როგორ ცხოვრობდნენ "ვაკელი ლტოლვილები" - გივი თუშიშვილი და ოთარ რამიშვილი
font-large font-small
როგორ ცხოვრობდნენ "ვაკელი ლტოლვილები" - გივი თუშიშვილი და ოთარ რამიშვილი
"უსახური სახლებით გადაივსო თბილისი"



გივი თუშიშვილი ქალაქის კოლორიტი, არაერთი მუზის მსახური: მეცნიერი, გამომგონებელი, პუბლიცისტი, პოეტი და მუსიკოსი გახლდათ, მაგრამ რაც მთავარია, ყველა საქმეს დიდი სიყვარულითა და ხალისით აკეთებდა. ის ღირსეული თბილისელი იყო - ალალი, წესიერი, შეყვარებული თავის ქვეყანაზე, ქალაქზე, მეგობრებზე, ლაღი და ხალასი იუმორით აღსავსე. როგორც მისი ახლობლები და მეგობრები ამბობენ, მასთან ყოფნა დღესასწაულს უდრიდა, წუთითაც არ მოგცემდა მოწყენის საშუალებას; მეგობრების სული და გული გახლდათ და ამიტომაც აღნიშნავენ, რომ ის იყო კაცი, რომელიც დააკლდა არა მარტო ახლობლებს, არამედ თბილისს...

დალი თუშიშვილისთვის ერთადერთი ძმის ტრაგიკულად გარდაცვალება ცხადია, დღემდე მტკივნეულია. ის სინანულით ამბობს, რომ გივისნაირ ადამიანებს საზოგადოება მალე ივიწყებს. ქალბატონ დალის შინ ვესტუმრე და დიდხანს ვისაუბრეთ გივი თუშიშვილის მრავალმხრივ შემოქმედებასა და მათ ოჯახზე.
- მამაჩემი - იროდიონ თუშიშვილი იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ლექტორი, პროფესორი და ერთ-ერთი კათედრის გამგე. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურ დარგში კითხულობდა ლექციებს, მთელი არსებით ხელოვანი იყო და არა მხოლოდ ის: დედა პროფესიით პროვიზორი, მაგრამ ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ. ბიძა - ნიკოლოზ თუშიშვილი შესანიშნავად მღეროდა. მამიდაჩემი - თამარ თუშიშვილი რუსთაველის თეატრის მსახიობი, ერთ-ერთი პირველი ლენინისორდენოსანი მსახიობი ქალი იყო. გარდა ამისა, მამაჩემის ძმის ცოლი გახლდათ ოპერის ცნობილი მომღერალი, სახალხო არტისტი ეკატერინე სოხაძე და ამიტომ, ჩვენს ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ კინოსა და თეატრის იმდროინდელი ლეგენდები, ცნობილი მხატვრები, პოეტები. ამან განაპირობა ჩემი ხელოვნებისადმი სიყვარული და პატარა წვლილი მეც შევიტანე ქართულ კინოხელოვნებაში - რამდენიმე ფილმში ვითამაშე, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ჩემს პროფესიას გავყევი - ვარ ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი.

- როგორც ჩანს, მასაც სწორედ ოჯახიდან გამოჰყვა ხელოვნების სიყვარული და შემოქმედებითი ნიჭი...

- რა თქმა უნდა, იმ გარემოს, რომელშიც იზრდები, დიდი მნიშვნელობა აქვს. მამა ცნობილი ორატორი და თამადა იყო. წერდა არაჩვეულებრივ სხარტულებსა და ლექსებს, რომლებიც წლების მანძილზე იბეჭდებოდა გაზეთ "კომუნისტსა" და "სოფლის ცხოვრებაში". გივის ალბათ მამისგან გამოჰყვა ლექსების წერის ნიჭი. რაც შეეხება მუსიკალურ მხარეს, ოჯახში პროფესიონალი მუსიკოსი არავინ გვყოლია, თუმცა დედის მხრიდან ბებიაც კარგად მღეროდა და დეიდაც. გივი იყო ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თავის დარგში არაერთი უნიკალური გამოგონება ჰქონდა, წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს პატენტმცოდნეობის დარგში, მაგრამ ამის მიუხედავად, მუსიკა მისთვის ყველაფერი იყო. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დაინტერესდა გიტარით და თანაც ისე, რომ ძალიან მალე თავისი დროის ერთ-ერთი პირველი კლასიკოსი გიტარისტი გახდა. თვითნასწავლი იყო, ფანატიკურად შეყვარებული ამ საკრავზე. ასეთი ლექსიც კი მიუძღვნა: "ჩემი ცხოვრების თანაზიარო,/ გულში ისარი ვინ გაგიტარა;/ საოცრად თბილო, დაფნისგან ქმნილო,/ სათუთად თლილო ჩემო გიტარა!/ ვინ მოგაპკურა ცრემლი ურიცხვი,/ ტრფობის ისარი ვინ გაგიტარა,/ ქართული სუფრის დასამშვენებლად,/ მუდამ გემღეროს, ჩემო გიტარა!"

გივი დაინტერესებული იყო გიტარის ისტორიით. მისი წარმოშობისა და განვითარების შესახებ წიგნიც გამოსცა. ასევე, იყო ავტორი გიტარის თვითმასწავლებლისა. კონსერვატორიასთან არსებული საგიტარო კლასი დააარსა და პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა, გარდა ამისა, ასწავლიდა სხვადასხვა მუსიკალურ სკოლაში. მისი მოწაფეები იყვნენ ძმები კვარაცხელიებიც, რომლებიც ამჟამად უცხოეთში მოღვაწეობენ და ცნობილი გიტარისტები არიან. ასწავლიდა სუფრულ, ქალაქურ სიმღერებსა და კლასიკურ მელოდიებს, განსაკუთრებით უყვარდა ესპანური ფლამენგო და საოცრად ასრულებდა. მეგობრობდა და თანამშრომლობდა ცნობილ მუსიკოსებთან და მომღერლებთან.

- როგორც ვიცი, ოთარ რამიშვილთანაც მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა, არა?

- ერთხანს ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა ოთარი, მეგობრობდნენ კიდეც და შემოქმედებითი თვალსაზრისითაც ორივეს ერთნაირი ხაზი ჰქონდა, იუმორისტული განხრით. ხალხში პოპულარული ბევრი სიმღერა სწორედ ჩემი ძმის ტექსტებზეა შექმნილი და ბევრმა ეს არც იცის. საოცრად უკრავდნენ დუეტში. მათ მოსმენას არაფერი სჯობდა. გივის არაერთი ხალასი და სასიამოვნო მოგონება აკავშირებდა ოთართან. მახსოვს, სულ ჰყვებოდა ხოლმე მის ენამოსწრებულობასა და იუმორზე. ოთარი ლექსების კრებულს ამზადებდა გამოსაცემად და თურმე, რამდენიმე ცნობილ პოეტს წააკითხა. ერთ-ერთს დაუწუნია: შენს ლექსებს ცოტა ფორმა აკლიაო. - ფორმა რა, პოლიციელიაო? - განაწყენებულა მომღერალი. ერთხელ ქუჩაში შეხვედრია ახალგათხოვილი ნაცნობი გოგონა. ოთარს მიულოცია გაბედნიერება და თან, ეშმაკურად უკითხავს: აბა, ხომ კარგი ყოფილა ქმარიო? - ქმარი კია კარგი, მაგრამ ჩემთვის და ჩემი დედამთილისთვის ერთი სამზარეულო ცოტა ვიწროაო, - უპასუხია პატარძალს. - შვილო, ერთ კამერაში სამოცი პატიმარი ეტევა და ორი ქალი ერთ "კუხნაში" როგორ ვერ დაეტიეთო? - მოუჭრია ოთარს. ვინ მოსთვლის, რამდენ ასეთ ამბავს ჰყვებოდნენ ერთად ყოფნისას. გივიმაც და ოთარმაც 90-იან წლებში ერთსა და იმავე პერიოდში გაყიდეს სახლები: ოთარი საბურთალოზე დასახლდა, გივი - დიდუბეში. ეს ამბავიც გალექსა ჩემმა ძმამ: "არასოდეს გვქონია,/ კოშკები და ვილები,/ რაც გაგვაჩნდა, გავყიდეთ,/ დავასახლეთ შვილები./ ჩვენ რა დაგვრჩა? ყუთივით,/ ვაგონივით ბინები,/ მაგრამ მაინც მაგრად ვართ,/ ვაკელი ლტოლვილები". აი, ასეთი იყო გივი, არასასურველ ამბავშიც კი პოზიტივი შეჰქონდა...

- გივი აკომპანემენტს უკეთებდა არაერთ ცნობილ მომღერალს, მათ შორის, თამარ იშხნელსაც. რას გაიხსენებდით ამის შესახებ?

- ძალიან დაახლოვდა თამარ იშხნელთან, რომელიც შეყვარებული იყო გივიზე. გივიმ წიგნიც კი გამოსცა დები იშხნელების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე - "მთვარის ჩრდილებში". მე კარგად მახსოვს, როგორ იხსენებდა თამარ იშხნელთან შეხვედრის დღეს. თურმე გივი შინ ესტუმრა მომღერალს, დებ იშხნელებზე მასალის მოსამზადებლად (ის სხვადასხვა ჟურნალთანაც თანამშრომლობდა). მასპინძელს სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან მიუწვევია. თვითონ თამადობდა თურმე სუფრას და დროდადრო, გიტარის თანხლებით ძველებურ სიმღერებსაც ღიღინებდა. გივის ვერ მოუთმენია, მეორე გიტარა აუღია და თავდაპირველად სხვადასხვა უცხოური კლასიკური პიესიდან შეუსრულებია ნაწყვეტები, შემდეგ კი მასპინძლის თხოვნით, - "სულიკოს" ვარიაციებიც. თამარ იშხნელი ამღერებულა და გივისთვის უთხოვია, ამყევიო. გივიმ თურმე, იუარა: რას ბრძანებთ, ქალბატონო თამარ, თქვენთან ერთად როგორ ვიმღერებო? - როგორ, გენაცვალე, ჩემთან ვანო სარაჯიშვილი არ თაკილობდა სიმღერას და შენ არ კადრულობო?!

- ცინუკი დადიანს - რესპუბლიკის დამსახურებულ არტისტს, რომანსებისა და ქალაქური სიმღერების შემსრულებელსაც უწევდა აკომპანემენტს, ხომ?

- დიახ, ხშირად გამოდიოდა კონცერტებსა და სალონურ საღამოებზე ცინუკი დადიანთან ერთად. ცინუკი უბადლოდ ასრულებდა ქართულ საესტრადო და ქალაქურ სიმღერებს, რუსულ და ბოშურ რომანსებს. ის წარმოშობით მარტვილის რაიონის სოფელ ბანძიდან იყო და თავისი კუთხის დიდი პატრიოტიც ყოფილა. ამასთან დაკავშირებით გივი ხშირად იხსენებდა ერთ ამბავს: თურმე პარიზში ყოფნისას, კონცერტის შემდეგ კორესპონდენტის შეკითხვაზე: თქვენ თბილისიდან ბრძანდებითო? ქალბატონ ცინუკის ფრანგულად უპასუხია: "ო, არა, მადამ, საქართველოს უდიდეს და ულამაზეს ქალაქ ბანძიდან ვარ". პირველი შეხვედრისას გივისთვის გვარი უკითხავს და უთქვამს: ხშირად მეუბნებიან, შენი ხმა გიტარას ძალიან მოუხდებაო და გიტარისტიც შემომთავაზეს, ვინმე სარქისოვი, მაგრამ როგორ ფიქრობთ, დადიანის ქალი სცენაზე სარქისოვთან ერთად გამოვალო? GzaPress

- ხალისითა და იუმორით სავსე იყო თვითონაც (გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე ჩავწერე რუბრიკაში "კოლორიტი") და მისი სატირული პოეზიაც: სინამდვილის, რეალობის უარყოფით ბუნებას სიცილით ამხელდა...

- გივი მართლაც უსაზღვრო და ამოუწურავი იუმორის გრძნობით იყო დაჯილდოებული. წერდა იუმორისტულ ლექსებსა და მოთხრობებს, სხარტულებს, რითიც ეხმაურებოდა იმდროინდელ პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებს. გახსოვთ ალბათ, 1990-2000 წლებში რა დუხჭირი ცხოვრება იყო. კორუფცია, უხელფასობა და უმუშევრობა ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა. გივიმ ასეთი ლექსი დაწერა: "ალალი და ალალ მაქო,/ თვეში ოცი ლარი მაქო,/ არც რა დამრჩა გასაყიდი,/ აღარც დანაზოგი მაქო,/ მრავალი მუზის მსახურსა,/ შინ ბარაქა არა მაქო,/ უვიცს, უღირსს, უვარგისს კი/ სალაფავი ბლომად აქო./ ყაჩაღს ურიცხვი სიმდიდრე,/ ალალს არაფერი აქო./ ასეთ დღეში მარტო არ ვარ,/ სხვაც ბევრია, ჩემო მაქო./ ჰოდა, მითხარ, ამის შემდეგ,/ ჩვენი ყოფა როგორ ვაქო?/ რომ მშრომელს და პატიოსანს/ ალალი ლუკმა არ აქო,/ ბანდიტებს კი ეს ქვეყანა/ ასე გააქ-გამოაქო?!" მაშინდელი ინტელიგენციის მძიმე მდგომარეობასა და კორუმპირებულ მთავრობაზე წერს ლექსში: "პურის ყუას წყალს აყოლებს,/ მეცნიერი ჩინებული:/ ოდეს ქონში, საკუთარში/ ცურავს კორუმპირებული!/ "კრიშებსა" და ჩინოსნებში/ წესადაა მიღებული:/ კორუფციას "ასამარებს"/ ყველა კორუმპირებული!" ან გავიხსენებ ლექსს მაშინდელ თბილისზე და თუ არ მოგაგონებთ დღევანდელ სიტუაციას, ვნახოთ: "მათხოვრებით აივსო ირგვლივ არემარე,/ ჟღერს ერთი და იგივე: "ძია, დამეხმარე!"/ ამ პატარებს სირცხვილით, ვერსად დავემალე,/ საითაც კი გაუხვევ, ისმის: "დამეხმარე!" ან კიდევ: "მთელ მსოფლიოს გადასცემს, უცხოური "ბიბისი",/ რომ დღეს კრიმინალებით გადაივსო თბილისი./ დაიკარგა ზნეობა, ნამუსი და სინდისი,/ მეძავ-ნარკომანებით გადაივსო თბილისი!/ ბაირამობს მაფია სატყუარა თილისმით,/ უსახური სახლებით გადაივსო თბილისი!" გივის პოეზიიდან, სამწუხაროდ, ბევრი რამ დღესაც გენიშნება კაცს და ის პრობლემები დღესაც აქტუალურია...

- როდესაც გიტარის პედაგოგი იყო, თავისივე დამზადებული სავიზიტო ბარათი ჰქონდა, ისიც - საოცარი იუმორით გაჯერებული.

- დიახ, შემონახული მაქვს და გაჩვენებთ. ეს იყო დაახლოებით 2000-2003 წლები. ასეთი ტექსტი ამოაბეჭდვინა: "თმა-შევერცხლილი, ჯიბე-შეკვეცილი, ბიუჯეტ-შეკვესტრილი, ხელფას-გაყინული, დაჩა-გაყიდული, ანაბარ-დაყაჩაღებული, რაც დარჩა-გაპარტახებული, გიტრიკოს-ღვინიკოსი, ხინკლიკოს-პივიკოსი, ლირიკოს-კრიტიკოსი, სატირიკოს-შაყირიკოსი, საქართველოს ეროვნულ და განათლების მეცნიერებათა აკადემიების უკაპეიკო და უსკამეიკო აკადემიკოსი გივი თუშიშვილი. მობილური, ანუ ფიჭურ-პუჭურა არ გააჩნია". ასეთი იყო მაშინდელი საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის ყოფა-ცხოვრების რეალური სურათი. გივის კი ჰქონდა იმის ძალა და ნიჭი, რომ ასეთი მძიმე მდგომარეობა ასე მსუბუქად აღექვა.

- იუმორით უყურებდა ახლობ­ლების მცდელობებსაც, მისთვის ვინმე გაერიგებინათ...

- (იცინის) გადანახულებებს გულისხმობთ, ხომ? მართლაც, ხშირად ხდებოდა ასეთი შემთხვევები და გივისაც ხუმრობის მიზეზი მიეცემოდა ხოლმე. ერთხელ, ერთ სუფრაზე სამი საპატარძლო დაუხვედრებიათ და როგორც მერე თვითონ ხუმრობდა: ერთი ენაბლუ იყო, მეორე შეუხედავი და მესამე, სახელად ნატო, მათთან შედარებით - ანგელოზი. ჰოდა, ექსპრომტად ლექსიც მივუძღვენიო: "ჩემო ლამაზო ნატო,/ ჩემო ღმერთო და ხატო,/ ჭკუა-გონებით კანტო,/ ლალო და ბრილიანტო./ თუმც კენტად კი ვარ, მარტო,/ ვით სულ-ობოლი ტატო,/ არ გამაჩნია ავტო,/ ვერ მიყიდია პალტო,/ მაგრამ, ძვირფასო ნატო,/ ძლიერ მომწონხარ "ზატო". საერთოდ, ქალის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავდა. რაც შეეხება გივის ოჯახს, მას ორი შესანიშნავი ვაჟი ჰყავს: ირაკლი და გიორგი თუშიშვილები, რომელთაგან არც ერთი არ გაჰყოლია მამის კვალს.


- ის ცნობილი თამადა იყო და ყველა სადღეგრძელოს საკუთარი ლექსით ამშვენებდა. გამორჩეულად თუ უყვარდა რომელიმე სადღეგრძელოს თქმა?

- გივის აღებული აქვს "წლის საუკეთესო თამადის" ტიტული. მახსოვს, ტიკიც კი აჩუქეს. იმდენად ხალისიანი და ენამჭევრი იყო, რომ სულ ვიღაც აკითხავდა და სუფრის გაძღოლას სთხოვდა. სუფრა ისე მიჰყავდა, ვერავინ ვერც ჭამდა და ვერც სვამდა, ყველა სიცილით იხოცებოდა... ზოგჯერ სუფრასთან მსხდომი მისი მეგობრები სიცილ-ტირილით იგონებენ ხოლმე გივის კურიოზებს. საერთოდ, ყველა სადღეგრძელოს ლექსად ამბობდა, მაგრამ წინაპრებს განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებდა და წასულების სადღეგრძელოს საკუთარი ლექსით ამბობდა: "ღმერთო, ნათელში ამყოფე წასული ახლობლებია,/ წინაპრები და მშობლები, ნათესავ-ნაცნობებია./ უდროონიც და დროულნიც, მეზობელ-მეგობრებია,/ ყველა, ვინც ჩვენის ხელიდან ხსოვნა-შენდობას ელიან./ შენ გაანათლე, უფალო, იმ ხალხის წმინდა სულები,/ რომელთა გარდაცვალებამ ძლიერ დაგვწყვიტა გულები".

გივი 56 წლის ასაკში, საკუთარ სახლში ტრაგიკულად დაიღუპა, ის მაგიდასთან იჯდა და ლექსს წერდა, შუაზე ჰქონდა სტრიქონი გაწყვეტილი... არადა, რამდენი გეგმა ჰქონდა, რამდენი რამის გაკეთებას აპირებდა. მუშაობდა წიგნზე "მომყევით, თუშის შვილებო", რომელშიც საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის, თუშეთის შესახებ მოგვითხრობდა ისტორიულ, საარქივო-დოკუმენტურ და ზეპირსიტყვიერ წყაროებზე დაყრდნობით. ეს წიგნი ოჯახის წევრთა ხელშეწყობით, მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა. სხვათა შორის, პირველ ნოემბერს 70 წლის გახდებოდა. გივის დაბადების დღე მის გარეშე, ჩემთვის ძალზე მტკივნეულია...


ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
09.11.2017
ძალიან კარგი სტატიაა,ოღონდ ერთი უზუსტობა:ცინუკი დადიანი მარტვილის რ-ნი სოფ. ჯოლევიდან იყო.ამჯამად დაკრძალულია კუკიის წმ.ნინოს სახელობის ტაძრის ეზოში.
G-ordi
02.11.2017
თავის სახლში, თავის საწერ მაგიდასთან ტრაგიკულად(!) როგორ დაიღუპა?..
?! :(
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვეცადეთ, ამ დღისთვის სპექტაკლი დაგვედგა, შემდეგ კი იმ მსახიობების ვარსკვლავები გავხსენით, ვინც თეატრი დააფუძნა
წარმოდგენა მხიარულად და დინამიკურად მიდის
ყველაზე დაბალი ტემპერატურა - მინუს 24 გრადუსი თბილისში 1883 წელს აღინიშნა
ეს თან­ხე­ბი ისევ ბა­ღის მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი
"მამამ მითხ­რა, რომ თუ ეს ჩე­მი მი­ზა­ნი იყო, უნ­და დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი და მებ­რ­ძო­ლა. მის­მა სიტყ­ვებ­მა ჩემ­ზე, ძა­ლი­ან იმოქ­მე­და"
დაბრკოლებები ჰერეთის გზაზე და შეხვედრა ადგილობრივ ქართველებთან
"ის ცდილობდა, ჩემში ენთუზიაზმი ჩაეკლა და მეუბნებოდა, რომ ვერასოდეს ჩავაბარებდი კონსერვატორიაში"
სახლში მეუბნებოდნენ, - ისეთი "როჟა" გაქვს, შენგან რა გამოვა, კაცმა არ იცისო
"ვერაფერი გავიგე... სოფოს არ მიუცია ხმა, თამრიკო სხვიტარიძეს არ მიუცია ხმა... ვინმემ ჯადოსნური ჯოხი მოიქნია?"
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.