ცისკარივით ნათელი ოჯახი და მფრინავი ზუგდიდელი მოცეკვავეები
font-large font-small
ცისკარივით ნათელი ოჯახი და მფრინავი ზუგდიდელი მოცეკვავეები
ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა შვილებმა ცეკვა მოინდომეს, ჩვენ შანსი მივეცით


ჩემს წერილებს თვალს ვინც ადევნებთ, აუცილებლად შენიშნავით, რომ ზუგდიდთან განსაკუთრებული მეგობრობა მაკავშირებს. ამ მეგობრობის საფუძველი ზუგდიდის კულტურის ცენტრ "ოდიშის" ხელმძღვანელი ნინო მამფორიაა. ბევრ საინტერესო ზუგდიდელთან შეხვედრას თუ დამეგობრებასაც სწორედ მას ვემადლიერები. "ოდიშის" ოჯახის გამორჩეული წევრია ქორეოგრაფიული ანსამბლი "ცისკარი", თავისი საოცრად ხალისიანი, ხმაურიანი, ყურადღებიანი და პროფესიონალი სამხატვრო ხელმძღვანელით - რომეო ბულიათი და მისი ასევე პროფესიონალი, ხალისიანი, მაგრამ გაცილებით წყნარი და მშვიდი მეუღლე-კოლეგით, ანსამბლის ქორეოგრაფ მაკა გვიჩიათი. ქართული ცეკვები ძალიან მიყვარს. ოდესღაც თავადაც ვცეკვავდი და ვფიქრობ, არც ცუდი შემფასებელი ვარ, ამიტომ ყოველთვის აღვნიშნავ, რომ "ცისკარი" ჩემი "ჯილა" ანსამბლია, მისი სოლისტები რობერტ და ლიკა ბულიები - "ჯილა" მოცეკვავეები, ბულიების მთელი ოჯახი კი გამორჩეულად პატივსაცემი და საინტერესო: აქ დიდიც და პატარაც შესანიშნავად ცეკვავს, უმცროსი - რობერტი კი, ხანდახან, სცენაზე მართლაც დაფრინავს!

რომეო ბულიასა და მაკა გვიჩიას ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ნაწულუკუში, შინ რომ ვესტუმრე, სახლში შესვლისთანავე თავი მუზეუმში მეგონა - პირველი სართულის დიდი ოთახის თითოეული კუთხე "ყველაზე ქორეოგრაფიული ოჯახის" უძვირფასეს საგანძურს - ანსამბლ "ცისკრის" ისტორიასა და თავად ქორეოგრაფების მიღწევების ამსახველ დიპლომ-სიგელ-პრიზებს ეკავა. ერთ მხარეს ანსამბლისა და ქორეოგრაფების ყველა წარმატება სიგელებისა და დიპლომების სახით იყო წარმოდგენილი, მეორე მხარეს - ორდენებით, თასებითა და პრიზებით: რომეოსთვის მინიჭებული საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის "წლის საუკეთესო ქორეოგრაფის" მედალი და წოდება; რომეოს "საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის" ორდენი (რაც ყველაზე მეტად ეძვირფასება); მაკას "საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის" წოდება; ანსამბლ "ცისკრის" ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა - 2016 წელს ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალის "გრან-პრი" და კიდევ უამრავი ნივთი, წარმატებების ამსახველი თუ სამახსოვროდ ნაჩუქარი.
GzaPress
ოთახის კიდევ ერთი მხარე ღვინოებისა და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი სასმისების კოლექციას ეთმობა, ცალკეა ხატებით სავსე სალოცავი კუთხე.
საოჯახო მუზეუმის დათვალიერების შემდეგ რომეოსა და მაკას სიყვარულის ამბითაც დავინტერესდი. მანამდე არასდროს მიკითხავს, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, ყველაფრის თავიდათავი ცეკვა იქნებოდა.
რომეო:
- ყველაფერი "ჩელათი" დაიწყო, ქორეოგრაფიული ანსამბლით, რომელიც ჩვენი მეორე ოჯახია. მაკაზე ცოტათი უფროსი ვარ. მე უკვე ვცეკვავდი, ესენი (მაკა და მისი თანატოლები) წიწილებივით რომ შემოიყვანეს.
მაკა:
- სტუდია რომ დავამთავრეთ, ჩვენი ჯგუფიდან თავიდან მარტო ორი გადაგვიყვანეს ანსამბლში. მალე გასტროლზეც ერთად მოვხვდით. ეს იყო...
- პეტერბურგში?
რომეო:
- (იცინის) არა, ეს იყო კიევში. 1989 წელს დავით გურამიშვილის დღეები ჩატარდა და პოეტი და დიპლომატი რაულ ჩილაჩავა გვმასპინძლობდა.
მაკა:
- რომეოს თურმე, გულში ჩავუვარდი, მაგრამ არ მეუბნებოდა. მე კი ნამდვილად არაფერს ვფიქრობდი. არც სიყვარული აუხსნია, ისე მოინდომა ჩემი მოტაცება, მაგრამ... ვერ მომიტაცა (იცინის).
რომეო:
- ფეხსაცმელი ჩატოვა მანქანაში. ახალი ნაყიდი ჰქონია და ჩემი ბიჭები იმ საღამოს მაგ ფეხსაცმლით სვამდნენ მაკას სადღეგრძელოს... ისინი მხიარულობდნენ, მე კი ნამდვილად არ მქონდა საზეიმოდ საქმე. ისე, მეგრელებს გვახასიათებს ქალის მოტაცება, ოღონდ - ცხენით. ალბათ შევცდი, ცხენით უნდა მომეტაცებინა... მერე კი შეგვიყვარდა ერთმანეთი და გამომყვა.

- საოცარი წყვილი ხართ - მუდამ ერთად, შვილებიც გვერდით დაიყენეთ და მთელი ოჯახი ერთ საქმეს ემსახურებით...

- იმიტომაცაა, რომ ბავშვებსაც ძალიან უყვართ ცეკვა. ახლა ჯინაც, ლიკაც და რობერტიც სტუდენტები არიან, მაგრამ ნებისმიერ დროს რომ დაურეკო და უთხრა, ანსამბლს სჭირდებითო, ყველა საქმეს მიატოვებენ და ჩამოვლენ. მთავარია, იცეკვონ და მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვებთან ცეკვავენ თუ დიდებთან.
GzaPress
- თქვენი შვილები ბევრ სოლოს ასრულებდნენ, თანაც - შესანიშნავად. მიუხედავად საუკეთესო შესრულებისა, ანსამბლის დანარჩენ წევრებს ან მათ მშობლებს არასდროს გამოუთქვამთ პრეტენზია?

- მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ჩემია თუ სხვისი, ბავშვს არასდროს დავჩაგრავთ. ვინც უკეთ ასრულებს, სოლოსაც მას ვანდობ. მაგალითად, ხვალ კონცერტი რომ მქონდეს, სადაც "სიმდი" უნდა ვიცეკვოთ და სადაც სოლოს რობერტი ასრულებს, ერთი ნომრისთვის მას ვერ გამოვიძახებ. ამიტომ უკვე შევარჩიე წყვილი, ვინც კარგად იცეკვებს და სწორედ მათ გამოვიყვან. უფროსმა - ჯინამ ცეკვა მაშინ დაიწყო, როდესაც ანსამბლი დაიბადა და თავიდანვე ეტყობოდა, კარგად გამოსდიოდა ყველაფერი, აშკარად ნიჭიერი იყო. ლიკა ყოველთვის პუტკუნა გახლდათ და სულ ვეჩხუბებოდით, ახლა ისე გახდა, ვთხოვთ ხოლმე, ჭამეო. ამიტომ ლიკა და რობერტი, ვიდრე ძალიან არ დაიხვეწნენ, სცენაზე არ გაგვიყვანია.

- ასეთი მხიარული, მოღიმარი, ნათელი ოჯახი ბევრი არ მინახავს. ალბათ ოჯახის უფროსის ბუნება გადამდებია (შეკითხვამ დიდი მხიარულება გამოიწვია და მასპინძელი ძლივს დავადინჯე)...

- როცა სამოცი ბავშვი გიდგას სარეპეტიციო დარბაზში, დისციპლინა თუ არ გაქვს ან რეპეტიციას როგორ ჩაატარებ, ან როგორ შეასწავლი რამეს და მით უფრო - წარმატებას როგორ მიაღწევ?! კი, ვბრაზდები ხოლმე, მაგრამ დიდხანს არ მიმყვება ის გაბრაზება. უცებ ავფეთქდები და... მორჩა! იქვე მთავრდება ყველაფერი. აბა, მთელი ცხოვრება ხომ არ გავიყოლებ სიბრაზეს?
მაკა:
- ერთმა მშობელმა მკითხა თავის პატარა ბიჭზე, ისეთი ცელქია, ისეთი გიჟი, ერთი წუთით არ ჩერდება, თქვენ როგორ აჩერებთო? გამიკვირდა: მისი შვილის სიგიჟე მე არ მინახავს. უსაყვარლესი ბავშვია და - უნიჭიერესი.
რომეო:
- ჩვენთან სხვა სამყარო აქვთ ბავშვებს. იქ მარტო ცეკვას კი არ სწავლობენ, არამედ - უფროს-უმცროსობას, სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, დისციპლინას, წესრიგს. ეს ის თვისებებია, რაც მხოლოდ ცეკვას კი არა, მათ ცხოვრებას სჭირდება.
მაკა:
- დღეს თითქოს, ახლებურად ზრდიან მშობლები შვილებს, არაფერს უშლიან, შენიშვნას არ აძლევენ... ჩვენი შვილები ისე აღვზარდეთ, დღესაც არ მოიქცევიან თავხედურად. როდესაც მე და რომეო სამსახურში მივდიოდით, ლიკასა და რობერტს ჯინას ვუტოვებდით. არადა, მათ შორის თითო წელია სხვაობა... სხვათა შორის, ლიკაზე 6 თვის ფეხმძიმე ვიყავი და მაინც ვცეკვავდი. ლიკასა და რობერტს ახლაც ტყუპს უწოდებენ, კლასშიც ერთად იყვნენ. მთელი დღე წასულები ვიყავით, მაგრამ პატარაობიდან იცოდნენ საკუთარი მოვალეობები - სამივე კარგად სწავლობდა და გაკვეთილების მოსამზადებლად შენიშვნის მიცემაც არასდროს დაგვჭირვებია. სკოლა ისე დაამთავრეს, გაკვეთილი არასდროს ჩამიბარებია. ამით ბედნიერი ვარ. იმითაც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა შვილებმა ცეკვა მოინდომეს, ჩვენ შანსი მივეცით და მათ გაგვიმართლეს. ესაა ჩვენი ცხოვრება და ცეკვის გარეშე ვერავინ გავძლებთ.
რომეო:
- წარმოიდგინეთ, რეზო ბულიას სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ "ჩელაში" დღესაც თაობები ვცეკვავთ ერთად. მიუხედავად უამრავი პრობლემისა, იქ ყოფნისას, ყველას ყველაფერი გვავიწყდება. ცხონებულმა რეზო ბულიამ ამას უწოდა: ცეკვავენ ბაბუა-ბებიები, შვილები და შვილიშვილებიო. ყველაზე უფროსი მისი სამხატვრო ხელმძღვანელი 74 წლის თამაზ მოსიაა, ლეგენდური ძმები მოსიების წარმომადგენელი. მახსოვს, ამას წინათ კონცერტზე რომ გამოვედით, მაყურებელი გაოგნდა: ბოლოს "მთიულური" ვიცეკვეთ და სოლოთი ბატონმა თამაზმა დაასრულა. ხალხი ფეხზე დადგა, ისეთი ემოციით უკრავდა ტაშს. მაგალითად, გვაქვს ნომრები, თუნდაც - "განდაგანა" და "მთიულური", სადაც ბატონი თამაზიც ცეკვავს, ჩვენც და ჩემი რობერტიც; ქორეოგრაფ გურგენ სამუშიას გოგონაც ცეკვავს ასეთ გაერთიანებულ ნომრებში და ა.შ.

- ისე, როგორ ატყობ, რომეო, ძველებურად ფორმაში ხარ, არ გიჭირს ცეკვა?

- ყველაფერი რიგზეა. ერთხელ გამიჭირდა, ლუდის სმას გადავყევი, თორემ ახლა სრულ საცეკვაო ფორმაში ვარ!

- როგორც ვიცი, სოფელში ეკლესია შენდება და ამის ინიციატორიც ხარ. ხომ არ ვცდები?

- ბედნიერი ვარ, ამ ეკლესიის მშენებლობას რომ მივაღწიეთ. წვლი­ლი მართლაც მიმიძღვის, სოფლის ახალგაზრდობაც ამომიდგა მხარში. ჩვენი სოფლის სასაფლაოზე ხის ძველი სალოცავი იყო, რომელიც უკვე სრულიად იშლებოდა. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, იმ ადგილას ახლა წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარს ვაშენებთ. გვინდა, ყოველ დეკემბერს, წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს, განსაკუთრებულად აღვნიშნოთ ხოლმე ბარბარობა და ჩვენი სოფლის დღესასწაულადაც ვაქციოთ. წმინდა ბარბარე შეეწიოს ჩემს სოფელ ნაწულუკუსა და სრულიად საქართველოს.

ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
26.12.2017
ჟურნალი "გზა"-ს რედაქციას და ქალბატონ ირმას დიდი მადლობა დაფასებისთვის სიყვარულისთვის და მეგობრობისთვის,გაიხარეთ.გილოცავთ დამდეგ შობა- ახალ წელს.უფალი გფრავდეთ.
რომეო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ცხენ­ზეც ვმჯდარ­ვარ, ტრაქ­ტორ­ზეც და ჩვე­ნი საქ­მე შეგ­ვის­რუ­ლე­ბია
ნიუ-იორკში რომ ერთადერთი ქართული თეატრი არსებობს, პრინციპში, ხათუნას დამსახურებაა
ნებისმიერ წელიწადს მოაქვს სევდაც და სიხარულიც, დანაკლისიც და შენაძენიც...
საზღვარგარეთ წარმატებული მუსიკოსების ქართული ოჯახი
აუცილებლად უნდა გვქონოდა ჩიჩილაკი, ისევე, როგორც სუფრაზე: საცივი, კუჭმაჭი და ხაჭაპური
"ეს კონ­ცერ­ტი თა­ვი­სი სტრუქ­ტუ­რით თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი იყო"
ჯერ ერ­თი ლექ­სი და­მი­წე­რა, მე­რე მე­ო­რე და მეც შე­მიყ­ვარ­და
სჭირდება თუ არა ძროხას განაყოფიერებამდე პრელუდია?
ფული გადამიხადეთ და ფოტოებსაც გადაგაღებინებთ. ხუმრობის გარეშე მტერმა უყურა ამ ცხოვრებას, ხომ გავგიჟდი ისე
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
0 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
11 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
9 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
8 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.