ნიკა ფაიქრიძის ყველაზე დიდი სისუსტე და დუელი ბედისწერასთან
font-large font-small
ნიკა ფაიქრიძის ყველაზე დიდი სისუსტე და დუელი ბედისწერასთან
"ცოტათი უცნაური ვიყავი, არაკომუნიკაბელური და ჩაკეტილი"


"ბედისწერის არსებობის მჯერა, ზოგჯერ ძალიან ვუთამამადები და დუელშიც ვიწვევ", - ამბობს მსახიობი და პოეტი ნიკა ფაიქრიძე. საკუთარ განცდებსა და ემოციებს აგროვებს, მერე მარცვალ-მარცვალ გადააქვს სცენაზე, ლექსებში... მასზე ამბობენ, უჟმურიაო, თავად კი ადამიანების ამ წარმოდგენას თავისებურ ახსნას უძებნის. რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე, რა არის სიყვარული, როდის ჯიუტდება და რა დროს მიდის რისკზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1991 წლის 16 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ღრმა ბავშვობაში, ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. ცოტათი უცნაური ვიყავი, არაკომუნიკაბელური და ჩაკეტილი. ადაპტაციისთვის მე-9 კლასამდე პერიოდი დამჭირდა და სცენისადმი სიყვარულიც ამ ასაკში გამიჩნდა. მივხვდი, მომავალში რა უნდა მეკეთებინა.

- ჩემზე ამბობენ...

- ....ბოლო დროს კოლეგები, ოჯახის წევრები, მეგობრები და ის ადამიანები, ვისთან ერთადაც საქმეს ვაკეთებ, ამბობენ, რომ ვარ უჟმური, სულ მოწყენილი დავდივარ და ემოციებს არ გამოვხატავ. შესაძლოა, ეს იმან განაპირობა, რომ დღემდე ძიების პროცესში ვარ, სულ ვფიქრობ, გონება "მუშაობს". ამ დროს არ მაქვს მოღიმარი სახე და ეს ადამიანებს უჟმურობა ჰგონიათ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს თომა, რომელიც არის სიცოცხლის ელექსირი, რომლისთვისაც ვაკეთებ ყველაფერს. მინდა, წლების შემდეგ ის იყოს ამაყი და არასდროს ინანოს, რომ ნიკუშა ფაიქრიძე მისი მამაა. ცხოვრებაში რამე ღირებულს თუ გავაკეთებ და მივაღწევ, ეს იქნება თომასთვის და თომას დამსახურებით.

- როდესაც თომა სპექტაკლს ესწრება, შემდეგ...

- ...დგება ჩვენი შეხვედრის ემოციური წუთები. ერთგვარი ტრადიცია გვაქვს: როგორც კი სპექტაკლი მორჩება ან ზოოპარკში მივდივართ, ან ქუჩაში დავდივართ. რამდენიმე სკვერი გვაქვს ამოჩემებული, სადაც დროს ვატარებთ, იქ მიყვება თავის ამბებს, ემოციებს. ბოლოს ნახა "მაუგლი", სადაც მაიმუნს ვთამაშობდი. ერთი კვირა დახტოდა და ამბობდა, მე ვარ "მაიმუნი მამა". თუ სპექტაკლის შემდეგ თეატრში ვრჩები, რეპეტიციაზე შევდივარ ან სხვა მიზეზით, მასთან ვერ ვარ, მეუბნება, - გაგებუტე, მოწყენილი ვარო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყვე­ლაზე მეტად მომწონს...

- ...შრომისმოყვარეობა და საქმისადმი თავდადება. განვლილმა გზამ მიჩვენა, რომ მე გადავდე ყველაფერი ამ საქმისთვის: შეხვედრა ძმაკაცებთან, გართობა, დალევა... წარმოიდგინეთ, სიცხიანსაც არა­ერ­თხელ მითამაშია. ვერ ვიტან უპასუხისმგებლობას და როლის გამო უამრავი ღამე მაქვს გათენებული, გმირთან უფრო ახლოს რომ მივსულიყავი, უფრო კარგად რომ შემეგრძნო.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ყველა პრემიერის შემდეგ მაქვს უცნაური შეგრძნება, სასწრაფოდ უნდა გავეცალო თეატრს, აქ ვეღარ ვჩერდები, ვერ ვახერხებ კოლეგებს მივულოცო. ამ დროს ჰაერივით მჭირდება სიმარტოვე. ბოლო რამდენიმე პრემიერაზე შენიშვნაც მომცეს, ეგრე ნუ იქცევიო.

- ამ დროს მივდივარ...

- ...უმისამართოდ. მინდა, ბევრი ვიარო. ვფიქრობ რა გავაკეთე, რო­გორ გავაკეთე. როცა მაყურებელი მოდის და კომპლიმენტების "ბუკეტი" მოაქვთ, უხერხულობას ვგრძნობ და გავრბივარ. ეს თვისება ჩემში აუცილებლად უნდა დავძლიო. შენიშვნა ისეთმა ადა­მიანებმა მომცეს, რომელთა აზრიც გასათვალისწინებელია.

- არ მჩვევია...

- ...სიზარმაცე, დილით ძილი, საქმის გადადება...

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...ალბათ, იყო სტუდენტურ სპექტაკლში "სამანიშვილის დედი­ნაცვალი", სადაც არისტოსა და ცხენის როლებს ვთამაშობდი. ვისაც ნანახი აქვს, ყველას ახსოვს. რამდენჯერმე ქუჩაში გამაჩერეს, - ცხენი მოდისო.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს შევცვლიდი. რაც დროს გადის, ჩემი დიდი ცხვირი უფრო მეტად მიყვარს და ვარ აღფრთოვანებული, ოღონდ, ამას არ ვიმჩნევ. მსმენია, ზოგს ხმის პრობლემა აქვს, ზოგს სმენის, მეტყველების... სცენაზე არანაირი პრობლემა არ მაქვს. მადლობა უფალს, რომ ჩემს სამსახიობო მონაცემებში არაფერის შეცვლა არ მინდა, არც გარეგნობაში. ოღონდ, ამას ქედმაღლობაში ნუ ჩამითვლით.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...მანქანის მართვა და ინგლისური ენა. ეს ორი რაღაც დამოკლეს მახვილივით მაქვს. მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდაზე გავედი და ხუთჯერ ჩავიჭერი. მივედი დასკვნამდე, რომ ეს ჩემი საქმე არ არის.

- ყოველთვის მრცხვენია...

- ...ვინმემ რომ თქვას, ცუდად გაზრდილი შვილიაო, სირცხვილით მოვკვდები. ამით ძალიან დიდ შეურაცხყოფას მივაყენებ მშობლებს. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ წესიერ ადამიანად აღვეზარდე. არ მინდა, შრომა წყალში ჩავუყარო.

- ვნანობ...

- ...ბევრ რამეს. ალბათ, ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, შეიძლება, გამოუსწორებელიც. მადლობა უფალს, რომ სინანულის შეგრძნება მაქვს. ზოგჯერ ეს განცდა ძალას მაძლევს, ჩემს თავზე მაღლა დავდგე.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ჩემი ჯუჯღუნა ხასიათია. შეიძლება, საქმე ლაღად აკეთო, არ იბუზღუნო, მე კი სულ ვბუზღუნებ... რაღაცებს უკვე მოვუგე, პატარ-პატარა სისუსტეებისგან აბსოლუტურად დაცლილი ვარ.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ვხედავ, დანაშაული გააზრებულია. სხვა შემთხვევაში პატიებას აზრი არ აქვს, დროის ფუჭი კარგვაა.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...თავში პატარა "შავი ყუთი" მაქვს, იქ ვალაგებ და საქმეში ვიყენებ. ჩემი შემოქმედება ამ ყუთიდან ამოსული ემოციებიცაა. შეცდომამ ხომ რაღაცაზე დამაფიქრა, ამანერვიულა, გამაღიზიანა, მატკინა, მაცინა, მატირა... ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მარცვალ-მარცვალ სცენაზე გადადის და როლებში იდება ან იმ პატარა ლექსებში, რომლებსაც ვწერ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...დედასთან ერთად. ბევრ სპექტაკლში ვითამაშე და ჩემს ცხოვ­რებაში ბევრი ისეთი ამბავი მოხდა, რამაც უამრავი ენერგია წაიღო. დედასთან წავიდოდი და ჩავეხუტებოდი. ის ამერიკაშია.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას. დაკისრებული მოვალეობის არაპირნათლად შესრულებაც დიდი უსამართლობაა, ამას ყოველ ნაბიჯზე ვაწყდები. მანამდე არ აშენდება ქვეყანა, სანამ თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს არ ვაჯობებთ. GzaPress

- ვრისკავ, როცა...

- ...ვიცი და ვხედავ ჩემს თავს იმ მოცემულობაში. ჩემი მონოსპექტაკლი "ღამე და თუთიყუში" რუსულ ენაზე ითარგმნა. ოქტომბრის პირველ ნახევარში, მონოსპექტაკლების ფესტივალის ფარგლებში, მოსკოვში, პეტერბურგში, ჩელიაბინსკსა და ნოვგოროდში უნდა ვითამაშო. ჩემ შესახებ ყველანაირი ინფორმაცია მოიპოვეს. თქვენს ჟურნალში დაბეჭდილი სტატიაც გადავთარგმნეთ და გავგზავნეთ. ახლა ამ საქმეზე ვმუშაობ, ეს ძალიან დიდი რისკია. მოზარდ მაყურებელთა თეატრი აქტიურადაა ჩართული. როდესაც ბატონმა დიმამ მკითხა, რუსულად ითამაშებო? წამიერად დავფიქრდი, საკუთარი თავი ამ როლში დავინახე და დავთანხმდი.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...მეგობრები, რომ ვაკლდები თავშეყრებს, საღამოებს, დაბადების დღეებს... როცა 2 სპექტაკლი და 1 რეპეტიცია მაქვს, მერე კიდევ ტექსტზე სამუშაო, ჩემს თავს არ ვაძლევ უფლებას, გავიდე, გავერთო... წარმოუდგენელია, მეორე დღეს იმავე შედეგით მივიდე რეჟისორთან და ნაფიქრი არაფერი მქონდეს. ჩემი საქმე სულ ფიქრი და საკუთარ თავზე მუშაობაა.

- ბედისწერის...

- ...არსებობის მჯერა, ზოგჯერ ძალიან ვუთამამდები და დუელშიც ვიწვევ. არ ვიცი, ალბათ ეს ცხოვრების ირონიაა, ზოგიერთ პოეტს, რისიც ეშინოდა, სწორედ ის აუხდა.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...მაშინაც ვწერ, დავდივარ ფეხით და ყველაზე მეტად ვნატრობ წვიმას. ასეთ დროს უამრავი რამ ხდება, რომელიც არ მინდა, ვინმეს გავანდო. ამიტომ ვიწყებ წერას. თუ წაიკითხავ ჩემს ლექსებს, მიხვდები, რა მჭირს. ისინი ემოციურად ძალიან მგავს.

- ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ...

- ...ასეთი ბაბუა იყო, რომელიც დღეს აღარ მყავს და სულ ვნანობ, მასთან უფრო მეტი რატომ არ ვილაპარაკე? ბაბუა მსახიობი იყო, ზესტაფონის თეატრის სცენაზე გარდაიცვალა. მაქვს შეკითხვები, რომლებზეც ვიცი, პასუხი აუცილებლად ექნებოდა. ახლახან ზესტაფონში გასტროლი გვქონდა, ორი სპექტაკლი ვაჩვენეთ. ერთ-ერთი ჩემი "ღამე და თუთიყუში" იყო. სანამ სპექტაკლი დაიწყებოდა, მის საფლავზე ავედი, ჩამოვჯექი, ბაბუასთან ჩვეულებრივი დიალოგი მქონდა. ვინმეს რომ ჩაევლო, იფიქრებდა, ეს ბიჭი გიჟიაო. ჩემთვის ეს ბუნებრივი და ძალიან გულწრფელი მდგომარეობაა.
ამ საღამოს იყო ჩემი წიგნის პრე­ზენტაციაც, იყო ბევრი ცრემლი, მოფერება, ვიღაცები არ მიცნობდნენ და მათთვის იმწამს დავიბადე. ძალიან ემოციური შეხვედრა იყო.

- დაბოლოს...

- ...მინდა, ჩემმა მაყურებელმა და მკითხველმა იცოდეს, რომ მათი მადლიერი ვარ. არ შემიძლია, ჩემი მისამართით წამოსულ თბილ სიტყვებს გვერდი ავუქციო. იარეთ თეატრში, იარეთ! იარეთ! შევეშვათ ამ პოლიტიკას, რომელიც შემოგვივარდა სახლებში და ჩვენთან ერთად "ცხოვრობს". მივხედოთ ერთმანეთს, ჩავჭიდოთ ხელი ხელს და სიყვარულით ავაშენოთ ეს ქვეყანა.



თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

"ერთი ქალი მოვიდა - თქვენ დაცვის გარეშე ხართო?!"

საქართველოს მოსახლეობას ვურჩევ, რომ ჯერ საქართველო შეიცნონ

არა­საქ­მი­ან გა­რე­მო­ში ორ­მა­გად მე­გობ­რუ­ლი ვარ


ნინი გრძელიშვილი: "პლაჟზე გადაპრანჭული სიარული "მეგოიმება"



"გემოვნება ყალიბდება - წიგნით, მხატვრობით, თეატრით, მუსიკით, კინო­ხელოვნებით...
კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

2 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


1 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

3 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

4 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ერთი დღე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან
ცენტრში გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი ნაკადი ზამთარში შემოდის, როდესაც ცივა.

1 კომენტარი
პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი
"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს"

4 კომენტარი
"ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც" - ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე
8 კომენტარი