წვიმისფერი სევდა
font-large font-small
წვიმისფერი სევდა
კორტოხზე წამოსკუპებულ ორსართულიან სახლში, ახლა რამდენიმე მინა რომ აქვს ჩამსხვრეული, ცხოვრობდა ანგელინა მასწავლებელი


სხვა ეგებ ვერ ამჩნევდა, მაგრამ ანგელინა მასწავლებელს წვიმისფერი თვალები ჰქონდა.
არ ვიცი, ისეთი ადამიანები კიდევ დაიბადებიან თუ არა, როგორიც ანგელინა საცერაძე იყო. გამხდარი, მშვიდი, მუდმივად შავებით შემოსილი, უპრეტენზიო და მოძრავი ქალი გახლდათ ანგელინა მასწავლებელი. თუ არ ვცდები, ექვსი უმცროსი ძმა ჰყავდა და გორის პედინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. მეორე მსოფლიო ომის მერე, საზანოელი ახალგაზრდა ქალი, ჭიათურის სოფლებში გაუნაწილებიათ სამუშაოდ და სულ ბოლო "წერტილი" ჩემი სოფელი იყო. მახსოვს, რომ ამბობდა, 40 წელზე მეტი მაქვს ნამუშევარიო. ერთ დღესაც თქვა, - მომდევნო სასწავლო წლიდან სამსახურს თავს ვანებებო. გასცინებიათ თანამშრომლებს: ყველა ხანდაზმული მასწავლებელი ასე ამბობს, მაგრამ ყოველ სექტემბერს, გაკვეთილების განაწილებისას, გააფთრებით იტვირთავენ თავსო. ანგელინამ კი განცხადება დაწერა და მართლა წავიდა... განა არ შეეძლო გაკვეთილის ჩატარება, მაგრამ მაინც, ასე ამჯობინა. ახალგაზრდა მასწავლებელი ურჩევნიათ ბავშვებსაც და საქმესაცო. სოფელში ჩურჩულებდნენ, - რაც თავი გვახსოვს, ეს პირველი მასწავლებელია, სამსახურში რომ არ ჩაკვდაო. სკოლიდან წასვლის მერეც, სტატუსი არ შესცვლია, გარდაცვალებამდე ყველასთვის მაინც ანგელინა მასწავლებელი იყო...

კორტოხზე წამოსკუპებულ ორსართულიან სახლში, ახლა რამდენიმე მინა რომ აქვს ჩამსხვრეული, ცხოვრობდა ანგელინა მასწავლებელი. მკითხველთა ნაწილისთვის ძნელი გასაგები იქნება, თუ რა წამლეკავია პატარა სოფლის სიჩუმე მარტოხელა ადამიანისთვის... ანგელინას ერთადერთი ვაჟი ოჯახით თბილისში ცხოვრობდა და მუდამ იქით იწვევდნენ, - წამო, მარტომ როგორ უნდა გაძლო ზამთარშიო? ზამთარი მართლა ვერაგი იცის ზემო იმერეთის სოფლებში: უხვი თოვლი სახლის სახურავსაც ემუქრებოდა, ხეხილსაც ტოტებს უმსხვრევდა და გზებსაც კეტავდა. ასაკის მატებამ ერთხელაც, სამეზობლოში ათქმევინა, - შვილთან უნდა წავიდე ამ ზამთარსო. მეზობელ ახალგაზრდას, თავისი ვაჟის ნათლიას სთხოვა, - თუ მიდიხარ თბილისისკენ, მეც წამოვალ, შენთან ერთად არ გამიჭირდება მგზავრობაო. ნათელმირონობის გარდა, ამ ახალგაზრდას ბევრი რამ აკავშირებდა ანგელინასთან: მისი პროფესია აირჩია სტუდენტობისას, ბნელი 90-იანების დროს სპეციალური ლიტერატურაც გადასცა ყოფილმა მასწავლებელმა საჩუქრად და სუფთა ფურცლებიც (საკონტროლო რვეულის ბოლო, დაუწერელი გვერდები ამოუხევია, აუკინძავს და "შავ საწერ" მასალად მაინც გამოგადგებაო, უთქვამს)!

ჩავიდოდა დეკემბრის დასაწყისში თბილისში ანგელინა მასწავლებელი, ვაჟი სადგურზე დახვდებოდა. მერე, გაზაფხულზე, აღდგომამდე ისევ დაბრუნდებოდა სოფლად და უვლიდა ბოსტანს, მცირე ვენახს, ასნაირი ხილის ჩირს ახმობდა და ლეღვის მურაბას ხარშავდა...
ანგელინას ეზოში, მზიან ამინდში, ზაფხულობით, მწვანე მოლზე დაფენილ ჭილობზე აუცილებლად იდო მუთაქა, მოქარგული პირით. იქ მხოლოდ ბავშვები ან ნათესავები სხდებოდნენ მას შემდეგ, როცა ფეხბურთის თამაშით დაიღლებოდნენ. არავის ისეთი ლამაზი ეზო არ ჰქონდა სოფლად, როგორიც ანგელინას. არ გეგონოთ, რომ განსაკუთრებული მცენარეები ჰქონდა! უბრალოდ, თუთები, მსხლები და ვაშლები ლამაზად იყო განლაგებული...

სახლში თუ შეიხედავდი, აუარებელ ნაქარგს შეამჩნევდი კედლებზე: ლამაზი ჩიტები, ირმები, შვლები, ხასხასა ყვავილები თეთრი ბამბის ქსოვილზე ცოცხლებივით გამოიყურებოდნენ. გეგონებოდა, ახლა წითელგულა ჩიტი აფრინდება, შავხალებიანი შველ-ირმების ჯგუფი დაფეთებული თვალებით ბალახის ძოვას დაიწყებდა... ულამაზესი ყურთბალიშებიც ჰქონდა ანგელინას. ხევსურული ორნამენტებით დაქარგული პაწაწინა ბალიშები ნებისმიერი მხილველის თვალს იზიდავდა!

ეზოში თითქმის მუდამ იდგა მსუბუქი მაგიდები, რომელზეც თეთრშაქარა ვაშლის ჩირი ივლისის ბოლოს ხმებოდა, მუხურულას ჩირი კი, - ოქტომბერში. ამათ შუალედში კიდევ სხვა ჯიშის ვაშლის ნათლები იბრაწებოდა მზეზე. ისე, ანგელინას ყველაზე მეტი ხილი ჰქონდა სოფლად. ერთხელ, სამარიობო მსხლის კვირტი უცნაურად მოუტანია დედულეთიდან: მწიფე მსხალი გაუჭრია, ამოუღრუებია, ღრუში სანამყენე კვირტი ჩაუდვია და ისე წამოუღია, - არ გახმებაო. იმ ზაფხულზევე გაუხარებია ნამყენი და ასეთი სამარიობო მსხალი არც არავის ჰქონდა ახლომახლო, დიდრონი, წვნიანი და მიმზიდველი!
როცა გაწვიმდებოდა, მაშინ ეზო მოიწყენდა. თითქოს ბუნებაში ჩიტები აღარ არსებობდნენ, თუთის და ზღმარტლის ძირები სამწყემსურში გასული ობოლი კანჭა ბიჭებივით იდგნენ. ღრუბლებიდან დაშვებულ ცივ მწუხარებას ანგელინას სახლის ბუხარი ნაღვლიანად ებრძოდა. ძალიან ცოტა თუ შეამჩნევდა ასეთ დროს მარტოხელა დიასახლისს თვალებში მთელი წლის ნალექს, ერთბაშად მოსულს. დარდობდა გარდაცვლილ ძმებს, ქმარს და ირგვლივ არსებულ საწუხარს. ამ დროს, სულელი წვიმის აბეზარი წვეთები თავდაუზოგავად მორბოდა მიწისკენ და სულ არ ადარდებდა არაფერი!

საოცარი იყო, რომ ანგელინა სკოლაში ასწავლიდა სოციალისტური პათოსით გამსჭვალულ ქართულ ლიტერატურას, მაგრამ სულ სხვაგვარად ახერხებდა ამას. არასდროს უთქვამს, რომ პარტია და ლენინი იყო სიკეთე, სიკეთე ქართული სიტყვის ხიბლში ჰქონდა ნაპოვნი და ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით საუბრობდა შუშანიკზე, აბოზე, გრიგოლ ხანძთელსა და ავთანდილზე. კომუნისტურ ეპოქაში მოსწავლის დასჯა არავის უკვირდა. მახსოვს, ბავშვისთვის პანღურებიც ამოუტყამთ, ყურებიც დაუწითლებიათ და მშობლებიც აუგად მოუხსენებიათ. ანგელინას გაბრაზებაც არ ახსოვთ, არათუ სკოლაში, სკოლის გარეთაც. ჩხუბისა და აყალმაყალისთვის სად ეცალა, საქმე ჰქონდა უამრავი...

თუ არ ისწავლიდა მოსწავლე, შეფასებას სათანადოს დაუწერდა, მაგრამ ყველამ იცოდა, ეს შეფასება სამართლიანი იყო! არც მოსწავლეები მიჰყავდა გაკვეთილების მერე თავის ყანაში. მცირეწლოვან ვაჟთან ერთად, მარტოქალი ვიწრო სვეებად ამუშავებდა ნაკვეთს! ზოგჯერ ყოფილი მოსწავლეები თავისი სურვილით, შეშას დაუჩეხდნენ ან სახურავზე კრამიტს შეუკეთებდნენ და თან, ხალისით იხსენებდნენ მოსწავლეობის დროინდელ ამბებს!
ორსართულიანი სახლის პირველი სართულის ყველაზე დიდ ოთახში ჰქონდა ანგელინას ბუხარი, სადაც მზადდებოდა საჭმელი. განსაკუთრებულად გემრიელი გამოსდიოდა ნიგვზიანი ერბო-კვერცხი. კვერცხს ათქვეფდა, დანაყილ ნიგოზს შეურევდა და რამდენიმე წუთში, თუჯის ტაფაზე მომზადებულს, სუფრასთან მიიტანდა. მინდვრის მხალ­საც, ვგონებ, სოფელში ყველაზე პირველი ამზადებდა ადრიან გაზაფხულზე. წვრილი, მოვლილი თითებით აკურატულად აკეთებდა ყველაფერს. აი, ქსოვა და ხელსაქმე განსაკუთრებულად დახვეწილად გამოსდიოდა. ერთი თვალის გამრუდებასაც კი არ დაუშვებდა ქსოვისას, რთვის დროს ისე ლამაზად "მორბოდა" ძაფი ფთილიდან თითისტარზე დასახვევად, ეს უნდა გენახათ და დაიჯერებდით, რომ კუსტარულ წარმოებას დიდი ხიბლი აქვს! რუსული წარმოების საკერავი მანქანაც სასწაულებს ახდენდა ანგელინას ხელში.
ბაბუამ მასწავლა, ცეცხლში შესაგდებად მცენარის თესლი ცოდვააო, - ამბობდა ანგელინა და სიმინდის მარცვალს, შემთხვევით ცეცხლის პირას დავარდნილს, აუცილებლად "უსაფრთხო" ადგილს მიუჩენდა. დაწვას სჯობს, ჩიტმა აკენკოსო...

ერთხელაც, გელაშვილების ახალგაზრდა რძლებს ხბოები გაჰპარვიათ და როგორღაც, ანგელინას ეზოში შეპარულან. ორ მაგიდაზე გაშლილი ჩირი პირწმინდად შეუჭამიათ, მაგრამ არც ამაზე აუტეხია ამბავი, ისევე, როგორც გრიშას ძროხის მიერ ნაკვეთის გადაღეჭისას (თანაც, გრიშას უთქვამს, - მე არ დამირიგებია ეს დასაკლავი, ანგელინა დააზარალეო!).

80 წელს მიღწეული ანგელინა ბოლო ორ წელს არ დაბრუნებულა სოფლად. სუსტადაა და მისი სოფელში მარტო ყოფნა არ შეიძლებაო. გვიანი შემოდგომის წვიმიანი დილა იყო, როცა შვილმა დარეკა, დედა აღარ მყავსო. უბანმა ერთბაშად მოიყარა თავი ანგელინას სახლთან. ეზო წაბლის, თუთისა და ვაშლის ფოთლებით იყო სავსე, ხეებიდან დაცვივნული რკოებიც უშნოდ ეყარა. ასე არ უყვარდა ამ ეზოს მეპატრონესო და, სასწრაფოდ მიალაგეს იქაურობა ქალებმა. კაცებმა დაკრძალვის სამზადისზე დაიწყეს მსჯელობა. გვარიანად დაღამებული იყო, როცა ცხედარი მიასვენეს სახლში. ყველა მეზობელი მდუმარე მწუხარებით დახვდა ანგელინას დაბრუნებას. არც სიცოცხლეში ბრუნდებოდი ხმაურით, ახლაც ჩუმად მოხვედიო, - წამოიკვნესეს მეზობლის ქალებმა...
ქმრის გვერდით დაკრძალეს ანგელინა. ქელეხის სუფრაც ისეთი იყო, როგორიც ეკადრებოდა. ლამაზად გაწყობილ გლოვის სუფრას ნამოწაფარი ხელმძღვანელობდა და წარმოუდგენელი სიმშვიდე სუფევდა სოფლის სარიტუალო დარბაზში, ზუსტად ისეთი, ანგელინას გაკვეთილზე რომ ახსოვდა მის გაზრდილ თაობებს...
წვიმის სევდა კორტოხზე წამო­მართულ ანგელინას სახლს ავდრობისას მრისხანედ ეპატრონება. ადრე, როცა გაწვიმდებოდა, საღამოობით, ამ სახლიდან ელექტრონის შუქი და ბუხრის კვამლი ებრძოდა სევდას. დიდი ხანია, ამ სახლს აღარც ელექტრონი ანათებს, აღარც კვამლი მიემართება ცისკენ მოთეთრო სვეტად.

როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
21.07.2017
ჩემი ბავშვობა გამხსნედა :( მადლობა როლანდი ანგელინა ბებია მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი არაჩველებრივი პედაგოგი და ბებია იყოო
ირმა ნოზაძე
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სო­ფელ ლა­ხირს, რო­მე­ლიც მუ­ლა­ხის ჩრდი­ლო­ეთ ფერ­დობ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი, ოდეს­ღაც ოს­თა ლაშ­ქა­რი შე­მო­სე­ვია.
ერთ-ერთ იმერულ სოფელს შუაზე ყოფს ყვირილა.

"ოსებსაც ჩვენსავით უჭირთ... ზოგს უფრო მეტადაც..."


"ბეწ­ვის გა­დამ­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხ­ნის მო­საწყო­ბად 15.000 აშშ დო­ლა­რი საკ­მა­რი­სი­ა"


ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ახალწვეულთა მომზადების პროგრამა მიმდინარეობს.
"ვენახების განვითარებაზე მეტი ენერგია და რესურსი უნდა დავხარჯოთ''



"დაე, გაძ­ვირ­დეს, ხალ­ხი მა­ინც გა­და­იხ­დის"



ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის გაყ­ვა­ნამ­დე მთაწ­მინ­და სპე­კუ­ლა­ცი­ის ერ­თ­გ­ვარ წყა­როს წარ­მო­ად­გენ­და




გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით ინ­ფ­ლა­ცია გა­ი­ზარ­და



კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

2 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


1 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

3 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

4 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ერთი დღე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან
ცენტრში გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი ნაკადი ზამთარში შემოდის, როდესაც ცივა.

1 კომენტარი
პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი
"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს"

4 კომენტარი
"ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც" - ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე
8 კომენტარი