სიცოცხლის რისკის ფასად გადარჩენილი სანდრო ახმეტელისა და რეპრესირებულ ხელოვანთა არქივი
font-large font-small
სიცოცხლის რისკის ფასად გადარჩენილი სანდრო ახმეტელისა და რეპრესირებულ ხელოვანთა არქივი
თავდაპირველად შენობას მრავალფუნქციური დანიშნულება ჰქონდა

ამას წინათ, სოციალურ ქსელში თბილისის თემაზე რამდენიმე ადამიანის მსჯელობას შევყევი. ერთი "მშრალი ხიდის" ძველი ფოტოს კომენტარში წერდა, რომ რაც კი დედაქალაქში XIX-XX საუკუნეში მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი ხიდი თუ შენობა აშენდა, არც ერთის არქიტექტორი ქართველი არ ყოფილა. ძნელია, არ დაეთანხმო. იტალიაში, ქალაქ პადუაში განათლება მიღებული "მშრალ ხიდის" არქიტექტორი ჯოვანი სკუდიერი საქართველოში 1846 წელს, კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის მოწვევით ჩამოვიდა და თბილისში მუშაობისას რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. მათ შორისაა "მიხეილის მცირე ხიდი", იგივე "ვორონცოვის ხიდი", რომელიც აგების შემდეგ გადაკეთდა და დღეს ყველა "მშრალი ხიდის" სახელით იცნობს. ასე კი მას შემდეგ მოიხსენიება, რაც ხიდის ქვეშ გამავალი მტკვრის ერთი ტოტი სამანქანო ტრასა გახდა. მიხეილ ვორონცოვმა სკუდიერი თბილისში დედაქალაქის არქიტექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. როგორც ცნობილია, ის მისი პროექტით მშენებარე სამხედრო ტაძრის ხარაჩოდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. სკუდიეროს გარდაცვალების შემდეგ მშრალი ხიდის მშენებლობა ინჟინერმა ბლიკსმა დაასრულა.

ალბათ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ხიდის ფოტოზე დართული კომენტარის ავტორს არავინ შეჰკამათებია, რადგან ის მართალს წერდა. მაშინდელ საქართველოში არქიტექტორებს უმეტესად უცხოეთიდან იწვევდნენ. სამაგალითოდ მხოლოდ რუსთაველის გამზირიც და მისი შენობა-ნაგებობები გვეყოფა. გოლოვინზე ერთ-ერთ ასეთ გამორჩეულ შენობაში დღეს რუსთაველის თეატრია განთავსებული. ის კორნელი ტატიშჩევისა და ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტის მიხედვით აიგო. ეს რუსი და პოლონელი არქიტექტორები თბილისში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და შენობების დაპროექტება-მშენებლობის გარდა, სხვადასხვა წლებში პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდნენ.
ქართულ სანახაობრივ კულტურას უძველესი ტრადიცია აქვს, თუმცა, XIX საუკუნის I ნახევრამდე თბილისში წარმოდგენების გასამართად სპეციალური შენობა არ არსებობდა. სპექტაკლები იმართებოდა კერძო ბინებში, დაწესებულებებში, ბაღებში ან დროებით მოწყობილ ნაგებობებში, რაც ბუნებრივია თეატრის ელემენტარულ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებდა. დღევანდელ თბილისში არაერთი თეატრია, მაგრამ მათგან ერთ-ერთი უძველესი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის შენობა გახლავთ და დღეს სწორედ მასზე მოგითხრობთ:
1879 წელს საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: შეიქმნა თავადაზნაურთა საზოგადოება "ღარიბ მოსწავლეთა შემწეობისთვის", ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და ქართული თეატრის დასი.
ილია ჭავჭავაძემ სპეციალური მიმოხილვით შეაფასა ამ თარიღის ისტორიული მნიშვნელობა და დასძინა: "1879 წელი ღირსშესანიშნავი წელიწადი იყო ჩვენთვის და ქართველმა მემატიანემ რომ ამ წელიწადს მხარი აუქციოს, არ ეპატივოს"...
ქართული თეატრის დასს სარეპეტიციოდ შენობაც გამოუყვეს. ეს იყო თეატრად გადაკეთებული ქარვასლის ნაწილი, რუსთაველის პროსპექტზე, ამჟამინდელ გალერია თბილისთან. აქ თეატრი 1914 წლამდე მუშაობდა. საბჭოთა ხელისუფლების დროს ქართული თეატრის შენობა კაპიტალურად გადაკეთდა და იქ ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრი გაიხსნა. ამ ადგილას უნივერმაღი "თბილისის" მშენებლობის დაწყებისას, გრიბოედოვის თეატრი ისევ ძველ ადგილას დატოვეს, რეკონსტრუქცია ჩაუტარეს და გამზირიდან შესასვლელს სახე უცვალეს. ახლაც ამ თეატრში შესასვლელი თბილისი გალერის ქვეშ, რუსთაველის გამზირიდანაა.
წლებთან ერთად, ქართული ინტელიგენციის ძალისხმევითა და ხელშეწყობით, ქართველ მსახიობთა პროფესიული დონე სულ უფრო იხვეწებოდა. იზრდებოდა მათი შემოქმედებითი დიაპაზონი და წარმოდგენებსაც მეტი მაყურებელი ესწრებოდა. 1887 წლის 7 ნოემბერს მთავრობამ დაამტკიცა "თბილისის არტისტული საზოგადოების" წესდება და ამის შემდეგ დაიწყო ზრუნვა ამ საზოგადოების წევრთა რაოდენობის ზრდასა და მათთვის განკუთვნილი შენობის ასაგებად. თბილისის ცენტრალური ქუჩის დათვალიერებისას მალე იპოვეს თეატრის ასაგებად ადგილი და მიწა გენერალ-მაიორ რეიტერისგან შეისყიდეს.
1898 წლის 31 ივლისს გაზეთი "ივერია" იუწყებოდა: "ტფილისის არტისტთა საზოგადოების" საბჭოს განსახილველად წარედგინა სამი პროექტი იმ შენობისა, რომელიც უნდა აგებულ იქნას გენერალ-მაიორ რეიტერისაგან შეძენილ მამულზეც. საუკეთესო პროდუქტის შემდგენელს ჯილდოთ მიეცემა ათასი მანეთი". განხილის შედეგად საგუბერნიო ინჟინრის კორნელი ტატიშჩევისა და თბილისის საქალაქო არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტი მოიწონეს. მათვე დაევალათ მშენებლობის მეთვალყურეობა. იმავე წელსვე ჩაეყარა საფუძველი თეატრის შენობას, სადაც თარიღის აღმნიშვნელი ლითონის დაფა ჩაატანეს.
პროექტის მიხედვით, თავდაპირველად შენობას მრავალფუნქციური დანიშნულება ჰქონდა და თეატრალური საზოგადოებისათვის საკლუბო ნაგებობას წარმოადგენდა. ქუჩის მხრიდან შენობა სამსართულიანი უნდა ყოფილიყო, სარდაფში მოთავსდებოდა რესტორანი, პირველ სართულზე _ მაღაზიები, მეორე და მესამე სართულებზე კი "არტისტული საზოგადოება". შენობას ექნებოდა საკონცერტო დარბაზი და ეზოს შიგნით 800-ზე მეტ მაყურებელზე გათვალისწინებული სივრცე.
თეატრის მშენებლობამ 3 წელს გასტანა. 1901 წელს ტფილისმა ბაროკოს სტილში აგებული ბრწყინ­ვალე შენობა მიიღო. ინტერიერზე იტალიიდან მოწვეული ხელოსნები მუშაობდნენ. ხალიჩები, სარკეები, ავეჯი, განათება და თეატრისთვის აუცილებელი სხვა მოწყობილობა ევროპიდან ჩამოიტანეს. გოლოვინზე გაკეთდა მოხერხებული მისადგომი ფაეტონებისათვის, რისთვისაც გაფართოვდა ტროტუარი და შენობას ქვის ბოძებზე მდგარი ღია ვერანდა მიაშენეს.
იმ დროის თეატრების მბრუნავი სცენა სულ რამდენიმე წელს ითვლიდა. პირველად 1896 წელს მიუნხენის რეზიდენტ-თეატრში გამოიყენეს. რუსეთში მცირე თეატრის გარდა, მბრუნავი სცენა სამხატვრო თეატრშიც იყო. "არტისტული საზოგადოების" თეატრის დაპროექტებისას, ავტორებმა ამგვარი სცენის მოწყობაც გაითვალისწინეს და სათეატრო ტექნოლოგიაში არსებული ეს სიახლე, ჩვენთანაც გამოიყენეს.
თეატრმა სეზონი 1901 წლის დასაწყისში გახსნა. "ტეხნიკოსთაგან" შემდგარ კომისიას ჯერ "ტფილისის საარტისტო საზოგადოების" ახალი შენობა დაუთვალიერებ-შეუმოწმებია, რამდენიმე დღეში კი, კერძოდ 1901 წლის 6 თებერვალს, დღის პირველ საათზე, გოლოვინის პროსპექტის ახალი ნაგებობა საზეიმოდ აკურთხეს. ზეიმს ბევრი ხალხი დაესწრო, მათ შორის ესწრებოდნენ: ტფილისის გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი, ქალაქისთავი, გენერალიტეტი, სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეები, ტფილისის საარტისტო საზოგადოების უხუცესთა საბჭო, ბეჭდვითი სიტყვის წარმომადგენლები და ა.შ. კურთხევის ცერემონიისას გალობდა მთავარგანმკარგულებლის მხლებელთა გუნდი.
პირველივე დღიდან წარმოდგენები იმართებოდა ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე. გაზეთი "ივერიის" ცნობით, პარტერის ბილეთი _ 5 კაპიკი ღირდა, ხოლო ლოჟა _ 10.
შენობის სარდაფში მდებარეობდა ჯერ უპოვართათვის განკუთვნილი საქველმოქმედო სასადილო, რომელიც შემდეგ რესტორან "ანონად" იქცა, მოგვიანებთ კი ეს ადგილი "ცისფერყანწელთა" საყვარელი თავშეყრის ადგილი გახდა. როცა "ანონამ" სახელწოდება შეიცვალა და "ქიმერიონად" გადაკეთდა, XX საუკუნის 20-იან წლებში მისი კედლების მოხატვა ცნობილმა თეატრალურმა მხატვარმა სერგეი სუდეიკინმა დაიწყო. მასთან ერთად მუშაობდნენ ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, კირილე ზდანევიჩი და ზიგმუნდ ვალიშევსკი, მოგვიანებით მათ მამა-შვილი მოსე და ირაკლი თოიძეებიც შეუერთდნენ.
XX საუკუნის დასაწყისის ევროპისა და რუსეთის მსგავსად, ტფილისში არტისტული კაფე-კლუბები მრავლად იყო, მაგრამ მათ შორის "ქიმერიონს" მაინც განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ქართველი და უცხოელი ხელოვანების უპირველეს კულტურულ ცენტრზე ტიციან ტაბიძე წერდა: "ალბათ მთელს ქვეყანაზე არ არის კაფე, რომელიც იმდენ შთაგონებას და შემოქმედებას იტევდეს, როგორც "ქიმერიონი"...
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ამ შენობაში ქართული დრამატული თეატრი ჩამოყალიბდა, რომელსაც მთავრობის 1921 წლის 25 ნოემბრის დადგენილებით, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული დრამატული თეატრი ეწოდა. თეატრს სათავეში კოტე მარჯანიშვილი ჩაუდგა.
1949 წელს 9 ივნისს შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც თეატრის უდიდესი ნაწილი შეიწირა, მხოლოდ რუსთაველის გამზირზე გამავალი მთავარი ფასადი გადარჩა. ფოტოების მიხედვით შენობა ერთ წელიწადში აღადგინეს და პირვანდელი სახე დაუბრუნეს.
დროთა განმავლობაში შენობას რეკონსტრუქცია დასჭირდა. სამუშაოები 1982-1987 წლებში მიმდინარეობდა. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს არქიტექტორი ოთარ ნახუცრიშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო "ქიმერიონის" ფრესკების აღდგენას სტუდენტებთან ერთად მხატვარ-რესტავრატორი ამირან გოგლიძე 6 წლის განმავლობაში მეთვალყურეობდა. უნიკალური ნახატები, რომელიც "ქიმერიონის" კედლებს ამშვენებდა, საბჭოთა პერიოდში ვანდალურად გადაღებეს, როგორც აღმოჩნდა ზოგიერთ ფრესკაზე საღებავის 12 ფენაც კი იდო. აღდგენისას მხატვარ-რესტავრატორების ჯგუფი მაქსიმალურად ცდილობა ნახატები, ორნამენტები და ფერები მიახლოებული ყოფილიყო ორიგინალთან. შედეგად 88 ფრესკიდან 44-ის აღდგენა მოხერხდა.
2002-2005 წლებში რუსთაველის თეატრის შენობას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა, რომლის დაფინანსებაშიც უდიდესი წვლილი მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა.
დღესდღეობით თეატრში თანამედროვე სტანდარტებს შესაბამისი საგრიმიორო ოთახებია. ფუნქციონირებს სამი დარბაზი: დიდი (778 ადგილი), მცირე (263 ადგილი) და ექსპერიმენტული (182 ადგილი). ასევე კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებებისათვის განკუთვნილი სივრცეები.
თეატრში მოქმედებს მუზეუმი, რომელიც ოფიციალურად 1932 წელს სანდრო ახმეტელისა და ია ქანთარიას ინიციატივით დაარსდა. ია ქანთარია, ამავე თეატრის მსახიობი და მუზეუმის პირველი გამგე, წლების განმავლობაში აგროვებდა იმ ისტორიულ მასალას, რომლის საფუძველზეც შეიქმნა და შეივსო მუზეუმის ფონდი. ის რუსთაველის თეატრს 14 წელი ემსახურა, მაგრამ ქანთარია 1937 წელს თეატრის თანამშრომლებთან ერთად დახვრიტეს.
მუზეუმს განადგურების საფრთხე მაშინ დაემუქრა, როცა რეჟისორ სანდრო ახმეტელისა და მისი "ფაშისტურად ჯგუფის" დაპატიმრების შემდეგ, თეატრში "შინსახკომის" წარმომადგენელი გამოცხადდა და მან ახმეტელთან და მის მსახიობებთან დაკავშირებული მასალის ფონდიდან ამოღება და განადგურება მოითხოვა. მაშინ მუზეუმის გამგე პაპუნა წერეთელი იყო, ესტატე ბერიაშვილი კი მუზეუმის თანამშრომელი. როგორც ცნობილია, ბატონებმა პაპუნა წერეთელმა და ესტატე ბერიაშვილმა მომავალ თაობებს სიცოცხლის რისკის ფასად შემოუნახეს უნიკალური ისტორიული საგანძური. მათ თეატრის ეზოში ძველი გაზეთებისა და ქაღალდებით კოცონი გააჩაღეს და მეორე დღეს "სამუზეუმო მასალის განადგურების აქტი" მთავრობის წარმომადგენლებს ჩააბარეს.
ესტატე ბერიაშვილმა თითოეული ფურცელი, ახმეტელისა და რეპრესირებული მსახიობების ფოტოები შინ გადაიტანა. მასალას თეატრიდან ფურცელ-ფურცელ, ჩუმად, ყველასგან მალულად ეზიდებოდა. ის სანდრო ახმეტელის არქივს 20 წლის განმავლობაში მალავდა და მხოლოდ 1956 წელს დაუბრუნა მუზეუმს.
II მსოფლიო ომის დროს მუზეუმი აღარ ფუნქციონირებდა. შემდეგში მუზეუმი თეატრში გაჩენილ ხანძარსაც გადაურჩა და XX საუკუნის 90-იან წლების თბილისის ომსაც. დღესდღეობით მუზეუმი ძველ მასალებთან ერთად, თანამედროვე სპექტაკლების ამსახველი ფოტომასალით, აფიშებით, წიგნებით, პროგრამებით, მაკეტებითა და სხვა მრავალი მემორიალური ნივთითაა სავსე და ექსპონატებით დღესაც მდიდრდება.

ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბე­რი გრი­გო­ლი მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა კუნ­ძუ­ლის სა­ვა­ნე­ში დამ­კ­ვიდ­რ­და
ჩვენ გაგ­ვი­მარ­თ­ლა, რად­გან გაქ­ცე­უ­ლებ­მა ცო­ტა რამ თუ წა­ი­ღეს
ივანე ჯავახიშვილი ყოველი ახალი წიგნის პირველ ეგზემპლარებს მეუღლეს უძღვნიდა
შვილ­მ­კ­ვ­და­რი დე­და - თა­მარ გა­ბაშ­ვი­ლი შვი­ლის საფ­ლავ­თან მცი­რე ხნით რჩე­ბო­და ხოლ­მე, შვი­ლის და­ტი­რე­ბა­საც ვერ ახერ­ხებ­და
ძველ შავ-თეთრ ფოტოს დავხედოთ, რომელიც დღეს თითქმის აღარაფრით ჰგავს გმირთა მოედანს
იძულებით შერჩეული საცხოვრებელი ადგილი თუ მეუღლის სურვილის ასრულება?!
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
იმ დროს ხომ ყვე­ლას უსუ­სუ­რი ბრალ­დე­ბე­ბით აპა­ტიმ­რებ­დ­ნენ
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
0 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
11 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
9 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
8 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი