როგორ აღინიშნა ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავი
font-large font-small
როგორ აღინიშნა ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავი
დაბრკოლებები ჰერეთის გზაზე და შეხვედრა ადგილობრივ ქართველებთან


"ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდმა" და შემოქმედებითმა გაერთიანება "ეროვნულმა იმპერატივმა" წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 და მკვლელობიდან 110 წელი საკმაოდ ფართო მასშტაბით აღნიშნა. პროექტის ორგანიზატორებმა ჯერ საქართველოს რეგიონები მოიარეს, ხოლო 14 ნოემბერს ჰერეთს ესტუმრნენ. ეს იყო პირველი პრეცედენტი, ილიას იუბილეს საზღვრებს გარეთ აღნიშვნისა. საერთოდ, ამ ჯგუფს დღემდე მოსწავლეთა სეგმენტისთვის არაერთი აქტივობა აქვს განხორციელებული. ორგანიზაციის პრიორიტეტია რეგიონების მოსწავლეები და დევნილი ახალგაზრდები, რომელთათვის გამართულ სხვადასხვა პროექტთან ერთად, არაერთხელ მოწყობილა ექსკურსია ილიას თბილისის, საგურამოს და ყვარლის მუზეუმებში. ილიასა და მის იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებულ თემაზე რეჟისორს, "ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის" თანადამფუძნებელს და პროექტის "ილია ჭავჭავაძე 180 - უკვდავების ფენომენი" ხელმძღვანელს, გიორგი სავანელს ვესაუბრე.


- ჩემი მოსწავლეობის დროს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში აქცენტი კეთდებოდა მხოლოდ ილიას შემოქმედებაზე და არა მის საზოგადოებრივ ღვაწლზე ჩვენი ქვეყნის წინაშე. არ ვიცი, ამ მხრივ დღეს რამე შეიცვალა თუ არა, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
- მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, არაფერი შეცვლილა. სკოლის სახელმძღვანელოებშიც მინიმალიზებულია ილიას, როგორც სახელმწიფოებრივი და კულტუროლოგიური ფენომენის დანიშნულება და როლი. არ არის განხილული და ხაზგასმული გზა, რაც მან გამოიარა გაზეთ "ივერიის", "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების", ბანკის დაარსებისას, თეატრის აღდგენისას და იმისათვის, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, არადა, ეს იყო უმთავრესი მიზანი, ანუ მხოლოდ ფაქტებია მოცემული და არა ის, თუ რას ემსახურებოდა მისი საქმიანობა აღნიშნულ საკითხებში და რას შეეწირა ილია. მეტსაც გეტყვით, თქვენ ახსენეთ, რომ მხოლოდ ილიას შემოქმედებაზეა აქცენტი სკოლის სახელმძღვანელოებში. დიახ, ასეა, მაგრამ აქაც დიდი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ავტორების სახელმძღვანელოები იწერება და გამოიცემა, მათში ილია ჭავჭავაძის შემოქმედება დღევანდელი გადასახედიდან და მსოფლმხედველობითი სტანდარტებიდან არ არის გააზრებული; ისინი დაფუძნებულია თითქმის იმავე საბჭოთა პოლიტკორექტურულ ცნობიერებაზე, როგორც მაშინ... ჩვენი აქტივობებით ვცდილობთ, რომ როგორმე, ილია ახლად გააზრებულ იქნეს, იმ გადმოსახედიდან და ფასეულობებიდან, რომელიც საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანას აქვს და მივისწრაფვით იმისკენ, რომ ვიყოთ დემოკრატიული, ტოლერანტული, თავისუფალი სამყაროს ნაწილი. ერთობ დანანებით აღვნიშნავ, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე განათლების სისტემა თითქოსდა გაცხადებულად მიისწრაფვის იმავე თანამედროვე სტანდარტებისა და არაფორმალური განათლების მნიშვნელობის დანერგვისკენ, რატომღაც, ამ არაფორმალურ განათლებას მაინც სკოლა მოიაზრებს კონკურენტად და ყოველთვის ცდილობს დაუსხლტეს მას, დიდი დოზით არ შეუშვას სკოლაში. არადა, აქ არავითარი კონკურენცია არ არის და რეალურად, ისინი ერთმანეთს ავსებენ. საზოგადოებრივი აქტივიზმი ფეხს ნელ-ნელა იკიდებს და ვფიქრობ, ამ კლიშის დანგრევას შეძლებს. იმედია, ფორმალური და არაფორმალური განათლება ერთ ქოლგის ქვეშ გაერთიანდება, ერთი მიზნისკენ დაიწყებს სწრაფვას და შეიკვრება წრე, რომელიც წესით, აქამდეც უნდა შეკრულიყო...
GzaPress
- რაც შეეხება ილიას 180 წლის იუბილეს, როგორ განაწილდა ამ თა­რიღის აღმნიშვნელი თქვენი პროგრამა-ღონისძიებები?

- არ ვიქნები თავმდაბალი და ვიტყვი, რომ ჩვენი ორგანიზაცია არის პირველი, რომელმაც ილიას იუბილეს აღნიშვნა დაიწყო ამა წლის აპრილიდან. ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს არაერთ სამთავრობო დაწესებულებასთან გვქონდა შეხვედრა და ჩვენ გეგმებს ვაცნობდით, მაგრამ მათ ილიას იუბილესთან დაკავშირებით არც გეგმა და არც იდეა არ ჰქონდათ, ამიტომ დამოუკიდებლად მოგვიხდა ილიას იუბილეს დაგეგმა, დაწყებაც და შემდგომი ნაბიჯებიც. პროექტი "ილია ჭავჭავაძე 180 - უკვდავების ფენომენი" ყველაზე მასშტაბური გამოვიდა. ის 22 აქტივობას გულისხმობდა, მათ შორის: ილია ჭავჭავაძე სახვით ხელოვნებაში - გამოფენა და სპექტაკლი "საუკუნის მკვლელობა", რომლის პიესის ავტორი და რეჟისორიც მე გახლავართ და მოზარდ მაყურებელთა თეატრში მესამე წელია, ვთამაშობთ. ამ ეტაპისთვის სპექტაკლით მოვიარეთ საქართველოს 21 მუნიციპალიტეტი და კიდევ რამდენიმე გვაქვს დარჩენილი. სწორედ 21-ე იყო ჰერეთი, სამწუხაროდ, დღეს ის საქართველოს საზღვრებს გარეთაა და ამას გულისტკივილით ვამბობ, არადა, ეს იყო ჩვენი, ქართული მიწა და დღეს გვიწევს მისი საზღვარგარეთად მოხსენიება. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ისტორიული ჰერეთის მიწაზე ალიბეგლოში - ქართველებით დასახლებული სოფელია და არის ქართულენოვანი სახელმწიფო თეატრი. სწორედ იქ წარმოვადგინეთ სპექტაკლი "საუკუნის მკვლელობა".

- როგორ შეგხვდნენ ადგილობრივები?

- პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რომელიც ჰერეთის ნაწილში ჩვენი პროექტის მხარდამჭერი გახლდათ. ალიბეგლოში ჩასვლა სექტემბრის ბოლოსათვის იყო დაგეგმილი, აზერბაიჯანის მხრიდან რიგი მიზეზების გამო გადაიდო და ამაზე საუბარზე ახლა დროს არ დავკარგავ. სოციალურ ქსელში და ელექტრონული ფოსტის საშუალებით ბევრ წერილს ვიღებდით, თუ როგორ გველოდნენ და რა მნიშვნელობა ჰქონდა ილიას იუბილეს მათთან აღნიშვნას. საბედნიეროდ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს აქტიური შუამდგომლობითა და ჩარევით ჩვენი შეხვედრა ნოემბერში მაინც გაიმართა და იმან, რაც ჩვენ იქ დაგვხვდა, აბსოლუტურად ყველა მოლოდინს გადააჭარბა. თუმცა, პრობლემები არც ამჯერად აგვცდა, ილიას როლის შემსრულებელი მსახიობი გიორგი იარაჯული მთელი ღამე საზღვარზე გააჩერეს და მხოლოდ მეორე დილით გამოუშვეს. ამის გამო 5 საათზე დანიშნული სპექტაკლის 1 საათითა და 40 წუთის დაგვიანებით დაწყება მოგვიხდა და საოცრება მოხდა, თეატრის ეზოში შეკრებილი მაყურებლიდან ერთი ადამიანიც კი არ წასულა. როგორც თავად ამბობდნენ, არც ერთ ღონისძიებაზე თუ სოციალურ თემაზე არ მისულა და შეკრებილა იმდენი ადამიანი, რამდენიც ჩვენთან მოვიდა. ქართველებით სავსე დარბაზი, სცენაზე გაცოცხლებულ ილიას ისტორიას უყურებდა სულგანაბული, თითქოს ყოველ სიტყვას იწოვდნენ. დარბაზში სრული სიჩუმე იყო. სპექტაკლის შემდეგ კარგა ხანს არ იშლებოდნენ, რომ ჩვენთვის მადლობა გადაეხადათ. ეს ძალიან ამაღელვებელი და ემოციური იყო.
GzaPress
ამ პროექტის პირველი ნაწილი მოიცავდა საჯარო ლექციას ილიაზე და მწერლებთან შეხვედრას, რომელშიც ივანე ამირხანაშვილმა და თინათინ მღვდლიაშვილმა ილიას შესახებ ისაუბრეს, შემდეგ თავისი ლექსები წაუკითხეს მოსახლეობას, ასევე შედგა წიგნის - "გზა ილიასი - საუკუნის მკვლელობა" პრეზენტაცია და ამის შემდეგ ჰერეთელმა ქართველებმა მიიღეს მონაწილეობა "აჩრდილის" გადაწერაში და შეიქმნა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ პოემის ხელნაწერი ეგზემპლარი. მათ გამოხედვასა და ცრემლიან თვალებში იგრძნობოდა, რომ ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ ჩვენი იქ ყოფნით... ვფიქრობ, ჰერეთში ჩვენს ჩასვლას დიდი სოციალური და შეიძლება ითქვას, პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. იქ მცხოვრებმა ქართველებმა კიდევ ერთხელ იგრძნეს, რომ ჩვენ ისინი გვახსოვს, ერთნი ვართ. დარწმუნებული ვარ, მათ ეს მუხტი დიდხანს გაჰყვებათ და რწმენა იმის ძალას განუმტკიცებს, რომ ბოლომდე შეინარჩუნონ ის ქართველობა და ენა, რომელზეც დღემდე ლაპარაკობენ და რომლის შენარჩუნებაც, როგორც თავად ამბობენ, აზერბაიჯანში ცხოვრების დროს არც თუ ისე ადვილია.

- წლის ბოლომდე კიდევ გაქვთ დაგეგმილი რეგიონებში გასვლითი ღონისძიებები?

- ამ პროექტის ფარგლებში, წლის ბოლომდე ვესტუმრებით კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტს და ილია ჭავჭავაძის იუბილეს აღნიშვნა ამით დამთავრდება. დიდი სურვილი გვქონდა საქართველო მთლიანად მოგვეცვა, მაგრამ ბევრ მუნიციპალიტეტს სხვა პრიორიტეტი აქვს, ვიდრე ხელოვნება და კულტურაა. თუმცა, იმითაც ბედნიერები ვართ, რომ ამ ერთი პროექტით საქართველოს თუნდაც მესამედის დაფარვა შევძელით. საერთო ჯამში, წელს ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებული 4 პროექტი განვახორციელეთ და ხელშეწყობა რომ ყოფილიყო, გაცილებით მეტს შევძლებდით - ამაში მარტო ფინანსურ მხარეს არ ვგულისხმობ. იმედი მაქვს, სამომავლოდ და ეტაპობრივად, სხვა პროექტებსა და გეგმებსაც განვახორციელებთ.

ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ცხენ­ზეც ვმჯდარ­ვარ, ტრაქ­ტორ­ზეც და ჩვე­ნი საქ­მე შეგ­ვის­რუ­ლე­ბია
ნიუ-იორკში რომ ერთადერთი ქართული თეატრი არსებობს, პრინციპში, ხათუნას დამსახურებაა
ნებისმიერ წელიწადს მოაქვს სევდაც და სიხარულიც, დანაკლისიც და შენაძენიც...
საზღვარგარეთ წარმატებული მუსიკოსების ქართული ოჯახი
აუცილებლად უნდა გვქონოდა ჩიჩილაკი, ისევე, როგორც სუფრაზე: საცივი, კუჭმაჭი და ხაჭაპური
"ეს კონ­ცერ­ტი თა­ვი­სი სტრუქ­ტუ­რით თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი იყო"
ჯერ ერ­თი ლექ­სი და­მი­წე­რა, მე­რე მე­ო­რე და მეც შე­მიყ­ვარ­და
სჭირდება თუ არა ძროხას განაყოფიერებამდე პრელუდია?
ფული გადამიხადეთ და ფოტოებსაც გადაგაღებინებთ. ხუმრობის გარეშე მტერმა უყურა ამ ცხოვრებას, ხომ გავგიჟდი ისე
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.