ვანო სარაჯიშვილი და მის სავიზიტო ბარათად ქცეული "ურმული"
font-large font-small
ვანო სარაჯიშვილი და მის სავიზიტო ბარათად ქცეული "ურმული"
ის საკუთარ ჯანმრთელობასა და ხმაზე ნაკლებად ზრუნავდა

მასზე ამბობენ, რომ საზღვარგარეთ გაცილებით უფრო მეტის მიღწევა შეეძლო თავის კარიერაში, ვიდრე საქართველოში, მაგრამ მან ევროპაში ცხოვრებას, სამშობლოში დაბრუნება არჩია. 45 წლის ასაკში გარდაიცვალა და ოპერაში - "აბესალომ და ეთერი" უფლისწულის პარტია მისი გედის სიმღერა გამოდგა...


მრავალშვილიანი ოჯახი და ვანოს ურჩი ბავშვობა
ბაბუამისი, მიხეილ სარაჯიშვილი, კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის მეგობარი იყო და რუსულ ჯარს სურსათ-სანოვაგით ამარაგებდა. ვორონცოვი ხშირად უმართავდა მეგობარს ხელს და შვილების აღზრდაში ეხმარებოდა. მიხეილის ერთ-ერთ ვაჟს, პეტრეს, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს გვიან მოეკიდა, 9 შვილი შეეძინა, თუმცა, სამწუხაროდ, მათგან 2 ბავშვობაშივე დაეღუპა. კაცი დაქვრივდა კიდეც - პირველი მეუღლის ნინო ვაჩნაძის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ, 53 წლის პეტრემ, ცოლად შეირთო თელავის ერთ-ერთი ცნობილი ოჯახის შვილი, ეფემია რუსიშვილი-ყორჩიბაში. პეტრესა და ეკატერინეს 5 შვილი ეყოლათ. ვანო, პეტრეს რიგით მეთერთმეტე შვილი, 1879 წლის პირველ მაისს სიღნაღში დაიბადა.
ვანოს დედა ეფემია გერებს შვი­ლებისგან არ არჩევდა, ბავშვებს განათლებას აძლევდა. ვანო დედას ჰგავდა, როგორც გარეგნულად, ისე ხასიათით. თუმცა, ბავშვობაში ძალიან ჯიუტი და თავისებური ზნის ყოფილა. "წყალი", - მბრძანებლური კილოთი მოითხოვდა შუაღამისას. როცა მოახლე წყალს მიუტანდა, არ დალევდა, ვაშლს მოსთხოვდა და თუ ამ სურვილსაც შეუსრულებდნენ, მერე ხან ჩურჩხელის მიტანას ითხოვდა და ხანაც, ყურძნის. სკოლაში წასვლაზეც უარი განუცხადებია. პეტრეს მუშა მოუყვანია და მისი დახმარებით, კურტნით ძალით წაუყვანიათ.
6 წლის ვანო უკვე კარგად მღეროდა და ცეკვავდა. პეტრეს ოჯახი განთქმული ყოფილა მუსიკის სიყვარულით, ასევე, კარგად მღეროდნენ ეფემიას დებიც.

პეტრე სარაჯიშვილს განათლება პეტერბურგსა და ხარკოვში ჰქონდა მიღებული. ქართველთა შორის, ერთ-ერთ პირველ ინჟინერ-ტექნოლოგს, მათემატიკის მასწავლებელსა და ნოტარიუსს, თარსა და სალამურზე დაკვრა უყვარდა და მის ჰანგებზე შვილებს აცეკვებდა... მოგვიანებით, ვანომ და მისმა უფროსმა ძმამ, ანდრომ სიღნაღის ეკლესიის ლოტბარ ალექსანდრე ჩახნაშვილთან დაიწყეს გალობაში მეცადინეობა. ხალხური სიმღერების პატარა შემსრულებლებს ხშირად იწვევდნენ ქორწილებსა და ნადიმებში, სადაც საზოგადოებაში თავდაჭერასა და ქცევას სწავლობდნენ.GzaPress

თბილისი და გიმნაზია

1887 წელს პეტრე სარაჯიშვილი გარდაიცვალა. ეფემია ბავშვებთან ერთად, თბილისში გადმოსახლდა და 1888 წელს, ანდრო და ვანო თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიაბარა. ძმებმა სარაჯიშვილებმა სკოლის ადმინისტრაციის ყურადღება მაშინვე მიიპყრეს. გიმნაზიის გუნდს სათავეში ზაქარია ჩხიკვაძე ედგა, რომელმაც ნიჭიერი ახალგაზრდა თანაშემწედ გაიხადა. გუნდი ხშირად გალობდა კალოუბნის ეკლესიაში. ვანო ლოტბარობდა და გუნდში ბანს ამბობდა. ურჩობა ნელ-ნელა მოიშალა, დადინჯდა, მაგრამ უეცარი აფეთქება იცოდა. თუმცა, მის ალიპლიპებულ სახეს მეორე წამს ღიმილი გადაეფინებოდა. გიმნაზიაში სწავლისას, სალამურზე ხშირად უკრავდა და გარშემო მყოფებს ართობდა.
1900-1901 სასწავლო წელს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ყაზარმა თბილისში იყო და ვანოს ხელი არ შეშლია, მეგობარს - სანდრო კავსაძეს გუნდში გაჰყოლოდა. თუ ადრე ვანო ბანს ამბობდა, ახალ გუნდში პირველ ხმას ამღერებდნენ და სანდრო კავსაძის გუნდთან ერთად, ვანომ მთელი საქართველო მოიარა.

მოგვიანებით, სარაჯიშვილებმა საოჯახო გუნდი ჩამოაყალიბეს. გამოდიოდნენ საღამო-კონცერტებში, სადაც ვანო სოლო სიმღერებსაც ასრულებდა. მისი სიმღერით მოხიბლული ნაცნობ-მეგობრები ურჩევდნენ, აკადემიური მეცადინეობისთვის მოეკიდა ხელი და ეს საქმე ოჯახის შორეულმა ნათესავმა, გიორგი მაჩაბელმა ითავა. იმხანად, სახაზინო პალატას ვინმე მიხაილოვი განაგებდა. მან ერთ-ერთ ლხინზე მოუსმინა ვანოს და პალატაში მისთვის ადგილი გამოყო, თან სთხოვა: "...ოღონდ ერთს გთხოვ, ჭაბუკო, როცა მოვკვდე, "მხოლოდ შენ ერთს" მიმღერეთ". მალე ვანოს ნაცნობ-მეგობრებმა მომღერლის ნიჭის შემფასებლად ილია ჭავჭავაძეს უხმეს, რომელმაც მოკლედ მოჭრა: "უსათუოდ უნდა გაიგზავნოს სასწავლებელში, დახმარება დაენიშნება". მართლაც, ცოტა ხანში მატარებელი ვანოს რუსეთისკენ მიაქანებდა.

"სარაჯინად" მონათლული მომღერალი

1903 წლის 6 ოქტომბერს ვანო პეტერბურგში ჩავიდა და ბიძაშვილ ევგენიასთან დასახლდა, მაგრამ მეცადინეობის დაწყება არც ისე იოლი აღმოჩნდა. განთქმულ პედაგოგს, პროფესორ პრიანიშნიკოვს მიმართა, რომელმაც მისი მოსმენაც არ ისურვა. საქმეში პეტერბურგში მყოფი ქართველები ჩაერივნენ და პრიანიშნიკოვმა, ბოლოს და ბოლოს, ვანოს გამოცდის დღე დაუნიშნა. ინსტრუმენტს პროფესორი მიუჯდა. ვანომ რომ იმღერა. აღფრთოვანებულმა გამომცდელმა მეორე დღესვე დაუთქვა შეხვედრა და მეცადინეობაც დაიწყეს.
ვანოს 25 წელი ჯერაც არ შესრულებოდა, როცა აკაკი წერეთლის ვაჟმა ალექსანდრემ თავის დასში მიიწვია და რთული საოპერო პარტიების შესრულება ანდო... იტალიური საოპერო სკოლისკენ გზა კი პროფესორ პანაევა-კარცევას მოწაფეობისას გაიკვლია. იტალიურ დასში ვანოს დებიუტი "ტრავიატაში" ალფრედის პარტიით შედგა.

მომღერალი საქართველოში რომ ჩამოვიდა, რამდენიმე ოპერაში წარდგა ქართველი მსმენელის წინაშე, მერე იტალიაში გაემგზავრა, სადაც მაესტრო კასტელანოსა და თავისი ნიჭის წყალობით, ვანო საუკეთესო ბელკანტოდ აღიარეს და იქვე "სარაჯინად" მონათლეს.
იმხანად მილანში ქართველი მომღერალი ელენე თარხნიშვილი ცხოვრობდა. სწორედ მის სახლში გამართულ საღამოებზე დაუახლოვდა ვანო მსოფლიოში განთქმულ მომღერლებს: ფიოდორ შალიაპინს, ჯირალდინის, ტიტო რუფოსა და სხვებს. ყველა ფიქრობდა, რომ ვანო ევროპაში დარჩებოდა, მაგრამ ის დიდი ხნით სხვაგან ვერ ძლებდა და დროდადრო სამშობლოში ბრუნდებოდა.


ჯვრისწერა გალობის ფონზეGzaPress

1906 წლის 5 ნოემბერს, თბილისის "არტისტულ საზოგადოებაში" საქველმოქმედო საღამო იმართებოდა. ფოიეში ყვავილების მათრობელი სურნელი იდგა, ჭიქებში შამპანური შუშხუნებდა. ვანო დარბაზში შევიდა და გეზი დახლისკენ აიღო. ხალხმა გზა დაუთმო. შამპანურით სავსე ჭიქა გამოაწოდეს. ვანომ გამოართვა, მოსვა, ფული დახლზე დადო, წამით შეხედა მშვენიერ ასულს და სცენისკენ გასწია.
დრო გადიოდა... ვანომ იტალია და პეტერბურგი მოიარა, ყველგან სასურველ სტუმარს, მანდილოსნების ყურადღება არ აკლდა, მაგრამ ის მაინც თბილისში, საქველმოქმედო საღამოზე ერთხელ ნანახ ქალზე ფიქრობდა.
1910 წლის გაზაფხულზე, ვანომ და ნინომ ჯვარი დაიწერეს. ეკლესიაში ნეფემ ოპერა "რომეო და ჯულიეტადან" რომეოს არია კრინით იმღერა, ჯვრისწერა კი ძმები სარაჯიშვილების გუნდის გალობის ფონზე წარიმართა. მღვდელმა ალექსი თევზაძემ მეფე-დედოფალი მაყრიონითურთ, შინ დაპატიჟა და ზეიმი იქ გააგრძელა.


ვანოს "აბესალომი"
საზღვარგარეთ სახელმოხვეჭილი ვანო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიწვიეს. 1919 წლის 21 თებერვალს, როცა თბილისში "აბესალომი და ეთერის" პრემიერა გაიმართა და ორკეტრს თავად ოპერის ავტორი, ზაქარია ფალიაშვილი დირიჟორობდა, ვანო აბესალომის პარტიას ასრულებდა. ამას მოჰყვა მისი სხვა პარტიები ოპერებში: "ქეთო და კოტე", "ლეილა", "ღალატი", "დაისი" და სხვა.


კინოფილმი "მამის მკვლელი"

ვანოს კინოხელოვნება ძალიან ჰყვარებია და როდესაც 1923 წელს, რეჟისორმა ამო ბეკ-ნაზაროვმა ალექსანდრე ყაზბეგის "მამის მკვლელის" გადაღება გადაწყვიტა და ონისეს როლი მას შესთავაზა, მომღერალი დიდი სიხარულით დათანხმდა. ფილმში ვანოს პარტნიორობას ნატო ვაჩნაძე უწევდა. რეჟისორის მითითებებსა და შენიშვნებს ყოველთვის ითვალისწინებდა და ხუმრობდა: "ხომ ხედავთ, ყველას გჯობნით, თქვენ არ იცით, მე ძველი კინომსახიობი ვარ... იმდროინდელი, როცა სრულიად არ იყო კინო!.."
სამწუხაროდ, "მამის მკვლელი" მუნჯი კინოფილმია, რომელმაც მხოლოდ ვანოს გარეგნობა შემოინახა. GzaPress

სავიზიტო ბარათად ქცეული "ურმული"

ვანოს გრიმის წასმა არ ჰყვარებია. თურმე, შინაურებში ხუმრობდა, "ერთ მსუბუქ მურს გადვისობ და თვალის თამაშით ისეთ ოტელოს წარმოგიდგენთ, რომ ყველა ქალი თავისი ქმრის შიშით კვდებოდეს"...
დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა ქართული სუფრა და განსაკუთრებით, გლეხებთან ვახშმობა. მას ყოველთვის "ურმულის" შესრულებას სთხოვდნენ და ვანოც დაუზარებლად ასრულებდა მის სავიზიტო ბარათად ქცეულ ხალხურ სიმღერას.
ნაცნობ-მეგობრები ვანოს უბ­რალო და სათნო ადამიანად ახასიათებდნენ. ერთხელ იტალიაში, ქალაქის ქუჩებში მოსეირნე ნიკო ყანჩელსა და ვანო სარაჯიშვილს ძონძებში გახვეული, შესანიშნავი ხმით მომღერალი ბიჭი შეუნიშნავთ. ვანოს თვალზე ცრემლი მორევია და ფული უჩუქებია, მეგობრისთვის კი უთქვამს: "გარეგნობით მათხოვარია, სულით კი დიდი ხელოვანი! ვაი მას, ვინც გარეგნობით ხელოვანია, სულით კი მათხოვარი"...
უკანასკნელად შესრულებული აბესალომის პარტია
1923-1924 წლების სეზონი "აბესალომ და ეთერით" დაიხურა. ვანომ თავისი საყვარელი აბესალომის პარტია უკანასკნელად იმღერა და ოტელოს პარტიის სამზადისს შეუდგა, მაგრამ...

ის საკუთარ ჯანმრთელობასა და ხმაზე ნაკლებად ზრუნავდა. 1917 წელს მას ე.წ. ესპანური დაავადება შეეყარა, რამაც ძალიან დააუძლურა. ბუნების წიაღი უფრო მკურნავსო, ამბობდა და პანსიონებსა და სხვა სამკურნალო დაწესებულებებში ვერ ჩერდებოდა.
1924 წლის გაზაფხულზე ძალიან დასუსტდა, ზაფხულში კი უკვე ლოგინიდან ვეღარ წამოდგა. მაინც სამომავლო გეგმებს აწყობდა... ავადმყოფობა თმას დამიზიანებს, სცენაზე ცუდად გამოვჩნდები, გადამპარსეთო, - სთხოვდა ოჯახის წევრებს, მერე მალულად თავად დაიბარა ოსტატი.
საქართველოს ბულბული, როგორც მას ხალხმა შეარქვა, 1924 წლის 11 ნოემბერს გარდაიცვალა და ის ოპერის ბაღში დაკრძალეს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ორი ქუჩა თბილისში, რომელიც ერთდროულად ატარებდა რუსთაველის სახელს

მეფის რუსეთი ამქრობის ინსტიტუტის წინააღმდეგი იყო

არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი დი­ნას­ტი­ე­ბი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან


ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­თა დი­დი ნა­წი­ლი "ვეფხის­ტყა­ოს­ნი­სათ­ვის" შექ­მ­ნილ სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძი­სე­ულ ილუს­ტ­რა­ცი­ებს სა­უ­კე­თე­სოდ მი­იჩ­ნევს


და რა გზით მოაგროვა უმაღლესი განათლების მისაღები ფული

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მსოფლიოს არაჩვეულებრივი იტორიებიდან

"გერ­მა­ნელ ქა­ლებს მი­სი სა­ხე­ლის გა­გო­ნე­ბა­ზეც ექ­ს­ტა­ზი ეუფ­ლე­ბო­დათ"

"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

2 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


1 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

3 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

4 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ერთი დღე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან
ცენტრში გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი ნაკადი ზამთარში შემოდის, როდესაც ცივა.

1 კომენტარი
პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი
"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს"

4 კომენტარი
"ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც" - ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე
8 კომენტარი