"კვარტეტი", წიგნი, ვარსკვლავები - რუსთავის თეატრის 50 წლის იუბილე
font-large font-small
"კვარტეტი", წიგნი, ვარსკვლავები - რუსთავის თეატრის 50 წლის იუბილე
ვეცადეთ, ამ დღისთვის სპექტაკლი დაგვედგა, შემდეგ კი იმ მსახიობების ვარსკვლავები გავხსენით, ვინც თეატრი დააფუძნა



რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი საღამო გაიმართა: შედგა სპექტაკლის - "კვარტეტი" პრემიერა და რუსთავის თეატრის დამფუძნებელი სამი მსახიობის: ნათელა მუხულიშვილის, ირაკლი ბექაიას და ჯემალ მაზიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ამავე საღამოს, სპექტაკლის დაწყებამდე, ჯემალ მაზიაშვილის შესახებ დაწერილი წიგნის (რომლის ავტორი ბატონი ვაჟა ძიგუა გახლავთ) პრეზენტაცია გაიმართა...



ჯემალ მაზიაშვილი:
- წიგნში ჩემი ცხოვრებაა მოთხ­რობილი - თუ როგორ გავხდი მსახიობი, როგორ მოვხვდი რუსთაველის, შემდეგ - მარჯანიშვილის თეატრში, იქიდან ცნობილი მსახიობები როგორ წამოვედით და რუსთავის თეატრი დავაფუძნეთ. მერე ამავე თეატრის დირექტორი გავხდი, შემდეგ - "აღარ გავხდი"... ასევე, წიგნში წაიკითხავთ, რა როლები მითამაშია და როგორც მსახიობს, რა პრიზები ამიღია...

ვაჟა ძიგუა:

- როდესაც ბატონ ჯემალს 75 წელი შეუსრულდა, ჟურნალმა - "თეატრი და ცხოვრება" მთხოვა, ამ თარიღთან დაკავშირებით, შემოქმედებითი პორტრეტი დამეწერა. ბუნებრივია, ჟურნალის ფორმატი ვერ გასწვდებოდა, რომ ჯემალ მაზიაშვილის შემოქმედებითი გზის შესახებ მთლიანად დამეწერა, მაგრამ ვეცადე, რაც ძირითადი და მნიშვნელოვანი იყო, იმ საკითხებს შევხებოდი. შემდეგ გაზეთისთვის - "ქართული თეატრის დღე" მთხოვეს, ბატონი ჯემალის შესახებ ისევ დამეწერა... ამ ორი წერილის გამოქვეყნების მერე, ჯემალმა მითხრა: ჩემი შემოქმედება თითქმის უკვე დავასრულე და წიგნის გამოცემაზე ვფიქრობ. ის წერილები მთელ ოჯახს ისე მოგვეწონა, რომ მინდა, ამ საქმეს ხელი შენ მოჰკიდოო... სხვათა შორის, ბატონი ჯემალი კარგი მთხრობელია. ყველაფერს საინტერესოდ მიყვებოდა, გზადაგზა ხალისი ემატებოდა - ფაქტებით მდიდარი "მასალა" მქონდა. საოცარი წიგნია იმის შესახებ, თუ როგორი გაჭირვება გადაიტანა თეატრმა, როგორ თავდადებულად, ჯანმრთელობის შეწირვის ფასად მუშაობდა ბატონი ჯემალი. მსახიობები შიმშილობდნენ. ჯემალ მაზიაშვილმა რა აღარ გააკეთა, რომ სურსათი შემოეტანა. ამ ადამიანს "გმირის" წოდება უნდა მიენიჭოს... მიმაჩნია, რომ წიგნი ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება...

სიმბოლურია, რომ საიუბილეო საღამოსთვის, თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა სწორედ სპექტაკლი - "კვარტეტი" შეარჩია: "ეს პიესა ოთხი ვარსკვლავი მსახიობისთვისაა დაწერილი - მათთვის, ვინც თეატრში საუკეთესოა... სადაც უნდა იყოს თეატრი", - სწორედ ეს სიტყვები აქვს ეპიგრაფად წამძღვარებული პიესის ავტორს - რონალდ ჰარვუდს (პიესის ქართული ვერსიის ავტორი თამაზ გოდერძიშვილი გახლავთ). სოსო ნემსაძის სპექტაკლში - "კვარტეტი" რუსთავის თეატრის ძველი თაობის მსახიობები - ირაკლი ბექაია, გია ტყეშელაშვილი, ბადრი კაკაბაძე, გალინა კიკნაძე, ნათელა მუხულიშვილი და ახალგაზრდა მსახიობი ლუკა ციხისთავი მონაწილეობენ...

ნათელა მუხულიშვილი:

- სპექტაკლი ხანდაზმული მსახიობების შესახებ არის, რომლებმაც წარმატებულად იღვაწეს, მაგრამ ცხოვრებაში შეცდომები დაუშვეს და ძალაუნებურად, მოხუცთა პანსიონატში აგრძელებენ ცხოვრებას. შინაგანად ისეთი მსახიობები არიან, რომ არ შეუძლიათ, არ ითამაშონ... შეიძლება, ჩემი პერსონაჟი იმით მგავს, რომ მეც მხოლოდ თეატრით ვიცხოვრე, მაგრამ იმედი მაქვს, მოხუცთა თავშეფარში არ მოვხვდები (იღიმის)... გახსნის დღიდან რუსთავის თეატრში ვარ: მე-5 კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ბატონმა გიგამ აქ მომიყვანა. ყველაზე წარმატებულ სპექტაკლზე - "ცილინდრი" ტრავმა მივიღე (დეკორაციიდან გადმოვვარდი), მაგრამ არა უშავს - მადლობა ღმერთს, რომ მაინც აქამდე მოვედი. ბევრი წელია, ამ თეატრის მსახიობი ვარ, ეს ქალაქი მიყვარს... დაცემა-აღზევების პერიოდები მსახიობს ყოველთვის აქვს. ბატონი გოჩა კაპანაძის ხელმძღვანელობისას კარგი პერიოდი მქონდა: მან 5 სპექტაკლი დადგა და ხუთივეში მთავარი როლი ვითამაშე. შემდეგ "ნაციონალებმა" თეატრიც დაშალეს და ბატონი გოჩაც გაუშვეს, მაგრამ ახლა ახალი ხელმძღვანელი მოვიდა, რომელსაც თავისი საქმე უყვარს... სხვათა შორის, 2009 წელს სურდათ, ჩემი ვარსკვლავი გაეხსნათ, მაგრამ კატეგორიული უარი ვთქვი - მეუხერხულებოდა. ახლა გადავწყვიტე, დავთანხმებულიყავი. თავისთავად, ბედნერებაა, როცა შენს შრომას აფასებენ, მაგრამ ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაცაა...
სპექტაკლის - "კვარტეტი" კოს­ტიუმების მხატვარი თამაზ მალაზონია გახლავთ, მუსიკალური გაფორმება კომპოზიტორ ნატო თოთიბაძეს ეკუთვნის, სცენოგრაფიაზე კი თავად ბატონმა სოსო ნემსაძემ იმუშავა.

სოსო ნემსაძე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- დღეს თეატრის იუბილეა - 50 წლის გახდა. ვეცადეთ, ამ დღისთვის სპექტაკლი დაგვედგა, შემდეგ კი იმ მსახიობების ვარსკვლავები გავხსენით, ვინც თეატრი დააფუძნა. ასევე, ჯემალ მაზიაშვილის შესახებ წიგნის პრეზენტაციაც გვქონდა.

- რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ამპლუაში თავს როგორ გრძნობთ? შემოქმედებითი ჯგუფი როგორ შეგხვდათ?

- მშვიდად. როგორც მითხრეს, ასეთი სიმშვიდე რუსთავში იშვიათობაა.

- საიუბილეო სეზონთან დაკავშირებით, რას გეგმავთ?

- ბევრი პრემიერა უნდა გაიმართოს, სამზე მუშაობა ახლა დაიწყო... მინდა, მსახიობები, რეჟისორები მოვიწვიო, რუსთავში თეატრალური ფორუმი ჩატარდეს... მინდა, ჩვენი თეატრი აქტიური იყოს...

ნიკოლოზ წულუკიძე, თეატრმცოდნე:

- რონალ ჰარვუდი სახელოვანი დრამატურგია. "მოხუცი ჯამბაზებიც" სწორედ მისი ნაწარმოების მიხედვითაა დადგმული... ძალიან გამიხარდა, რომ პიესა - "კვარტეტი" რუსთავის თეატრში "გაკეთდა". მასში მონაწილე მსახიობები დასაფასებლები არიან, რადგან მათ შეეძლოთ, რუსთავის თეატრიდან წასულიყვნენ, მაგრამ ისინი თბილისიდან რუსთავში დადიოდნენ. 50 წელი ერთ თეატრში მუშაობა მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ქალაქმა, კულტურის სამინისტრომ, თეატრმცოდნეებმა ასეთი სითბო გამოხატეს. ყველას ვულოცავ ამ საიუბილეო დღეს და რუსთავის თეატრს ძველი დიდების დაბრუნებას ვუსურვებ!

ზურაბ ანთელავა, მსახიობი:

- ფაქტია, რომ 50 წლის წინ სასწაული მოხდა: კომუნისტური რეჟიმის დროს, ისეთ ეროვნულ საქმეს ჩაეყარა საფუძველი, როგორიც თეატრის დაარსებაა. "წითელი ფაშიზმის" მიუხედავად, ადამიანები საზოგადოების შემოქმედებით-კულტურულ საზრდოზე ზრუნავდნენ. დიდი ბედნიერებაა, რომ უფროსი თაობის წარმომადგენლები ვარსკვლავის გახსნას მოესწრნენ. ძალიან ლამაზი დღეა.

- რუსთავის თეატრთან გითანამშრომლიათ?

- კი, "ადამიანთა სევდაში", ასევე, "გმირთა ვარამის" მიხედვით დადგმულ "ჯვარცმულ ბედნიერებაში" ვითამაშე... რუსთავის თეატრთან ვმეგობრობ და წარმატებებს, ზურგის ქარს, დიდ შემოქმედებით წინსვლას ვუსურვებ! მით უმეტეს, ახალი ხელმძღვანელი ძალიან მებრძოლი და საქმის გამკეთებელი კაცია...

მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი:

- მინდა, რუსთავის თეატრს 50 წლის იუბილე მივულოცო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსთავში მნიშვნელოვანი და ძვირფასი თეატრალური ტრადიცია ჩამოყალიბდა. ყოველთვის ვამბობდი, დედაქალაქის მიღმა თეატრალური ცხოვრება აქტიური და ცოცხალი უნდა იყოს-მეთქი და რუსთავის თეატრი ამის ნათელი დადასტურებაა.

ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ცხენ­ზეც ვმჯდარ­ვარ, ტრაქ­ტორ­ზეც და ჩვე­ნი საქ­მე შეგ­ვის­რუ­ლე­ბია
ნიუ-იორკში რომ ერთადერთი ქართული თეატრი არსებობს, პრინციპში, ხათუნას დამსახურებაა
ნებისმიერ წელიწადს მოაქვს სევდაც და სიხარულიც, დანაკლისიც და შენაძენიც...
საზღვარგარეთ წარმატებული მუსიკოსების ქართული ოჯახი
აუცილებლად უნდა გვქონოდა ჩიჩილაკი, ისევე, როგორც სუფრაზე: საცივი, კუჭმაჭი და ხაჭაპური
"ეს კონ­ცერ­ტი თა­ვი­სი სტრუქ­ტუ­რით თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი იყო"
ჯერ ერ­თი ლექ­სი და­მი­წე­რა, მე­რე მე­ო­რე და მეც შე­მიყ­ვარ­და
სჭირდება თუ არა ძროხას განაყოფიერებამდე პრელუდია?
ფული გადამიხადეთ და ფოტოებსაც გადაგაღებინებთ. ხუმრობის გარეშე მტერმა უყურა ამ ცხოვრებას, ხომ გავგიჟდი ისე
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.