სისხლიანი ოლიმპიადა: ტერაქტი, რომელმაც ისტორია შეცვალა
font-large font-small
სისხლიანი ოლიმპიადა: ტერაქტი, რომელმაც ისტორია შეცვალა
გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მსოფლიოს არაჩვეულებრივი იტორიებიდან

მე-19 საუკუნის ბოლოს, ოლიმპიადის ძველბერძნული ტრადიციების აღდგენისას, ბარონი პიერ დე კუბერტენი იმედოვნებდა, რომ ოლიმპიური თამაშები მშვიდობის და ხალხთა ერთობის სიმბოლო გახდებოდა. თუმცა, მე-20 საუკუნის დასაწყისში ოლიმპიადაც და მთლიანად სპორტიც პროპაგანდისა და პოლიტიკური მიზნების მიღწევის მეტად საშიშ იარაღად იქცა. 1972 წლის 5 სექტემბერი სწორედ ის დღეა, როცა პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ "შავი სექტემბერი" (ფატხის რადიკალური, გასამხედროებული ფრთა) ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტერაქტი განახორციელა და მიუნჰენის ოლიმპიური თამაშები სისხლიანი ასოებით ჩაწერა არა მარტო სპორტის, არამედ მსოფლიო ისტორიაში.

ტერაქტის მზადება

ტერაქტის იდეა 1972 წლის 17 ივლისს დაიბადა "შავი სექტემბრის" ხელმძღვანელების - აბუ დაუდის, აბუ აიადას და ფაკრი ალ-უმარის შეხვედრაზე რომში, როცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უარი უთხრა პალესტინის ახალგაზრდულ ფედერაციას ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე. "თუ არ გვეძახიან, რა გვიშლის ხელს დაუპატიჟებლად მივიდეთ?!" - ირონიულად იკითხა ფაკრი ალ-უმარიმ და ოლიმპიელების მძევლად აყვანის იდეა წამოაყენა. "ებრაელებს სუსტი წერტილი უნდა მოვუძებნოთ და ყველაზე ცნობილები გავანადგუროთ. პოლიტიკოსების ხელში ჩაგდება თუ არ გამოგვდის, მაშინ მსახიობები და სპორტსმენები უნდა დავხოცოთ", - დაეთანხმნენ დანარჩენები.

1972 წლის 4 სექტემბერს, მიუნჰენის სისხლიანი ტერაქტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და იდეოლოგმა აბუ დაუდიმ, "შავი სექტემბერის" რვა წევრს ბოლო ინსტრუქტაჟი ჩაუტარა: "გახსოვდეთ, ოპერაცია, რომლისთვისაც თქვენ შეგარჩიეს, პოლიტიკურად მნიშვნელოვანია. ებრაელები ცოცხლად უნდა ავიყვანოთ. მართალია, თავდაცვის მიზნით თქვენ გაქვთ იარაღის გამოყენების უფლება, მაგრამ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, რადგან ეს არა მტრების ლიკვიდაცია, არამედ მძევლად აყვანის ოპერაციაა. ძალიან მალე ჩვენ მათ ჩვენს ძმებში გავცლით, რომლებიც ისრაელის ციხეში იტანჯებიან".

სისხლიანი ოლიმპიადის დეტალები იხილეთ,
palitranews.ge-ს გადაცემაში "არაჩვეულებრივი ისტორიები
ოლიმპიური სოფლის დაცვა
მიუნჰენის ოლიმპიადას გერმანიისთვის ბევრად მეტი დატვირთვა ჰქონდა, ვიდრე ჩვეულებრივ სპორტულ ღონისძიებას, რადგან მის მთავარ მიზანს მსოფლიო საზოგადოების მეხსიერებიდან 1936 წლის თამაშების მილიტარისტული იმიჯის წაშლა წარმოადგენდა. პროპაგანდა მიუნჰენის თამაშებზეც საკმარისზე მეტი იყო, თუმცა, რადიკალურად განსხვავებული - ორგანიზატორები მაქსიმალურად ცდილობდნენ "მშვიდობისა და სიხარულის თამაშებად" წოდებულ ოლიმპიადაზე გახსნილი და მეგობრული ატმოსფეროს შექმნას, შეიარაღებული ძალოვანები კი, მათი აზრით საკმაოდ სერიოზულ ზარალს მიაყენებდნენ სპორტული ღონისძიების ოპტიმისტურ განწყობას. სწორედ ამიტომ პოლიციელები მათ მსუბუქად შეიარაღებული დაცვით ჩაანაცვლეს, დაშვების სისტემა კი, იმდენად გამარტივეს, რომ ათლეტები ზოგჯერ საშვის გარეშე, ზოგჯერ კი, საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, პირდაპირ ღობეზე გადაძრომით ხვდებოდნენ ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე.

დაცვის ნორმების უგულველყოფით, ისრაელის დელეგაციის ხელმძღვანელი შმუელ ლალკინი ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე შეწუხდა, მიუნჰენში ჩასული კი, მისი გუნდის დასაბინავებლად გამოყოფილმა ადგილმა აღაშფოთა. ლალკინის აზრით პატარა სახლი, ოლიმპიური სოფლის შედარებით იზოლირებულ ნაწილში, ჭიშკართან ახლოს ისრაელის დელეგაციას თავდასხმებისთვის მეტად ხელსაყრელ სამიზნედ აქცევდა. თუმცა, ორგანიზატორებმა ლალკინი დაამშვიდეს და შეპირდნენ, რომ ისრაელის დელეგაციის მიმართ დაცვის განსაკუთრებული ზომები იქნებოდა მიღებული.

ოლიმპიურ თამაშებამდე რამდენიმე თვით ადრე, ბავარიის პოლიციის თხოვნით სასამართლო ფსიქოლოგმა გეორგ ზიბერმა ტერორისტული აქტების შესაძლო 26 ვარიანტი შეიმუშავა, ერთ-ერთი მათ შორის კი, სწორედ ე.წ. "სიტუაცია 21" იყო, რომელიც 1972 წლის 5 სექტემბერს პრაქტიკულად სრულად განხორციელდა. "სიტუაცია 21" ზუსტად ასახავდა ჯერ პალესტინელების თავდასხმას ისრაელის დელეგაციაზე, მერე მათ მძევლებად აყვანის და ლიკვიდაციის შესაძლებლობას, ბოლოს კი, ტერორისტების მოთხოვნას - გაენთავისუფლებინათ პალესტინელი პატიმრები ისრაელის ციხიდან. სხვათაშორის, გერმანიის უსაფრთხოების სამსახურს ბეირუთიდან პალესტინელმა ინფორმატორმაც გააფრთხილა, თითქოს ოლომპიურ თამაშებზე "ინციდენტის" მოწყობა იგეგმებოდა. თუმცა, მათ გაფრთხილება არ გაითვალისწინეს, ზიბერი ტერაქტის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს, ტერაქტების სავარაუდო სცენარი კი, უკვალოდ გააქრეს.

მძევლების აყვანა
ტერაქტი ოლიმპიური თამაშების მეორე კვირას განხორციელდა. 4 სექტემბრის საღამოს, ისრაელის დელეგაცია სპექტაკლს"მევიოლინე სახურევზე" დაესწრო, მიუნჰენის თეატრის ვარსკვლავთან შმულ როდენსკისთან ერთად ივახშმა და ავტობუსით ოლიმპიურ საოფელში დაბრუნდა.

ტერორისტები დილის 4:30-ზე გამოჩნდნენ. სპორტულ ფორმაში გამოწყობილი პალესტინელები, რომელთაც მხარზე იარაღით და ასაფეთქებელით გატენილი ჩანთები ჰქონდათ გადაკიდული, ღობესთან კანადელ და ამერიკელ სპორტსმენებს გადააწყდნენ, რომელთაც ტერორისტები კოლეგა-ათლეტებად მიიღეს და ღობეზე გადაძრომაშიც დაეხმარნენ. იქვე იყვნენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც. სწორედ მათ გაიხსენეს, როგორ თავისუფლად აღმოჩდნენ ტერორისტები ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე, რომლებმაც ასევე დაბრკოლების გარეშე, მოპარული გასაღებით გააღეს ისრაელის დელეგაციის სახლი და პირველ - მსაჯების და ჩინოვნიკების ოთახს მიადგნენ.

შემთხვევით გაღვიძებულ იოსეფ გუტფროინდს კარს იქით უცნაური ხმა მოესმა და შესამოწმებლედ ადგა. მსაჯმა კარი გააღო და პირდაპირ შეიარაღებულ ტერორისტებს შეეჯახა. გუტფროინდმა ყვირილით გააღვიძა კოლეგები და მთელი მასით მიაწვა კარს, თუმცა, ტერორისტებმა მაინც მოახერხეს ოთახში შეღწევა. არეულობით ტუვიე სოკოლოვსკიმ ისარგებლა, რომელმაც ფანჯარა ჩაამტვრია და გაიქცა. მოშე ვაინბერგმა ტერორისტებს ფიზიკური ძალა დაუპირისპირა, თუმცა ლოყაში დაჭრეს და ათლეტების ოთახების ჩვენება აიძულეს. მეზობელ ოთახთან მსაჯმა იცრუა, თითქოს იქ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ და იმედით, რომ ძალოსნები ტერორისტებთან გამკლავებას შეძლებდნენ, პირდაპირ მათ ოთახთან მიიყვანა. თუმცა, ათლეტებს ეძინათ, ახალგაღვიძებულები კი, უძლურნი აღმოჩდნენ შეიარაღებული პალესტინელების წინაშე.

მძევალად აყვანილ ათლეტებთან ერთად, ტერორისტები ისევ მსაჯთა ოთახისკენ დაიძრნენ. დაჭრილმა ვაინბერგმა კიდევ ერთხელ სცადა წინააღმდეგობის გაწევა, რითაც მოჭიდავემ გადი ცაბარმა ისარგებლა და მიწისქვეშა ავტოფარეხიდან გაქცა. ფიზიკურად ძლიერმა ვაინბერგმა ერთ-ერთი ტერორისტის ნოკაუტირება მოახერხა, მეორე კი, ხილის დანით დაჭრა და თვითონაც ემსხვერპლა, იოსეფ რომანომ კიდევ ერთი ტერორისტი დაჭრა, თუმცა, ექვსდღიანი ომის ვეტერანი უმოწყალოდ დაცხრილეს. ფიზიკურად ყველაზე ძლიერი გუტფროინდი სკამზე მიაბეს, დანარჩენები კი, ოთხ-ოთხად გაანაწილეს, ჯერ ხელ-ფეხი შეუკრეს, მერე ერთმანეთს მიაბეს და დაცხრილული რომანო, როგორც გაფრთხილება, ფეხებთან მიუგდეს.
სისხლიანი ოლიმპიადის დეტალები იხილეთ, palitranews.ge-ს გადაცემაში "არაჩვეულებრივი ისტორიები
ისრაელის ნაკრების დიდმა ნაწილმა, მათ შორის მეზობელ ოთახში მყოფმა ათლეტებმა და დელეგაციის ხელმძღვანელმა შმუელ ლალკინმა, გუტფროინდის ყვირილზე გაიღვიძეს და გაქცევით უშველეს თავს, ოლიმპიური სოფლის საპირისპირო ნაწილში დაბინავებული ქალბატონები ესტერ როთ-შახამორო და შლომიტ ნირი, საბედნიეროდ საერთოდ არ მოხვდნენ ტერორისტების მხედველობის არეში. ურუგვაისა და ჰონგკონგის ოლიმპიური ნაკრებები კი, რომელბიც ებრაელ სპორტსმენებთან ინაწილებდნენ საცხოვრებელს, პალესტინელებმა თავიდანვე უპრობლემოდ გაუშვეს.

მოლაპარაკება ტერორისტებთან
დილის 6 საათზე ტერორისტებმა ულტიმატუმი წამოაყენეს - 12 საათამდე ისრაელის ციხიდან 234 პალესტინელის და ორი გერმანელი რადიკალის - ანდრეას ბაადერის და ულრიკ მაინჰოფის ეგვიპტეში უსაფრთხოდ გადაყვანა, ასევე დასავლეთ ევროპის საპატიმროებში მყოფი16 პატიმრის განთავისუფლება მოითხოვეს, უარის შემთხვევაში მძევლის დახვრეტით დაიმუქრნენ და საკუთარი ზრახვების სერიოზულობის დასამტკიცებლად ეზოში ვაინბერგის ცხედარი გადმოაგდეს. თუმცა, ისრაელის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა გოლდა მეიერმა მტკიცე პოზიცია დაიჭირა, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არასდროს გამართავდა მოლაპარაკებებს ტერორისტებთან და გერმანულ მხარეს საკუთარი სპეცრაზმის გაგზავნა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მოგვაინებით, ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრი ბრუნო მერკი და მიუნჰენის პოლიციის უფროსი მანფრედ შნაიბერი, რომლებიც მძევლების განთავისუფლების ოპერაციას და ანტიკრიზისულ შტაბს ხელმძღვანელობდნენ, ამტკიცებდნენ, რომ მსგავსი შემოთავაზება არასდროს ყოფილა.

იმ პერიოდში გერმანულ პოლიციას არ ჰყავდა ანტიტერორისტული ქვედანაყოფი, სამხედროებს კი, არასაომარ ვითარებაში ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა მძევლების ბედი ადგილობრივი ხელისუფლების ხელში, რომელთაც არც ფსიქოლოგები ჰყავდათ, არც პროფესიონალი მომლაპარაკებლები და ტერორისტებს გულუბრყვილოდ ჯერ განუსაზღვრელი ოდენობის თანხა შესთავაზეს, მერე კი, ებრაელი სპორტსმენების საკუთარი თავით ჩანაცვლება. თუმცა, პალესტინელებმა ყველა შეთავაზებაზე უარი თქვეს და მხოლოდ ერთ დათმობაზე წავიდნენ - ულტიმატუმის ვადა რამდენჯერმე, საბოლოოდ კი, 17:00 საათამდე გააგრძელეს.

დილის 6 საათზე ტერაქტის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ეივერი ბრანდეიჯს შეატყობინეს, რომელმაც უარი თქვა ოლიმპიური თამაშების შეჩერებაზე: "თამაშები ნებისმიერ ფასად უნდა გაგრძელდეს", - აღნიშნა მან და 5 სექტემბერის პირველი ღონისძიებაც გაწერილი განრიგით, ზუსტად 8:15-ზე გაიმართა. საბოლოოდ, რა თქმა უნდა შეჯიბრება მაინც გადაიდო, თუმცა, ეს მხოლოდ 15:50-ზე, მძევლების აყვანიდან 10 საათის შემდეგ მოხდა.

მძევლების განთავისუფლების წარუმატებელი ოპერაცია
გამოუცდელმა ანტიკრიზისულმა შტაბმა რამდენიმე გეგმა შეიმუშავა, თუმცა ყველა კრახით დასრულდა. ვერ განხორციელდა კონდიცირების სისტემაში გაზის გაშვების იდეა, რადგან საჭირო შემადგენლობის გაზი არ მოიძებნა, ჩაიშალა მიმტანების ფორმაში გადაცმული შეიარაღებული სპეცრაზმის შენობაში შესვლის გეგმაც, რადგან ტერორისტებმა უარი თქვეს უცხო პირების მიღებაზე და საკვების კარებთან დატოვება მოითხოვეს, შენობის შტურმით აღებას კი, ჟურნალისტებმა შეუშალეს ხელი, რომლებიც სპეცოპერაციის მზადებას იღებდნენ და პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ, ტერორისტები კი, ამასობაში ტელევიზორს უყურებდნენ.

მალე ტერორისტებმა ახალი მოთხოვნა წამოაყენეს - მძევლებთან ერთად ქაიროში გაფრენა მოითხოვეს და მართალია, ეგვიპტის მთავრობამ უარი თქვა მათ მიღებაზე, მაგრამ მძევლების აეროპორტში განთავისუფლების იმედით, გერმანიის მთავრობამ მაინც იცრუა, თითქოს ყველაფერი მოგვარებული იყო. შედეგით კმაყოფილმა ტერორისტებმა მოლაპარაკებაში ჩართულ პოლიციელებს შენობაში შესვლის და მძევლების ნახვის უფლება მისცეს, მათ კი, პალესტინელების დაჯგუფებაში შეცდომით 4-5 ადამიანი დაითვალეს და ანტიკრიზისულ შტაბსაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. სწორედ ამიტომ, შენობიდან გამოსული რვა ტერორისტი შტაბისთვის ჯერ მოულოდნელ სიურპრიზად იქცა, მერე კი, საბედისწერო შეცდომად.  სისხლიანი ოლიმპიადის დეტალები იხილეთ, palitranews.ge-ს გადაცემაში "არაჩვეულებრივი ისტორიები

ოლიმპიური სოფლიდან ტერორისტები მძევლებთან ერთად ვერტმფრენებით გადაიყვანეს ფიურსენფელბრუკის აეროპორტში, სადაც მათ ავიაკონია Lუფტჰანსა-ს ბოინგში შეიარაღებული ძალოვანები ელოდნენ. თუმცა, როცა პოლიციელებმა ვერტმფრენებიდან გადმოსული ხუთი ტერორისტის ნაცვლად რვა დათვალეს, შტაბთან შეთანხმების გარეშე, თვითნებურად დატოვეს პოსტი. პოლიციის გარდა, მძევლების განთავისუფლების ოპერაციაში რამდენიმე "სნაიპერი" - უფრო სწორედ ტირში სროლის მოყვარული პოლიციელიც მონაწილეობდა, რომელთაც არც რადიოგადამცემები ჰქონდათ, არც ჩაფხუტები, არც ჯავშნიანი ჟილეტები, არც ტელესკოპური ან ინფრაწითელი სამიზნით აღჭურვილი იარაღი.

ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თვითმფრინავის აღმოჩენის შემდეგ, ტერორისტები მიხვდნენ, რომ გერმანელებმა მათ ხაფანგი დაუგეს და ისევ ვერტმფრენისკენ გაიქცნენ, რითაც სნაიპერმა ისარგებლა და ერთ-ერთი ტერორისტი ფეხში დაჭრა. შტაბის ხელმძღვანელობამ ცეცხლის გახსნა ბრძანა, ცეცხლით უპასუხეს პალესტინელებმაც. ორმხრივი სროლის დროს ორი ტერორისტი და ერთი გერმანელი პოლიციელი დაიღუპა, ვერტმფრენის პილოტებმა გაქცევით უშველეს თავს, რაც სამწუხაროდ ვერ მოახერხეს მძევლებმა, რადგან მათ ისევ შეკრული ჰქონდათ ხელ-ფეხი. პანიკამ ტერორისტები, მაშინ მოიცვა, როცა აეროპორტში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. პალესტინელები მიხვდნენ, რომ მათი ეგვიპტეში გარფენის გეგმა ჩაიშალა და მძევლების დახოცვა გადაწყვიტეს - ჯერ უმოწყალოდ დაცხრილეს, მერე ვერტმფრენებში ბომბები შეყარეს. ვერტმფრენებს ცეცხლი წაეკიდა, საერთო ქაოსში კიდევ სამი ტერორისტი დაიღუპა, სამი კი, ცოცხლად გადარჩა.

ტრაგიკული დასასრული
ტრაგედიიდან რამდენიმე საათში გერმანულმა მედიამ მსოფლიოს ტერორისტების ლიკვიდაციის და მძევლების განთავისუფლების შესახებ აცნობა. ზუსტად იგივე ინფორმაცია მიიღო ისრაელის მთავრობამ, მძევლების ოჯახებმა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 56 წევრმა, რომლებმაც სწრაფად დაშალეს ანტიკრიზისული შტაბი და გულდამშვიდებულები წავიდნენ დასაძინებლად. სიმართლე მოგვიანებით გამოაშკარავდა: "ტერორისტები კარგად იყვნენ მომზადებული და საკმაოდ ჭკვიანურად მოქმედებდნენ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა, ისინი გამოცდილი მებრძოლები აღმოჩნდნენ", - თავი იმართლა მიუნჰენის პოლიციის შეფმა მანფრედ შნაიბერმა.

მეორე დღეს ოლიმპიურ სტადიონზე სამგლოვიარო ცერემონია ჩატარდა, რომელსაც 80 000 ადამიანი, მათ შორის 3 000 ათლეტი ესწრებოდა. საბჭოთა კავშირის ნაკრები ცერემონიაზე არ გამოცხადდა, ათმა არაბულმა ქვეყანამ კი, უარი თქვა დაღუპული ებრაელი სპორტსმენების პატივსაცემად ეროვნული დროშის დაშვებაზე. ცერემონიას დაღუპული მოშე ვაინბერგის ბიზაშვილი კარმელ ელიაში ესწრებოდა, რომელსაც პირდაპირ სტადიონზე მოუვიდა გულის შეტევა და გარდაიცვალა. 24-საათიანი პაუზის შემდეგ სპორტული შეჯიბრებები განახლდა. თუმცა, საგრძნობლად შეთხელებული გულშემატკივრით. მაყურებელთა ერთმა ჯგუფმა ტრიბუნაზე ბანერიც კი გამოფინა, წარწერით: "17 დაღუპული უკვე დავიწყებულია?", თუმცა, დაცვამ მათ ბანერიც წაართვა და სტადიონიც იძულებით დაატოვებინა.

დაღუპული ტერორისტების ცხედრები მუამარ კადაფის მოთხოვნით ლიბანში გაიგზავნა, სადაც ისინი გმირებად დაკრძალეს. ცოცხლად გადარჩენილები გერმანიის ციხეში აღმოჩდნენ, თუმცა რამდენიმე თვეში პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით, ფატხის წარმომადგენლებმა Lუფტჰანსა-ს თვითმფრინავი გაიტაცეს. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თვითმფრინავის გატაცება პალესტინელებმა გერმანიის მთავრობასთან ერთად დაგეგმა. ფატხმა საკუთარი მებრძოლები დაიბრუნა, გერმანიამ კი - მის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების არ განხორციელების პირობა მიიღო. სხვათაშორის, გატაცებული თვითმფრინავით, რომელიც 150 მგზავრს იტევს, მხოლოდ 14 ადამიანი მგზავრობდა, რომელთა შორის არც ქალები იყვნენ, არც ბავშვები.

ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი ტერორისტი - ჯამალ ალ-გაში, რომელიც უშუალოდ ღებულობდა მონაწილეობას მძევლების აყვანაში, სიცოცხლის ბოლომდე ამაყობდა საკუთარი საქციელით. "ეს ძალიან დაეხმარა პალესტინის საქმეს. მიუნჰენამდე მსოფლიომ არაფერი იცოდა ჩვენს პრობლემებზე, იმ დღეს კი, პალესტინა მთელ მსოფლიოს პირზე ეკერა", - აღნიშნა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.

ტერაქტის ორგანიზატორი და იდეოლოგი აბუ დაუდი პარიზში დააპატიმრეს 1977 წლის იანვარში. ისრაელმა მისი გადაცემა მოითხოვა და გერმანიასაც იგივე ვალდებულება დააკისრა, თუმცა ბავარიის მთავრობამ ისე გააჭიანურა დოკუმენტების მომზადება, რომ საფრანგეთი იძულებული გახდა აბუ დაუდი ალჟირში გაეშვა და თვითმფრინავის ბილეთის თანხაც გადაუხადა. მძევლების აყვანაში მონაწილეობა აბუ დაუდიმ მხოლოდ 1999 წელს აღიარა, 2010 წელს კი, სირიაში 73 წლის ასაკში გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.

ტექსტი მომზადებულია დოკუმენტურ მასალებზე და ფილმზე დაყრდნობით

სისხლიანი ოლიმპიადის დეტალები იხილეთ, palitranews.ge-ს გადაცემაში "არაჩვეულებრივი ისტორიები
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
იმ დროს ხომ ყვე­ლას უსუ­სუ­რი ბრალ­დე­ბე­ბით აპა­ტიმ­რებ­დ­ნენ
ხშირად დასახიჩრებული მოწინააღმდეგენი რომელიმე დუქანს ან სახლს მიაშურებდნენ, იქ კი ლხინი გათენებამდე გრძელდებოდა


ორი ქუჩა თბილისში, რომელიც ერთდროულად ატარებდა რუსთაველის სახელს

მეფის რუსეთი ამქრობის ინსტიტუტის წინააღმდეგი იყო

ის საკუთარ ჯანმრთელობასა და ხმაზე ნაკლებად ზრუნავდა

არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი დი­ნას­ტი­ე­ბი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან


ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­თა დი­დი ნა­წი­ლი "ვეფხის­ტყა­ოს­ნი­სათ­ვის" შექ­მ­ნილ სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძი­სე­ულ ილუს­ტ­რა­ცი­ებს სა­უ­კე­თე­სოდ მი­იჩ­ნევს


და რა გზით მოაგროვა უმაღლესი განათლების მისაღები ფული

კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

5 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


3 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

6 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

6 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
7 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ერთი დღე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან
ცენტრში გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი ნაკადი ზამთარში შემოდის, როდესაც ცივა.

1 კომენტარი
პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი
"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს"

4 კომენტარი
"ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც" - ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე
9 კომენტარი