სტურუამ დასში ამიყვანა
რომანტიკული მუსიკოსისა და მისი რჩეულის სიყვარულის ამბავი

კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

5 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


3 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

6 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

6 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
7 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.