მატარებელში ნაპოვნი სიყვარული და ერთი ნახვით შეყვარება
font-large font-small
მატარებელში ნაპოვნი სიყვარული და ერთი ნახვით შეყვარება
ჯუმბერ ლომინაძის ცხოვრების გზა

ალბათ ყველა ადამიანს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეჰპარვია სიყვარულის მარადიულობაში ეჭვი, მაგრამ არიან წყვილები, რომელთა შემხედვარეს საპირისპირო განცდა გიჩნდება. ჟურნალისტებს ხშირად ისეთი ამბების მოსმენა გვიწევს, რომლის მსგავსი ზღაპრებსა და რომანებში თუ წაგვიკითხავს, თუმცა, სინამდვილეში, რეალურ ადამიანებზეა და არა - მწერლების მიერ გამოგონილ პერსონაჟებზე. ზოგიერთი რესპონდენტი პირადი განცდების შესახებ ღიად საუბრობს, ზოგსაც საჯაროდ მსჯელობის ერიდება ან უბრალოდ არ სურს. ზოგჯერ ასეთ უთქმელობაში ისეთი დიდი გრძნობა აღმომიჩენია, რომ ჩაძიების გარეშეც, ყველაფერი ნათელი გამხდარა. არ მინდა ის ადამიანები ჩამოვთვალო, რომელთა გრძნობა წლებს არ გაუხუნებია, რადგან აუცილებლად ვინმე გამომრჩება. ამიტომ გადავწყვიტე, ამ თემას არა რამდენიმე, არამედ ერთი "მთავარი გმირი" ჰყოლოდა და არჩევანი ჯუმბერ ლომინაძეზე შევაჩერე.



ფიზიკოსთან შინ სტუმრობისას, პირველი, რაც თვალში მოგხვდებოდათ, მისაღები ოთახის კედლებზე გამოფენილი მეუღლის ფოტოები იყო და ისიც მართალია, დიდი ტკივილით, თუმცა, გულწრფელად და ბევრს საუბრობდა ქალზე, რომელიც ასე ძალიან უყვარდა. ყველაფერი კი ასე დაიყო:
1953 წლის ივლისი, კურსკის ვაგზალი, მატარებელი #13. შემთხვევითი შეხვედრა ერთ-ერთ კუპეში. ბიჭი 22 წლისაა, გოგონა 21-ის. ეს ის წამია, როცა შეხედავ და ხვდები, რომ...
"მოსკოვიდან თბილისში მივდიოდი, მაშინ მესამე კურსზე ვიყავი. გამომგზავრებამდე ილია ვეკუას ქალიშვილმა, ლამარამ დამირეკა და მითხრა, ერთად წავიდეთო. ავედით მატარებელში და დავსხედით. მატარებელი უკვე უნდა დაძრულიყო, როცა გვერდით კუპეში ორი გოგონა შევარდა. ლამარამ რომ დაინახა, ერთ-ერთ მათგანს გადაეხვია. ეს ლია იყო. თურმე, მეგობრები ყოფილან. ლამარამ ლია და მე ერთმანეთთან წარგვადგინა. რა ვიცი, ალბათ, ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო... მისთვის სიტყვა "მიყვარხარ" არასოდეს მითქვამს, ამის თქმა როგორ შეიძლება?! გამოხედვა, ურთიერთგაგება და წლების ურთიერთობა ისედაც ამის ნათელი დასტური იყო.

ზუსტად მახსოვს, რა ეცვა - სიფრიფანა კაბაში იყო, პედიკიურგაკეთებული და გრძელი თმით. ცოტა ხანში ლამარას ქორწილი ჰქონდა, ორივე დაპატიჟებული ვიყავით და ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ზაფხული ერთად გავატარეთ და მოსკოვში რომ დავბრუნდით, 1954 წლის 1-ლ აპრილს ხელის მოწერა გადავწყვიტეთ. მმაჩის ბიუროში რომ მივედით, ერთმა სიმპათიურმა ქალბატონმა უკან გამოგვიშვა, ამ დღეს ხელის მოწერა როგორ შეიძლებაო? მეორე დღეს ისევ მივედით და ხელი მოვაწერეთ. რატომღაც, ქართული წეს-ჩვეულებები დავარღვიეთ და მშობლებს არ შევატყობინეთ. მერე რესტორან "არაგვში" წავედით მე, ლია და ჩემი მეუღლის ის მეგობარი, რომელიც ჩვენი გაცნობის დღეს მას მატარებელში ახლდა...

რთულ პირობებში ვცხოვრობდით. 1954 წლის 30 დეკემბერს ჩემი შვილი გიორგი დაიბადა. ვცხოვრობდით უნივერსიტეტის საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულზე. ცალკე ოთახში, ერთ პატარა ლოგინზე მე და ლიას გვეძინა. გოგასთვის ლოგინი არ გვქონდა. სამი სკამი ერთად დავუდგით და დავაწვინეთ. საერთოდ, ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია და გული მწყდება, რომ თავის დროზე ბევრი ცნობილი პიროვნება არ გადავიღე და მათ შორის ის, თუ როგორ ეძინა თვეების გიორგის სკამებზე.

ცოლი ყველას უყვარს, მაგრამ მე მას მაინც, განსაკუთრებულად ვიხსენებ. ფიცხი ვარ და ლია მეუბნებოდა, გურული რომ ხარ, იმიტომო. თვითონ მშვიდი იყო. არაჩვეულებრივი დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან. ლამაზთან ერთად, უაღრესად განათლებული პიროვნება იყო. ღმერთმა შეგვახვედრა ერთმანეთს, ერთნაირი ფსიქოლოგიის იდეოლოგიის ადამიანები და ერთმანეთს ვავსებდით", - ასე იხსენებდა მეუღლეს 80 წლის ჯუმბერ ლომინაძე. ის ამ ასაკშიც კი ძველებური შემართებით მუშაობდა. წლოვანებაზე საუბარი არ უყვარდა და ამბობდა, - მთავარია, გული 40-50 წლის კაცივით მაქვსო. ყოველთვის აქტიური იყო. კლასიკა და ჯაზი იტაცებდა, ბევრი ფოკუსი იცოდა და ამ ხელოვნებით ბევრს აოცებდა. მის ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა ფოტოხელოვნებას. თვითონაც იღებდა. თავისი პორტრეტებიდან კი მინდია მიდელაშვილის გადაღებული ორი სურათი განსაკუთრებით მოსწონდა. მეუღლის და მასთან გადაღებულ ფოტოებს გამორჩეულად უფრთხილდებოდა.
ჯუმბერ ლომინაძე მაშინდელ მე-5, ამჟამად კი 55-ე სკოლაში სწავლობდა. მისი მშობლები: ქეთევან კალანდაძე და გიორგი ლომინაძე განათლებით ფინანსისტები იყვნენ. ორივემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და ერთმანეთიც იქ გაიცნეს. ვინაიდან ერთხანს გიორგი რაჭაში მუშაობდა, ჯუმბერმა ბავშვობა სოფელ ღებში გაატარა. შემდეგ ოჯახი თბილისში, ატენის ქუჩაზე დასახლდა.
GzaPress
"სულ ვამაყობ და ხშირად ვამბობ, რომ ქუჩაში გავიზარდე. რა თქმა უნდა, მაშინ ქუჩა სულ სხვა იყო, მეტი მეგობრობა და სიყვარული გვქონდა ერთმანეთის მიმართ. ჩვენ არ ვიყავით განებივრებული ტელევიზორითა და კომპიუტერით. ჩვენი გართობა სხვადასხვა თამაში იყო. პირველად ველოსიპედზე რომ დავჯექი, ძალიან გამიხარდა. ერთ რუს ბიჭს ჰყავდა და რომ ეთხოვებინა, ფული უნდა გადაგეხადა. ისეთი უნამუსო იყო, ველოსიპედს სამი წუთით საკმაოდ დიდ თანხად აქირავებდა. ფული რომ არ გვქონდა, ერთხელ სახლიდან მძივიც კი გავიტანე.
ბავშვური თავისებური ეშმაკობები ყველას აქვს და ბუნებრივია ეს. ერთხელ, მეორე კლასში ვიყავი, როცა სახლში საახალწლო ნაძვის ხეს ცეცხლი წაეკიდა. შემოცვივდა ყველა და მე ამ დროს ვყვიროდი: "პაჟარ, პაჟარ" და კარგია-მეთქი! დაურეკეს სახანძროს და მე კიდევ, ვეხვეწებოდი, - გთხოვთ, ცეცხლი არ ჩააქროთ-მეთქი.
ბავშვობაში ძალიან მიყვარდა: ლახტი, კოჭობანა, "პერობანა", "შახ კარ მან", "გრძელი ვირიც". საერთოდ, ბუნებით ემოციური და აზარტული ვარ. ჩემი ცხონებული მეუღლე ამბობდა ხოლმე, - ამხელა კაცი ბავშვივით ხარ, სულ თამაში გინდაო".
სკოლაში სასულე ორკესტრის წევრი იყო, კლარნეტზე უკრავდა. ჯერ თბილისის უნივერსიტეტში ჩააბარა, შემდეგ კი მოსკოვში გადავიდა სასწავლებლად. ფიზიკა ბავშვობიდან იტაცებდა. პატარა იყო, როცა მამამ მიუტანა წიგნი - "ატომური ენერგია სამხედრო მიზნებისთვის", სადაც აღწერილი იყო ატომური ბომბის აფეთქება. წიგნმა მასზე იმხელა გავლენა მოახდინა, რომ საბოლოოდ გადაწყვიტა მისი პროფესიული ბედი. მაშინ ვერ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ ჩელიაბინსკში ბირთვული იარაღის კვლევის ცენტრში მუშაობა მოუწევდა. იქ მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გაანაწილეს და შერჩეულ 11 კაცს შორის, ერთადერთი ქართველი იყო.
"იმ დროს ლია სწავლობდა, ბავშვი თბილისში გავგზავნეთ. ლიამ მითხრა, უშენოდ არ შემიძლია და შენთან უნდა ჩამოვიდეო. რას ამბობ, გიჟი ხომ არ ხარ, მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობ და გინდა, აქ გადმოხვიდე-მეთქი? მაშინ ეს გადავაფიქრებინე, მაგრამ შემდეგ მაინც ჩამოვიდა განაწილებით. იქ პედიატრად მუშაობდა და ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა. სამი წელი ვიმუშავეთ და შემდეგ საქართველოში გადმოვედით".

ჩელიაბინსკიდან დაბრუნებულმა მუშაობა ფიზიკის ინსტიტუტში დაიწყო, სადაც ჯერ მეცნიერ-თანამშრომელი იყო და მერე სწავლული მდივანი გახდა. 250-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორმა მეცნიერებათა აკადემიაში მუშაობა 1974 წელს დაიწყო, სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ კი, აბასთუმნის ობსერვატორიაში ევგენი ხარაძესთან გადაინაცვლა. ხარაძე 60 წლის განმავლობაში ობსერვატორიის დირექტორი გახლდათ და როცა მან თავისი ადგილი ჯუმბერ ლომინაძეს შესთავაზა, ეს მისთვის დიდი პატივი აღმოჩნდა. 1997-2000 წლებში ჯუმბერ ლომინაძე საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თავმჯდომარეობდა და მაშინ ყველაზე მეტად მოექცა ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
ჯუმბერ ლომინაძის მეუღლე 1999 წლის 1-ლ სექტემბერს გარდაიცვალა. ეს ქმრისთვის დიდი ტრაგედია იყო. ლიას ბევრი ფოტო ჰქონდა გადაღებული და ფიზიკოსი მათი ხშირი დათვალიერებით ცდილობდა, რამენაირად შეევსო ცხოვრება მეორე ნახევრის დაკარგვის შემდეგ. თავად 83 წლისა გარდაიცვალა... 20 სექტემბერი ჯუმბერ ლომინაძის დაბადების დღეა...


ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი შეს­წავ­ლა მა­ინ­ტე­რე­სებს"
რით გა­აკ­ვირ­ვა ნი­კო­ლოზ ლაგ­ვი­ლა­ვამ მექ­სი­კე­ლი კო­ლე­გა
სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა კარ­გად შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს კო­ო­პე­რა­ცი­ის გზით
მე­გობ­რებ­მა მავ­თუ­ლის ღო­ბე გა­არ­ღ­ვი­ეს, შვლებს და­უ­ცაცხა­ნეს და მდი­ნა­რის სა­ნა­პი­როს­კენ გა­უშ­ვეს
"ამ ქა­ლაქ­ში პირ­ვე­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე­ე­ბი მე და ჩე­მი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბი ვი­ყა­ვით"
პირად ცხოვრებაში შეცდომები მაქვს, რადგან მეგონა, სულ ლამაზი, ახალგაზრდა, კარგ ხასიათზე მყოფი ვიქნებოდი...
ადამიანური ცოდვებით მოსარგებლე ხელისუფლება, ეკლესია და თავდახრილი საზოგადოება
მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნის ასა­გე­ბად, სა­ჭი­რო იყო პრაქ­ტი­კუ­ლად მთლი­ა­ნად და­ენ­გ­რი­ათ ძვე­ლი სტა­დი­ო­ნი
კვირის სიახლეები
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
3 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
რო­გო­რი იქ­ნე­ბა ოქ­ტომ­ბე­რი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
სულ მა­ლე შე­მოდ­გო­მის მე­ო­რე თვე, ყვე­ლა­ზე ფე­რა­დი და მდიდ­რუ­ლი ოქ­ტომ­ბე­რი შე­ვა ძა­ლა­ში.
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
1 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
14 კომენტარი
რო­გორ აშენ­და "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი?
თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნის ასა­გე­ბად, სა­ჭი­რო იყო პრაქ­ტი­კუ­ლად მთლი­ა­ნად და­ენ­გ­რი­ათ ძვე­ლი სტა­დი­ო­ნი
7 კომენტარი
"სიყვარული ყველა ეტაპზე სხვადასხვანაირი და სხვადასხვა ფერია"
დავიწყებული პირველი პაემანი და კარგად გამოყენებული ცხოვრებისეული შანსი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.