ლაურა რეხვიაშვილის განსაცვიფრებლად იღბლიანი მოგზაურობა
font-large font-small
ლაურა რეხვიაშვილის განსაცვიფრებლად იღბლიანი მოგზაურობა
"მამაჩემის სახე რომ მქონოდა, ცნობილი ლამაზი ქალი ვიქნებოდი"
"აუცილებად უნდა ვიდაოთ გემოვნებაზე! გემოვნებიანი ადამიანები და საზოგადოება დაობს გემოვნებაზე! მე რომ ვამბობ, გემოვნებიანია-მეთქი, ეს არ ნიშნავს, რომ მე არ მეშლება. უნდა განვმარტო, რატომ მივიჩნევ ასე. ცივილიზებური საზოგადოება შეთანხმებულია რას რატომ არქმევს ამა თუ იმ სახელს" ... - ამბობს ცნობილი მსახიობი - ლაურა რეხვიაშვილი, რომელიც ამჯერად ჩვენი რუბრიკის - "გემოვნება" - სტუმარია...



- პატარა ასაკიდან, რომელი მწერლები და წიგნები იყო თქვენთვის განსაკუთრებულად საყვარელი?
- პატარაობაში ძალიან მიყვარდა ქართული ხალხური ზღაპრების მოსმენა. თუ არ წამიკითხავდნენ, არაფრით მეძინებოდა. მრავალშვილიან ოჯახში ვიზრდებოდი, ხუთი დედმამიშვილი ვიყავით და გაყოფა ხდებოდა: ნაწილს დედისთვის უნდა მოესმინა და ნაწილს - მამისთვის... ეს იმ ასაკში იყო, როდესაც მოსმენა გინდა, ძილმა რომ "იავნანასავით" წაგიღოს... მე ჩვეულებრივი კი არა, გასაოცარი ბავშვობა მქონდა. გასაოცარი ბავშვობა მხოლოდ ფულმა და შესაძლებლობამ კი არა, გარემომ იცის! ოჯახში დაგუბებულმა საინტერესო ურთიერთობებმა, რომელიც სავსეა სიყვარულით. შეიძლება ქალსა და მამაკაცს ერთმანეთი უყვარდეთ, მაგრამ რუტინული ცხოვრება ჰქონდეთ. ჩემს მშობლებს ულამაზესი და საქმით განმტკიცებული ურთიერთობა ჰქონდათ! მხოლოდ ჩემი ოჯახი არ იყო ამ თვალსაზრისით მაგალითი. სოფელში, სადაც გავიზარდე, ყველა ოჯახში სულ მცირე, სამი და მაქსიმუმ ხუთი ბავშვი იზრდებოდა. ამიტომაც, უბანში დაახლოებით სამოცდაათი-ოთხმოცი ბავშვი ვიყავით... სკოლაც საინტერესო იყო. მაშინ ასეთი ანომალიური, აგრესიული, დაძაბული და შეშინებული სკოლა არ არსებობდა! არც საზოგადოება!.. კომუნიზმის პერიოდში ჩავაბარე და გავიარე ჩემი ახალგაზრდობის საუკეთესო წლები. ჩემს ბავშვობას წყობა და პოლიტიკა არ ეხებოდა, განსხვავებით ჩემი მამისგან, რომელიც სამამულო ომის მონაწილე იყო და საკუთარ თავზე ჰქონდა ყველა ის უბედურება გადატანილი, რომელიც კომუნიზმს ახლდა... ომში ბუდაპეშტში ტყვედ ჩავარდა და იქ გადაარჩინა ქალმა, რომელსაც ლაურა ერქვა. ჰოდა, მის პატივსაცემად დამარქვეს ეს სახელი... მოკლედ, მე ვარ ლაურა და ძალიანაც კარგი! ვფიქრობ, ეს სახელი მიხდება! თქვენ წიგნებზე დამისვით შეკითხვა და მოგახსენებთ, რომ სახელის - ლაურას გამო ვეზიარე პეტრარკას. ამ გენიალურ პოეტს აბსტრაქტულად უყვარდა ქალი, რომელსაც ლაურა ერქვა. მერე სულ ვამბობდი, პეტრარკას ლაურა ვარ-მეთქი...
აუცილებად უნდა ვიდაოთ გემოვნებაზე! გემოვნებიანი ადამიანები და საზოგადოება დაობს გემოვნებაზე! ეს რომ ასე არ იყოს, კრიტერიუმები არ შეიქმნებოდა...
მსურს, ისევ წიგნებზე ვისაუბრო: როდესაც წამოვიზარდე, სათავგადასავლო ნაწარმოებები მომწონდა და შემდეგ დიდი პაუზა მქონდა, მეათე კლასიდან ისევ მივუბრუნდი. თუმცა, როდესაც წიგნს სერიოზულად უნდა ეზიარო, ამაზე არც სკოლამ და არც ოჯახმა არ მიმითითა. ამიტომაც, სერიოზულად კითხვა დავიწყე, როდესაც მიშა თუმანიშვილის ჯგუფში მოვხვდი. მან რომ ნახა, წიგნებიდან რა მწირი მქონდა განათლება მიღებული, ჩამომიწერა, რა უნდა წამეკითხა, რა უნდა მცოდნოდა აუცილებლად... ახლა უამრავ მწერალზე შემიძლია ვისაუბრო, თურქი ნობელიანტის - ფამუქის ჩათვლით. ევროპული და ამერიკული ლიტერატურის გაცნობაზე ახლაც არ ვამბობ უარს...
- სამოგზაუროდ რომელი ქვეყნებია თქვენთვის უფრო მიმზიდველი, ისტორიული წარსულის მქონე თუ მეგაპოლისები?
- ვყოფილვარ ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ევროპის ქვეყნებში... მაშინაც ვამბობდი, რომ ლონდონი სამყაროს მამაა და პარიზი - დედა... წარმოუდგენელია იმ ყველაფერმა გრანდიოზული შთაბეჭდილება არ მოახდინოს... რუსეთიც კარგად ვიცი, მოსკოვში ბევრჯერ გვქონდა გასტროლი, მაგრამ არაფერი მახსოვს: რაღაც რუხი, ერთი ფერის იყო ყველაფერი...
- პეტერბურგი ხომ ლამაზი ქალაქია?
- პეტერბურგი უდავოდ ულა­მაზესია, იქ აბსოლუტურად სხვა არქიტექტურაა, მაგრამ მე პარიზმა უფრო მეტად მომხიბლა, მიუხედავად იმისა, ქუჩაში რომ მივდიოდით, ძალიან ლამაზი სახლიდან ხმაური მოგვესმა და როცა ავიხედეთ, წიგნებს ისროდნენ... პეტერბურგში კი ქუჩაში რომ მივდიოდით, - თუმანიშვილის თეატრი მოდისო და უძვირფასესი წიგნებით დაგვასაჩუქრეს. ეს კადრები არსებობს მიშა თუმანიშვილის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში...
- ბევრი მოგზაურობიდან ალბათ, საინტერესო თავგადასავალიც გაქვთ...
- მახსოვს ბოინგით მივფრინავდით, 18 საათი უნდა გვეფრინა... მოგზაურობის დროს ძილი არაფრით შემიძლია, იქ კი ყველამ გადაიკრა თვალებზე შავი და მშვიდად ეძინათ... მათი სიმშვიდის მშურდა. ყოველ ნახევარ საათში შემოდიოდა ქალბატონი და გვასწავლიდა, თუ როგორ უნდა გადაგვერჩინა თავი, თვითმფრინავი თუ ოკეანეში ჩავარდებოდა და ამ დროს ეკრანზე ჩანდა, რომ ოკეანის თავზე მივფრინავდით... საბედნიეროდ, ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანე და ამან გადამარჩინა: ილუმინატორთან შეუხედავი ქალი იჯდა, ნაყვავილარი სახით, დაკუნთული ფეხები და პატარა კოტიტა ხელები ჰქონდა... დავხედე და ხელის ყველა თითზე ბეჭედი ეკეთა. ავდექი და ახლოს მივედი, კარგად რომ შემეხედა ბეჭდებისთვის. წარმოიდგინეთ, ფეხის თითებზეც ბეჭდები ეკეთა... მოვახერხე, რომ ადგილი გამეცვალა და ამ ქალის გვერდით დავმჯდარიყავი. ამ ქალმა მითხრა, - სარეკლამო აგენტი ვარ, ქვეყნიდან ქვეყნებში სამკაულები დამაქვს და რომ ჩავალთ, დაცვა დამხვდებაო... იღბლად, კაბა მეცვა და კაბის კალთაში ჩამიყარა სამკაულები, რომელიც იქვე პატარა ტომსიკით ედო. არც გამიგია, როგორ გავიდა 18 საათი. მე ხომ ვგიჟდები სილამაზეზე. ვუყურებდი ამ ნაკეთობებს და ვფიქრობდი, რა ბედნიერია ის, ვინც ამას იყიდის-მეთქი... ულამაზესი ნივთები იყო! მე ინგლისური ენა კარგად არ ვიცოდი და მის ნათქვამს ერთი გოგონა მითარგმნიდა... ამ ქალმა მითხრა, საბჭოთა კავშირიდან მოდიხარ და შემთხვევით, პატარა ლალისთვალი ხომ არ გაქვსო?.. სერიალის სიუჟეტს ჰგავს, მაგრამ სინამდვილე ის იყო, რომ გავხსენი ჩანთა და უძველესი, გაცვეთილი ოქროს ბეჭედი ამოვიღე, პაწაწინა ლალის თვლებით, რომელიც ალბათ, ჩემი ბებიის ბებიის ნაქონი იყო. ზუსტად ის აღმომაჩნდა, რაც მთხოვა. ამ ბეჭედში რვა ბეჭედი მომცა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! ბეჭდები დიდი რუდუნებით ჩამოვიტანე და არ ვიკეთებდი იმის შიშით, არ დამეკარგოს-მეთქი...
- ბეჭდები ძვირად ღირებული იყო?
- ყველა ბეჭედი ოქროსი იყო. იღბლიანი მგზავრობა გახლდათ ჩემთვის! ჩემი შვილი - მათე ორი წლის რომ გახდა, ალერგიული ხველა დაეწყო, რაც ცხრა წლამდე გაუგრძელდა. საშინელი, 90-იანი წლები იყო და არა მარტო მათეს ბებიისა და ჩემი მეუღლის ნაჩუქარი, არამედ ეს ბეჭდებიც ლომბარდში ჩავაბარე. თუ რამე გამაჩნდა, ყველაფერი "კაპიკებში" დამეკარგა... უნდა გენახათ, როგორ გააბითურეს ჩემი გემოვნება ამ ბეჭდების ჩაბარების დროს. როგორც ლურსმანი, ისე აწონეს და ეს ძალიან მწარედ დამამახსოვრდა...
გემოვნება გარკვეულწილად, ფინანსებთან არის დაკავშირებული... როცა მეკითხებიან ამა თუ იმ კაბაზე, რომელი ბრენდიაო? მეცინება და ვპასუხობ, რომ "მეორადში" ნაყიდია... რა ბრენდი, წავპრუტუნდები და ვყიდულობ "მეორადში"! გემოვნება უმნიშვნელოვანესია! ფულს ბევრი ქალბატონი ხარჯავს, მაგრამ ცუდად აცვია! მე მსახიობი ვარ, მათემ ახლა დაიწყო მუშაობა, ქმარი სამსახურიდან გაათავისუფლეს და ასეთ დროს ვახერხებ, ქუჩაში მარტო იმიტომ არ მიყურებენ, რომ ლაურა რეხვიაშვილი ვარ! ყველა ჩახუტების მერე მეუბნებიან, როგორი ლამაზი კაბა გაცვიაო... მინახავს ადამიანები, რომლებზეც მიფიქრია, რომ ფსიქიკაში ყველაფერი რიგზე არ უნდა ჰქონდეთ. მაინცდამაინც იმას რომ იცვამენ, რაც საშინლად არ უხდებათ. ყურადღებას იქცევს როგორც უგემოვნო! რაც შეეხება გემოვნებიანს, ყველა ლაპარაკობს, რომ ნანი ბრეგვაძე კარგად იცვამს! კი ბატონო, კარგად იცვამს, მაგრამ ეს აკადემიური სტილია და მას უხდება, ჩემო საყვარელო! მისი ფიზიკა, სახე პირდაპირპროპორციულია იმ კონსტრუქციის სამოსის მიმართ, რასაც ირჩევს... მე ხაზგასმით ვამბობ, რომ სხვანაირი გემოვნების ვარ!
- ვინ არის თქვენთვის ყველაზე გემოვნებიანი ადამიანი?
- ჩემი შვილის თაობას გამოვყოფდი, როგორც გემოვნებიან ჩამცმელებად! დავაკონკრეტებ, რომ მათე 27 წლისაა... ჩემს თაობაში ნაკლებად არის ისეთი გემოვნებიანი, ერთ კაბას რომ გადაიცვამს და ზუსტად მისია! ცუდს რომ მალავს და კარგს აჩენს! მოდაა, რაც გიხდება და შეგიძლია, ძველიც გამოიყენო ახალთან ერთად! სხეულმა უნდა გააცოცხლოს სამოსი, თორემ საკიდზე დაკიდებული ტანსაცმელი რისი მთქმელია?! უბრალო ჩუსტით დაწყებული, ძვირფასი სამკაულებით დამთავრებული ყველაფერი გემოვნების თემაა...
ძალიან მომწონს ქართველი დიზაინერები. მათ კარგად აუღეს ალღო თანამედროვე მოდის ინდუსტრიას... ორასწლიანი წყვეტა რომ არ გვქონოდა ცივილიზებულ სამყაროსთან, კიდევ უფრო კარგად იქნებოდა ყველაფერი! ყველა ქართველშია შემოქმედებითი კოდი! ფერი, კომპოზიცია - ყინწვისის ანგელოზი - ეს ხომ საოცარი ნიმუშია! როგორ შეიძლება ამ ფერის გამომგონებელ ნაციას ფერი ეშლებოდეს?! მე მჯერა, საქართველოში ძალიან მალე მართლაც იქნება მთელი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოდის ინდუსტრია...
როცა გემოვნებაზე ვსაუბრობთ, გეტყვით, რომ სახლი არ მაქვს მდიდრულად მოწყობილი, მაგრამ შემომსვლელი იტყვის, ამ ქალს გემოვნება აქვსო... ძველი ბინაა, დაუმთავრებელი რემონტია და მე ვგრძნობ ამ სახლის მნიშვნელობას, არქიტექტურას, ეპოქას, გემოვნებას! სახლი ერთ დროს მენავთობის იყო, ერთი მთლიანი ქონება... იშვიათი არქიტექტურაა და მერე რა, რომ მე არ მაქვს ბევრი ფული?! აქ რომ ვცხოვრობ, ესეც ჩემი გემოვნებაა... გემოვნებიან ხალხს შემჩნევა უნდა!
- თამამი ჩაცმულობის მომხრე ხართ?
- ძალიან მომწონს შიშველი წელი, ჭიპის ქვეშ ადგილიც რომ უჩანთ გოგონებს, მაგრამ ამის უფლებას ყველას არ მივცემდი! ჭიპთან ტერიტორია უზადო უნდა იყოს! ყველა რომ აჩენს, ეს არ არის სწორი! კომუნისტური და გოიმური ეპოქის ბრალია, თორემ შიშველი მკერდიც ისე უნდა ჩანდეს, როგორც ტუჩები... ტუჩზე ვნებიანია მკერდი? ქრისტიანებს ჰიჯაბი ხომ არ გვიკეთია და სახე გვიჩანს, მკერდიც გამოჩნდეს, როდესაც ლამაზია... თუმცა ამის უფლებასაც ყველას არ მივცემდი! მკერდი ვულგარული არ უნდა იყოს, მაგრამ ბევრ შემთხვევაში - არის! ისეთი უნდა იყოს, რომ ამჩნევ და სიშიშვლე არ გაწუხებს, იმდენად ლამაზია... მკერდის გამოჩენასაც თავისი ასაკი აქვს! ეს ასაკი კი ძალიან ხანმოკლეა. მაგალითად, ქართველი ქალების ერთ მესამედს დავუტოვებდი ბოტოქსს ტუჩებზე. ძალიან ბევრს ეტყობა, რომ მისი არ არის! სიმახინჯეს სილამაზე რატომ უნდა ერქვას?!
- ფიგურას როგორ ინარჩუნებთ?
- მამა მინარჩუნებს... მამა უნაკლო აღნაგობის იყო. მასზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებდნენ, თუ როგორი არის კავკასიელი, სახელდობრ ქართველი მამაკაცი გარეგნულად! მე კაცი რომ ვყოფილიყავი, კიდევ უფრო კარგი აღნაგობა მექნებოდა. მამაჩემის სახე რომ მქონოდა, ცნობილი ლამაზი ქალი ვიქნებოდი...
- კი, მაგრამ თქვენ ლამაზი ხართ...
- ლამაზი არ ვარ! ეფექტი სხვა რამეა და კლასიკური სილამაზე რასაც ჰქვია, ასეთი მამა იყო... ასეთი კაცი ცუდ ქალს ხომ არ მოიყვანდა ცოლად?! როგორც ხდება, მთლიანად არც მამას ვგავარ და არც დედას, უფრო "ნარევი" ვარ...

მანანა გაბრიჭიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სალომე ბაკურაძე: "თოვლის ბაბუს აივნიდან გადაგდება დაუპირა"
სხვა რომ ვეღარაფერი მოვიფიქრე, ვუთხარი, ეგრე ძალიან თუ გინდა, კონცერტზე წამოიღე და მაგ ყანწს იქ დავლევ-მეთქი
"საქართველოში ჯერ კიდევ არის ხალხი, ვისაც საკმარისი საკვები არა აქვს, არც მოდა აინტერესებთ ან დიდი პოლიტიკა, მათთვის ოჯახისთვის საკვებია უმთავრესი...
"ჩემ­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის ძაღ­ლის წე­ლია"
რა მოგონებას ამოშლიდა ნინი გოგიჩაიშვილი საკუთარი ცხოვრებიდან
ახალი წელი იმაზე ფიქრით დავიწყე, თუ როგორ შევქმნიდით ოჯახს
აზრად არ მომივიდოდა, რომ მომავალში ამდაგვარი გვარ-სახელის მქონე რეალური ადამიანები გაჩნდებოდნენ
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
0 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
11 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
9 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
8 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი