ავთო ვარსიმაშვილმა ვახტანგოვის თეატრში სპექტაკლი დადგა
font-large font-small
ავთო ვარსიმაშვილმა ვახტანგოვის თეატრში სპექტაკლი დადგა
"პრემიერის მეორე დღესვე 17 აღფრთოვანებული შინაარსის რეცენზია დაიწერა"


გრიბოედოვის თეატრისთვის მიმდინარე შემოდგომა საკმაოდ წარმატებულია - ის პირველი რუსული თეატრია, რომელიც ფესტივალმა "ბალტიური სახლი" (თავის 26-წლიანი ისტორიის მანძილზე) მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ფესტივალზე ნაჩვენებ 17 სპექტაკლს შორის, ავთო ვარსიმაშვილი სპექტაკლით - "ალჟირით" წარდგა. სულ ოთხი პრიზი გაიცა და მათ შორის, მცირე ზომის სპექტაკლებში "ალჟირი" გახდა გამარჯვებული. 13-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლით "ხოლსტომერი. ცხენის ამბავი" საგასტროლო ტურნეში ურალის ოთხ ქალაქში: ეკატერინბურგში, კურგანში, ჩელიაბინსკსა და მაგნიტოგორსკში იმყოფებოდა. გრიბოედოვის თეატრის გასტროლები სრული ანშლაგებით წარიმართა და სპექტაკლს ექვსი ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო.
მანამდე კი, 6-7 და 24 ოქტომბერს მოსკოვში, ევგენი ვახტანგოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლის - "რიჩარდ III"-ის პრემიერა გაიმართა. ავთო ვარსიმაშვილთან შეხვედრისას, ამ თემებთან ერთად, თბილისში არსებულ გრიბოედოვისა და თავისუფალ თეატრებზეც ვისაუბრეთ, რომელშიც ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოების გამო, სპექტაკლები არ იმართება.

- ბატონო ავთო, როგორც ვიცი, ვახტანგოვის თეატრში მისი ხელმძღვანელის - რიმას ტუმინასის მიწვევით დადგით "რიჩარდ III". როდის დაიგეგმა მოსკოვში სპექტაკლის დადგმა?

- ტუმინასს დიდი ხანია, ვიცნობ და მისგან მოწვევა სამი წლის წინაც მქონდა, მაგრამ ეს პროექტი მაშინ არ შედგა. შარშან რიმას ტუმინასი თბილისში, გრიბოედოვის თეატრში დაესწრო ჩემს სპექტაკლს - "რევიზორი", რის შემდეგაც უკვე კიდევ ერთხელ და დაჟინებით შემომთავაზა ვახტანგოვის თეატრში სპექტაკლის დადგმა. უარი აღარ მითქვამს და გავემგზავრე. ვთვლი, რომ ვახტანგოვის თეატრში სპექტაკლის დადგმა გარკვეულწილად, პატივიცაა, მით უმეტეს, როცა საუბარია "რიჩარდ III"-ზე.
GzaPress
- ამ პიესაზე არჩევანი თქვენ შეაჩერეთ?

- თავდაპირველად "კავკასიური ცარცის წრის" დადგმას ვგეგმავდი, სადაც აზდაკის როლს სერგეი მაკავეცკი შეასრულებდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ დიდ წინააღმდეგობას წავაწყდით ბრეხტის ოჯახთან. მისმა მემკვიდრეებმა კატეგორიულად მომთხოვეს იმ მუსიკის გამოყენება, რომელიც თავის დროზე ბრეხტს ჰქონდა, რაზეც არ დავთანხმდი. ამიტომ ეს პროექტი არ შედგა. ამის შემდეგ არჩევანი "რიჩარდ III"-ზე შევაჩერე. თან, მანამდე ვახტანგოვის თეატრში ეს წარმოდგენა თითქმის 20 წლის განმავლობაში იყო რეპერტუარში და მათთვის საკულტო სპექტაკლია. რეპეტიციები შარშან დავიწყე, რადგან ჩემი მიზეზით წყვეტა ხშირად იყო. გადაბმულად ერთი თვე ვიმუშავე, მერე პრაქტიკულად სულ შევცვალე მთელი შემადგენლობა და ისე გამოვიდა, რომ პრემიერაზე პირველი ვარიანტიდან მხოლოდ 2 მსახიობი იყო. როცა სპექტაკლს იმ დასთან დგამ, რომელსაც არ იცნობ და არ გიცნობენ, დიდია საშიშროება, რომ გაუგებრობა და უთანხმოება წარმოიშვას. ასეც მოხდა - რაღაცებში არ გვესმოდა ერთმანეთის. მუშაობის პროცესში, გვარებს არ დავასახელებ, საკმაოდ ცნობილ მსახიობებთან თანამშრომლობაზე უარი ვთქვი და მათი შეცვლა მოგვიხდა. ტუმინასი ყოველთვის მხარს მიჭერდა და მეგობრული თანამშრომლობით შევკრიბეთ სპექტაკლის არსებული შემადგენლობა. მე და ტუმინასი რისკზე წავედით, როცა გადავწყვიტეთ, რომ რიჩარდ III-ის ამხელა როლი და თან, ასეთ დიდ თეატრში ახალგაზრდა მაქსიმ სევრინოვსკის უნდა ეთამაშა, მაგრამ ამ ნაბიჯმა გაამართლა. ვფიქრობ, ის რუსული თეატრის ვარსკვლავი გახდება. ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ სპექტაკლის პრესჩვენებაზე 75 ჟურნალისტი მოვიდა. ქართველები ამას მიუჩვევლები ვართ და როცა ამდენი რადიოს, პრესისა თუ ტელევიზიის ჟურნალისტი დავინახე, რასაკვირველია, მესიამოვნა. შემდეგ მათთან საინტერესო საუბარი გვქონდა. ასევე, გასაოცარი იყო ჩემთვის, რასაც სამწუხაროდ აქ არ ვართ შეჩვეულები, რომ პრემიერის მეორე დღეს 17 რეცენზია დაიწერა.

GzaPress
- ერთი ის, რომ ჩვენგან განსხვავებით დიდი ქვეყანაა, მეორე - ასპარეზიც აქვთ და მესამე - თეატრისადმი ინტერესი გაცილებით დიდია...

- რა თქმა უნდა, იქ ძალიან უყვართ თეატრი. ამიტომ ვამბობ, სამწუხაროდ-მეთქი... 17-ვე რეცენზია "აღფრთოვანების ტონებშია" დაწერილი. ჯერ ერთი კრიტიკული შენიშვნა ვერ წავიკითხე. ალბათ, რეცენზიები მომავალშიც დაიწერება და შეიძლება იყოს კრიტიკული სიტყვაც, მაგრამ ამ ეტაპზე, რაც არსებობს, მხოლოდ აღმატებულ ხარისხშია ყველა რეცენზია (ბატონმა ავთომ რეცენზიების ნაწილი გამომატანა, რომლის გაცნობის შემდეგაც, ამ ფაქტს ვადასტურებ. - ავტ.). იანვრამდე ყველა ბილეთი გაყიდულია. თეატრიც და რიმას ტუ­მინასიც შედეგით კმაყოფილია.

- ამ შედეგის შემდეგ, მომავალში კიდევ ერთი თანამშრომლობა ხომ არ დაიგეგმა?

- დიახ, ჯერ კიდევ "რიჩარდ III"-ზე რეპეტიციების პროცესში იყო წინადადებები და 2018 წელს ვახტანგოვის თეატრში კიდევ დავდგამ სპექტაკლს. თუ რას, უახლოეს მომავალში დავაზუსტებთ. წინადადებები იყო და მაქვს რამდენიმე სხვა ქვეყნიდანაც, მაგრამ ამას დიდი აჟიტირებით არ ვხვდები, მუდმივად საზღვარგარეთ მუშაობას არ ვაპირებ, რადგან აქ, გრიბოედოვის თეატრი და ჩემი თავისუფალი თეატრიც მაქვს. ამიტომ მირჩევნია, მომავალ წელს ვახტანგოვის თეატრის ერთგულად დავრჩე, იქ დავდგა. თან, უკვე დაწყებული მაქვს რეპეტიციები დანიაში, კოპენჰაგენის საქალაქო თეატრში, სადაც გოგოლის "შინელს" ვდგამ - პრემიერა 2018 წელს გაიმართება. ვახტანგოვისა და კოპენჰაგენის გარდა, უნდა დავდგა სპექტაკლები თბილისში, გრიბოედოვსა და თავისუფალ თეატრში და მეტს, ფიზიკურად ვერ მოვასწრებ.


- ბატონო ავთო, გრიბოედოვისა და თავისუფალ თეატრში რემონტის გამო შეფერხებულია მუშაობა. გახსნა როდის იგეგმება?

- ნოემბრის ბოლოს იგეგმება თბილისის სავაჭრო ცენტრის გახსნა. რემონტი უშუალოდ გრიბოედოვის თეატრში არ მიდის, მაგრამ ვინაიდან შენობაში შესასვლელი რუსთაველის გამზირიდან არის, თუ ცენტრის გახსნის დრომ არ გადაიწია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დეკემბრიდან აღვადგენთ სპექტაკლების ჩვენებას. ვინაიდან გრიბოედოვის თეატრი დეკემბერში გაიხსნება, პირველი პრემიერა საბავშვო საახალწლო დადგმით - "ნამცეცა" იქნება. სამომავლოდ, მე და გოგი მარგველაშვილს ჩაფიქრებული გვაქვს სპექტაკლი "გოგოლიადა". პირველი მოქმედების რეჟისორი გოგი იქნება და მასში შევა ნიკოლაი გოგოლის "შეშლილის წერილები", ხოლო მეორის - "შინელის" რეჟისორი მე ვიქნები. რაც შეეხება თავისუფალ თეატრს, მოხდა რეკონსტრუქცია. რეალურად, ახლიდან აშენდა თეატრი და ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

- სცენა და მაყურებელთა დარბაზი ხომ არ გაიზარდა
?
- რა თქმა უნდა. გავზარდეთ სცენა და დარბაზი 200 მაყურებელზეა გათვლილი. თავისუფალი თეატრის 17-ე სეზონის გახსნა 2 იანვარს გვაქვს დაგეგმილი. გვინდა, ახალ შენობაში ახალი შემადგენლობით წარმოვადგინოთ "კომედიანტები", რომლითაც წლების წინ გაიხსნა თავისუფალი თეატრი და როდესაც სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ნიკო გომელაური, რამაზ იოსელიანი, სლავა ნათენაძე. ამჯერად ახალ თაობას უნდა მივცეთ იმის საშუალება, იგივე გააკეთონ, რაც თავის დროზე ამ მსახიობებმა შეძლეს.

ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვეცადეთ, ამ დღისთვის სპექტაკლი დაგვედგა, შემდეგ კი იმ მსახიობების ვარსკვლავები გავხსენით, ვინც თეატრი დააფუძნა
წარმოდგენა მხიარულად და დინამიკურად მიდის
ყველაზე დაბალი ტემპერატურა - მინუს 24 გრადუსი თბილისში 1883 წელს აღინიშნა
ეს თან­ხე­ბი ისევ ბა­ღის მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი
"მამამ მითხ­რა, რომ თუ ეს ჩე­მი მი­ზა­ნი იყო, უნ­და დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი და მებ­რ­ძო­ლა. მის­მა სიტყ­ვებ­მა ჩემ­ზე, ძა­ლი­ან იმოქ­მე­და"
დაბრკოლებები ჰერეთის გზაზე და შეხვედრა ადგილობრივ ქართველებთან
"ის ცდილობდა, ჩემში ენთუზიაზმი ჩაეკლა და მეუბნებოდა, რომ ვერასოდეს ჩავაბარებდი კონსერვატორიაში"
სახლში მეუბნებოდნენ, - ისეთი "როჟა" გაქვს, შენგან რა გამოვა, კაცმა არ იცისო
"ვერაფერი გავიგე... სოფოს არ მიუცია ხმა, თამრიკო სხვიტარიძეს არ მიუცია ხმა... ვინმემ ჯადოსნური ჯოხი მოიქნია?"
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.