ქართველი ოპერის მომღერალი, ვისითაც ვაგნერის შვილიშვილი დაინტერესდა
font-large font-small
ქართველი ოპერის მომღერალი, ვისითაც ვაგნერის შვილიშვილი დაინტერესდა
"ოპერის სცენაზე ჩემი გამოსვლა ჯანსუღ კახიძემ ბიჭის დაბადებას შეადარა"


მსოფლიოს წამყვანი საოპერო სცენების ქართველი ვარსკვლავი, ალფრედო კრაუსის სკოლის წარმომადგენელი, ვალერიანო (ნუგზარ) გამგებელი, ათეული წლებია ესპანეთში ცხოვრობს. საოპერო სპექტაკლებში აქტიური მონაწილეობის გარდა, მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენს ქვეყანაში საოპერო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობაა. დროდადრო ის საქართველოს ახალ-ახალი იდეებით, პროექტებით სტუმრობს და მალე საკუთარ ქვეყანაში საცხოვრებლად დაბრუნებასაც გეგმავს. თბილისში ჩამოსულს, კონსერვატორიაში მასტერკლასის გამართვამდე შევხვდით და მისი ცხოვრების გზა მასთან ერთად "გავიარეთ"...


- ბატონო ნუგზარ, საერთაშორისო კონკურსებში თქვენი მონაწილეობა საქართველოში მეტად დაძაბულ პოლიტიკურ და სოციალურ ფონს დაემთხვა. როგორ მოახერხეთ ამ წრის გარღვევა?
- სხვათა შორის, პირველი ვიყავი საქართველოდან, ვინც დამოუკიდებლად გააღწია საერთაშორისო კონკურსზე. ამას ხელი, პირველ რიგში, საბჭოთა კავშირის დანგრევამ შეუწყო. წარმატებულ მცდელობამდე ორჯერ ჩამჭრეს. პირდაპირ მითხრეს, ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, რომ ქვეყნის გარეთ გახვიდეთო. დავბრუნდი და მუშაობა განვაგრძე. მოგვიანებით ბარსელონაში წავედი გრან-პრი მოვიპოვე, მადრიდში კი, ტენორების კონკურსში პირველი პრემია მივიღე. გავიმარჯვე იტალიაშიც, ბელინის საერთაშორისო კონკურსზე. ესპანეთში ჩემი დებიუტი 1997 წელს, ბიზეს "კარმენით" შედგა. ამ სპექტაკლს წილად უდიდესი წარმატება ხვდა.

- ცნობილია, რომ საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში აქტიურად ხართ ჩართული... კონკრეტულად, რა ნაბიჯებს დგამთ ამ მიზნით?

- ყოველი კონცერტის დაგეგმვისას ვცდილობთ ქართული მუსიკის, ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი. გარდა ამისა, ვმონაწილეობთ უამრავ საქველმოქმედო კონცერტში, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ. არსებობს ჩემი სახელობის ასოციაცია მადრიდში - "ვალერიანოს მეგობრები", რომელიც პერსპექტიულ მომღერლებს უწევს დახმარებას.

- მოგვიყევით, როგორ მიგიწვიათ ვაგნერის შვილიშვილმა...

- 1998 წელს ვაგნერის ფესტივალზე გავემგზავრე. როდესაც გუნდის დირიჟორმა, რობერტ ბალანშმა მომისმინა, თქვა, - ამ ადამიანს მხოლოდ გუნდში ვერ ჩავრიცხავთ, ვოლფგანგს უნდა მოვასმენინოთო. მეორე დღეს ვოლფგანგ ვაგნერმა მეუღლესთან ერთად მომისმინა და თქვა, წინასწარი კონტრაქტი მიეცით, ხელი მოაწეროსო. ხელფასი რომ დაენიშნათ, ამის გამო, გუნდშიც გამაფორმეს. დამინიშნეს პედაგოგი და სამთვიანი სტაჟირება გავიარე. მომდევნო წელს კვლავ უნდა მივსულიყავი მათთან, მაგრამ სამწუხაროდ, ვაგნერიც და მისი მეუღლეც გარდაიცვალნენ. შემდეგ გარკვეული სახის ინტრიგებისა და წინააღმდეგობის შედეგად, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. საერთოდ, ოპერის მომღერლისთვის ინტრიგების თემა საკმაოდ დიდ ბარიერს წარმოადგენს. ამ პრობლემამ ბევრი უძლიერესი მომღერალი ისე იმსხვერპლა, სცენაზე გასვლის საშუალებაც კი არ მიეცათ... ოთხი წელი ვისწავლე მეოცე საუკუნის რამდენიმე ლეგენდარულ ტენორს შორის ერთ-ერთ უდიდეს, ალფრედო კრაუსთან. მას ისეთი ტენორების გვერდით მოიხსენიებენ, როგორიც გახლავთ: პლასიდო დომინგო, ფრანკო კორელი, ხოსე კარერასი, ჯონ ვიკერსი, ლუჩანო პავაროტი. კრაუსი ამბობდა ხოლმე, - თუ ყველა ჩემი საუკეთესო სტუდენტი დიდ სცენაზე არ დგას, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ჩემი სტუდენტები ჰქვიათო. ეს მეტად ხმამაღალი და მამხილებელი განცხადებაა... სამწუხაროდ, მასავით გამორჩეულ ადამიანებსაც კი შეხებია ეს პრობლემა... სხვათა შორის, კერძო გაკვეთილი არასოდეს ჩაუტარებია, მე კი ოთხი წელი სრულიად უსასყიდლოდ მამეცადინა...

- საინტერესოა თქვენი დაბა­დების ადგილი - ზემოიმერეთი, საჩხერის რაიონის სოფელი ჭორვილა...

- დიახ, ჭორვილაში დავიბადე და გავიზარდე. მამას სამამულო ომი ჰქონდა გამოვლილი. მასწავლებელი, მუშა და პოეტი იყო. ომიდან 1941 წელს დაბრუნებულს, სახლ-კარი გაყიდული დახვდა. ქვემო ჭორვილაში, დედას ოჯახს ჩაესიძა. ორივე დედისერთა იყო, ამიტომ გადაწყვიტეს, ბევრი შვილი გაეჩინათ და მართლაც, ექვსი დედმამიშვილი ვართ. მამა მაშინდელი ლენინის მაღაროში მუშაობდა. პარალელურად, როგორც ლიტერატორი, სკოლაში ასწავლიდა. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე მაღალი შემოსავალი ჰქონდა, მაინც არაფერს გვაკლებდა. GzaPress

- და პირველი სწორედ მამა იყო, ვინც თქვენი განსაკუთრებული მონაცემი შენიშნა და დააფასა კიდეც...

- საწოლთან საგანგებოდ ჩამოფარებულ ფარდას ჩემი დები საზეიმოდ გახსნიდნენ, მეც თავმომწონედ გამოვიდოდი და ვმღეროდი... მაგიდის სუფრაზე ფორტეპიანოს კლავიშები მქონდა დახატული და მასზე "ვუკრავდი". მოგეხსენებათ, ფორტეპიანო მაშინ დიდი ფუფუნება იყო. მიუხედავად ამისა, მამამ 750 მანეთად, რომელიც იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა გახლდათ, ფორტეპიანო მიყიდა. მამა ლექსებს წერდა. ერთ ამონარიდს წაგიკითხავთ: "უკვდავების ძეგლს არვინ ამიგებს,/ მაგრამ არც უქმად გავიყინები,/ შთამომავლობა მაინც გამიგებს/ მსოფლიოს თუ ვერ მოვეფინები." გიტარის, სალამურისა და ფანდურის დაკვრა დამოუკიდებლად ვისწავლე. გამთენიის 6 საათზე ხაზის რადიოში რომ ზურაბ ანჯაფარიძის ხმა გაჟღერდებოდა, ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობდა ჩემთვის. საერთო გაჭირვების მიუხედავად, ბავშვობა ლაღი გვქონდა, ვერ ვგრძნობდით გასაჭირს. გამუდმებით კონცერტებს ვმართავდით მეზობლებისთვის (იცინის)...

- ალბათ, იმავე სკოლაში სწავლო­ბდით, სადაც ბიძინა ივანიშვილი...

- ბიძინა ივანიშვილი ჩემი დის კლასში სწავლობდა, ერთ მერხთან ისხდნენ. მუყაითობით გამოირჩეოდა, ისე კი ძალიან ღარიბი ოჯახიდან იყო. ერთხელ სკოლის დირექტორისთვის უთქვამს, - ექსკურსიაზე ვერ წამოვალ, ჩემს მშობლებს ამის საშუალება არ აქვთო. დირექტორს ექსკურსიისთვის საჭირო თანხა თავად გადაუხდია. შემდგომში ეს სიკეთე ბიძინამ დირექტორს ერთი ათასად აუნაზღაურა, არც პედაგოგები დაივიწყა და სოფლის სკოლაც აღადგინა, გაალამაზა. არ მესმის, როგორ შეიძლება იმ სიკეთის დავიწყება, რაც ამ ადამიანმა, საერთოდ, ქართველებს გაუკეთა?!

- თქვენს მუსიკალურ განათლებაზეც, ალბათ, მამამ იზრუნა...

- მამას სკოლაში ლიტერატურის საათების გარდა, მუსიკის საათებიც ჰქონდა შეთავსებული. საჩხერის მუსიკალური სკოლის დირექტორმა, ცეზარ ლაშხმა ჩემი ნამღერი კათედრის გამგეს, შოთა მახათაძეს მოასმენინა. ბატონმა შოთამ ოთხი წლის მანძილზე გაწერილი საგნები სამ თვეში, უსასყიდლოდ შემასწავლა. ვმღეროდი რაიონის საესტრადო ანსამბლში "ადილო". მუსიკალური შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით საჩხერეში დავამთავრე. ოჯახში ყველა მღეროდა. ჩემმა ორმა დამ მუსიკალური განათლება საგუნდო-სადირიჟორო სპეციალობით მიიღო.

- ფორტეპიანოს სიყვარულს საოპერო ხელოვნების ინტერესმა როდის სძლია?

- კომპოზიტორი მამია ხატეიშვილი ჩემი მეზობელი იყო. მამამ მოსასმენად და რჩევის მისაღებად მასთან მიმიყვანა. სწორედ მან მირჩია, სწავლა საოპერო მიმართულებით გამეგრძელებინა. ჯარში მურმანსკის ოლქში წასული, ორი წელი ანსამბლში სოლისტი ვიყავი. შინ დაბრუნებულს სახმო აპარატი დაზიანებული მქონდა, ხმა ირყეოდა. ამ მდგომარეობიდან სასწავლებელში ახალმოსულმა პედაგოგმა, გოჩა ბეჟუაშვილმა გამომიყვანა. მან ნოდარ ანდღულაძე გამაცნო, ნოდარმა კი, - კონსერვატორაში უნდა ჩააბაროსო. საშუალება მომცა საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე მესწავლა, თუკი შემდეგ ვოკალური განხრით გავაგრძელებდი.

- თქვენმა ვაჟმა მომავალ პროფესიად მუსიკა აირჩია?

- ვალერიანმა მადრიდის უნივერსიტეტში მუსიკალური მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. ახლახან ოქსფორდის უნივერსიტეტში, აპოლოჯეტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

- საზღვარგარეთ მოღვაწე ოპერის მომღერლები ხშირად, გულნაკლულები არიან. ამბობენ, რომ საქართველოდან ხშირად არ აქვთ მოწვევა...

- მე თუ ვიქნები გულნაკლული - სამართლიანად! ერთი დღითაც არ მიფიქრია ჩემს საქმიანობაზე ჩემი ქვეყნისაგან განყენებულად... წასვლის დღიდან ვცდილობ საქართველოს სამსახურშიც ვიყო. მაქვს არაერთი გეგმა საოპერო ხელოვნების წინსვლისთვის. თავდაპირველად, ესპანეთში წასულს, ისეთი ნოსტალგია მქონდა, მთელ ჩემს გასამრჯელოს გზის ხარჯებს ვახმარდი და ერთ წელს, მახსოვს, საქართველოში რვაჯერ ჩამოვედი. ამჯერადაც, მასტერკლასები ჩავატარე კონსერვატორიაში და ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ბადრი მაისურაძესთან ერთად სამომავლო გეგმები დავსახე. უზარმაზარი ტრადიციების მქონე ჩვენმა თეატრმა თავისი ფუნქცია კვლავ სრულფასოვნად უნდა აღიდგინოს... GzaPress

- ამბობთ, რომ თქვენს წარმატებას ხელი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე კარგი ადამიანების არსებობამ შეუწყო...

- დიახ, ნამდვილად ასე იყო და ვფიქრობ, ეს ცალკე გამართლებაა, დიდი გამართლება! ამ ფაქტის გამო, ასე ვთქვათ, "ფეხის წამოკვრის" სიმწარე არ მიგემია... მამადან დაწყებული, გვერდით სულ სამაგალითო ადამიანები მედგნენ. მაგალითად, ნოდარ ანდღულაძე ცოცხალი ენციკლოპედია იყო. ზურაბ ანჯაფარიძე, ზურაბ სოტკილავა, ცისანა ტატიშვილი - ჩემი პარტნიორები იყვნენ. ცისანას ბადალი არ ჰყავს მსოფლიოში. ამბობდნენ, - ცისანა უფრო მეტი ტებალდია, ვიდრე თავად ტებალდიო...

- ჯანსუღ კახიძესთან და მიხეილ თუმანიშვილთან ერთადაც მოგიხდათ მუშაობა...

- მიხეილ თუმანიშვილი დიდი გულისხმიერებით გამოირჩეოდა. ყველაფერს დაუზარებლად, დეტალურად მიხსნიდა. ამბობდა, არ არის საკმარისი ითამაშო ისე, როგორც წერიაო... ჯანსუღ კახიძესთან მოსასმენად ნოდარ ანდღულაძემ მიმიყვანა. მოსმენის შემდეგ, დაუყოვნებლივ ჩამრიცხა თეატრში. იმისთვის, რომ შტატში ვყოფილიყავი, ნოდარ ანდღულაძე ნახევარ შტატზე დარჩა... სხვათა შორის, ჯანსუღმა ჩემს "ბალ-მასკარადის" დებიუტს თეატრში ბიჭის დაბადება უწოდა. ზურაბ ანჯაფარიძე ამბობდა ხოლმე, - ასე "ნაგლად" როგორ გამოდის სცენაზე, სულ არ რცხვენიაო (იცინის). ნოდარ ანდღულაძემ ჩემი გამოსვლა ნინო ანანიაშვილის სცენაზე გამობრწყინებას შედარა.


შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვეცადეთ, ამ დღისთვის სპექტაკლი დაგვედგა, შემდეგ კი იმ მსახიობების ვარსკვლავები გავხსენით, ვინც თეატრი დააფუძნა
წარმოდგენა მხიარულად და დინამიკურად მიდის
ყველაზე დაბალი ტემპერატურა - მინუს 24 გრადუსი თბილისში 1883 წელს აღინიშნა
ეს თან­ხე­ბი ისევ ბა­ღის მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი
"მამამ მითხ­რა, რომ თუ ეს ჩე­მი მი­ზა­ნი იყო, უნ­და დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი და მებ­რ­ძო­ლა. მის­მა სიტყ­ვებ­მა ჩემ­ზე, ძა­ლი­ან იმოქ­მე­და"
დაბრკოლებები ჰერეთის გზაზე და შეხვედრა ადგილობრივ ქართველებთან
"ის ცდილობდა, ჩემში ენთუზიაზმი ჩაეკლა და მეუბნებოდა, რომ ვერასოდეს ჩავაბარებდი კონსერვატორიაში"
სახლში მეუბნებოდნენ, - ისეთი "როჟა" გაქვს, შენგან რა გამოვა, კაცმა არ იცისო
"ვერაფერი გავიგე... სოფოს არ მიუცია ხმა, თამრიკო სხვიტარიძეს არ მიუცია ხმა... ვინმემ ჯადოსნური ჯოხი მოიქნია?"
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.