"მწვანე ენერგია" და საქართველო
font-large font-small
"მწვანე ენერგია" და საქართველო
სპეციალისტებიც მიიჩნევენ, რომ ამ ენერგიის ათვისება ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია:


განახლებადი ენერგია ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან ნავთობისა და გაზის მარაგის ამოწურვის შემთხვევაში ალტერნატიული ენერგიის წყაროები მსოფლიოს ჰაერივით დასჭირდება. ყველაზე მეტ იმედს სპეციალისტები ქარის ელექტროსადგურებზე ამყარებენ. დღეს მათ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეხვდებით.


კვლევების მიხედვით, 2016 წელს ქარის ელექტროსადგურებმა მსოფლიოს 637 მილიონი ტონა CO2-ის გამოყოფა აარიდა თავიდან, ამიტომ ახლო მომავალში ევროკავშირში ქარის ენერგიის გამოყენება კიდევ უფრო გაიზრდება. ამ ტენდენციას არც ჩვენი ქვეყანა ჩამორჩება: გორში უკვე მუშაობს 20,7-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური, რის შემდეგაც ქვეყანაში ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა დაიწყება - 50 მეგავატამდე სიმძლავრის ერთი სადგური კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზაში უნდა აშენდეს, ხოლო 120 მეგავატამდე სიმძლავრის - საჩხერეში. 150 მეგავატამდე სიმძლავრის კიდევ ერთი ქარის ელექტროსადგურის აგება იგეგმება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. ასე რომ, რამდენიმე წელიწადში საქართველო ქარის ენერგიას საკმარისად აითვისებს. ქართველი სპეციალისტებიც მიიჩნევენ, რომ ამ ენერგიის ათვისება ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია:


ვახტანგ ლომჯარია, "საქართველოს მომავლის პროექტის" პრეზიდენტი:

- ენერგეტიკაში სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობის მომხრე ვარ. სახელმწიფო თავად უნდა იყოს ინიციატორი, რომ ეს დარგი უფრო მრავალფეროვანი და სრულყოფილი გახდეს. ვფიქრობ, რომ შიდა ქართლის ქარის ელექტროსადგურმა გაამართლა - ეს მსოფლიოში ერთ-ერთი საინტერესო პროექტია. სახელმწიფომ შექმნა საკმაოდ კარგი პროექტი, რომელიც კომერციულად მომგებიანია: მისი აქციები შეიძლება შეიძინოს მოსახლეობამ, კერძო კომპანიებმა ან ფიზიკურმა პირებმა. ქარის ელსადგურების გასხვისება ძალზე საინტერესო მიმართულებაა, რომელიც მომავალში უფრო მეტად უნდა განვითარდეს. ეს იქნება უსაფრთხო და მუდმივი შემოსავლის წყარო, ამიტომ მსგავს პროექტებში ჩართვა ნამდვილად ღირს. ქარის ენერგიას მთელ მსოფლიოში სულ უფრო აქტიურად იყენებენ, მაგალითად, დანიაში არის რამდენიმე ქალაქი, რომელიც მთლიანად ამ ენერგიით მარაგდება. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ენერგიის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ქარის ელსადგურები გამოიმუშავებს. მართალია, ქარის ელსადგურსაც აქვს უარყოფითი მხარეები: მისი აგება უფრო ძვირი ჯდება, არ უნდა იყოს დასახლებულ პუნქტთან ახლოს, რადგან საკმაოდ ხმაურიანია, ასევე არ შეიძლება მისი აშენება ფრინველების გადაფრენის ადგილას, რადგან ისინი ქარის ელსადგურთან შეჯახებისას იღუპებიან... მიუხედავად ამისა, მთლიანობაში ეს საკმაოდ კარგი, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ენერგიაა. სად შეიძლება ქარის ელექტროსადგურების აშენება საქართველოში? - სავარაუდოდ, ზღვისპირა ტერიტორიაზე, რომელიც დაუსახლებელია და კავკასიონის მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ტყის მასივები ნაკლებად გვხვდება. განახლებადი ენერგიის მოპოვება მომავალში კიდევ უფრო იაფი გახდება, თანაც, უახლოეს წლებში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში კოლოსალურად გაიზრდება. ამიტომ ყველა ქვეყანა ცდილობს ალტერნატიული ენერგიის წყაროები მაქსიმალურად გამოიყენოს. სერიოზული წინსვლა აქვს ამ სფეროში ჩინეთს, რომელიც ამ მხრივ პირველ ადგილზეა. კანადა, ესპანეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის ქვეყნებიც აქტიურად იყენებენ ქარის ენერგიას.


ანზორ ჭითანავა, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი:

- დღეს ქარის ენერგიის გამოყენება ყველა ქვეყნისთვის აქტუალური საკითხია. არც საქართველოა გამონაკლისი. ქარის ენერგიის გამოყენება ჩვენი ენერგეტიკისთვისაც მისაღები და საინტერესო მიმართულებაა. თუმცა ქარის ელექტროსადგურების მასობრივი მშენებლობა და ამ ენერგიაზე დაყრნობა, დაუშვებელია. რატომ? - ჩვენ დიდი ოდენობით აუთვისებელი ჰიდრორესურსი გვაქვს, რომლის ეფექტიანობა ენერგიის სხვა წყაროებთან შედარებით, უფრო მაღალია. ვფიქრობ, სხვა ენერგიის წყაროების ათვისებას საქართველოში საპილოტე პროექტების სახე უნდა ჰქონდეს. ერთი ქარის ელსადგური უკვე ავაგეთ გორში, მისი შესყიდვის პირობები და ფასი უკვე განსაზღვრულია. ეს ძალიან კარგია, მაგრამ გარკვეული სიფრთხილეც გვმართებს, რადგან მარტო ქარის ენერგია ვერ დააკმაყოფილებს საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნებს. ამიტომ, ის სხვა ენერგიასთან უნდა იყოს დაწყვილებული. ჩვენთვის საუკეთესო გამოსავალი წყლის ენერგიაა. ჩვენს ქვეყანას უკვე განსაზღვრული აქვს თავისი გზა: ენერგეტიკაში ჩვენი დასაყრდენი უნდა იყოს ჰიდრორესურსი და ქარის ელექტროსადგურების მონაწილეობა 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს - ასე უნდა იყოს უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში - ეს მეცნიერულადაა დადგენილი. ქარის, მზის და სხვა სახის ენერგიებმა ერთიანი სისტემა უნდა შექმნას. ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისებისთვის ასევე მნიშვნელოვანია მათი კერძო სექტორის ხელში გადასვლა. კანადას, ამერიკას, გერმანიას და სხვა დიდ ქვეყნებს ენერგიის სხვა წყაროები უკვე ათვისებული აქვთ და იძულებული არიან, ახალი წყაროებიც მოიძიონ. ჩვენი ქვეყნის ამოცანა კი სულ სხვაა - არსებული ჰიდრორესურსების ათვისება და მასთან ერთად განახლებადი ენერგიის გამოყენება. საქართველოს კარგი პოტენციალი აქვს, რომ დაბალანსებული და სტაბილური სისტემა ჰქონდეს, ოღონდ მთავარი ძალა, რომელსაც შეიძლება უახლოეს პერიოდში დავეყრდნოთ, ჰიდროენერგიაა. ამას აღიარებენ ყველაზე კომპეტენტური სპეციალისტები და ჩვენს ქვეყანას სწორედ ეს გეზი აქვს აღებული.


ქეთი კრიალაშვილი, ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგი­ული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი:

- ქარის ენერგიის გამოყენება აპრობირებული პრაქტიკაა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, სადაც ქარის ელსადგურების რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ეს ენერგია ზიანს არ აყენებს გარემოს და მისი მოპოვება მრავალ ქვეყანას საკმაოდ იაფი უჯდება. ქარის ენერგიის გამოყენება ჩვენთანაც შესაძლებელია და ის გაცილებით ეფექტიანი იქნება მზის ენერგიასთან ერთად. რაც შეეხება სიიაფეს, ამ მხრივ ჩვენთან ყველაზე მიმზიდველი ჰიდროენერგიაა, ოღონდ ჰიდროსადგურებმა ჩვენი ეკოსისტემა არ უნდა დააზიანოს, რაც ქარის ელსადგურებს არ ახასიათებს. საკმაოდ პერსპექტიულია აქციონერების მოზიდვა და ქარის ელექტროსადგურების გასხვისებაც. მართალია, სიიაფით ჰიდრორესურსი უკონკურენტოა, მაგრამ ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ რამდენიმე წელიწადში მათი აგება შეიძლება უფრო იაფი დაგვიჯდეს, ვიდრე ელექტროსადგურების. მსოფლიო აქტიურად მიდის "მწვანე ენერგიის" წარმოებისკენ და ამ ტენდენციას არც ჩვენ უნდა ჩამოვრჩეთ.


ირაკლი მაკალათია, ეკონომიკის დოქტორი:

- ჩვენ უამრავი აუთვისებელი ტერიტორია გვაქვს, სადაც ქარისა და მზის ენერგიის მიღება და გადამუშავება შეიძლება. ეს ძალზე პერსპექტიული დარგია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის კერძო სექტორის ხელში უნდა გადავიდეს. რაც უფრო მალე ჩამოშორდება მას სახელმწიფო და კერძო სექტორში გადავა, უფრო მისასალმებელი იქნება. ქარის ელექტროსადგურები კერძო მფლობელების ხელში რომ გადავა, ისინი უფრო სწრაფად განავითარებენ ამ ბიზნესს. მართალია, დღესდღეობით ქარის ელსადგურის მშენებლობა ძვირი ჯდება, მაგრამ ამ საქმესაც ინვესტორებმა უნდა მიხედონ. მსოფლიო ვითარდება და რაც უფრო მეტი ახალი და უსაფრთხო ენერგიის მიღებას შევძლებთ, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის. "მწვანე ენერგიამ" თანდათან უნდა ჩაანაცვლოს ნავთობი, რომელიც ამოწურვადია. განახლებადი ენერგია კი, მომავლის ენერგიაა, რომელიც საქართველომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი შეს­წავ­ლა მა­ინ­ტე­რე­სებს"
რით გა­აკ­ვირ­ვა ნი­კო­ლოზ ლაგ­ვი­ლა­ვამ მექ­სი­კე­ლი კო­ლე­გა
სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა კარ­გად შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს კო­ო­პე­რა­ცი­ის გზით
მე­გობ­რებ­მა მავ­თუ­ლის ღო­ბე გა­არ­ღ­ვი­ეს, შვლებს და­უ­ცაცხა­ნეს და მდი­ნა­რის სა­ნა­პი­როს­კენ გა­უშ­ვეს
"ამ ქა­ლაქ­ში პირ­ვე­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე­ე­ბი მე და ჩე­მი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბი ვი­ყა­ვით"
პირად ცხოვრებაში შეცდომები მაქვს, რადგან მეგონა, სულ ლამაზი, ახალგაზრდა, კარგ ხასიათზე მყოფი ვიქნებოდი...
ადამიანური ცოდვებით მოსარგებლე ხელისუფლება, ეკლესია და თავდახრილი საზოგადოება
მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნის ასა­გე­ბად, სა­ჭი­რო იყო პრაქ­ტი­კუ­ლად მთლი­ა­ნად და­ენ­გ­რი­ათ ძვე­ლი სტა­დი­ო­ნი
კვირის სიახლეები
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
3 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
რო­გო­რი იქ­ნე­ბა ოქ­ტომ­ბე­რი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
სულ მა­ლე შე­მოდ­გო­მის მე­ო­რე თვე, ყვე­ლა­ზე ფე­რა­დი და მდიდ­რუ­ლი ოქ­ტომ­ბე­რი შე­ვა ძა­ლა­ში.
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
1 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
14 კომენტარი
რო­გორ აშენ­და "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი?
თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნის ასა­გე­ბად, სა­ჭი­რო იყო პრაქ­ტი­კუ­ლად მთლი­ა­ნად და­ენ­გ­რი­ათ ძვე­ლი სტა­დი­ო­ნი
7 კომენტარი
"სიყვარული ყველა ეტაპზე სხვადასხვანაირი და სხვადასხვა ფერია"
დავიწყებული პირველი პაემანი და კარგად გამოყენებული ცხოვრებისეული შანსი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.